გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.06.2018
საქმის ნომერი
140210018002305873
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
04.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №140210018002305873

საქმე №2/271-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 ივნისი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მაია კუთხაშვილი

სხდომის მდივანი ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე _ ნ--–----–----–---–ის

წარმომადგენელი –ე-–---------–--–---–ი

მოპასუხე _ ა-------------------–----–--------------–------–----------------------ო

წარმომადგენელი - ნ--------------–-–---–ი

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1 ბათილად იქნეს ცნობილი ა-------------------–----–--------------–------–----------------–------–-------–-------------------ის დირექტორის 2015 წლის 08 ოქტომბრის №79 ბრძანება;

1.2 მოსარჩელე ნ--–----–----–---–ი აღდგენილი იქნეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ის ბაგა - ბაღის გამგის თანამდებობაზე.

1.3 მოპასუხეს დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2015 წლის 08 ოქტომბრიდან სამსახურში აღდგენამდე და ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ გადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.07% ის ოდენობით.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1979 წლის 05 მარტიდან მუშაობდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქ--------–ის საბავშო ბაღის გამგის თანამდებობაზე. აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობდა 36 წელი. 2015 წლის აგვისტოს მდგომარეობით მისი ხელფასი შეადგენდა 500 ლარს. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს დაიბარეს გ------------–----–-----------------აში და სავალდებულოდ მოსთხოვეს დაუყოვნებლივ დაეტოვებინა თანამდებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში აღუძრავდნენ სისხლის სამართლის საქმეს და დააკავებდნენ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ 2015 წლის სექტემბრის თვეში ბაგა-ბაღში სააგენტოდან მივლენილი იქნა სპეციალისტი, ს----------------–ი, რომელმაც დაიწყო ინვენტარიზაციის ჩატარება და განუცხადა, რომ თუ არ დატოვებდა თანამდებობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგები სავალალო, რის გამოც 2015 წლის 07 ოქტომბერს დაწერა განცხადება მეუღლის ავადმყოფობის გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. 2015 წლის 08 ოქტომბრის №79 ბარძანების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა 2018 წლის 05 თებერვალს. მოსარჩელის განმარტებით, მან ითხოვა ყოფილი დამსაქმებლისაგან წერილობითი დასაბუთება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთ შესახებ. გამოთხოვილი დოკუმენტებით ეცნობა, რომ 2015 წელს ქ--------–ის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა მითუმეტეს, რომ იგი მოტყუებული აღმოჩნდა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ინვენტარიზაციის შედეგებით ემუქტებოდნენ, ინვენტარიზაცია კი არ ჩატარებულა, მას კი ხელთ აქვს ბაგა-ბაღში დასაქმებული სპეციალისტების მიერ შედგენილი აქტი, რომელიც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა. რაც შეეხება მის განცხადებას, განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ არ ასახავს მის ნამდვილ ნებას, ვინაიდან მისი მეუღლე ავად არ ყოფილა, იგი იძულებული იყო დაეწერა განცხადება მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო და სწორედ ამ საფუძვლით ითხოვს 2015 წლის 08 ოქტომბრის № 79 ბრძანების ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ა-------------------–----–--------------–------–----------------------ომ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი არის დაუსაბუთებელი და არ ასახავს ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: 2015 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა - ბაღების რეორგანიზაცია და მოხდა მათი გაერთიანება, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მათი უფლებამონაცვლე ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო საჯარო დაწესებულებათა გაერთიანება. რეორგანიზაციის შემდეგ ნ--–----–----–---–ი გაერთიანების დირექტორის ბრძანებით დაინიშნა ქ--------–ის საბავშო ბაგა - ბაღის გამგის თანამდებობაზე. მოსარჩელე მისივე განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აქედან გამომდინარე მისი გათავისუფლება მოხდა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით და არ არსებობს გაერთიანების დირექტორის 2015 წლის 08 ოქტომბრის №79 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. მოპასუხის განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა განაცდური თანხის დაკისრების თაობაზე არის დაუსაბუთებელი და მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ნ--–----–----–---–ის გათავისუფლება განხორციელდა კანონის შესაბამისად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები;

 

3.1.1. მოსარჩელე ნ--–----–----–---–ი 1979 წლის 05 მარტის ბრძანებით ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან გადაყვანილი იქნა ამავე ბაღის გამგის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბრძანება № 78 (ს.ფ. 19)

 

3.1.2. მოსარჩელის ხელფასი 2015 წლის მდგომარეობით შეადგენდა 500 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ა-------------------–----–--------------–------–----------------------ოს ცნობა ხელფასის ოდენობის შესახებ (ს.ფ. 26)

 

3.1.3. 2018 წელს სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტების თანახმად, სოფელ ქ--------–ის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ცნობა სააგენტოდან

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. 2015 წლის 07 ოქტომბერს მოსარჩელემ დაწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ნ--–----–----–---–ის განცხადება

 

3.2.2. 2015 წლის 08 ოქტომბრის №79 ბრძანებით ნ--–----–----–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ბრძანება (ს.ფ. 79)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ--–----–----–---–ის სარჩელი ა-------------------–----–--------------–------–----------------------ოს მიმართ 2015 წლის 08 ოქტომბრის №79 ბრძანების ბათილად ცნობის, განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;

სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;

ევროპის სოციალური ქარტია;

საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე, 85-ე, 86-ე, 89-ე 317-ე 361-ე, მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.2. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობებისა და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.

 

6.3. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკს უფლება აქვს უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; ბ) მუშაკთა მიერ სათანადოო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლება საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში და მხარეები ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ მუშაკის მიერ მიუკერძოებელ ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.

 

6.4. სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით აღიარებულია შრომის უფლებას, კერძოდ, მე-6 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად, ხოლო მე-4 მუხლის მიხედვით, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ, რომ იმ უფლებების გამოყენების დროს რომლებსაც ესა თუ ის სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ პაქტის თანახმად, აღნიშნულ სახელმწიფოს შეუძლია ეს უფლებები დაუქვემდებაროს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შეზრუდვებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც, ეს შეთავსებადია ამ უფლებათა ბუნებასთან და მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაში საერთო კეთილდღეობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

6.5. შრომის უფლება, საქართველოს კონსტიტუციით დაცული ადამიანის ერთერთი ძირითადი უფლებაა. კონსტიტუციის 30-ე მუხლის თანახმად, შრომა თავისუფალია და სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარებას და შრომითი უფლებების, შრომის სამართლიანი ანაზღაურება და უსაფრთხო, ჯანსაღი პირობები, არასრულწლოვნისა და ქალის შრომის პირობების დაცვა ხორცილედება ორგანულიკანონით.

 

ამდენად, შრომის უფლება პიროვნების განვითარებისათვის, მისი პირადი ცხოვრებისათვის ერთერთი მნიშვნელოვანი სფეროა. შესაბამისად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გზით დამსაქმებელი ერევა არა მარტო დასაქმების სფეროში, არამედ გარკვეულწილად წყვეტს დასაქმებულის პირადი ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხს, რის გამოც მხოლოდ მნიშვნელოვანი მიზეზის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გზით.

 

6.6. მხარეებს შორის არსებული სადავო სამართლებრივი ურთიერთობა სახელშეკრულებო ურთიერთობაა, რადგან შრომის კოდექსის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა არის დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული შრომის ხელშეკრულება. საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანხმად, შრომითი ურთიერთობისას მხარებმა უნდა დაიცვან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები.

 

ამდენად, ნ--–----–----–---–სა და ა-------------------–----–--------------–------–----------------------ოს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება და შესაბამისად, დამსაქმებლის მხრიდან ამ ხელშეკრულების სათანადო საფუძვლის გარეშე შეწყვეტა დაუშვებელია ვინაიდან, როგორც აღინიშნა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში. ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების კეთილსინდისიერად გამოყენება. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.

 

6.9. საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია დასაქმებულის მიერ თანამდებობის/სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება.

განსახილველ შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა დასაქმებულის პირადი განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. იგი განცხადებაში მუთითებდა ოჯახურ გარემოებებზე, კერძოდ: აღნიშნავდა, რომ მეუღლეს ესაჭიროებოდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, თუმცა მოგვიანებით მოსარჩელემ სწორედ აღნიშნულ განცხადებაში გამოხატული ნება გახადა სადავო და მიუთითა, რომ იმ პერიოდისათვის ს----------------–ი მუშაობდა სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, თუმცა როგორც აღმოჩნდა ინვენტარიზაცია და ნივთების ფაქტობრივი აღწერა არ ჩატარებულა, რაც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ ეს ყველაფერი ნ--–----–----–---–ის სამსახურიდან გასათავისუფლებლად გაკეთდა. ამდენად, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა მუქარისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის გამო, კერძოდ ემუქრებოდნენ, რომ თუ არ დაწერდა განცხადებას, მის კოლეგებსაც გაუშვებდნენ სამსახურიდან და ასევე ინვენტარიზაციის ჩატარებისას დანაკლისს აღმოუჩენდნენ და დაიჭერდნენ. ამასთან, მოპასუხე მხარე საერთოდ არ დაინტერესებულა განცხადების დაწერის მიზეზებზე, მაშინვე დააკმაყოფილა განცხადება ყოველგვარი პროცედურების გარეშე (07.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი 15:09:29; 15:49:04; 16:07:02 სთ). შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ვინაიდან მასზე განხორციელდა იძულება, ბრძანებაც ითვლება უკანონოდ.

 

ამდენად საჭიროა დადგინდეს განხორციელდა თუ არა ნ--–----–----–---–ის მიმართ იძულება და მუქარა, რაც შესაძლოა განცხადების დაწერის მიზეზი და საფუძველი გამხდარიყო და ასევე დარჩა თუ არა ნ--–----–----–---–ი მოტყუებული, როგორც იგი მიუთითებს.

 

6.10. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. აგრეთვე სამოქალაქო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად გარიგების ბათილობას იწვევს ისეთი იძულება, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე და აფიქრებინოს, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამასტანავე, იძულების ხასიათის შეფასებისას მხედველობაში მიიღება პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გარემოებანი.

სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის შესახებ საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებულ ნორმაში მოცემულია „თვალსაჩინოების სტანდარტი“, რაც გამოხატულებას ჰპოვებს ფრაზაში „აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.“ ამდენად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა უნდა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოცემულ შემთხვევაში, მ. ა-ის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში დეტალურად, გარკვევით, თანმიმდევრულად აღწერილი იყო გარიგების შინაარსი. შესაბამისად, მოსარჩელეს ჰქონდა დოკუმენტში აღწერილი და მის მიერ გამოსავლენი ნების შეცნობის ობიექტური შესაძლებლობა. რაც შეეხება მოტყუებას და მოტყუების საფუძველზე არანამდვილი ნების გამოვლენას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ.სუსგ 16.06.2014, საქმე №ას-182-171-2014).

 

სამოქალაქო კოდექსის 85-86-ე მუხლების შესახებ საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან. საკასაციო პალატის მითითებით, მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილი იქნეს, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება, ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და სხვ.). ნების გამომვლენი მხოლოდ ასეთ შემთხვევებში უნდა იყოს დაცული გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. ამდენად, როგორც იძულება, ისე მოტყუება, წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. იძულების დროს, ხდება აშკარა ჩარევა ნების გამოვლენის პროცესში. იძულების მიზანს გარიგების დადება წარმოადგენს. იძულება მაშინ შეიძლება ჩაითვალოს გარიგების ბათილობის საფუძვლად, როდესაც მისი ზეგავლენით მოხდა გარიგების დადება. იძულება შეიძლება გამოიხატოს ძალადობაში ან მუქარაში. ძალადობა ფიზიკურ იძულებას გულისხმობს, ხოლო მუქარის შემთხვევაში, მომავალში იძულების განხორციელების ფაქტით გამოწვეული შიში აიძულებს პირს, მოახდინოს სხვისი ნების შესატყვისი ნების გამოვლენა. ამასთან, გარიგების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც თავისი ხასიათით შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე. პირზე გავლენას ახდენს ისეთი იძულება, რომელიც აფიქრებინებს მას, რომ მის პიროვნებას ან ქონებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამდენად, იძულება მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ზემოქმედებაუნარიან იძულებად, თუკი იგი რეალური საფრთხის მაუწყებელია. თუ საფრთხე მოჩვენებითია, მაშასადამე, იძულებაც ამ აზრით არარსებულია. იძულების შეფასებისას, მხედველობაშია მისაღები პირთა ასაკი, სქესი და ცხოვრებისეული გამოცდილებები. მოტყუების დროს კი, არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. ამდენად, მოტყუებით დადებულ გარიგებას იმ შემთხვევაში აქვს ადგილი, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დებს მეორე მხარე გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი (იხ.სუსგ 11.03.2016, საქმე №ას-1301-1221-2015).

 

6.11. განსახილველ შემთხვევაში იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნ--–----–----–---–ი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერისას იმყოფებოდა ზეწოლის ქვეშ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ მის მიერ მითითებული გარემოებების, კერძოდ, მაზე განხორციელებული იძულების და მუქარის დასადასტურებლად წარმოადგინა ზეპირი განმარტება და მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:

 

მოწმის სახით დაკითხულმა ე-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე ნ--–----–----–---–ზე განხორციელებული იძულების შესახებ მიუთითა, რომ იგი უკვე 15 წელია რაც მუშაობს სოფელ ქ--------–ის ბაღში ძიძად. 2015 წელს იმ დროს, როდესაც ბაღის გამგე იყო ნ--–----–----–---–ი, ს----------------–ი იყო მისული ბაღში და ამბობდა, რომ უნდა ჩაეტარებინა ინვენტარიზაცია, ნ--–----–----–---–ი შეიყვანეს კაბინეტში და იქ საუბრობდნენ, მისთვის უცნობია რაზე ისაუბრეს. მისივე განმარტებით, მას რაიმე სახის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია. რაც შეეხება ნელის მიმართ განხორილებულ ზეწოლას, მის ყურამდე მივიდა, რომ ნელიზე ზემოქმედებას ახდენდნენ, მასაც უთხრეს, რომ ისიც გაჰყვებოდა ნელის უკან. თავად ნელიმ კი მას უთხრა, იძულებული ვარ დავწერო განცხადება თქვენც რომ არ შეგიქმნათ პრობლემებიო. ამასთან, იგი გარკვეულ საუბარს შეესწრო, ვიღაც ეუბნებოდა მეორეს დაწეროს განცხადება ურჩევნია, ვიდრე არ გაიყოლა თანამშრომლებიო (07.05.2018წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოწმე ლ--–----------–---–მა მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 26 წელია მუშაობს სოფელ ქ--------–ის ბაღში აღმზრდელად. 2015 წელს ჯერ კიდევ ნ--–----–----–---–ის გამგედ მუშაობის პერიოდში ს----------------–ი მივიდა ბაღში ინვენტარიზაციის ჩასატარებლად და ისინი აძლევდნენ მას ყველაფერს, რასაც მოითხოვდა. მერე ნელიც მივიდა სამსახურში და ისინი საუბრობდნენ. ნ--–----–----–---–ის სამსახურიდან წასვლამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, ნელი იყო დაღონებული, ამბობდა, რომ იძულებული იყო დაეწერა განცხადება, თორემ დაიჭერდნენ და სხვა თანამშრომლებსაც გაუშვებდნენ, რასაც ვერ გადაიტანდა და თანამშრომლები რომ არ გაეშვათ სამსახურიდან თვითონ დაწერა განცხადება. რაც შეეხება ნ--–----–----–---–ის მიმართ განხორცილებულ ზეწოლას, მან მიუთითა, რომ იგი შეესწრო იმ ფაქტს, როდესაც ნელი დაბრუნდა სამსახურში და ნახა, რომ მის გარეშე აღწერდნენ ბაღში არსებულ ნივთებს მან უსაყვედურა, რატომ არ დაელოდნენ მის მისვლას, რაზეც მას უყვირეს (07.05.2018წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ იშუამდგომლა მოწმეთა დაკითხვის შესახებ, რომლებიც მოსარჩელის განმარტებით დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი ჰქონდა დასაქმებულის მიმართ დაშინებას და იძულებას სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ე-----------–---–მა და ლ--–----------–---–მა განაცხადეს, რომ ნ--–----–----–---–ს მართლაც ჰქონდა უთანხმოება დამსაქმებლის წარმომადგენელთან, მაგრამ მოწმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ მასზე განხორციელებული იძულების თუ მუქარის შესახებ იცონდნენ თავად მოსარჩელისგან და თვითონ პირადად არ შესწრებულან იძულების ფაქტს.

 

6.13. სასამართლო მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა და სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არცერთი მოწმეს პირადად არ მოუსმენია, როგორ ემუქრებოდნენ ნ--–----–----–---–ს რომ დაეწერა განცხადება თორემ დაიჭერდნენ, ორივე მათგანმა მიუთითა, რომ მისთვის აღნიშნული გარემოება ნელისგან გახდა ცნობილი, მეორე, ის გარემოება, რომ ბაღში მისული იყო ს----------------–ი ატარებდა ინვენტარიზაციას, რასაც იყენებდა ზემოქმედებისათვის, ვერ გამოდგება ნ--–----–----–---–ზე განხორციელებული მუქარისა თუ ზეწოლის დამადასტურებელ მტკიცებულებად, შემდეგ გარემოებათა გამო: პირველ რიგში მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა, მითუმეტეს, თავად ნ--–----–----–---–მა განმარტა, რომ იგი ახორციელებდა ბაღის გამგის მოვალეობას მანამ, სანამ ახალი გამგე მოვიდოდა და მას რაიმე სახის დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, მისი მონაწილეობის გარეშე კი ინვენტარიზაციის ჩატარება და სათანადო დოკუმენტების შედგენა შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება ს----------------–ის ბაღში მისვლას და ქონების აღწერას, სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის აგვისტოს თვეში ს----------------–ი მუშაობდა ა(ა)იპ თვითმმართველი თემის - გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა გაერთიანების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის პოზიციაზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წესდების მე-2 მუხლის მიხედვით კი: 1. ამ წესდებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული და მის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მართვის ფარგლებში და მისგან გაუსვლელად; 2. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ე) ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებაში ხარისხიანი და კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტების შესაბამისი მომსახურების მიწოდებას, აღზრდის პროცესის ოპტიმალურად წარმართვას, ფიზიკური გარემოს ძირითადი მახასიათებლის და უსაფრთხოების პრონციპებთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფას, სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების მშენებლობის აუცილებლობის ინიციატივას, ასევე სკოლამდელი დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ განვითარებას; კ) უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებს მატერიალურ-ტექნიკური ხაზით, სათამაშოებით, წიგნებით, საკვები პროდუქტებით, ასევე მათი გამართული მუშაობისათვის საჭირო ყველა სხვა საქონლით და მომსახურებით; ლ) ავტორიზაციის პირობების შესრულების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული დაწესებული დაწესებულებების მონიტორინგის სისტემის შესაბამისად განახორციელოს დაწესებულებათა მონიტორინგი; 3. სააგენტო საკუთარი მიზნების განხორციელებსათვის უფლებამოსილია: ა) აქტიურად ითანამშრომლოს სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების პერსონალთან; ზ) დასახული მიზნების მისაღწევად განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი, რომელიც არ ეწინააღმდეგება წესდებას და მოქმედ კანონმდებლობას. შესაბამისად, სააგენტოს წარმომადგენელი უფლებამოსილი იყო დაეთვალიერებინა და შეემოწმებინა ბაღის მდგომარეობა სააგენტოს მიზნების განხორციელებისათვის ხელის შესაწყობად.

 

ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება, რომ სააგენტოს წარმომადგენელმა მოატყუა თითქოს ინვენტარიზაციას ატარებდა და ამ ფაქტით მასზე ახდენდა ზემოქმედებას, საფუძველს მოკლებულია მითუმეტეს, რომ სასამართლოსთვის ბუნდოვანი და გაუგებარია ს----------------–ს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით როგორ უნდა მოეხდინა ზეწოლა, თუნდაც გამოძიების დაწყების მუქარით, ვინაიდან არც ამ ქმედებაში ჩანს კანონსაწინააღმდეგო ბუნება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ--–----–----–---–ის არც ქონებას, არც სიცოცხლეს და არც ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, ხოლო რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, ამ შემთხვევაში მას შეეძლო აეყვანა დამცველი და უკანონო ბრალდების შემთხვევაში დაეცვა თავი კანონიერი გზით.

 

ამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ იგი აიძულა დამსაქმებელმა დაეწერა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ. აქედან გამომდინარე სასამართლო არ მიიჩნევს სარწმუნოდ მოსარჩელის განმარტებას იძულების ფაქტთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქმეზე წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ--–----–----–---–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესოხარჯები:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369 მუხლებით და

გადაწყვიტა

 

1. ნ--–----–----–---–ის სარჩელი ა-------------------–----–--------------–------–----------------------ოს მიმართ 2015 წლის 08 ოქტომბრის №79 ბრძანების ბათილად ცნობის, განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისისსააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში დაჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია კუთხაშვილი