გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2-760-13
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.06.2018წელი ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნინო ონიანი
სხდომის მდივანი გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე): სს "ს----------–--------------------------------------–--"
მოსარჩელის წარმომადგენელი: მზ----–-----------–---ი, ლე----------–--ე, გი-----------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე): თო---------–ი
მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) წარმომადგენელი: კო------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით): შპს "ნ----------–-" (სს ს----------–-------------------------------ის ყოფილ საკუთრებაში არსებულ ნავთობსადენ სამგორი-გაჩიანთან მიმართებაში უფლებამონაცვლე)
შეგებებული სარჩელით მოპასუხის წარმომადგენელი: ნა-----------–---–ი
დავის საგანი: (ძირითად სარჩელში) აუცილებელი გზის მოწყობა, (შეგებებულ სარჩელში) მილსადენის დემონტაჟი და მიწის კვეთის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1.1.1. შპს ,,ს----------–---------------------------------------–-ას აუცილებელი გზის მოსაწყობად ნება დაერთოს გამოიყენოს თო---------–ის საკუთრებაში არსებული ორი მიწის ნაკვეთის ნაწილები - 2279 კვ.მ და 45914 კვ.მ.
1.1.2. აუცილებელი გზის პირობების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურში დაუყონებლივი რეგისტრაციის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
1.2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს:
1.2.1.მოპასუხეს (ძირითადი სარჩელით მოსარჩელეს) დაევალოს მოსარჩელის საკუთრების უფლების ხელყოფის, კერძოდ მიწის ნაკვეთებით 8-------- და 8-------- უკანონო სარგებლობის დაუყონებლივ აღკვეთა, მიწის ნაკვეთში უკანონოდ განთავსებული ,,გარდაბანი-ნავთლუღისა“ და ,,საგურამო-ნავთლუღის“ მაგისტრალური გაზსადენის ამოღება და მიწის ნაკვეთების ნიადაგისა და მცენარეული საფარის მოყვანა პირვანდელ მდგომარეობაში. 2018 წლის 12 მარტის განცხადებით დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა საკადასტრო კოდებთან მიმართებაში: 81. 0-- 1-- 1------- 0-- 0-- 1--- 81.0--0-- 1--- 81.0--0-- 1--- 81.0--0-- 1---
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) თო---------–ის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არ უნდ დაკმაყოფილდეს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ აუცილებელი გზა მოითხოვება თავად მოპასუხის ნაკვეთების ფუნქციის დაკარგვის ხარჯზე, რაც ყოვლად დაუშვებლად მიაჩნია. მოპასუხე კატეგორიულად წინააღმდეგია მოცემულ ვითარებაში აუცილებელი გზის დადგენის, ვინაიდან ეს გამოიწვევს მისი ნაკვეთების დანიშნულების მოსპობას და დაგეგემილი პროექტების გაუქმებას. მოპასუხე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მას დასაშვებად ჩათვლის, მოპასუხე მოითხოვს მოსარჩელისათვის სათანადო კომპენსაციის დაკისრებას, როგორც თმენის ვალდებულების განუყოფელ ნაწილის დაკისრებას მოსარჩელეზე.
2.2. მოპასუხე სს ს----------–---------------------------------მ (შპს "ნ----------–-"-ს უფლებამონაცვლის დადგენამდე) სარჩელი არ ცნო და განმარტა: ის გარემოება, რომ მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) სარჩელით ითხოვს სადავო ნავთობსადენების ამოღებას (დემონტაჟს) და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სადავო ნავთობსადენები არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, ვერ გახდება დემონტაჟის საფუძველი, რადგან ნავთობსადენი აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის და სამშენებლო ნორმების და სტანდარტების შესაბამისად.
2.3. მოპასუხე (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) შპს ს----------–----------------------------------------–-ის წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. ძირითადი სარჩელით
3.1.1. შპს ს----------–--------------------------------------–-- დაფუძნდა საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2006 წლის 21 მარტის #1-1/237 ბრძანების საფუძვეზე 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით და კორპორაციის საწესდებო კაპიტალში შეტანილი იქნა სს ს----------–------------------------–--------------------–-------------------–-------------------–--------------------–----------------------------–---ი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 06 აპრილის #4346/007-შას ბრძანების საფუძველზე, განხორციელდა კორპორაციის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია. საგადასახადო დეპარტამენტის ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2006 წლის 04 ოქტომბრის #7476/007-4346/007- შას და საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 07 მაისის #89 ბრძანების საფუძველზე კორპორაციას შეერწყა სს ს----------–--------------------–--------------------–-ა და სს ს----------–------------------------–-------- კორპორაცია. ამასთანავე, კორპორაციას საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 დეკემბრის #736 ბრძანებულების საფუძველზე მიენიჭა ნ--------------------–-----------ის სტატუსი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზემოაღნიშნული ბრძანებები და კორპორაციის ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
3.1.2. კორპორაცია, დაკისრებული ვალდებულებების შესაბამისად, ახორციელებს მაგისტრალური გაზსადენების ნავთობსადენების მართვას და განვითარებას, რომელთა საშუალებით, ხორციელდება ბუნებრივი გაზისა და ნავთობის საქართველოში იმპორტირება. საქართველოს მოსახლეობისა და საწარმოების მომარაგება. აგრეთვე ბუნებრივი გაზისა და ნავთობის ტრანზიტი, როგორც მეზობელ, ასევე ევროპის ქვეყნებში. საქართველოს პარლამენტის 2009 წლის 06 თებერვლის #975 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სამთავრობო პროგრამით ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე გათვალისწინებული ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებისა და სოფლის გაზიფიკაციის პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, კორპორაცია დაჩქარებულ რეჟიმში ახორციელებდა მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ნავთლუღის მონაკვეთისა და შესაბამისი ნაგებობების მშენებლობის პროექტს. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის უსწრაფეს ტემპებში განხორციელების მიზნით მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის 2006 წლის 07 ოქტომბრის #473 განკარგულება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან 2006 წლის 28 დეკემბრის და 2007 წლის 03 მაისს გაფორმებული #სხ-15/01-06 და #42-05-1760 ხელშეკრულებების საფუძველზე კორპორაციას გამოეყო საბიუჯეტო, სასყიდლიანი სესხი 70000000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-სესხის ხელშეკრულება, საქართველოს მთავრობის დადგენილება
3.1.3. გათვალისწინებული იქნა, რომ პროექტის პირველ ეტაპზე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განსახორციელებელია მაგისტრალური გაზსადენის 10 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთის მშენებლობა. პროექტი შესწავლილია და დამტკიცებულია შესაბამისი სტრუქტურების მიერ ყველა გათვალისწინებული პროცედურების და მოთხოვნების შესაბამისად. მშენებლობის ნებართვის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ( საქართველოს კანონი მშენებლობის ნებართვის შესახებ, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილება), აუცილებელია მოპოვებული და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დარეგისტრირებული იქნას უფლებები მილსადენის დერეფანში მოყოლილ ყველა მიწის ნაკვეთზე.
იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეები, რომელთა მიწის ნაკვეთები მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებენ უარს კორპორაციის შეთავაზებაზე ან არ იმყოფებიან საქართველოში და მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება, მშენებლობის ნებართვის მიღება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად ფერხდება სახელმწიფო ს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხისათვის წარდგენილი შეთავაზებები და მათ მიერ უარის განცხადება.
3.1.4. პროექტის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, კორპორაციამ გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში მოყოლილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უდიდეს ნაწილთან და დაარეგისტრირა თავისი უფლებები, ხოლო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებითა და სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს 2009 წლის 3 აგვისტოს #1-3/395 და 18 ნოემბრის #1-3/527 ბრძანებების საფუძველზე გადაეცა კორპორაციას და დარეგისტრირდა კორპორაციის საკუთრებად. პროექტის დიდი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის წარდგენით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული და დამტკიცებული იქნა თბილისის ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე 2009 წლის 17 ივლისის #1533 საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორია შემცირებული იქნა და მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ნავთლუღის მონაკვეთისა და შესაბამისი ნაგებობების მშენებლობის პროექტის დერეფანში მოყოლილი მიწის ფართობები არ იქნა შეყვანილი ეროვნული პარკის ტერიტორიაში (ამორიცხული იქნა) და როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა გადაეცა კორპორაციას საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, სადაც აღნიშნულია კორპორაციის უფლებები, სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს ბრძანებები, დანართი #6 - მიწის ნაკვეთებისა და მათზე განთავსებული მაგისტრალური მილსადენის და დერეფნის რუკა, იმ მიწის ნაკვეთების მითითებები, რომლებზედაც დარეგისტრირებულია კორპორაციის უფლებები.
3.1.5. პროექტის სამშენებლო დერეფანში მოყოლილია მოპასუხის საკუთრებში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული მიწის ნაკვეთები, რაც დასტურდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიებიდან ამონაწერითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობებით.
მოპასუხის საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნავკეთებზე გაზსადენის მშენებლობის, გატარების და ექსპლუატაციის უფლების მიღების მიზნით კორპორაციამ შეთავაზა მოპასუხეს სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება. შეთავაზებაში აღნიშნული იქნა კომპენსაციის ოდენობა, რომელიც დადგენილია სსიპ ლებან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ #5171/04/19 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რაზედაც მოპასუხემ განაცხადა უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხეთა სია, მიწის ნაკვეთების დეტალური მონაცემებით, დანართი #8, ამონაწერები საჯარო რეესტრიდან და ზემოაღნიშნული ცნობები, დანართი #9 - სერვიტუტის ხელშეკრულების ტიპიური პროექტი.
3.1.6. პროექტის დერეფანში მოყოლილი თერთმეტი მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ (მართლზომიერმა მფლობელმა) უარი განაცხადა კორპორაციასთან ხელშეკრულების დადებაზე, რიგ შემთხვევაში კი უარი განაცხადეს მიწის ნაკვეთებზე მათი უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებაზე, რაც აფერხებდა პროექტის განხორციელებას, რადგან კორპორაცია საჭიროებდა მის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებას მოპასუხეთა საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული მიწის ნაკვეთების გავლით.
მოპასუხეთა მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზედაც მოთხოვნილია კორპორაციისთვის აუცილებელი გზის უფლება, არ არის რაიმე უძრავი ქონება, რომელიც შეიძლება დაზიანებულიყო აუცილებელი გზის უფლების განხორციელების შედეგად.
კორპორაცია განმარტავს, რომ იგი მზადაა მოპასუხეს გადაუხადოს კომპენსაცია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბუროს მიერ მომზადებული და 2009 წლის 19 ოქტომბრის #19-3942 წერილით კორპორაციაში წარმოდგენილი #5171/04/19 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბუროს #5171/04/19 ექსპერტიზის დასკვნა
3.2. შეგებებული სარჩელით.
3.2.1.მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) თო---------–ი არის მსხვილი ესტონელი ბიზნესმენი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაინტერესდა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემოთი, ეწვია მას და ადგილობრივად გაეცნო მის ეკონომიკურ პოტენციალს და გადაწყვიტა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება, რისთვისაც 2008 წლის დასაწყისში მან შეიძინა შესაბამისი დიდი ოდენობით მიწის სავარგულები, კერძოდ, გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვების მიმდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელის საკუთრებაშია სულ 229.03 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, რაც შედგება ორ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარე 9 და 6 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისაგან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თო---------–ის მიწის ნაკვეთების ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებები
3.2.2. მოსარჩელე (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) აპირებს უმსხვილესი ინვესტიციების განხორციელებას, სავაჭრო-სამრეწველო კომპლექსებისა და ბიზნეს-რეკრეაციული ცენტრის სახით, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულებაა 11.2 მილიარდი აშშ დოლარი. პროექტი ითვალისწინებს მთელი რიგი სამრეწველო, სასაწყობო-საგამოფენო, სავაჭრო, მომსახურების, დასასვენებელ-გასართობი დაწესებულებების, ისევე როგორც საცხოვრებელი, სასტუმრო და საოფისე სივრცის და მათთვის განკუთვნილი მრავალსართულიანი ნაგებობების და მრავალადგილიანი ავტოსადგომების მშენებლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-თო---------–ის მიერ დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების ბიზნეს-გეგმები;
3.2.3 მოსარჩელემ (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) 2010 წლის 17 ივნისს წერილობით მიმართა მოპასუხე კორპორაციას და მოითხოვეს უკანონო სამუშაოებისა და უცხოელი ინვესტორის საკუთრების ხელყოფის დაუყონებლივ შეწყვეტა. რაზეც მოსარჩელეს (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) მოპასუხიდან (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) პასუხის არ მიუღია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2010 წლის 17 ივნისის წერილი, ფოტოსურათები
3.2.4 2010 წლის 18 ივნისს მოსარჩელემ (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონის შსს სამმართველოს და მოითხოვა თო---------–ის საკუთრების უფლების ხელყოფის დაუყონებლივ აღკვეთა, რაზეც მიიღო უარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2010 წლის 18 ივნისის განცხადება; 2010 წლის 21 ივნისის პასუხი;
3.2.5. 2010 წლის 05 ივლისის წერილით მოპასუხისაგან (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია გარდაბანი-ნავთლუღის გაზსადენის მოპასუხის მიწის ნაკვეთში განთავსებული მონაკვეთების შესახებ, მათ შორის ინფორმაცია და დოკუმენტაცია თუ რა უფლების საფუძველზეა განთავსებული თო---------–ის მიწის ნაკვეთში. პასუხად, მოპასუხის (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) მიერ მითითებული იქნა, მიწის ნაკვეთის ყოფილ მესაკუთრესთან 2007 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული სერვიტუტის ხელშეკრულებაზე, რომელიც მოსარჩელის (ძირითადი სარჩელით მოპასუხე) მითითებით არ ყოფილა დარეგისტრირებული საჯარო რეესტრში სათანადო წესით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2010 წლის 05 ივლისის და 2010 წლის 07 ივლისის წერილები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოუსმინა მხარეთა ახსნა-განმარტებას, შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე სს "ს----------–--------------------------------------–--"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებეული სარჩელით მოსარჩელე თო---------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 180-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) თო---------–ი არ რთავს მოსარჩელეს (ძირითადი სარჩელით მოსარჩელე) ნებას ისარგებლოს მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად კი, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე სს "ს----------–--------------------------------------–--"-ს (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) მიერ სსიპ ლევან სამხარაულის სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაკეთებული დასკვნით განისაზღვრა გარდაბნის და მცხეთის რაიონებში ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საშუალო მოსავლიანობა და საორიენტაციო საბაზრო ღირებულება 1 ჰექტარ მიწაზე.
შესაბამისად, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის იურიდიულად დასაბუთებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით „სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას”. სასამართლოს განმარტებით, იგი ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება მნიშვნელობას კარგავს, უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შედარება.
დავის ფარგლებში სასამართლომ უნდა შეამოწმოს აუცილებელი გზის ფარგლები მთლიანად ან უმეტესად ხომ არ ფარავს მესაკუთრის მიწის ნაკვეთს, რა შემთხვევაშიც, მესაკუთრის უფლება შეიძლება დაუშვებლად შეილახოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალების კვლევით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეზღუდვის ფარგლები (აუცილებელი გზის ფართობი) გონივრულ შესაბამისობაშია აუცილებელი გზის მოთხოვნასთან.
იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს იმაზე მეტი შეზღუდვის თმენის ვალდებულება მოუწია, ვიდრე აღნიშნული აუცილებელი გზის ფარგლებში თავსდება (აუცილებელი გზის ფართობი), მითითებული გარემოება გათვალისწინებულ უნდა იქნეს თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის დაწესების დროს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე, რომლის მიწის ნაკვეთი მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებს უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად ფერხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ უკვე დამტკიცებული პროექტის არსებობა გულისხმობს მესამე პირთა უძრავ ქონებაზე უფლების მოპოვების საჭიროებას. ამასთან, უფლება მოპოვებულ უნდა იქნეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად, თანაც, იმგვარად, რომ დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები. უფლების მოპოვების ერთ-ერთი სანივთო სამართლებრივი შესაძლებლობა სერვიტუტის დადგენაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები. უძრავი ქონების მიმართ შეძენის წესს კი განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე - 183-ე მუხლები, შესაბამისად, სერვიტუტის დადგენის მიზნებისათვის აუცილებელია მესაკუთრის ნება უძრავი ნივთის სანივთო სამართლებრივი შეზღუდვით დატვირთვის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი, თო---------–სს "ს----------–--------------------------------------–--"-სგან მიეცა სერვიტუტის თაობაზე შეთანხმების გაფორმების წინადადება, რაზეც უარი განაცხადა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს ─ აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით აუცილებელი გზის მხოლოდ აუცილებელ, უალტერნატივო შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციით და ამავე კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და საკუთრების ჩამორთმევას (კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
საკუთრების უფლების შეზღუდვის ერთ-ერთი ფორმა კი გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ამ კოდექსის 180-ე მუხლით რეგლამენტებული აუცილებელი გზის უფლება. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კორპორაციას, როგორც მეზობელ მიწის ნაკვეთებზე უფლებების მფლობელსა და მესაკუთრეს, უნდა მიეცეს უფლება, შევიდეს და ისარგებლოს მოპასუხის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთებით აუცილებელი გზის უფლების მოსაწყობად, რათა შეძლოს აუცილებელი კავშირის დამყარება საკუთარ მიწის ნაკვეთებთან, იმდენად, რამდენადაც ეს აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად.
მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია თო---------–ის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით.
ამასთანავე აუცილებელი გზის უფლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს კორპორაციის უფლებამოსილება, დააწესოს და მოპასუხეების ვალდებულება ითმინონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ტექნიკური, უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი სტანდარტებით განსაზღვრული სავალდებულო უსაფრთხოების შეზღუდვები.
სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული, რომელიც შეთავაზებული იქნა მოპასუხისათვის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად, რაზედაც მოპასუხემ უარი განაცხადა, ხოლო შემდგომში შეგებებულ სარჩელი მან მიუთითა, რომ თუ სასამართლო დააკმაყოფილებდა მოსარჩელის მოთხოვნას, იგი აუცილებლად მოითხოვდა კომპენსაციას.
სასამართლო განმარტავს, პროექტის სამშენებლო დერეფანში მოყოლილია მოპასუხის საკუთრებში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებული მიწის ნაკვეთები, რაც დასტურდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) გაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელთა სიებიდან ამონაწერითა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამარჯვების ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობებით.
მოპასუხის საკუთრებაში (მართლზომიერ მფლობელობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობის, გატარების და ექსპლუატაციის უფლების მიღების მიზნით კორპორაციამ შეთავაზა მოპასუხეს სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმება. შეთავაზებაში აღნიშნული იქნა კომპენსაციის ოდენობა, რომელიც დადგენილია სსიპ ლებან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ #5171/04/19 ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, რაზედაც მოპასუხემ განაცხადა უარი. აღნიშნული კი შეუძლებელს ხდის პროექტის განხორციელებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, ს----------–--------------------------------------–--მ გამოთქვა მზაობა კომპენსაციის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნას არ წარმოადგენდა იდენტიფიცირებადი ოდენობით კომპენსაციის სანაცვლოდ აუცილებელი გზის დადგენა.
ასეთი მოთხოვნის არსებობის პირობებში, სასამართლოს უნდა გამოეკვლია, თუ რამდენად გონივრული ანაზღაურების სანაცვლოდ ითხოვდა კორპორაცია აუცილებელი გზის დადგენას. თუ სარჩელში ამგვარი მოთხოვნა იქნებოდა სახეზე, ასეთ შემთხვევაში, მოპასუხესაც მიეცემოდა შესაძლებლობა შესაგებლით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნას შეცილებოდა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ აუცილებელი გზის დადგენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებია, თუმცა, ასეთ ვითარებაში, მოწინააღმდეგე მხარეს წარმოეშობა კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
აღნიშნული უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს აქვს როგორც შეგებებული სარჩელის აღძვრის, ასევე დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს რომ წინამდებარე სასარჩელო წარმოების საგანი არ არის კომპენსაციის განსაზღვრა. შესაბამისად, მოპასუხე მხარემ მართალია, სარჩელში მიუთითა, რომ „კორპორაცია მზადაა ნებისმიერ დროს გაუფორმოს მოპასუხეს სერვიტუტის ხელშეკრულება, რომელიც ერთვის წინამდებარე სარჩელს და გადაუხადოს კომპენსაცია სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, თუმცა, აღნიშნული წარმოადგენს სერვიტუტის ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებას. მოცემულ შემთხვევაში კი, სარჩელი აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არამხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შესაბამისად, კომპენსაციას ექვემდებარება არამხოლოდ აუცილებელი გზის ფარგლებში არსებული თმენის ვალდებულება, ასევე ის შეზღუდვა, დანაკარგი, დანაკლისი, თუ ზემოქმედება, რისი თმენის ვალდებულებაც მესაკუთრეს აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე აუცილებელი გზის ფარგლებს გარეთ წარმოეშობა, საუბარია 2279 კვ.მ. და 45914კვ.მ. ფარგლებს მიღმა არსებულ თო---------–ის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, რაღა თქმა უნდა, თუ მხარე დაადასტურებს, რომ აუცილებელი გზის დაწესებიდან გამომდინარე არსებობს ზემოქმედება, რითაც მესაკუთრე თო---------–ის უფლება ილახება და რისი თმენის ვალდებულებაც მას აუცილებელი გზის დაწესებით წარმოეშვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ერთ მხრივ, საფუძვლიანია ს----------–--------------------------------------–-ის სარჩელი აუცილებელი გზის დადგენის თაობაზე. სარჩელის საფუძვლიანობას განაპირობებს როგორც აუცილებელი გზის წინაპირობების არსებობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, ასევე აღნიშნული შეზღუდვის დაწესების მიზანშეწონილობა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამგვარი შეზღუდვა საჭიროებს მესაკუთრის უფლებათა შეზღუდვაზე დაწესებული თმენის ვალდებულების გონივრულ, სამართლიან კომპენსირებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე JAHN AND OTHERS v. GERMANY განმარტა, რომ საკუთრების თავისუფლად სარგებლობაში ჩარევისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი საზოგადოების საჯარო ინტერესებსა და კერძო პირის ფუნდამენტური უფლების დაცვის მოთხოვნილებებს შორის. უნდა არსებობდეს პროპორციულობის გონივრული ურთიერთმიმართება გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის, როდესაც ხდება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ეხება საკუთრების უფლების ჩამორთმევას ან შეზღუდვას.
ანაზღაურების პირობები არის ხელშესახები იმის შეფასებისას - მიღებული ზომები იცავს, თუ არა, აუცილებელ სამართლიან ბალანსს და ხომ არ აკისრებს განმცხადებელს არაპროპორციულ ტვირთს.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილ დავაში არ არსებობდა რა სასარჩელო მოთხოვნა არც მოსარჩელის მხრიდან, თუ რა კომპენსაციის სანაცვლოდ ითხოვდა აუცილებელი გზის დადგენას და არც შეგებებული სარჩელი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, ამიტომ სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის შესაბამისად, ვერ მიაკუთვნებს მხარეს იმაზე მეტს, ვიდრე არ უთხოვია, ამიტომ სასამართლო შემოიფარგლება მხოლოდ აუცილებელი გზის დაწესების თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილების მართებულობაზე მსჯელობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელე სს "ს----------–--------------------------------------–--"-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თო---------–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, სასამართლო განმარტავს, საკუთრების აბსოლუტურ უფლებად მიჩნევა შეფარდებითია, არ არსებობს შეუზღუდავი საკუთრება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია მისი შეზღუდვა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებათა რიცხვს არ განეკუთვნება. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების უფლებაში ჩარევა, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვა და საკუთრების ჩამორთმევა შესაძლებელია.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით“. მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვისას აუცილებელია: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა. კონკრეტულ შემთხვევაში კი სახეზეა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ გადახდილი სახელმწფიო ბაჟი დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე სს ,,ს----------–---------------------------------------–-ი"- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს. ნება დაერთოს მოსარჩელეს გამოიყენოს აუცილებელი გზის მოსაწყობად თო---------–ის საკუთრებაში არსებული ორი ნაკვეთის ნაწილები - 2279 კვ.მ და 45914 კვ.მ;
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე თო---------–ის სასარჩელო მოთხოვნა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უკანონოდ გაყვანილი მილსადენის დემონტაჟისა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელის (შეგებებული სარჩელით) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით დარჩეს უცვლელად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო ონიანი