გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2018
საქმის ნომერი
010210017001996946
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010210017001996946

N2-272/17

გადაწყვეტილება

საქართველოსსახელით

4 ივნისი 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ირმა ტოგონიძე

სხდომის მდივანი -თამარ გიორგაძე

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით)- ნი-ო ჯო---------ე

წარმომადგენელი - ნო---რ დი------ე, ჯუ---რ ქა-------–-–---–ი

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)- შპს „ჯე-------------------ი“

წარმომადგენელი-ჯი-–-რ არ-----–--ე

დავის საგანი:

სარჩელით - თანხის დაკისრება

შეგებებული სარჩელით-შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღურება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა (სარჩელით) 1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ მოსარჩელე ნი-ო ჯო---------ის სასარგებლოდ, ხელფასის დაგვიანების გამო დარიცხული საურავი 19,57 ლარის ოდენობით (დაზუსტებული მოთხოვნა); სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით): 1.2. დაეკისროს მოპასუხე ნი-ო ჯო---------ეს მოსარჩელის შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სასარგებლოდ, შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით. 2. მხარეთა პოზიციები მოსარჩელის (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) პოზიცია მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 1-დან 24 აპრილამდე იმუშავა მოპასუხე ორგანიზაციაში ბუღალტრის თანამდებობაზე. 2017 წლის 18 აპრილს მოითხოვა განთავისუფლება. საქმის დეტალები გააცნო ახალ ბუღალტერს. მისი ვარაუდით განთავისუფლების ბრძანება იმ დღესვე უნდა დაწერილიყო, თუმცა სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ბრძანება არ ჩაბარებია და არც ნამუშავარი დღეების ხელფასი მიუღია, განთავისუფლებისთანავე. მოსარჩელე არ ეთანხმება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას შრომითი ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დარიცხვის შესახებ. მიაჩნია, რომ შრომითი ხელშეკრულება არ დაურღვევია. ამასთან, თვლის, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში შრომითი ხელშეკრულება არის ბათილი.

მოპასუხის (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) პოზიცია

შეგებებული სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოპასუხე განმარტავს, რომ მხარეებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების პირობების თანახმად, იმის გამო, რომ ნი-ო ჯო---------ემ 1 თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში იმუშავა და ხელშეკრულება შეწყვიტა ცალმხრივად, უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 1000 ლარის ოდენობით.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ჯორჯიან სეკურიტი“ წარმოადგენს კერძო დაცვითი საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტს. 2017 წლის 1 აპრილს, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, 1 წლის ვადით, ნი-ო ჯო---------ე დაინიშნა შპს „ჯორჯიან სეკურიტიში“ ბუღალტრის თანამდებობაზე. ამავე ხელშეკრულების 3.1 მუხლის საფუძველზე, მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 500 ლარის (საშემოსავლოს გარეშე) ოდენობით. ამავე მუხლის საფუძველზე, დასაქმებულს ხელფასი ერიცხებოდა თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

მოსარჩელემ, ზეპირი განცხადების საფუძველზე, სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელება შეწყვიტა და სამსახურიდან განთავისუფლდა 2017 წლის 24 აპრილს. 2017 წლის 12 და 13 ივლისს ნი-ო ჯო---------ის ანგარიშზე ჩაირიცხა 383 ლარი (23 დღის ნამუშევარი საშემოსავლოს გარეშე), 73 დღის დაგვიანებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 44-8)

- მხარის ახსნა-განმარტება 12.04.18წ. (ს.ფ )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შრომითი ხელშეკრულების 6.3 მუხლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ხელშეკრულების უმიზეზოდ, ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, კერძოდ, ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ერთი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე სამსახურის მიტოვების შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) განმარტავს, რომ დასაქმებულმა თვითნებურად მიატოვა სამსახური და 1 თვით ადრე არ გაუფრთხილებია დასაქმებული. მოპასუხის (შეგებებული სარჩელით) განმარტებით მას თვითნებურად არ მოუტოვებია სამსახური. განთავისუფლების შესახებ მან სიტყვიერად მიმართა დამსაქმებელს 2017 წლის 10 აპრილს, ხოლო 2017 წლის 18 დან 24 აპრილის ჩათვლით საქმეები გადასცა და სათანადო კონსულტაცია გაუწია ბუღალტრის თანამდებობაზე მის შემცვლელს. ამდენად, განთავისუფლება მოხდა დასაქმებულთან შეთახმებით.

 

ნი-ო ჯო---------ის მიერ სარჩელზე თანდართული წერილობით განცხადებებში, მხარე აცნობებს დამსაქმებელს, რომ სამსახურიდან განთავისუფლება მოითხოვა 2018 წლის 18 აპრილს, 2018 წლის 24 აპრილიდან. საქმეში წარმოდგენილი ბრძანებით, ამავე თარიღიდან მოხდა მისი განთავისუფლება არა პირადი განცხადების, არამედ შრომის ხელშეკრულების 6.3 მუხლის დარღვევის გამო.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ განთავისუფლების შესახებ მოპასუხემ (შეგებებული სარჩელით) მოსარჩელეს მიმართა 2018 წლის 18 აპრილს და მოითხოვა განთავისუფლება 24 აპრილიდან ანუ 8 დღის შემდეგ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადებები 15.06.18წ. და 27.05.2017 (ს.ფ 12-13 )

- ბრძანება განთავისუფლების შესახებ (ს. ფ. 148 )

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს კონსტიტუცია

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

-შრომის კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

6.2. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი); შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას (სშკ-ის 1.3 მუხლი).

 

საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული, განუსაზღვრელი ან სამუშაოს შესრულების ვადით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პირის განცხადება და მის საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება პირის სამუშაოზე მიღების თაობაზე, უთანაბრდება შრომითი ხელშეკრულების დადებას. მე-9 ნაწილი განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობებია: ა) მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა; ბ) სამუშაო დრო და დასვენების დრო; გ) სამუშაო ადგილი; დ) თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე; ე) შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი; ვ) ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი; ზ) ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი. ამავე კოდექსის 31-ე მუხლით დადგენილია, რომ შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნი-ო ჯო---------ე, 2017 წლის 1 აპრილიდან 24 აპრილამდე, შპს „ჯორჯიან სეკურიტიში“ მუშაობდა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ანაზღაურება (საშემოსავლოს გარეშე) შეადგენდა 500 ლარს. ასევე, დადგენილია, რომ 2017 წლის 12 და 13 ივლისს ნი-ო ჯო---------ის ანგარიშზე ჩაირიცხა 383 ლარი, მის მიერ ნამუშევარი დღეების პროპორციული თანხა. დადგენილია ის გარემოება, რომ საბოლოო ანგარიში მოსარჩელემ აიღო 73 დღის დაგვიანებით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელფასო ანგარისწორების დაყოვნებისათვის დადგენილი პროცენტი 19.57 ლარი.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავისი შინაარსით შრომითი ხელშეკრულება წარმოადგენს გარიგებას, რომლითაც რეგულირდება შრომითსამართლებრივი ურთიერთობები ერთის მხრივ დამსაქმებელსა და მეორეს მხრივ დასაქმებულს შორის. ამდენად, ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ცალკეულ ნორმებს, რომლებიც სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის ვალდებულებებს წარმოშობს. შრომის კოდექსი დამსაქმებელს აძლევს უფლებას შრომით ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნეს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზომები. აღნიშნული კოდექსის 45-ე მუხლის პირველი ნაწილით, წერილობითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს დასაქმებულის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის სახე და ფარგლები, თუ ეს გამომდინარეობს სამუშაოს სპეციფიკიდან. მოცემული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის პოზიციას შრომის ხელშკრულების 6.3 მუხლის ბათილობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე თავის პოზიციას აფუძნებს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მესამე ნაწილზე, რომლის თანახმად შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას. სასამართლო თვლის, რომ მითითებული რეგულაცია არ გამორიცხავს დასაქმებულის შესაძლებლობას, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, დააწესოს გარკვეული, გამართლებული, გონივრული და ადეკვატური სანქცია შრომის ხელშეკრულების პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) წარმოადგენს კერძო დაცვით ორგანიზაციას, რომელიც თავის საქმიანობას ახორცილებს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. აღნიშნული კანონით განსაზღვრულია კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობები, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და პირობები, ორგანიზაციული ფორმები და სახეები. ამავე კანონი 25-ე მუხლით დადგენილია პასუხისმგებლობის ზომა-ჯარიმა 1000 ლარი, რომელიც ეკისრება დაცვით ორგანიზაციას დაცვით საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსთვის დაცვითი ორგანიზაციის, მისი ხელმძღვანელის, დამფუძნებლების და მცველების მონაცემებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის შეუტყობინებლობისთვის, თუ აღნიშნულ მონაცემებში ცვლილებების შეტანიდან გასულია ერთ თვეზე მეტი. დადგენილია, რომ ნი-ო ჯო---------ეს შპს „ჯორჯიან სეკურიტიში“ ეკავა ბუღალტრის თანამდებობა. აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმებული პირის ვალდებულება, ერთი თვით ადრე შეატყობინოს დასაქმებულს სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, ლოგიკურად გამომდინარეობს „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნიდან და წარმოადგენს ზუსტად იმ სპეციფიკურ პასუხისმგებლობას, რომელიც მითითებულია შრომის კოდექსის 45-ე მუხლში. სასამართლო თვლის, რომ ამგვარი დათქმით კადრების გადინების პრევენცია და კონტროლი, შეესაბამება ისეთი საქმიანობის სფეროს, როგორიცაა დაცვითი საქმიანობა, რომლის ორგანიზაციული ადმინისტრირება მოწესრიგებულია არა მხოლოდ შრომის კოდექსით და შინაგანაწესით, არამედ სპეციალური კანონით. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა ამგვარი შეთანხმება შეესაბამება სახელშეკრულებო ნების ავტონომიის პრინციპს და გაუმართლებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის ინტერესს. შრომით ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით ნი-ო ჯო---------ემ დაადასტურა, რომ თანახმაა შრომითი ურთიერთობა წარმართოს დამსაქმებელთან სწორედ ასეთი ხელშეკრულების პირობებში. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ შრომითი ხელშეკრულების ეს მუხლი არ მოდის წინააღმდეგობაში შრომის კოდექსის 1.3 მუხლთან და თავისი შინაარსით არ არის ბათილი.

 

6.4. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ საქმეში მხარეთა შორის სადავოა დასაქმებულის მხრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) თვლის, რომ დასაქმებულმა თვითნებურად მიატოვა სამუშაო ადგილი, მოპასუხე კი მიიჩნევს, რომ დირექტორს ამის შესახებ წინასწარ შეატყობინა და სამუშაო თვითნებურად არ მიუტოვებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

განსხვავებულად ნაწილდება მტკიცების ტვირთი შრომით სამართლებრივ დავებში, როდესაც დავის საგანს წარმოადგენს შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერება. აღნიშნული განპირობებულია მატერიალურ სამართლებრივი წანამძღვრებით. საწარმოსთან დაკავშირებული გარემოებები, როგორც წესი, მომდინარეობს დამსაქმებლის მხრიდან, რომელსაც აქვს მტკიცების მეტი შესაძლებლობა. მტკიცების ტვირთის შებრუნებისას მოსარჩელეს აქვს ფაქტების მითითების, წარმოჩენის ტვირთი, ხოლო მოპასუხეს – ფაქტების დამტკიცება-დადასტურების.

 

აღნიშნულის მიუხედავად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლით ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას, ხოლო 132-ე მუხლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში. ნი-ო ჯო---------ის წარმომადგენლებმა სარჩელში, ახსნა-განმარტებაში დაადასტურეს ის გარემოება, რომ სამსახურიდან განთავისუფლების მოთხოვნით მხარემ დამსაქმებელს მიმართა 2017 წლის 18 აპრილს და მოითხოვა განთავისუფლება 24 აპრილიდან, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ერთ თვიანი ვადის დარღვევით, კონკრეტული ობიექტური მიზეზის დასახელების გარეშე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარი შეტყობინების ერთთვიანი ვადა, მოცემულ შემთხვევაში, დარღვეულია.

 

6.2. როგორც უკვე აღინიშნა, შრომის ხელშეკრულების 6.3 მუხლი, თავისი შინაარსით, წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით განსაზღვრულ პირგასამტეხლოს - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ხსენებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს.

 

6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალურთიერთობის შინაარსი უნდა განსაზღვრავდეს პირგასამტეხლოს ოდენობას. სახეზეა შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც წარმოადგენს სამართალურთიერთობის სპეციფიკურ სფეროს და არაა ორიენტირებული სარგებლის ან მოგების მიღებაზე. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ ასეთ ურთიერთობებში პირგასამტეხლოს უნდა ჰქონდეს მხოლოდ პრევენციული ხასიათი. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ არ უნდა ზღუდავდეს დასაქმებულის უფლებას, კონკრეტულ მომენტში გაწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება და სამსახური განაგრძოს უფრო მაღალანაზღაურებად ან უკეთესი პირობების მქონე სამსახურში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო 1000 ლარი, იმ სახელფასო განაკვეთთან მიმართებაში, რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებით, არის არაგონივრული, არაპროპორციული და შეუსაბამო. მოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე 100 ლარი არის ის მაქსიმუმი, რაც შეიძლება დაეკისროს დასაქმებულს შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისათვის.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა, ამდენად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ლარი. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად უნდა გადახდეს მოპასუხეს. შესაბამისად, ნი-ო ჯო---------ეს შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5 ლარი.

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ ნი-ო ჯო---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100 ლარი წარმომადგენლობითი ხარჯი, 9.80 ლარი ფოსტის გზავნილის ხარჯი და 14 ლარი რწმუნებულების გაფორმების ხარჯი. ასევე, შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სასარგებლოდ ნი-ო ჯო---------ეს უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი 100 ლარი.

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1.ნი-ო ჯო---------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2.დაეკისროს შპს ჯორჯიან სეკურიტის ნი-ო ჯო---------ის სასარგებლოდ 19,57 ლარი;

 

3.დაეკისროს შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი;

 

4.დაეკისროს შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ ნი-ო ჯო---------ის სასარგებლოდ წარმომადგენლის ხარჯი 100 ლარი, ფოსტის გზავნილის ხარჯი -9,80 ლარ, რწმუნებულების გაფორმების ხარჯი-14 ლარი;

 

5.შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

6.დაეკისროს ნი-ო ჯო---------ეს შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სასარგებლოდ 100 ლარი;

 

7.დაეკისროს ნი-ო ჯო---------ეს შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სასარგებლოდ 100 ლარი იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი;

 

8.დაეკისროს ნი-ო ჯო---------ეს შპს „ჯორჯიან სეკურიტის“ სასარგებლოდ 5 ლარი, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი;

 

9.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;

 

10.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირმა ტოგონიძე