გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.06.2018
საქმის ნომერი
010210017001876410
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
28.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001876410

საქმე №2-1118/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 ივნისი, 2018 წ ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელი მოპასუხე) თ--------------ე

წარმომადგენელი მ-----–-------ე

მოპასუხე (შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე) ი-----–---------ე

წარმომადგენელი კ-----------–-----ძე

მესამე პირი:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილება; წარმომადგენელი: თ------------–--ე

დავის საგანი:

სარჩელში - ალიმენტის დაკისრება, ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება.

შეგებებულ სარჩელში - არასრულწლოვან შვილთან ურთიერობის წესის განსაზღვრა.

ოქროს ნივთების დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს ი-----–---------ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით (შემცირებული სასარჩელო მოთხოვნა. იხ. სხდომის ოქმი).

1.2. დაევალოს ი-----–---------ეს დაუბრუნოს თ--------------ეს მისი მშობლების მიერ ნაჩუქარი ქონება, კერძოდ საძინებლის გარნიტური, ღირებული 1600 ლარად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ი-----–---------ე სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ თანახმაა გადაიხადოს ალიმენტი ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით. რაც შეეხება საძინებელს, მოპასუხე განმარტავს, რომ მას არასდროს შეუშლია ხელი მოსარჩელისათვის მისი საძინებელი გარნიტურის წაღებაში, თუმცა განუმარტავდა, რომ საძინებელს გაატანდა მას შემდეგ, რაც მოსარჩელე დაუბრუნებდა ქორწინებისას მისთვის გადაცემულ საგვარეულო ოქროს ნივთებს.

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

3.1. ი-----–---------ეს განესაზღვროს მისი არასრულწლოვანი შვილის ნ------------ის ნახვის დღეები ყოველ შაბათ-კვირას დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე.

 

3.2. დაევალოს შეგებებულ სარჩელში მოპასუხე თ--------------ეს საგვარეულო ოქროს ნივთების დაბრუნება. კერძოდ: ოქროს სამაჯური - ღირებული 2187 ლარად, ყურსაკიდი ბრილიანტის თვლით - ღირებული 1458 ლარად, ბეჭედი ბრილიანტის და ზურმუხტის თვლებით - ღირებული 1944 ლარად. (იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი)

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

შეგებებული სარჩელის მოპასუხე თ--------------ე შეგებებულ სარჩელს ცნობს ნაწილობრივ და განმარტავს, რომ თანახმაა ინახულოს ბავშვი მამა ყოველ შაბათ-კვირას 11 საათიდან 14 საათამდე. რაც შეეხება ოქროს ნივთების დაბრუნებას, შეგებებული სარჩელის მოპასუხე ამ ნაწილში სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ ოქროს ნივთები აჩუქეს მას ქორწილის დღეს, როდესაც იყო პატარძალი. ეს ნივთები არის მისი ინდივიდუალური საკუთრება, საჩუქარი, ამიტომ ეკუთვნის მას და ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. თ--------------ე და ი-----–---------ე რეგისტრირებილ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2017 წლის 15 მარტამდე. 2017 წლის 15 მარტს კი მათ შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით. მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2016 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ------------ე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს დედასთან, თ--------------ესთან ერთად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- განქორწინების მოწმობის ასლი.

- ნ------------ის დაბადების მოწმობის ასლი.

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ ერთ წელზე მეტია. ამ პერიოდის განმავლობაში თ--------------ე მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს მშობლებთან და შვილის რჩება-აღზრდას მთლიანად ახორციელებს თ--------------ე. ი-----–---------ეს კი ამ დროის განმავლობაში არანაირი მზრუნველობა არ გამოუჩენია მცირეწლოვანი შვილის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

5.2.2. თეონა ქათამაძე ამჟამად დასაქმებულია ქ. ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების დასკვნით დგინდება, თ--------------ეს მცირეწლოვანი შვილის აღზრდაში ეხმარებან მშობლები.

 

დადგენილია, რომ ი-----–---------ე ამჟამად მუშაობს შპს „ქობულეთის წყალი“-ში სატუმბო სადგურის მორიგე ოპერატრად და მისი სახელფასო განაკვეთი თვეში შეადგენს 365 ლარს. ასევე დადგენილია, რომ ი-----–---------ის კმაყოფაზე ამჟამად არავინ იმყოფება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- შპს ”ქობულეთის წყალის“ ცნობა.

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის რაიონული განყოფილების დასკვნა.

 

5.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ--------------ეს ქორწინების პერიოდში, კერძოდ 2015 წლის 17 დეკემბერს მშობლებმა აჩუქეს საძინებელი მოწყობილობა. აღნიშნული საძინებელი გარნიტური შეძენილი იქნა „ემბავუდის“ მაღაზიაში 1600 ლარად და იგი ამჟამად კვლავ განთავსებულია მოპასუხე ი-----–---------ის ოჯახში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- „ემბავუდის“ მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი.

 

5.2.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს შეგებებული სარჩელის მოსარჩელის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ თ--------------ის სარგებლობაში იმყოფება საგვარეულო ოქროს ნივთები, კერძოდ: ოქროს სამაჯური - ღირებული 2187 ლარად, ყურსაკიდი ბრილიანტის თვლით - ღირებული 1458 ლარად, ბეჭედი ბრილიანტის და ზურმუხტის თვლებით - ღირებული 1944 ლარად.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

მოცემულ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის მოსარჩელის ი-----–---------ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ სადაო ოქროს ნივთები ნამდვილად წარმოადგენს საგვარეულო ნივთებს და ისინი იმყოფება თ--------------ის უკანონო მფლობელობაში.

 

სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, მოწმეთა ჩვენებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე იზიარებს თ--------------ის განმარტებებს, რომ მის მიერ ი-----–---------ის ოჯახიდან წამოსვლის შემდეგ მართლაც იქნა წამოღებული გარკვეული სახის ოქროს ნივთები, რომლებიც მას აჩუქეს ქორწინების პერიოდში და ისინი წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას.

 

5.2.5. თ--------------ემ სარჩელით სასამართლოს მომართა 2017 წლის 06 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: დაეკისროს ი-----–---------ეს არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 06 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე; დაევალოს ი-----–---------ეს დაუბრუნოს თ--------------ეს მისი მშობლების მიერ ნაჩუქარი ქონება, კერძოდ საძინებლის გარნიტური, ღირებული 1600 ლარად.

 

ასევე სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–---------ის შეგებებული სარჩელიც უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ: დავალდებულდეს თ--------------ე ხელი არ შეუშალოს ი-----–---------ეს არასრულწლოვან შვილთან, ნ------------ესთან ურთიერთობაში. ი-----–---------ეს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის არასრულწლოვან შვილთან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში, შესაბამისად მას უნდა მიეცეს საშუალება წაიყვანოს ნ------------ე მის საცხოვრებელ მისამართზე ყოველი თვის შაბათ და კვირა დღეს დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე დედასთან დაბრუნების უფლებით; ი-----–---------ეს უარი ეთქვას ოქროს ნივთების დაბრუნებაზე.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა კონვენციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 524-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1202-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვის დაცვა. მისთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგება მშობელისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ--------------ეს და ი-----–---------ეს ჰყავთ საერთო შვილი: 2016 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ------------ე, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ძირითად სარჩელში მოსარჩელე თ--------------ესთან და იმყოფებიან მის კმაყოფაზე.

 

ბავშვის უფლებათა კონვენციის 27-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. ამავე კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპების აღიარება. მშობლებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესი წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

დადგენილია, რომ ნ------------ე არის არასრულწლოვნები, რომლის აღზრდაზე და განვითარებაზე ვალდებულება თანაბარწილად ეკისრებათ მშობლებს, მიუხედავად მატერიალური და სოციალური მდგომარეობისა, ეს მათი კანონისმიერი ვალდებულებაა.

 

სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.

 

ამასთან, სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ შვილთან შეუზღუდავი ურთიერთობა მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო სოციალური გარემოს აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ამგვარი საკითხის გადაწყვეტის დროს მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ობიექტური გარემოებების განსჯის და შეფასების სტანდარტი, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამდენად სასამართლო განმარტავს, რომ ი-----–---------ეს, როგორც მამას, რომელიც ამჟამად არ ცხოვრობს არასრულწლოვან შვილთან ერთად, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილების რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მათ აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილის აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. სასამართლო განმარტავს, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობს ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტს უნდა იხდიდეს იმ ოდენობით, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს ი-----–---------ეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 120 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე ი-----–---------ეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, ანუ 2017 წლის 06 აპრილიდან უნდა დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის სასარგებლოდ მის სრულწლოვანებამდე ყოველთვიურად ალიმენტის სახით 120 ლარის გადახდა.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის ,,ბ” პუნქტის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების ფაქტი, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს მეუღლეთა თანასაკუთრებაში იმ ქონების ჩართვას, რომელიც თითოეულ მათგანს დაქორწინებამდე ეკუთვნოდა ან ჩუქებით მიიღო. ასეთი ქონება მათი ინდივიდუალური საკუთრებაა და მისი მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა თითოეული მეუღლის მიერ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ხდება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლი განსაზღვრავს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნივთის ჩაბარებად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ თ--------------ეს მშობლებმა ქორწინების განმავლობაში აჩუქეს საძინებელი გარნიტური, შესაბამისად იგი გახდა კიდეც ამ ქონების მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას, ხოლო 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

 

შესაბამისად სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელე თ--------------ის მოთხოვნას ი-----–---------ის დავალდებულების ნაწილში დაუბრუნოს მშობლების მიერ ქორწინების პერიოდში ნაჩუქარი საძინებელი გარნიტური და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8.3. სასამართლო ასევე დასაბუთებლად მიიჩნევს ი-----–---------ის შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას არასრულწლოვან შვილთან ნ------------ესთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197 მუხლის თანახმად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად მშობლების უფლება არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვების ინტერესებს. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არ აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ ბავშვთან ურთიერთობა და მის აღზრდაში მონაწილეობის მიღება მშობლის არა მარტო უფლება, არამედ მოვალეობაცაა, ხოლო მშობელს, რომელთანაც იზრდება ბავშვი უფლება არა აქვს ცალკე მცხოვრობ მშობელს ხელი შეუშალოს მშობლის უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.

 

ზ/ემოაღნიშნულ ნორმათა განმარტებით სასამართლო უფლებამოსილია დაავალდებულოს მშობელი საშუალება მისცეს მშობელს, რომელიც შვილთან ერთად არ ცხოვრობს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს მშობლის მიერ მცირეწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მხარეთა განმარტებების და ასევე თავად ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ შეგებებულ სარჩელში მოპასუხე თ--------------ე უნდა დავალდებულდეს ხელი არ შეუშალოს ი-----–---------ეს შვილთან ურთიერთობაში, შესაბამისად ი-----–---------ეს უნდა მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის არასრულწლოვან შვილთან ნ------------ესთან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში. შესაბამისად მას უნდა მიეცეს საშუალება წაიყვანოს ნ------------ე მის საცხოვრებელ მისამართზე ყოველი თვის თვის შაბათ და კვირა დღეს, დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე დედასთან დაბრუნების უფლებით;

 

8.4. სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს ი-----–---------ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნას იმ ნაწილში, რომლითაც შეგებებული სარჩელის მოსარჩელე მოითხოვს თ--------------ის დავალდებულებას დაუბრუნოს ოქროს ნივთები.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში კი სასამართლო მიიჩნევს, რომ ი-----–---------ის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ სადაო ოქროს ნივთები წარმოადგენს საგვარეულო ნივთებს და ისინი ამჟამად უკანონოდ იმყოფება თ--------------ესთან.

 

ზ/აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ თავად მხარეა ვალდებული, დაამტკიცოს მის მიერ წარდგენილი სარჩელისა თუ შესაგებლის საფუძვლიანობა. მტკიცების პროცესი მოიცავს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა შეგროვებას და სასამართლოში წარდგენას. მხარე უფლებამოსილია და ვალდებული, თვითონვე დაამტკიცოს მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, პირდაპირ და არსებით გავლენას ახდენს დავაზე და შესაბამისად განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსს. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს ერთობლიობაში, მხოლოდ მათი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვა წარმოადგენს მათი სწორი შეფასების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ი-----–---------ის შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, ხოლო ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად კი დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელის დროს განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრებით დგინდება, რომ თ--------------ის მიერ საძინებელი გარნიტურის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ალიმენტი დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ამ ნაწილში თ--------------ე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ასევე დადგენილია, რომ შეგებებულ სარჩელზე ი-----–---------ის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 270 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნების ნაწილობრივ დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: დაეკისროს ი-----–---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით, მასვე დაეკისროს თეონა ქათამაძის სასარგებლოდ თ--------------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. თ--------------ეს დაეკისროს ი-----–---------ის სასარგებლოდ ი-----–---------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს თ--------------ის სარჩელი ი-----–---------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების და ნაჩუქარი ნივთების დაბრუნების თაობაზე.

 

1.1. დაეკისროს ი-----–---------ეს არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 25 სექტემბერს დაბადებული ნ------------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 120 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან – 2017 წლის 06 აპრილიდან მის სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.

1.2. დაევალოს ი-----–---------ეს დაუბრუნოს თ--------------ეს მისი მშობლების მიერ ნაჩუქარი ქონება, კერძოდ საძინებლის გარნიტური, ღირებული 1600 ლარად.

1.3. დაეკისროს ი-----–---------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

1.4. დაეკისროს ი-----–---------ეს თეონა ქათამაძის სასარგებლოდ თ--------------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.

 

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ი-----–---------ის შეგებებული სარჩელი თ--------------ის მიმართ არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის და ნივთების დაბრუნების თაობაზე.

 

2.1. დავალდებულდეს თ--------------ე ხელი არ შეუშალოს ი-----–---------ეს არასრულწლოვან შვილთან, ნ------------ესთან ურთიერთობაში. ი-----–---------ეს მიეცეს საშუალება ურთიერთობა იქონიოს თავის არასრულწლოვან შვილთან და მიიღოს მონაწილეობა მის აღზრდაში, შესაბამისად მას უნდა მიეცეს საშუალება წაიყვანოს ნ------------ე მის საცხოვრებელ მისამართზე ყოველი თვის შაბათ და კვირა დღეს დილის 11 საათიდან საღამოს 18 საათამდე დედასთან დაბრუნების უფლებით.

 

2.2. ი-----–---------ეს უარი ეთქვას ოქროს ნივთების დაბრუნებაზე.

 

2.3. თ--------------ეს დაეკისროს ი-----–---------ის სასარგებლოდ ი-----–---------ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე