გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110310018002406635
N3/45-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25.06.2018 წელი ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი
მოსარჩელეები: გ-------------, მ----------–-----, მ------------------–ი,წარმომადგენელი: კ----–----------;
მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერია,წარმომადგენლები: მ--- გ-------–-, მ--------------------;
დავის საგანი: ბრძანების ძალადაკარგულად აღიარება, გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ძალადაკარგულად იქნეს აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.3. გ------------- აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პ------–--------- ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.4. მ----------–----- აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ----–-- ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.5. მ------------------–ი აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- თანამდებობაზე ქ---------------- ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სასარგებლოდ 2018 წლის 01 იანვრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
1.7. სასამართლო გადაწყვეტილება - მოსარჩელეების გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელეები საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგების მიხედვით დაინიშნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლებად 3 თვის გამოსაცდელი ვადით. გამოსაცდელი ვადა ჩაეთვალათ დამაკმაყოფილებლად და მოსარჩელეები დაინიშნენ საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით. 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე გადაყვანილი იქნენ ვადიან ხელშეკრულებაზე.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან პირვანდელ პოზიციაზე დაბრუნების დაპირების საფუძველზე, მოსარჩელეებთან გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულება.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბერის N43 1320 ბრძანებით, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები გარდაიქმნა 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიული საჯარო მოხელის თანამდებობებად. მუნიციპალიტეტის მერმა თანასწორ პირობებში მყოფი 19 წარმომადგენლიდან, გამორჩეულად მხოლოდ 11 წარმომადგენელი დააბრუნა თანამდებობებზე, ხოლო 8 წარმომადგენელი, მათ შორის მოსარჩელეები, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით, გაანთავისუფლა სამსახურიდან. მერის ფაქტობრივი გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ უკანონოა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ვინაიდან გაშვებულია ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის, 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადები. ვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული იქნა კანონით დადგენილი წესების დაცვით, მხარეები ხელმოწერით დაეთანხმნენ ხელშეკრულების ყველა არსებით პირობას. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საჯარო დაწესებულებები იყვნენ ვალდებულნი 2017 წლის 01 ივლისამდე მოეხდინათ დაწესებულებაში არსებული თანამდებობების იერარქიულ რანგში განაწილება. აგრეთვე საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიულ საჯარო მოხელეებად გარდაქმნა ან შესაბამისი ფუნქციების და უფლება მოვალეობების მქონე პირებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება. ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსის 156-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს მხოლოდ 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში შეიძლება ყოლოდა დადგენილ ზღვრულ ოდენობამდე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, რის საფუძველზეც გაფორმდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები.
შესაბამისად მხარის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 ივლისის N649 ბრძანების საფუძველზე გ------------- დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად პ------–--------- ადმინისტრაციულ ერთეულში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 29 ივლისის N649 ბრძანება;
3.1.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 მაისის N43 191 ბრძანების საფუძველზე კონკურსის შედეგების მიხედვით გ------------- დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად პ------–--------- ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსაცდელი ვადით. გ-------------ს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 მაისის N43 191 ბრძანება;
- მხარეთა განმარტებები;
3.2.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 სექტემბრის N43 36 ბრძანების საფუძველზე მ----------–----- დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად პირველი შ----–-- ადმინისტრაციულ ერთეულში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 24 სექტემბრის N43 36 ბრძანება;
3.2.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 594 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მ----------–----- დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად შ----–-- ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 05 მაისის N43 624 ბრძანება;
3.2.3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 ივლისის N43 917 ბრძანებით, მ----------–-----ს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 31 ივლისის N43 917 ბრძანება;
3.3.1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 234 ბრძანებით კონკურსის შედეგების მიხედვით მ------------------–ი დაინიშნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ქ---------------- ადმინისტრაციულ ერთეულში გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 02 თებერვლის N43 234 ბრძანება;
3.3.2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 551 ბრძანებით, მ------------------–ს დამაკმაყოფილებლად ჩაეთვალა გამოსაცდელი ვადა და დაინიშნა საჯარო მოხელედ განუსაზღვრელი ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 მაისის N43 551 ბრძანება;
3.20. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანება;
3.21. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეებთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულებები, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება;
- 2017 წლის 29 ივნისის შრომითი ხელშეკრულებები;
3.22. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად, მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების პოზიციები და ცხრამეტივე წარმომადგენელს აღუდგა პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანება;
3.23. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2018 წლის 31 იანვარს მიღებულ იქნა N3 დადგენილება ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეების და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს დამტკიცების შესახებ", აღნიშნული დადგენილებით შენარჩუნებულია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის 19 შტატი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 31 იანვრის N3 დადგენილება;
3.2. მოსარჩელეები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაფრთხილებულ იქნენ, რომ მათთან გაფორმებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადა იწურებოდა 2017 წლის 31 დეკემბერს და აღნიშნული გარემოება წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს. მოსარჩელეები ისე განთავისუფლდნენ სამსახურიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გაფრთხილება ხელშეკრულების ვადის გასვლის შესახებ 2017 წლის 26 დეკემბრის N43/9817.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- ევროპის სოციალური ქარტია;
- „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტი ;
- ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიიჩნევა აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელეთა მოთხოვნა სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის ძალადაკარგულად გამოაცხადოს კანონის შესაბამისად გამოცემული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმეზე ბს-1339-1324(კ-11)) ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.3 მუხლის საფუძველზე განმარტა: სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია, მხარის კანონიერი ინტერესის არსებობისას და მისი მოთხოვნით, ბათილად ცნოს ეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კანონი ამგვარ უფლებამოსილებაზე არ უთითებს სადავო აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევისას, ვითარების იდენტურობიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 7.2 მუხლის (კანონის ანალოგია) დანაწესის საფუძველზე იგივე მიდგომა შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაშიც...
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული ზოგიერთი თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა 2017 წლის 01 ივლისიდან გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებზე ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეებთან 2017 წლის 29 ივნისს დაიდო შრომითი ხელშეკრულებები, 2017 წლის 01 ივლისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანებით შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები 2017 წლის 29 დეკემბრიდან გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობად, მათ შორის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის პოზიციები.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 29 დეკემბრის N43 1320 ბრძანება მართალია არ შეიცავს მითითებას კონკრეტულად რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცხადდა ძალადაკარგულად თუმცა მოწესრიგებული სამართალურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა მათი ფუნქციებიდან გამომდინარე წარმოადგენს პროფესიული საჯარო მოხელის პოზიციას და მითითებული ბრძანების დანართით განსაზღვრული ხელშეკრულებით დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეთა პოზიციები (მათ შორის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის პოზიცია) გარდაქმნა პროფესიულ საჯარო მოხელის თანამდებობებად. რითაც დადასტურდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 22 ივნისის N43 480 ბრძანების საფუძველზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობის შრომით ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად განსაზღვრის მიზანშეუწონლობა.
კონკრეტული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების, მოსარჩელეთა მატერიალურ-სამართლებრივი ინტერესი მდგომარეობს შემდეგში, რომ აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების პირობებში მოსარჩელეები რჩებიან პროფესიული საჯარო მოხელეების რანგში და მათზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პრივილეგიები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ძალადაკარგულად ცნობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 29 დეკემბრისათვის, როდესაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის შტატები გარდაიქმნა პროფესიულ საჯარო მოხელეებად საშტატო ნუსხაში (შენარჩუნებული იქნა 19 წარმომადგენლის პოზიცია) ცვლილება არ განხორციელებულა, შესაბამისად პროფესიულ საჯარო მოხელეთა რანგში დაბრუნებას ექვემდებარებოდა ყველა წარმომადგენლი.
6.4. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
ევროპის სოციალური ქარტიის, პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; ხოლო 24-ე მუხლის “ბ“ ქვეპუნქტის თანახმად მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე მუხლი შესაბამისად: საჯარო სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით შესაძლებელია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა. საჯარო დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმა არ შეიძლება გახდეს მოხელის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 103-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: რეორგანიზაცია არის საჯარო დაწესებულების ინსტიტუციური მოწყობის შეცვლა, რის შედეგადაც მიიღება საჯარო დაწესებულების ნაწილობრივ ან მთლიანად ახალი სტრუქტურა. რეორგანიზაციად ითვლება აგრეთვე საჯარო დაწესებულების შტატების გადაადგილება ან/და შემცირება. ამავე კანონის 108-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ხოლო 110-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, თუ მოხელის ამ კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მობილობა შეუძლებელია. ამავე კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეები 2017 წლის 01 ივლისამდე დასაქმებული იყვნენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელის სტატუსით. 2017 წლის 01 ივლისიდან მათი თანამდებობა გარდაიქმნა შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციად, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბერს ისევ აღუდგათ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი. შესაბამისად, ისეთ პირობებში, როდესაც სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეებს სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის აღდგენილი ჰქონდათ პროფესიული საჯარო მოხელის სტატუსი არ არსებობდა მათი განთავისუფლების საფუძვლები. იმ პირობებში, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოსარჩელეები 2017 წლის 31 იანვრისათვის წარმოადგენდნენ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძვლით საჯარო მოხელის სამსახურიდან დათხოვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოებს უკრძალავს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ რაიმე ქმედების განხორციელებას და იქვე განსაზღვრავს, რომ უფლებამოსილებით გადამეტებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
6.5. სასამართლო მიუთითებს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე.
შესაბამისად, მოსარჩელეთა მოთხოვნა მათი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ-------------- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პ------–--------- ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენის თაობაზე; მ----------–------ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ----–-- ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენის თაობაზე; მ------------------–ის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- ქ--------------- ადმინისტრაციულ ერთეულში აღდგენის თაობაზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელეთა მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა მოსარჩელეთა სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მათთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 1 იანვრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე.
6.6. საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლში მოცემულია იმ გადაწყვეტილებების ჩამონათვალი, რომელთა გადაცემაც შეიძლება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. მათ შორისაა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა გ) მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ და დ) უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეები უკანონოდ იქნენ გათავისუფლებული დაკავებული თანამდებობიდან, მის მიმართ უნდა გავრცელდეს სსკ-ის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ და დ’’ ქვეპუნქტების დანაწესი. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება - მოსარჩელეების გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, მოსარჩელე გ-------------ს, მ----------–-----სა და მ------------------–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან - უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ საქმეზე (ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის) წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები სრულად - თითოეულს 150 ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელეების გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. ძალადაკარგულად იქნეს აღიარებული ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 29 ივნისის N43 502 ბრძანება ადმინისტრაციულ ერთეულებში მე-3 რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტების შრომითი ხელშეკრულებით დასაკავებელ პოზიციებად განსაზღვრის ნაწილში;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ფაქტობრივი გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის მოტივით მოსარჩელეთა - გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.3. გ------------- აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პ------–--------- ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.4. მ----------–----- აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- თანამდებობაზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შ----–-- ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.5. მ------------------–ი აღდგენილ იქნეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მ------–--------------–-- თანამდებობაზე ქ--------------- ადმინისტრაციულ ერთეულში.
1.6. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას (ს/კ 2--------) დაეკისროს მოსარჩელე გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სასარგებლოდ 2018 წლის 01 იანვრიდან თანამდებობაზე აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მათი ყოველთვიური შრომის ანაზღაურების 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით.
1.7. მოსარჩელე გ-------------ს (პ.ნ 1----------), მ----------–-----სა (პ.ნ 1----------) და მ------------------–ს (პ.ნ 1----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან - სახაზინო კოდი 300193150 - დაუბრუნდეთ მათ მიერ საქმეზე (ასევე სარჩელის უზრუნველყოფისათვის) წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟები სრულად - თითოეულს 150 ლარის ოდენობით;
1.8. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები დარჩეს ძალაში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
1.9. სასამართლო გადაწყვეტილება - მოსარჩელეების გ--------------, მ----------–------- და მ------------------–ის სამუშაოზე აღდგენისა და სამი თვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7);
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ზესტაფონი, წერეთლის ქ. №7).
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი