გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 27.06.2018
საქმის ნომერი
050310117001946754
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №050310117001946754

N3/76-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.03.2018 წელი ქ. ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

 

მოსარჩელე: შპს ,,სანატორიუმი კოლხიდა''

წარმომადგენელი: კახა ჩავლეშვილი

მოპასუხე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: თამარ ბაქანიძე, მიხეილ შილაკაძე,მოპასუხე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო

წარმომადგენელი: ცირა მდინარაძე

მოპასუხე: ბახვა ჩხარტიშვილი, ვასო ძნელაძე

 

დავის საგანი: ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N273 სხდომის ოქმი უძრავი ქონების ს/კ 26.28.13.254 და ს/კ 26.28.13.255 საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში.

 

1.2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N59 განკარგულება უძრავი ქონების ს/კ 26.28.13.254 და ს/კ 26.28.13.255 ნაწილში

 

1.3. 2016 წლის 06 დეკემბრის საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N169.

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N161 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა. 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. მოსარჩელე მხარის განმარტებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, სასტუმრო და სანატორიული მომსახურების კომპლექსი. სასტუმროს ეზო ესაზღვრება თაყაიშვილის ქუჩას, სასტუმროს ღობიდან ქუჩის სავალ ნაწილამდე არის მრავალწლიანი ნარგავები და ტროტუარი, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებრივი სარგებლობის სივრცეს და მისი საშუალებით ხდება დამსვენებლების გადაადგილება. მხარის განმარტებით ტროტუარი და მწვანე ნარგავები გასხვისებული იქნა მოპასუხეებზე.

 

3.2. მოპასუხე მხარის განმარტებით ქონება აუქციონის წესით იქნა გასხვისებული კანონის მოთხოვნათა დაცვით და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლი; ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბერის N669 დადგენილები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.3. ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბერის N669 დადგენილების მეორე ნაწილის ,,დ'' და ,,ე'' ქვეპუნქტებით განკარგვა არის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, სარგებლობის უფლებით გადაცემა, მართვის უფლებით გადაცემა ან სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა;

პრივატიზება არის მუნიციპალიტეტის ქონების ფიზიკური ან/და იურიდიული პირისთვის საკუთრებაში გადაცემა, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ (შემდგომში - კოდექსი) დადგენილი ფორმითა და წესით;

 

6.4. დადგენილების მე-14 მუხლის თანახმად ,,საჯარო აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება ხორციელდება ამ წესის მე-5 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.''

 

დადგენილების მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების (გარდა თბილისის ქონებისა) პრივატიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის შესაბამისად.

 

დადგენილების მეხუთე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება შეიძლება განხორციელდეს უპირობოდ ან პირობებით. უპირობო ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა, ხოლო პირობებიანი ელექტრონული აუქციონისას, მუნიციპალიტეტის ქონების შემძენის ვალდებულებას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულების გადახდა და მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ განსაზღვრული ელექტრონული აუქციონის პირობების შესრულება.''

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების მიზანია, საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ ელექტრონული აუქციონი გამოცხადდა პირობებით – საკუთრების უფლება მიენიჭოს ელექტრონულ აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში აუქციონატორს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.''

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ,,ელექტრონული აუქციონის ფორმით მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება ამ წესის მე-6 თავის შესაბამისად.''

 

6.5. დადგენილების 34-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას, საწყისი საპრივატიზებო საფასური განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ფასის ოდენობით.''

 

6.6. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ'' საქართველოს კანონის 106-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მუნიციპალიტეტის ქონებას განეკუთვნება ,,ა) მუნიციპალიტეტისთვის კანონით მიკუთვნებული ქონება; ბ) სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; გ) ავტონომიური რესპუბლიკის მიერ შესაბამისი მუნიციპალიტეტისთვის საკუთრებაში გადაცემული ქონება; დ) მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი, შეძენილი ან რეგისტრირებული ქონება.

ამავე მუხლის მიხედვით ,,მუნიციპალიტეტის ქონება იყოფა ორ კატეგორიად – ძირითად (განუსხვისებელ) ქონებად და დამატებით ქონებად.''

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად ,,ძირითადი (განუსხვისებელი) ქონება არის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელების საფუძველი. ძირითადი ქონების გამოყენება შეიძლება მხოლოდ მუნიციპალიტეტის საჯარო ფუნქციების შესასრულებლად და უფლებამოსილების განსახორციელებლად.''

 

6.7. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60 პრიმი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.''

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ,,ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.''

 

მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება ადგილობრივი ორგანოს სტრუქტურული ერთეულების მიერ არ არის განხორციელებული სრულყოფილად რის შედეგადაც გაურკვეველია ძირითადი ფაქტობრივი გარეოებები. კერძოდ არ არის დადგენილი ქონება წარმოადგენს ძირითად (განუსხვისებელ) ქონებას თუ არა. შესაძლებელია თუ არა ქონების გამოყენება გარდა საჯარო ფუნქციის გამოყენებისა. ადგილზე დათვალიერებისას დადგინდა, რომ არ არის გამიჯნული საფეხმავლო გზა (ტროტუარი) და შეუძლებელი დადგენა არსებული მასალებით ხომ არ მოხდა საჯარო მიზნისთვის განკუთვნილი სივრცის გასხვისება. გაურკვეველია ქონების შეფასების საფუძვლები. ასევე ადმინისტრაციული წარმოება საჯარო აუქციონის განხორციელებისას წარმოებულია შემჭიდროებულ ვადებში, დაჩქარებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე როგორც აუქციონი, ასევე მისი შედეგები ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. მოსარჩელე შპს ,,სანატორიუმი კოლხიდას'' სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N273 სხდომის ოქმი უძრავი ქონების ს/კ 26.28.13.254 და ს/კ 26.28.13.255 საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის ნაწილში.

 

1.2 ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 ნოემბრის N59 განკარგულება უძრავი ქონების ს/კ 26.28.13.254 და ს/კ 26.28.13.255 ნაწილში.

 

1.3 ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 06 დეკემბრის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საჯარო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი N169.

 

1.4 ბათილად იქნეს ცნობილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N161 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.

 

1.5 ბათილად იქნეს ცნობილი 2016 წლის 20 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება N169 ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და ქონების შემძენებს ბახვა ჩხარტიშვილსა და ვასო ძნელაძეს შორის.

 

2. სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით დაეკისროს მოპასუხე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე გიორგი ზვიადაძე