გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.06.2018
საქმის ნომერი
010210117002127627
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
26.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210117002127627

№2-3870/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

მოსარჩელე - შპს „ა-----------------–----ი“

წარმომადგენელი - დ-----------------–---------------------ე

მოპასუხე - შპს „ნ----------ი“

წარმომადგენელი - ი-----------–--ე

დავის საგანი თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 შპს „ა-----------------–----ს“ დაეკისროს შპს „ნ----------ის“ სასარგებლოდ 34197,06 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი დავალიანებაა 30066,66 ლარი, პირგასამტეხლო - 4130,45 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე შპს „ა-----------------–----ი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა სახისა და პარამეტრების ლითონ-კონსტრუქციული ნაკეთობების შეძენა-რეალიზაციას. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მოსარჩელე პერიოდულად აწვდიდა მოპასუხე შპს „ნ----------ს“ არმატურას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის 2017 წელს 01 მაისს დადებული გარიგების საფუძველზე შპს „ა-----------------–----მი“ აიღო ვალდებულება შპს „ნ----------ის“-სათვის მოთხოვნის შესაბამისად მიეწოდებინა საქონელი ( სხვადასხვა სახისა და პარამეტრების ლითონ-კონსტრუქციული ნაკეთობები, არმატურა), ხოლო შპს „ნ----------მა“ აიღო ვალდებულება გადაეხადა მიწოდებული საქონლის ღირებულება კონსიგნაციით, არაუმეტეს 30 კალენდარული დღისა.

 

ხელშეკრულების 4.4. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გადასახდელი თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა გამყიდველის სასარგებლოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადამოსული და გადაუხდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ნასყიდობის ხელშეკრულება. 01.05.2017წ.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხე შპს „ნ----------მა“ კონსიგნაციით მოსარჩელისაგან 2017 წლის 02 მაისს შეიძინა 33911, 68 ლარისა და 33 696,07 ლარის პროდუქცია, ხოლო 2017 წლის 01 ივნისს შეიძინა 34 458,86 ლარის ღირებულების საქონელი (არმატურა).

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ სულ მიაწოდა 102 066,61 ლარის ღირებულების საქონელი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენელი სასაქონლო ზედნადებებით და საგადასახდი ანგარიშფაქტურებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საგადასახადო ანგარიშფაქტურები.

- სასაქონლო ზედნადებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ მოპასუხემ გადაიხადა მიღებული საქონლის ღირებულება ნაწილობრივ, 2017 წლის 02 ივნისს გადაიხადა 24 000 ლარი, 2017 წლის 09 ივნისს გადაიხადა 10 000 ლარი, 2017 წლის 03 აგვისტოს 5000 ლარი, 2017 წლის 15 აგვისტოს 15000 ლარი, 2017 წის 05 სექტემბერს 18 000 ლარი. სულ მოპასუხემ გადაიხადა 72 000 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 30066,61 ლარი, რომელიც მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა მოპასუხეს დღემდე არ გადაუხდია.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ 2017 წლის 05 სექტემბრის მდგომარეობით შეადგინა 4130,45 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- გადახდის ქვითრები.

- დავალიანების და პირგასამტეხლოს გაანგარიშება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-----------------–----ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე შპს „ნ----------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ დარჩენილი დავალიანების გადახდა 3066,61 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა 4130,45 ლარის ოდენობით, სულ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 34 197,06 ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე, 483-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებით; ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. Aამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამავე კოდექსის 483-ე მუხლის თანახმად საქონელი მიღებულად ითვლება, თუ მყიდველი შეასრულებს ისეთ მოქმედებას, რომელიც მოწმობს მის მიღებას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გამყიდველმა შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და მიაწოდა მოპასუხეს საქონელი, ხოლო მყიდველის, ამ შემთხვევაში მოპასუხე შპს „ნ----------ის“ მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება, არ იქნა გადახდილი მიღებული საქონლის ღირებულება სრულად, რის გამოც მისი დავალიანება შეადგენს 30066,61 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე 30066,61 ლარის ოდენობით დავალიანების დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. სასამართლო დასაბუთებულად მიიჩნევს მოსარჩელის მოთხოვნას მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით თანხის დაკისრების თაობაზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა.

სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებას არ ასრულებს დადგენილ დროში.

დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში კი არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც გადასახდელი თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მოპასუხეზე სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს დაკისრებას. კერძოდ მხარეები ხელშეკრულების 4.4 პუნქტის თანახმად შეთანხმდნენ, რომ გადასახდელი თანხის გადახდის ვადაგადაცილების შემთხვევაში მყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა გამყიდველის სასარგებლოდ, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადამოსული და გადაუხდელი თანხის 0.03%-ის ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხის მიერ ვადაგადაცილებულ დღეზე დაკისრებულმა პირგასამტეხლოს ოდენობამ 2017 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით შეადგინა 4130,45 ლარი.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში გონივრულ შესაბამისობაშია სარჩელით მოთხოვნილ დავალიანებასთან და მხარეთა თავდაპირველ შეთანხმებასთან. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდეს.

 

6.3. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1026 ლარის ოდენობით.

 

ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1026 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „ა-----------------–----ის“ სასარჩელო მოთხოვნა შპს „ნ----------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე;

 

1.1. შპს „ნ----------ს“ დაეკისროს შპს „ა-----------------–----ის“ სასარგებლოდ სულ 34197,06 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს „ნ----------ს“ დაეკისროს მოსარჩელე შპს „ა-----------------–----ის“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელის განსახილველად წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1026 ლარის ოდენობით.

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე