გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.06.2018
საქმის ნომერი
160210018002376254
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
18.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/375-18

160210018002376254

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო თარაშვილი

სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე

მოსარჩელე სე----------–--------ი

წარმომადგენლები მარ-----------ე, მა-------------–---–ი

მოპასუხეები შპს "R-------", სს "R--------r"

წარმომადგენელი თე----------------ვა

დავის საგანი: ბრძანებების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს "R--------ის" და სს "R--------r-ის" გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აგვისტოს ბრძანება N737 და ბრძანება N738 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.

 

1.2. მოპასუხე შპს "R--------სა" და სს "R--------r-ს" მოსარჩელე სე----------–--------ის სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური თანხა 10 თვისა და 13 დღის შესაბამისად, სულ 104 333 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

1.5. მოპასუხის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნება, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ეწინააღმდეგებოდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს და შესაბამიდად სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათულად უნდა იქნას ცნობილი და R--------r-ს მოსარჩელე სე----------–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 52 166 აშშ დოლარის განაცურის გადახდა, ხოლო RM-------ს მოსარჩელე სე----------–--------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 52 166 აშშ დოლარის განაცურის გადახდა, რაც მთლიანობაში შეადგენს 104 333 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელს არ ცნობს.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.2. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე 2016 წლის 25 აგვისტოს გაეცნო ბრძანებას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, თუმცა მას მითითებული ბრძანება არ გაუსაჩივრებია საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ ვადაში. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მოპასუხე სარჩელს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ დასაქმებულმა ჩაიდინა ქმედება, რომელიც უნდა დაკვალიფიცირდეს სამსახურებრივი ვალდებულებების უხეშ დარღვევად, ამ დარღვევებმა გამოიწვია საწარმოს საქმიანობის მკვეთრი შეფერხება, რაც თავის მხრივ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და ,,თ'' ქვეპუნქტების გამოყენებით, პირის სამსახურიდან დათხოვნის ლეგიტიმურ წინაპირობას ქმნის. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა სადავო ბრძანების ბათილად ცნობაზე არაპერსპექტიულია და ვერ დაკმაყოფილდება; ასევე ვერ დაკმაყოფილდება მოთხოვნა იძულებითი მოცდენის პერიოდის შრომის ანაზღაურების შესახებ.

 

სარჩელი ხანდაზმულია:

 

მოსარჩელე უფლებამოსილი იყო გათავისუფლებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მოეთხოვა წერილობითი დასაბუთება გათავისუფლების საფუძვლის შესახებ, აქედან 30 კალენდარული დღის ვადაში კი მიემართა სასამართლოსათვის, მოსარჩელემ სასამართლოს მიმართა ვადის დარღვევით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არის ხანდაზმული, ის არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე სე----------–--------ი მოპასუხე კომპანიასთან 2015 წლის 13 ივლისს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დაინიშნა ენერგომექანიკური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენდა 7000 აშშ დოლარს. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2016 წლის 17 თებერვალს გაკეთდა დამატება =1, რომლითაც სე----------–--------ი დაწინაურდა კომერციული დირექტორის თანამდეობაზე, ხოლო ამავე წლის 19 თებერვლის =1 დამატების საფუძველზე მას გაეზარდა ხელფასი და განისაზღვრა 8000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 13 ივლისის შრომითი ხელშეკრულება (ტ 1. ს.ფ. 16-20);

- 2015 წლის 13 ივლისის შრომითი ხელშეკრულების დამატება N1 (დათარიღებული 2016 წლის 17 თებერვლით), (ტ 1. ს.ფ. 21-24);

- 2015 წლის 13 ივლისის შრომითი ხელშეკრულების დამატება N1 (დათარიღებული 2016 წლის 19 თებერვლით), (ტ 1. ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.2. 2016 წლის 15 აპრილს სე----------–--------ს და სს R--------r-სა და RM-------ს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელე დაინიშნა სს R--------r-ისა და შპს RM-------ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნვეყოფის დირექტორად და მისი ჯამური ხელფასი შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 15 აპრილის შრომითი ხელშეკრულებები (ტ 1. ს.ფ. 25-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.1.3. შპს "R--------ის" სს "R--------r-ის" გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აგვისტოს N737 და N738 ბრძანებათა საფუძველზე სე----------–--------თან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს "R--------ის" და სს "R--------r-ის" გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აგვისტოს ბრძანება N737 და ბრძანება N738 (ტ 1. ს.ფ. 35-36);

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეს არ აქვს გაშვებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ვადა:

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებებიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლოსთვის მიმართვის უფლება აბსოლუტურ, შეუზღუდავ უფლებად არ განიხილება და ამ უფლების შეზღუდვის ერთერთი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური საფუძველია უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის ვადის არსებობა. უფლების რეალურად დაცვისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა დროულად მიმართოს სასამართლოს, დაიცვას სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დაწყებისას მნიშვნელოვანია არა მარტო უფლების დამრღვევი მოქმედების შეტყობინების დრო, არამედ ის, თუ როდის უნდა შეეტყო მოსარჩელეს მისი უფლების დარღვევის შესახებ. იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებულს პირს ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა მიეღო ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ და მისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო მისი უფლების დამრღვევი ქმედების შესახებ, ხანდაზმულობის ვადა აითვლება იმ დროიდან, როცა მას უნდა შეეტყო მისი უფლების დარღვევის შესახებ და არა იმ დროიდან, როცა მან დაგვიანებით შეიტყო სადაო ქმედების შესახებ. 130-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დაწყების საკითხი უნდა გადაწყდეს კონკრეტული სადაო ურთიერთობის შინაარსიდან გამომდინარე.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მიხედვით, 1. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. 2. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

სასამართლო, შრომითი დავის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის დროს მიმართავს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციის რეგულაციებს. კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, დასაქმებულს, რომელსაც მიაჩნია, რომ მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა უკანონოდ, უნდა ჰქონდეს აღნიშნულის გასაჩივრების უფლება მიუკერძოებელ ორგანოში, როგორიცაა სასამართლო, შრომის ტრიბუნალი და სხვა. ამავე რეგულაციის უმნიშვნელოვანესი დანაწესია შემდეგი: ივარაუდება, რომ დასაქმებულმა უარი განაცხადა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გასაჩივრების უფლებაზე, თუ შეწყვეტიდან გონივრულ ვადაში იგი არ გამოიყენებს აღნიშნულ უფლებას. ანალოგიური მოწესრიგებაა გათვალისწინებული დასაქმების შეწყვეტის შესახებ 1982 წლის რეკომენდაციის მე-10 მუხლითაც. კონვენციის მე-9 მუხლის თანახმად, წინამდებარე კონვენციის მე-8 მუხლში მითითებული ორგანოები აღჭურვილნი უნდა იყვნენ შეწყვეტის მიზეზებთან დაკავშირებით დასკვნის გაკეთების უფლებამოსილებით მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით და ეროვნული კანონმდებლობით და პრაქტიკით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად.

 

სასამართლოში სარჩელის წარმოდგენილია 2016 წლის 28 ოქტომბერს თავად სადავო აქტით კი, მოსარჩელე დაითხოვეს სამსახურიდან 2016 წლის 25 აგვისტოს.

 

საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერა, რომლითაც დასტურდება, რომ სე----------–--------ს, 2016 წლის 25 აგვისტოს ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა შეტყობინება მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამავე წლის 27 აგვისტოს კი მოსარჩელემ კომპანიის გენერალურ დირექტორს ა-–-–---–--ს მიწერა, რომ იგი არ ეთანხმებოდა მიღებულ გადაწყვეტილებას და ითხოვდა რომ კომპანიას განეხილა მასზე კომპენსაციის და ნამუშევარი პერიოდის - 8 თვის ბონუსის გაცემის საკითხი. (ტ.1. ს.ფ. 85) მართალია, აღნიშნულის პასუხად ა-–-–---–--ის მიერ მოსარჩელისთვის გაგზავნილ იქნა შესაბამის დასაბუთება, სადაც აღწერილი იყო მისი გათავისუფლების მიზეზები და საფუძვლები, სადაც ასევე მითითებული იყო, რომ მასზე კომპენსაციის და ბონუსის გაცემის საკითხი არ განიხილებოდა, თუმცა აღნიშნული წერილი მოსარჩელეს არ ჩაბარებია (ტ.1. ს.ფ. 43-46). საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნული უფლების რეალიზებას წარმოადგენდა სწორედ სე----------–--------ის წარმომადგენლის მიმართვა ა-–-–---–--ისადმი, სადაც იგი ითხოვა სე----------–--------ის სამსახურიდან გათავისუფლების წერილობით დასაბუთებას. საგულისხმოა ისიც, რომ მოცემულ დოკუმენტზე არ არის მითითებული თარიღი, თუმცა რადგანაც საქმეში წარმოდგენილი მოპასუხე კომპანიის მიმართვიდან ირკვევა, რომ წერილი დათარიღებულია 2016 წლის 12 სექტემბრით, ხოლო მათ აღნიშნულ მოთხოვნას უპასუხეს 2016 წლის 19 სექტემბერს (ადრესატს აღნიშნული პასუხი ჩაბარდა 2016 წლის 20 სექტემბერს), შესაბამისად ნათელია, რომ საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ ვადაში მოსარჩელემ ისარგებლა უფლებით მიეღო ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველის წერილობითი დასაბუთება და სამოქალაქო სარჩელი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2016 წლის 13 ოქტომბერს, 30 დღის ვადაში. გარდა ამისა, საქმეში წარმოდგენილია სასამართლოს განჩინება, რომლითაც სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში. სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება სარჩელის შეტანით. დადასტურებულია, რომ თავდაპირველად სარჩელი არ იქნა წარმოებაში მიღებული, თუმცა ამავე ნორმების შესაბამისად, თუ მხარე 6 თვის განმავლობაში კვლავ შეიტანს სარჩელს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი წარდგენიდან. განსახილველი სარჩელი, სასამართლოში წარდგენილია 2016 წლის 28 ოქტომბერს.

 

3.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მის მიერ მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

ამასთან, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის განაწილების, თითოეული მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებების განსაზღვრისას გასათვალისწინებელია სადაო სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსის თავისებურება. ამ შემთხვევაში სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება, რის გამოც გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის თავისებურებები.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად წესზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც არ იმყოფებიან ერთ ჰორიზონტალურ სიბრტყეში. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განჩინებაში (საქმე № ას-194-185-2016) შრომით დავაში მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხზე განმარტებულია, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს. ამგვარადაა განმარტებული მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 18 მარტის (საქმე №ას-1276-1216-2014), 2015 წლის 23 მარტის ( საქმე №ას-122-114-2015) განჩინებებში.

 

საქმეში სადავოდ არის ქცეული ის ფაქტობრივი გარემოებანი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს, კერძოდ მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის შესახებ.

 

მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების წინაპირობა იყო: თბომავლის შეძენა გადამეტებულ ფასად (150, 200 და 700 პროცენტით), რომელიც აშკარად არ შეესაბამებოდა მის ტექნიკურ მდგომარეობას. უხარისხო აცეტილენის შეძენა, რის შემდეგაც მწყობრიდან გამოვიდა ძვირადღირებული დანადგარი, დამცავი ქვეშსადებების არადროული შესყიდვა, რამაც გამოიწვია გამამდიდრებელი ფაბრიკის მუშაობის შეჩერება. რკინის ფხვნილის არადროულმა მიწოდებამ გამოიწვია მოწყობილობის შეცდომა კარიერის დამუშავების დროს და ფაბრიკის მომდევნო მუშაობის შეჩერება. ვობლერებისა და რედუქტორების არადროულმა შესყიდვამ განაპირობა დიდი პრობლემები შტაბელების ირიგაციასთან დაკავშირებით. მოპასუხის მტკიცებით სე----------–--------ის ქმედებით გამოწვეულ შედეგთა გამო მასთან შეწყდა შრომითი ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა სწორედ ზემორე პუნქტში მითითებულ გარემოებათა შესაბამისი მტკიცებულებები, შესაბამისად სასამართლო თითოეულ ამ გარემოებას შეაფასებს და როგორც დამოუკიდებლად, ასევე კუმულაციურად სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში, რათა გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა აღნიშნული გარემოებები, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ’’ ქ/პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად მიჩნევისთვის, რაშიც ნაგულისხმებია, სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები.

 

3.2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ირ--------–-ას განმარტებით, 2016 წლის მარტის თვეში სე----------–--------მა ელექტრონულ მისამართზე მიწერა და სთხოვა მოეძებნა აცეტილენის ალტერნატიული მიმწოდებელი, მისი ინფორმაციით აცეტილენის ალტერნატიული მომწოდებელი მოიძია მამია დუმბაძემ. შესაბამისად, 2016 წლის მარტის თვეში გაცილებით ნაკლებად ფასად სე----------–--------ის გადაწყვეტილებით შეძენილ იქნა აცეტილენის ხსნარი სხვა მომწოდებლისგან. აცეტილენი აღმოჩნდა დაბალი ხარისხის, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ძვირადღირებული დანადგარი და საჭირო გახდა ახალი, დაახლოებით 100 000 ლარის ღირებულების დანადგარის შეძენა. აღნიშნული გარემოების დასტურად მოპასუხე მხარემ წარმოადგინა, შპს ,,ჯეოლაბ ინსტრუმენტების’’ დიაგნოსტიკის რეპორტი, რომლის მიხედვითაც „გამოჟონვის წყარო სავარაუდოდ, მომხმარებლის ინფორმაციისა და გაზების გამანაწილებლის ვიზუალური დათვალიერების თანახმად, აცეტილინის არხია. აღნიშნულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, მოსარჩელე მხარე უთითებდა, რომ რადგან შპს „ჯეოლაბ ინსტრუმენტების“ დიაგნოსტიკის შეიცავს ვარაუდს დაზიანების გამომწვევი ფაქტორის შესახებ და აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს ლიცენზირებული ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც დაადგენდა დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის ზუსტ მიზეზებს, სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული და გაზიარებული, როგორც სე----------–--------ის მიერ მასზედ დაკისრებული მოვალეობის უხეშად დარღვევის დადასტურება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნა შეეხება სე----------–--------სა და სს R--------r-სა და RM-------ს შორის, 2016 წლის 15 აპრილს დადებულ შრომით ხელშეკრულებებს, ხოლო ამავე პუნქტში მითითებული ფაქტების და გარემობების შესახებ, ცნობილი იყო მოპასუხე მხარისთვის ჯერ კიდევ მაშინ როდესაც სე----------–--------ს ეკავა კომერციული დირექტორის თანამდებობა და მასთან ჯერ არ იყო გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც იგი დაწინაურდა, ამდენად, აღნიშნული მტკიცება, სასამართლოს მიერ ვერ იქნა მხედველობაში მიღებული, როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა გარემობებთან ერთობლიობაში, 2016 წლის 15 აპრილის შრომითი ხელშეკრულების უხეშ დარღვევად.

 

3.2.4. მოწმე ზა---------–---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2016 წლის 11 მარტს, მატერიალურ ტექნიკურ სამსახურს შეუკვეთეს შპს ,,RM-------ის’’ გროვების დასხურების სისტემისთვის საჭირო ვობლერები და რედუქტორები, რომელიც ერთ თვეში უნდა ყოფილიყო ადგილზე მიტანილი. აღნიშნული შეკვეთის განხორციელებიდან დაახლოებით 25 დღის შემდეგ, იგი მივიდა სე----------–--------თან და დაინტერესდა თუ რამდენ ხანში შესრულდებოდა შეკვეთა, რაზეც ს-----–--------მა მიუგო, რომ ეძებდნენ ალტერნატიულ მიმწოდებლებს. ზ.დალაქიშვილმა ს-----–--------თან მაშინვე განაცხადა, რომ ეს გამოიწვევდა შეფერხებას, თუმცა კოლესნიკოვისგან მიიღო პირობა რომ არავითარ შეფერხებას ადგილი არ ექნებოდა. მას შემდეგ რაც ალტერნატიული მიმწოდებელი ვერ იქნა მოძიებული, შეიტყო რომ კომპანია კვლავ ძველ მიმწოდებელს დაუკავშირდა. მოცემული ინფორმაცია მან მიიღო გი---------------ისგან. მისივე განმარტებით, ძველ მიმწოდებელთან შეკვეთის შესრულება დროულად ვეღარ მოხდებოდა, რადგან მათ მოუხდათ რიგის დაცვა. შეკვეთილი პროდუქცია საწარმომ მიიღო აგვისტოს თვეში, შესაბამისად, ამ გარემოებამ საწარმოს საქმიანობის შეფერხება გამოიწვია.

 

3.2.5. შპს ,,RM-------ის’’ მომარაგების სამსახურის უფროსის მოწმე გი-----–---------ს ჩვენებით, სე----------–--------ს მიაწოდეს ინფორმაცია რომ ჰქონდათ ვობლერებისა და რედუქტორების შეძენის საჭიროება. როგორც წესი შეკვეთის შესრულებას სჭირდებოდა 1 თვე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში შეკვეთის შესრულებამ დაიგვიანა დაახლოებით სამთვე ნახევრით, ამასთან, ნაცვლად შეკვეთილი 1000 ვობლერისა, მიიღეს 700 ვობლერი. მოწმის ჩვენებით ამ დაგვიანებამ და შეკვეთილი მასალის არასრულად მიღებამ, ბიუჯეტის შესრულების დანაკლისი გამოიწვია.

 

3.2.6. მოწმე გი---------------ემ, სხდომაზე განაცხადა, რომ სე----------–--------მა, რომელსაც უნდა მოეხდინა საწარმოს საქმიანობისთვის საჭირო ვობლერებისა და რედუქტორების შეძენა, განმარტა, რომ ძველი მიმწოდებლის (რომელთანაც საწარმო 2 წლის მანძილზე თანამშრომლობდა) ფასი 20 დოლარი, იყო ძალიან მაღალი, შესაბამისად უნდა მოეძებნათ ალტერნატიული მიმწოდებელი, რის შემდეგაც მოახდენენ საჭირო მასალის შეძენას. მოძიების პროცესი გაგრძელდა დაახლოებით 1 თვე. სე----------–--------ს უშუალოდ მან შეახსენა, რომ პროდუქციის შესყიდვა გვიანდებოდა, კვლავ ძველ მიმწოდებელთან განაგრძეს თანამშრომლობა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ძველ მომწოდებელთან იყო რიგი, შესაბამისად მიწოდების ვადამაც გადაიწია. გი---------------ის განმარტებით, ს-----–--------ის მიერ საწარმოს საქმიანობისთვის საჭირო ვობლერებისა და რედუქტორების შეძენის მიზნით მომწოდებელთან შეკვეთის დაუყოვნებლივ განხორციელების შემთხვევაშიც კი, შესაძლოა რიგის გამო შეკვეთა დაგვიანებით შესრულებულიყო.

 

ზემოაღნიშნულ ჩვენებათა ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ სე----------–--------ი ვობლერებისა და რედუქტორების შეძენის საჭიროების შესახებ ინფორმირდა 2016 წლის მარტის თვეში, ამ მომენტისთვის მას ჯერ კიდევ არ ეკავა ის პოზიცია, რომლიდანაც აგვისტოს თვეში მისი გათავისუფლება მოხდა, თუმცა ცხადია, რომ გარკვეული მოქმედებები, (რაშიც იგულისხმება ალტერნატიული მომწოდებლის მოძიება) განხორციელდა უკვე მისი საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური დირექტორის პოსტზე საქმიანობისას. სხდომაზე დაკითხულ მოწმეთაგან მტკიცებით ფორმაში არცერთს არ მოუხდენია იმის დადასტურება, რომ თუკი ს-----–--------ი დაუყოვნებლივ მოახდენდა ვობლერებისა და რედუქტორების მომწოდებელ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებას და ზემოთდასახელებული პროდუქციის შეძენას, ალბათობა იმისა, რომ ყოფილიყო რიგის დაცვის საჭიროება, რაც თავის მხრივ გამოიწვევდა პროდუქციის დაგვიანებით შემოტანას, მოწმეთა მიერ არაერთხელ იყო ხაზგასმული, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ეს ეპიზოდი, რომელიც საფუძვლად დაედო სე----------–--------ის თანამდებობიდან გათავისუფლებას, სასამართლოს მიერ ვერ შეფასდება ვალდებულების უხეშ დარღვევად.

 

3.2.7. მოწმე კა--------–--ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სერგეი კოლესნოკოვს, რომელიც მუშაობდა საწარმოს მატერიალურ-ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე შეატყობინეს, რომ საჭირო იყო წისქვილის დამცავი ქვეშსადებების (ფუტიროვკების) შეძენა. ასევე იდგა რკინის ფხვნილის შეძენის საჭიროება, საგულისხმოა ისიც, რომ მოწმის ჩვენებით, საწარმო წინა ორი წლის მანძილზე ყიდულობდა მხოლოდ ფრანგულ ,,ფუტიროვკებს’’, რადგან მათ ქონდათ მუშაობის გაცილებით მეტი რესურსი. იმის გამო, რომ ფრანგული ,,ფუტიროვკების’’ შემოტანა გვიანდებოდა, რის გამოც წისქვილების მუშაობას ექმნებოდა საფრთხე, მოწმე კ-------------–--ემ ამის შესახებ აცნობა სს R--------r-ისა და შპს RM-------ის დირექტორს ა-–---------- ცაპლინს. მოწმემ განაცხადა, რომ სე----------–--------ის გადაწყვეტილებით მოხდა არა ფრანაგული, არამედ რუსული წარმოების, წარსული გამოცდილებით, დაბალი ხარისხის ე.წ. ,,ფუტიროვკების’’ შემოტანა. 27.06.2016 წელს უხარისხო ,,ფუტიროვკის'' გამოყენების გამო გაჩერდა დიდი წისქვილი და მუშაობა განაახლა 29.06 2016 წელს, შესაბამისად წისქვილი გაჩერებული იყო დაახლოებით 36 საათით. 11.08.2016 წელს ამავე მიზეზით კვლავ გაჩერდა დიდი წისქვილი და მუშაობა განაახლა 13.08 2016 წელს, წისქვილი დაახლოებით 50 საათის განმავლობაში იყო გაჩერებული. მოწმემ ასევე მიუთითა, რუსული ,,ფუტიროვკისა’’ და ფრანგული ,,ფუტიროვკის’’ მუშაობის რესურსზე. მისი მტკიცებით რუსული წარმოების ე.წ. ,,ფუტიროვკის’’ რესურსი განისაზღვრებოდა 3491 საათით, ხოლო ფრანგული ,,ფუტიროვკის’’ კი 5770 საათით. შესაბამისად სე----------–--------ი თავიდანვე ინფორმირებული იყო ფრანგული ,,ფუტიროვკის’’ რესურსისა და საწარმოს გამართული საქმინობისთვის სწორედ ამ ხარისხის მქონე ,,ფუტიროვკის’’ უპირატესობის თაობაზე, თუმც ამან ამის მიუხედავად, დიდი წისქვილების ექსპლუატაციის მიზნით, მაინც დაბალი ხარისხის ,,ფუტიროვკის’’ შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც თავის მხრივ საწარმოს შეფერხებით მუშაობა და მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი გამოიწვია. ასევე ზარალი მიადგა კომპანიას რკინის ფხვნილის დაგვიანებით შეძენის გამო.

 

3.2.8. მოწმე ირ--------–-ამ, რომელმაც სასამართლოს ამ ეპიზოდშიც მოუთხრო გარკვეული ფაქტების შესახებ, სხდომაზე დაადასტურა, რომ საწარმო წისქვილების გამართულად მუშაობის მიზნით იყენებდა ფრანგულ ე.წ. ,,ფუტიროვკებს’’, თუმცა სე----------–--------ის დირექტორობისას მიიღო დავალება, რომ დაკავშირებოდა რუს მომწოდებლებს, კერძოდ რუსეთის ფედერაციაში მოქმედ შპს ,,ატლანტიკ უნივერსს’’. მან ასევე მოიძია მომწოდებელი ,,გორნიე მაშინი’’ რომლის ფასი იყო 13 000 აშშ დოლარით მეტი ვიდრე ,,ატლანტიკ უნივერსის’’. გააკეთა ორივე საწარმოს ფასთან შედარების ცხრილი და გადაუგზავნა სე----------–--------ს, სე----------–--------ის მითითებით ორივე კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება დასახელებული პროდუქციის შესყიდვის თაობაზე. მოწმის მტკიცებით, კონკრეტულ მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს კომერციული დირექტორი, თუმცა შესყიდვის საჭიროებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ა-–-–---–--ს სწორედ მატერიალურ-ტექნიკური დირექტორის სე----------–--------ის ვიზირებით წარედგინა. ივნისის და ივლისის თვეში მოხდა რუსული წარმოების ,,ფუტიროვკების’’ შესყიდვა, ამის შემდგომ კი საწარმომ ფრანგული ,,ფუტიროვკების’’ შესყიდვა გააგრძელა.

 

ამდენად, მოცემულ ეპიზოდში ცალსახაა რომ სე----------–--------ი, რომელიც ინფორმირებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ფრანგული ,,ფუტიროვკები’’ რომლის მუშაობის რესურსი რამდენადმე აღემატებოდა რუსული წარმოების ,,ფუტიროვკების’’ მუშაობის რესურსს, მიიღო გადაწყვეტილება რუსული წარმოების ე.წ. ,,ფუტიროვკების’’ შეძენის თაობაზე, რის გამოც საწარმომ განიცადა შეფერხება, რაც გამოიხატა კომპანიის კუთვნილი დიდი წისქვილის თითქმის 85 საათით გაჩერებაში. მართალია მოპასუხე მხარე შეეცადა, რომ სასამართლო დაერწმუნებინა, იმ გარემოებაში, რომ სე----------–--------ს ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ რუსული ,,ფუტიროვკები’’ გამართულად იმუშავებდა, თუმცა მოწმე კ-------------–--ემ თავის ჩვენებაში არაერთხელ მიუთითა, რომ კომპანიას ჰქონდა ინფორმაცია რუსული ,,ფუტიროვკების’’ უხარისხობის თაობაზე და სწორედ ამის გამო ყიდულობდნენ შედარებით მაღალ ფასად ფრანგული წარმოების წისქვილის ქვეშსადებებს, ე.წ. ,,ფუტიროვკებს’’. ამდენად, გამოკვლეული მტკიცებულებებიდან დგინდება, რომ რეალურად საწარმოს საქმიანობა გამოიწვია არა ზემორე პუნქტში მითითებული პროდუქციის დაგვიანებით შესყიდვამ, არამედ პროდუქციის უხარისხობამ, შესაბამისად, საფრანგეთში წარმოებული ,,ფუტიროვკების’’ რუსულით ჩანაცვლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით, სე----------–--------ის ქმედება ეწინააღმდეგება მასთან, 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებათა 3.1.4. პუნქტს, რაც გულისხმობს ისეთი ქმედებების განხორციელების აკრძალვას, რამაც შესაძლოა კომპანიისთვის ზიანის მომტანი აღმოჩნდეს.

 

3.2.9. სს ,,R--------r-სა’’ და ,,ატლ------------------–--სთან’’ 2016 წლის 28 აპრილს გაფორმებული N05/16 ხელშეკრულების საფუძველზე 05.05.2016 წელს გაფორმდა N2 სპეციფიკაცია მარჯვენა კომბინირებული მკვებავის 11.659.76 აშშ დოლარად შეძენის შესახებ, 15.06.2016 წელს N3 სპეციფიკაცია კონუსის ჯავშნის 11.677.59 აშშ დოლარად და უძრავი ჯავშნის 11.755.06 აშშ დოლარად შეძენის შესახებ.N2 სპეციფიკაციის მიხედვით თანხა სრულად იქნა გადახდილი, ხოლო N3 სპეციფიკაციის მიხედვით ავანსის სახით გადახდილ იქნა 40 პროცენტი - 9381 აშშ დოლარი.

 

იგივე მომწოდებელთან სს ,,R--------r-ის’’ სახელით 2016 წლის 11 მაისს გაფორმდა =06/16 ხელშეკრულება N1 სპეციფიკაცია, რომლის თანახმად, კომპანიას უნდა შეეძინა მეორადი თბომავალი тгм4 (გამოშვების წელი 1983). აღნიშნული ხელშეკრულებისა და სპეციფიკაციების თანახმად თბომავლის ფასად განისაზღვრა 149.000 აშშ დოლარი. შეთანხმებისამებრ ავანსის სახით გადახდილ იქნა 10 პროცენტი - 14.900 აშშ დოლარი. 2016 წლის ივნისის თვეში თბომავალი ჩავიდა კაზრეთში და დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მისი ტექნიკური მდგომარეობა არ შეესაბამებოდა კონტრაქტით გათვალისწინებულ ფასს და იგივე მახასიათებლების მქონე საქონლის საბაზრო ფასს. მოპასუხე კომპანიას წარმოეშვა ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ერთსა და იმავე მიმწოდებელთან მოსარჩელის წინასწარ შეთანხმებას კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ. აღნიშულის გამო კომპანიის მიერ მოძიებულ იქნა დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა ფასად ჰქონდა მომწოდებლ კომპანიას ზუსტად იგივე თბომავალი შეძენილი და გაირკვა, რომ მოპასუხე კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფასი (149.000 აშშ დოლარი) სამჯერ აჭარბებდა მიწოდებამდე რამდენიმე დღით ადრე თბომავლის შესყიდვის ფასს (47.525 აშშ დოლარი), მოწოდებლი დოკუმენტაციის თანახმად ასევე გაირკვა, რომ თავად მომწოდებლის მიერ კომბინირებული მკვებავის შესყიდვის ფასი შეადგენდა 1500 აშშ დოლარს, კონუსის ჯავშნის შესყიდვის ფასი შეადგენდა 4650 აშშ დოლარს, ხოლო უძრავი ჯავშნის ფასი 2000 აშშ დოლარს.

 

3.2.10. მოწმე მე--------------–---–მა, სხდომაზე განმარტა, რომ სს ,,R--------r-ს’’ (სადაც იგი საქმიანობდა) ჰქონდა тгм4 ტიპის თბომავლის შეძენის საჭიროება და 2016 წლის აპრილის თვეში რუსეთში შეძენილ იქნა შესაბამისი თბომავალი, რომლის საწარმოში მიიტანეს იმავე წლის ივნისის თვეში. თბომავალი რომელსაც მანამდე იყენებდა ტვირთის გადასაზიდად იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში და აღარ აკმაყოფილებდა იმ პარამეტრებს რომელიც მის ექსპლუატაციაში ყოფნას გაამართლებდა, თუმცა როდესაც მიიღეს ახლად შეძენილი თბომავალი, აღმოჩნდა, რომ მისი მდგომარეობა იყო გაცილებით უარესი, ვიდრე ზემოთნახსენები თბომავლისა. ახლად შეძენილი თბომავლის შეკეთება ვერ დასრულდა ოქტომბერ-ნოემბრის თვეშიც. დანახარჯი რომელიც ახლად მიღებული თბომავლის შეკეთებისთვის გასწია საწარმომ იყო დაახლოებით 28000, 10 000 და 10 000 ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლები შეეცადნენ სასამართლოს დარწმუნებას, რომ აღნიშნული თბომავალის შეძენაზე სე----------–--------ს არ მიუღია ერთპიროვნული გადაწყვეტილება, რის დასტურადაც წარმოადგინეს ელექტრონული მიმოწერა ს-----–--------სა და მოპასუხე მხარის სხვა თანამშრომლებს, მათ შორის დირექტორებს შორის. კერძოდ, აღნიშნულ მიმოწერის მიხედვით 2016 წლის 18 აპრილს ნიკა მალაზონია უგზავნის სე----------–--------ს თბომავალის ფასების შედარების ცხრილს, სადაც თავად მალაზონიას მიერ მოძიებული მომწოდებლების პირობებია მითითებული. აღნიშნული ე.წ. ,,იმეილი’’ სე----------–--------ის მიერ გადაეგზავნა ლ---------–---–ს, ე-------- და კომპანიის დირექტორის ა-–-–---–--ს მათი პოზიციების, მოსაზრებებისა და მათგან აღნიშნული ხელშეკრულების დადების დადასტურებისთვის. „ატ-–---------------------სტ ლპ-სგან’’ აღნიშნული თბომავლის შეძენის დადასტურება მოხდა, როგორც თავად ცაპლინის (გენერალური დირექტორის), ასევე ლ---------–---–ის (ფინანსური დირექტორის) მიერ. ის გარემოება, რომ რეალურად ხელშეკრულებას ხელი მოაწერა ა-–-–---–--მა და არა ს-----–--------მა, არ გამორიცხავს ს-----–--------ის პაუსიხსმგებლობას, სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, საქმის მასალებით დადასტურდა, რომ ს-----–--------ი, ვალდებული იყო მოეძიებინა მომწოდებელი და გენერალური დირექტორისთვის შეეთავაზებინა პროდუქცია, ხოლო წარდგენილი შეთავაზებათა ფარგლებში კი გენერალურ დირექტორს მიეღო გადაწყვეტილება შეძენასთან დაკავშირებით. მოსარჩელის წარმომადგენელთა მტკიცებით შესაგებელზე დართული მტკიცებულებები, ასევე ვერ ადასტურებდა მოსარჩელის გარიგების ფაქტს ატ-–---------------------სტ ლ.ფ-სთან’’ და შესყიდვის ფასის გამიზნულ გაზრდას. მხოლოდ ფასის შედარებით ვერ დგინდება ს-----–--------ის გარიგების ფაქტი „ატ-–---------------------სტ ლ.ფ.-სთან“ მაშინ, როცა შედარების ცხრილში მოცემულია სხვა მომწოდებლის მიერ უფრო ძვირი შემოთავაზებაც და გარანტიის პირობების გათვალისწინებით ატ-–---------------------სტ ლ.ფ.-ს“ მიერ შემოთავაზებული თბომავალი ყველაზე მისაღები იყო სწორედ კომპანიის გენერალური დირექტორისათვისაც. მათი ვარაუდით მოპასუხე მხარის მიერ მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი „ატ-–---------------------სტ ლ.ფ.-სთან“ შეთანხმების პირობები ასევე ვერ ადასტურებს მოპასუხის პოზიციას ვითომდა სე----------–--------ის მიერ ხელოვნურად გაზრდილი ფასით თბომავლის შეძენის შესახებ, რადგან ამ შეთანხმებით შემცირეულ ფასი ასევე თითქმის 2-ჯერ აღემატება „იუ-------------–ისგან“ იმავე თბომავლის შეძენის ფასს. რადგან წარმოდგენილი შეთანხმებით გაუქმდა 2 წლიანი საგარანტიო პირობა, რამაც გავლენა მოახდინა ტექნიკის ფასზე. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აღნიშნული შეთანხმება, სადაც თბომავლის ფასის შემცირება მოხდა მხოლოდ თავდაპირველი ხელშეკრულების პირობების ცვლილებისა და საგარანტიო ვადის გაუქმების შედეგად, ვერ დაადასტურებს კოლესნიკოვის „ატ-–---------------------სტ ლ.ფ.სთან“ გარიგების ფაქტს. ამის საპირისპიროდ კი სასამართლო მიუთითებს, რომ სრულად იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ ხელშეკრულების გაძვირება არ ყოფილა მხოლოდ გარანტიით გამოწვეული, ამასთან მხოლოდ გარანტიის არსებობა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ თბომავალი ექსპლუატაციაში გაეშვათ, რადგან სხვაობა დანახარჯსა და თბომავლის შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ფასს შორის იყო იმდენად მაღალი, რომ ასეთი გარანტიის გამორიცხვით საწარმოსთვის ბევრად ხელსაყრელი იყო დამოუკიდებლად თბომავლის შეკეთება, ამასთან გაუვარგისებული თბომავლის მიყიდვის გამო საწარმოს ნდობა ჰქონდა დაკარგული გამყიდველ კომპანიასთან და აღარ სურდათ ესარგებლათ გარანტიის პირობებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ ის ხელშეკრულებები და სპეციფიკაციები, რომელიც მიღებული იყო რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკიდან, არ იყო დამოწმებული აპოსტილით ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ამასთან ეს დოკუმენტები შედგენილი იყო რუსულ ენაზე და არ იყო თარგმნილი სერტიფიცირებული თარჯიმნის მიერ, აქედან გამომდინარე მათი მტკიცებით სასამართლოს მიერ მოცემული დოკუმენტები არ უნდა იყოს მიჩნეული მტკიცებულებად. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო აცხადებს, რომ 2007 წლის 14 მაისიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენცია, რომელიც აუქმებს უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნას. აღნიშნული თარიღიდან, ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოების ტერიტორიაზე გამოსაყენებელი დოკუმენტები საქართველოს ოფიციალური ორგანოების მიერ მოწმდება სპეციალური შტამპით - აპოსტილით. ჰააგის კონვენციის წევრ სახელმწიფოების მიერ, რომლებიც აგრეთვე არიან მინსკის 1993 წლის "სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ” კონვენციის წევრი სახელმწიფოები, გაცემული დოკუმენტები მიიღება ყოველგვარი დამოწმების (ლეგალიზაცია, აპოსტილი) გარეშე. შესაბამისად რუსეთი ასევე წარმოადგენს მინსკის კონვენციის ხელშემკვრელ მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებები და სპეციფიკაციები არ საჭიროებდნენ აპოსტილით დამოწმებას. ამასთან ის არ არის გაცემული უცხოეთის ოფიციალური ორგანოს მიერ. რაც შეეხება ზემოაღნიშნულ დოკუმენტების ქართულ ენაზე შესრულებული თარგმანს, მოცემულ შემთხვევაში ის შესრულებულია თარჯიმნის მიერ, მართალია თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობა მოცემულ შემთხვევაში არ არის დამოწმებული ნოტარიუსის მიერ, თუმცა, რამდენადაც მხარეს არ მიუთითებია, იმ ფაქტზე, რომ რუსულ ენაზე შესრულებულ დოკუმენტში ასახული ტექსტის შინაარსი არ შეესაბამება ამავე ტექსტის ქართულ ვერსიას და არც აღნიშნულის საწინააღმდეგოდ წარმოუდგენია რაიმე, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული მტკიცებულება დასაშვები მტკიცებულებაა და ის სრულ შემხებლობაშია მოცემულ საქმესთან.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სე----------–--------ი, რომელიც სამსახურებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვალდებული იყო თბომავლის, კომბინირებული მკვებავის, კონუსის ჯავშნის და უძრავი ჯავშნის შესყიდვასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებათა წარმოებისას, მათი ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით დაედგინა შესასყიდი პროდუქციის საბაზრო ფასი, მიეღო ზომების რათა დადასტურებულიყო როგორც შესყიდული თბომავლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხისადმი, ასევე ფასისადმი შესაბამისობა და შემდგომში იმ ფაქტზე აპელირება, რომ თბომავალს ახლდა გარანტია, რომელიც გადასწონიდა მისი საწარმოში ჩასვლის დროს არაშესაბამისი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას, არ არის წონადი არგუმენტი, რომელიც ს-----–--------ის მიერ გამოჩენილი გულგრილობის გამაბათილებელ არგუმენტად იქნება სასამართლოს მიერ მიჩნეული. ამდენად სრულად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. ამ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებას კი ქვემოთ შემოგთავაზებთ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;

- 28.04.2016 =05/16 ხელშეკრულება

- 05.05.2016 =2 სპეციფიკაცია

- 15.05.2016 =3 სპეციფიკაცია

- 11.05.2016 =06/16 ხელშეკრულება

- =1 სპეციფიკაცია

- ,,იუ-------------–ის’’ 23.05.2016 წლის =0040516 ინვოისი

- ,,ფე-------------ს’’ 11.07.2016 წლის =1 ინვოისი

- ,,ატ-–-------ს’’ 11.07.2016 წლის =1 ინვოისი

- ,,ნ-----------–------’’ 07.07.2016 წლის =50/16 ინვოისი

- ,,ატ-–-------ს’’ 11.07.2016 წლის =1 ინვოისი

- ელექტრონული მიმოწერა სე----------–--------სა და მოპასუხე მხარის თანამშრომლებს შორის

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ვინაიდან, ვერ დასტურდება შპს "R--------ის" და სს "R--------r-ის" გენერალური დირექტორის 2016 წლის 25 აგვისტოს N737 და N738 შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანებათა წინააღმდეგობა სხვადასხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ სე----------–--------ს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი.

 

5. კანონები (საერთაშორისო და ეროვნული სამართლის წყაროები), რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები - საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონი - საქართველოს შრომის კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (რუიზ ტორიჰა ესპანეთის წინააღმდეგ RUIZ TORIJA v. SPAIN). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო დაადასტურებს შრომის უფლების უდიდეს მნიშვნელობას და განმარტავს, რომ წინამდებარე გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არ უნდა იქნას განხილული გარკვეულ გადახვევად, ან უფრო დაბალი სტანდარტის დადგენად ამ მნიშვნელოვანი უფლების დაცვის მოცემულობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო კვლავ გააკეთებს გარკვეულ მიმოხილვას ამ უფლების არსისა და მისი დაცვის გარანტიების შემქმნელი საერთაშორისო თუ შიდა სამართლის წყაროების შესახებ:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოს (მათ შორის საქართველო) გარდა ნეგატიური ვალდებულებისა - თვითონ არ ჩაერიოს და უკანონოდ შეზღუდოს ადამიანი მის კონვენციით გარანტირებულ უფლებებში, ასევე აკისრია პოზიტიური ვალდებულება, რომ მესამე პირთა ჩარევისაგან დაიცვას ეს უფლებები. მრავალ ევროპულ საქმეში (მათ შორის: პალომო სანჩესი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ, PALOMO SANCHEZ AND OTHERS v. SPAIN, მარსკი ბელგიის წინააღმდეგ MARCKX v. BELGIUM და სხვა), სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული კონვენციის პირველი მუხლის მიხედვით, ხელმომწერმა მხარეებმა „უნდა უზრუნველყონ მათი იურისდიქციის ფარგლებში ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციაში“;

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით (სილიადინი საფრანგეთის წინააღმდეგ CASE OF SILIADIN V. FRANCE), კონვენციის მონაწილე სახელმწიფო, ვალდებულია უზრუნველყოს ისეთი სამართლებრივი მოცემულობა, რომელშიც გარანტირებული იქნება ეფექტური დაცვა დასაქმებულისათვის გაწეული სამუშაოს შესაბამისი შრომის ანაზღაურებისა.

 

ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ბარბულეშკუ რუმინეთის წინააღმდეგ, BARBULESCU v. ROMANIA, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფომ, ეროვნული სასამართლოების უარით სამსახურში აღდგენაზე, ვერ დაიცვა დასაქმებულის შრომითი უფლებები (და მაშასადამე დაარღვია კონვენციის მე-8 მუხლი), მაშინ როდესაც ყოფილმა დამსაქმებელმა არასწორად დაითხოვა ის სამსახურიდან.

 

ე.ი. ნათელია, რომ წინამდებარე საქმეშიც, ვინაიდან სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ის ერევა (სწორედ სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შეფასების გზით) პირის იმ უფლებაში, რომელიც გარანტირებულია კონვენციის მე-8 მუხლით; ასეთი ჩარევა რომ გამართლებული უნდა იყოს შესაბამისი ლეგიტიმური მიზნითა და ასევე უნდა იყოს აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, ეს საყოველთაოდ ცნობილია.

 

6.2. სასამართლო აქვე მოიხსენიებს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომის თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლო ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქათველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.

 

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ორგანული კანონის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.

 

სამართლის საერთაშორისო და ეროვნულ წყაროთა ზემოაღნიშნული ჩამონათვალი და მათი შესაბამისი ნორმები, სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ საერთაშორისო სტანდარტი, რომლისკენაც სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით - მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნათა სრულყოფის გზით უნდა იაროს თანამედროვე სამართლებრივმა სახელმწიფომ (სახელმწიფომ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის, ევროპის საბჭოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულყოფილი წევრია), მდგომარეობს ადამიანის შრომის უფლების განუხრელად დაცვაში. ამავე დროს, ადვილია გამოყო ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლების ერთ-ერთი პოსტულატი - სამუშაოს შენარჩუნების უფლება; სასამართლოსათვის ცალსახაა, რომ შრომის უფლება ვერ იქნება სრულყოფილი „უფლება“, თუ გარანტირებული არ იქნება მუშაკის მიერ დაკავებული სამუშაო ადგილის შენარჩუნებისა და დაცვის შესაძლებლობა.

 

სასამართლის აზრით, თუ სამუშაოს მოპოვების პოსტულატი მნიშვნელოვანია და დაცულია სამართლებრივი სახელმწიფოს მიერ, მით უფრო მნიშვნელოვანი და დაცულია უკვე მოპოვებული სამუშაოს შენარჩუნების შესაძლებლობა. საწინააღმდეგო შემთხვევაში, შრომით ურთიერთობათა სივრცე და სფერო, მოკლებული იქნება სტაბილურობას, რაც ამ სამართალურთიერთობის ხასიათს მერყევს და არასანდოს გახდის.

 

6.3. ზემოაღნიშნული მსჯელობა სასამართლომ წარმოადგინა ადამიანის შრომის უფლების დაცვის მაღალი მნიშვნელობის წარმოსაჩენად; თუმცა ეს მსჯელობა თავისთავად უშვებს, რომ საკმარისი და გონივრული გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია მიიღოს დათხოვნის თაობაზე გადაწყვეტილება ყოველგვარი წინასწარი ასე ვთქვათ ნაკლებად მკაცრი ღონისძიების გამოყენების გარეშე. აქვე, ვიდრე კვლავ ამ კონკრეტული საქმის გარემოებებზე გადავიდოდეთ, სასამართლო კვლავ ზოგად განმარტებას გააკეთებს იმის თაობაზე, რომ მართალია - შრომითსამართლებრივი ურთიერთობა წარმოადგენს ისეთ ურთიერთობას, რომელშიც დამსაქმებელი ყოველთვის წარმოადგენს ხელშეკრულების ე.წ. „ძლიერ“ მხარეს და შესაბამისად, ამ ურთიერთობათა მომწესრიგებელი როგორც საერთაშორისო ასევე ეროვნული სამართლის წყაროების (ზემოთ უკვე მიმოვიხილეთ მრავალი მათგანი) მნიშვნელოვანწილად უფრო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული; თუმცა აღნიშნული მიდგომები აბსოლუტურად გამოუსადეგარი და მცდარი იქნება, თუ გონივრულობის ფარგლებში არ მოვთხოვთ დამსაქმებელს დასაქმებულთა უფლებების დაცვას. ჩვენი მოთხოვნები დამსაქმებლების მიმართ არ უნდა იყოს გადამეტებულად მკაცრი, არაგონივრული და არაადეკვატური. დამსაქმებელი უფლებამოსილია აკონტროლოს შრომის ნაყოფიერების ხარისხი, შრომით მოვალეობათა შესრულების თანმიმდევრულობა და ასეთის არარსებობის შემთხვევაში (ან არასაკმარისი კვალიფიკაციის შემთხვევაში) დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს მკაცრი სანქციები. თუ დამსაქმებელი ვერ იქნება უფლებამოსილი, რომ წაახალისოს დაქირავებული ნაყოფიერი საქმიანობისთვის, ხოლო მოვალეობათა დარღვევის, ან არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში კი გამოიყენოს სათანადო რეაგირების ბერკეტები, შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი სივრცე გარკვეულწილად აღმოჩნდება გაურკვეველ მდგომარეობაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ ზოგადად დამსაქმებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დასაქმებულს შრომითი ვალდებულებების, დადგენილი შინაგანაწესისა და სამსახურებრივი ეთიკის დაცვა, ასეთი უფლებამოსილება დამსაქმებლისა, განსაკუთრებით აქტუალური და მიზანშეწონილია განსახილველი სამართალურთიერთობისათვის.

 

მოცემული სამართალურთიერთობის არსი გახლავს ის, რომ მოსარჩელეს, რომელიც საწარმოში ასრულებდა მატერიალურ-ტექნიკური დირექტორის უფლებამოსილებას. ამ ფუნქციათა განხორციელებისას, პერმანენტულად დაშვებულ იქნა სხვადასხვა გადაცდომანი, რამაც საბოლოოდ მისი დათხოვნის წინაპირობა შექმნა.

 

სასამართლო აუცილებლად აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანებების ფორმალური კანონიერების საკითხი სადავოდ არ გამხდარა; ანუ ა-–-–---–--ის მიერ სადავო ბრძანებების გამოცემა, უფლებამოსილებითი ნაკლის მატარებელი არ არის და ეს უდავოა; სადავო გახლდათ მხოლოდ აქტების მატერიალური კანონიერება - ანუ მათი ფაქტობრივი საფუძვლების შინაარსობრივი მართებულობა:

 

იმ ფაქტს, რომ სე----------–--------მა რამდენჯერმე დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებები სასამართლო იზიარებს. ასეთი მსჯელობის საფუძველს ცალსახად იძლევა ზემოთ - სადავო ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილი გარემოებანი; ვრცლად ამ მსჯელობას აქ აღარ გავიმეორებთ, მხოლოდ მოკლედ მივუთითებთ შემდეგს:

 

მოსარჩელე იყო შპს "R--------ის" და სს "R--------r-ის" მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დირექტორი და ნათელია, რომ მისი ვალდებულება მოიცავდა საწარმოს საქმიანობის იმგვარად წარმართვას, რომ მისი საქმიანობის დროს არათუ არსებული ეფექტურობის შენარჩუნება მომხდარიყო, არამედ ეს ეფექტურობა კიდევ უფრო მეტად ყოფილიყო გაზრდილი (ხელშეკრულებათა 3.1.2. პუნქტები). აქვე სასამართლოს სურს აღნიშნოს, რომ სე----------–--------ი საწარმოს დირექტორს არა პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით, არამედ შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა, შესაბამისად, მოპასუხის მტკიცება რომ მასზე ფიდუციური ვალდებულება ვრცელდება მოცემულ დავასთან შეუსაბამოა. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც მსჯელობა შეეხება სხვაობას დირექტორის შრომით სამართლებრივ და სასამსახურო ხელშეკრულებებს შორის. ,, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას და შრომის კოდექსის 38-ე მუხლზე კანონის მითითება არ განაპირობებს მასთან დადებული სახელშეკრულებო შეთანხმების შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად მიჩნევას, არამედ, იგი ე.წ სასამსახურო ხელშეკრულებაა, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას). (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის №ას-319-302-2017 გადაწყვეტილება)’’.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ვლინდება, რომ გარკვეული ეპიზოდები ნამდვილად ვერ იქნება მიჩნეული საწარმოს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებად, არამედ ე.წ. ,,ფუტიროვკების’’, თბომავლის, მარჯვენა კომბინირებული მკვებავის, კონუსის ჯავშნის და უძრავი ჯავშნის შეძენის ეპიზოდებში საწარმომ განიცადა ზარალი არამხოლოდ შეუსაბამოდ გაზრდილი ფასის გადახდის, არამედ ასევე იმის, გამო რომ საწარმოს საქმიანობა შეფერხდა, რაც თავის მხრივ ბუნებრივია საწარმოსთვის შემოსავლის მიღების შემცირებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არღვევდა შრომით ვალდებულებებს;

საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - სე----------–--------თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ თეზას - „საკმარისად სერიოზული“ წინაპირობა. ექსპერტთა კომიტეტის მიერ განმარტებულ იქნა, რომ იმისათვის, რათა დასაქმებული სამსახურიდან დათხოვნა ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ასეთი დათხოვნის საფუძველი უნდა აღწევდეს სწორედ საკმარისად სერიოზულ დონეს. შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებული პრაქტიკაც (კონკრეტული მაგალითების მითითებები უკვე აქტუალობას მოკლებულია) ცალსახად მეტყველებს, რომ ხელშეკრულების უხეში დარღვევა საკმარის საფუძველს ქმნის მისი შეწყვეტისათვის.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე დაწესებულების ნება - დაითხოვოს დასაქმებული შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული კი ისევ და ისევ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს) და 115-ე მუხლის (სამოქალაქო ნება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად) საფუძველზე, ამ ნების (ანუ სადავო ბრძანებების) მართლზომიერებას განაპირობებს.

 

სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომელიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნის თანმდევი შედეგი უნდა ყოფილიყო ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სე----------–--------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო თარაშვილი