განაჩენი

სისხლის სამართლის 12.07.2018
საქმის ნომერი
010100115001073263
დავის ტიპი
342 1
თარიღი
12.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100115001073263

საქმე #1-1021/15

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა

ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორების _ დ-------------ის, ვ-–--------------------ის

ბრალდებულების - ა-----– ვ----ის, ლ-–- ბ---–----ის

ადვოკატების _ ბ-----------------------------ის

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №092070415003 საქმე:

 

1. ბრალდებულ ა-----– ა-–----------ს ძე ვ----ის მიმართ

დაბადებული: 01.07.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო, ბათუმი

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-------------------------------------------------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი - სამსახურეობრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

 

2. ბრალდებულ ლ-–- ტ------–-ს ძე ბ---–----ის მიმართ

დაბადებული: 29.08.1--- წელს

დაბადების ადგილი: საქართველო, ხულო

მოქალაქეობა: საქართველოს

პირადი ნომერი: 6----------

განათლება: უ-----–---

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არმქონე

რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბ---------------------–----------------------------

ფაქტობრივად მცხოვრები: ხ---–--------------–--------

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი - სამსახურეობრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

ბრალდების არსი:

 

1. 2013 წლის 22 მარტს, თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიასა და შპს ”ტ-------------------” შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №83 ხელშეკრულება, ქ. ბათუმში ჟ--–---- არხის კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოების შესრულების შესახებ, სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით 4 299 907.67 ლარი, რაც უნდა დასრულებულიყო 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდში.

 

2. 2013 წლის 4 აპრილს, შპს ”სადაზღვევო კომპანია უ--------” მიერ შპს ”ტ----------------იაზე” გაცემული იქნა №1155719 საბანკო გარანტია, საავანსო გადახდის საგარანტიო უზრუნველყოფაზე, საგარანტიო თანხით 1 290 000 ლარი, რომელიც შპს ”ტ-------------------” მიერ წარდგენილი იქნა თვითმმართველი ქ. ბათუმის მერიაში და დაეწერა საფინანსო სამსახურის უფროსს ა-----– ვ----ეს, რომელმაც დასახელებული საბანკო გარანტია გადასცა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსს ლ-–- ბ---–----ეს. აღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურმა განახორციელა წინასწარი ანგარიშსწორება და 2013 წლის 10 აპრილს შპს ”ტ-------------------” ანგარიშზე გადარიცხა 1 289 972.30 ლარი.

 

3. 2013 წლის 10 ივლისის შპს ”ტ-------------------” მიერ შედგენილი იქნა №1 გადახდის სერტიფიკატი (და თანმხლები შესრულებული სამჯუშაოს აქტი), რომლის თანახმადაც ამავე კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 117 568.77 ლარი, ხოლო დასაფინანსებელი თანხის ოდენობად დაფიქსირდა 76 419.70 ლარი, ხოლო 2013 წლის 1 ნოემბერს, შპს ”ტ-------------------” მიერ შედგენილი იქნა №2 გადახდის სერტიფიკატი (და თანმხლები შესრულებული სამუშაოს აქტი), რომლის თანახმადაც ამავე კომპანიის მიერ აღნიშნული სერტიფიკატით შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 245 667.87 ლარით, ხოლო დასაფინანსებელი თანხის ოდენობად დაფიქსირდა 159 684.12 ლარი. აღნიშნული დოკუმენტები წარდგენილი იქნა ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში. საფინანსო სამსახურის უფროსის ა-----– ვ----ის მიერ დასახელებული დოკუმენტაცია ორივე შემთხვევაში დაეწერა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსს ლ-–- ბ---–----ეს.

 

4. ა-----– ვ----ემ, როგორც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა და ლ-–- ბ---–----ემ, როგორც ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსმა, 2013 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, შპს ”ტ-------------------” მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №83 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დაფინანსებისას, თავიანთი სანსახურებრიი მოვალეობა შეასრულეს არაჯეროვნადმისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ შეამოწმეს თავიანთ სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციაში შპს ”ტ----------------იაზე” გადასახდელი თანხების ოდენობის (76 419.70 ლარისა და 159 684.12 ლარის)ლოგიკური შესაბამისობა შპს ”სადაზღვევო კომპანია უ--------” მიერ შპს ”ტ----------------იაზე” გაცემული №1155719 საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან (რომლის მეხუთე პუნქტის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით) და კვლავ განახორციელეს შპს ”ტ-------------------” დაფინანსება, მაშინ როცა აღნიშნულ კომპანიას უკვე მიღებული ჰქონდა ავანსი 1 289 972.30 ლარი და დასახელებული შესრულებების ფარგლებში დაფინანსება არ უნდა განხორციელებულიყო.

 

5. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის №02/13 ბრძანებით ქ. ბათუმის მერიასა და შპს ”ტ-------------------” შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №83 ხელშეკრულება შეწყდა და იმის გამო, რომ №1155719 საბანკო გარანტიის თანახმად საბანკო გარანტიიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა შესრულების ოდენობით, აქედან გამომდინარე, 254 265.65 ლარის ანაზღაურებაზე შპს ”სადაზღვაო კომპანია უნისონმა” უარი განუცხადა ქ. ბათუმის მერიას, რაც დღემდე არც შპს ”ტ-------------------” მიერ არ არის ანაზღაურებული.

 

6. ა-----– ვ----ისა და ლ-–- ბ---–----ის აღნიშნულმა ქმედებებმა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესსის არსებითი დარღვევა - თვითმმართველი ქ. ბათუმისათვის 254 265.65 ლარის ზიანი გამოიწვია.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

7. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები ა-----– ვ----ე და ლ-–- ბ---–----ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ა-----– ვ----ემ და ლ-–- ბ---–----ემ ჩაიდინეს სამსახურებრივი გულგრილობა, კერძოდ:

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

სამსახურეობრივი გულგრილობა, ე.ი. მოხელის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

8. დაზარალებულად ცნობილი - ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის ვ------- გ-------ის მიერ საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ქ. ბათუმის მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მითითებულ კომპანიას უნდა შეესრულებინა ე.წ. "ჟ--–----" არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, ბათუმის მერიის მიერ განხორციელდა ანგარიშსწორება და 2013 წლის 10 აპრილს, 21 აგვისტოს და 15 ნოემბერს შპს "ტ-------------------" ჩაერიცხა 1 526 076 ლარი, აქედან 1 289 972 ლარი ავასის სახით, ხოლო დანარჩენი 236 103 ლარი ორ ეტაპად ხელშეკრულების ნაწილობრივ შესრულების გამო. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ "ტ----------------იამ" მერიაში წარადგინა სადაზღვევო კომპანია "უ--------" მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომლის მიხედვითაც, გარანტი გასცემდა საბანკო გარანტიას 1 229 000 ლარზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსის მიღებასთან დაკავშირებით. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით. ამ პუნტიდან გამომდინარე, მერიას აღარ უნდა განეხორციელებინა კომპანიის მიერ წარდგენილი შესრულების დაფინანსება და უნდა მომხდარიყო ამ თანხების დაქვითვა მერიის მიერ ავანსად გაცემული თანხიდან. საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის ბრძანებით მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის გაფორმებული ხელშეკრულება შეწყდა კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. საბანკო გარანტიის ფარგლებში ბათუმის მერიისთვის ანაზღაურებულია შპს "ტ----------------იაზე" პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 214 995 ლარი და ავანსის სახით ჩარიცხული თანხის ნაწილი - 926 735 ლარი. ხოლო დარჩენილი თანხა 254 265 ლარი წარმოადგენს მერიაზე მიყენებულ მატერიალურ ზიანს, რაც არ ანაზღაურებულა. აღნიშნული თანხა არ უნდა გადარიცხულიყო კომპანიისთვის, რაზეც პასუხიმგებლები არიან მერიის საფინანასო სამსახურის ხელმძღვანელი ა-----– ვ----ე და ამავე სამსახურის საბურალტრო აღრიცხვის განყოფილების უფროსი ლ-–- ბ---–----ე.

 

9. მოწმე ვ-–- მ-----–--ემ, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის სახაზინო განყოფილების უფროსმა, სასამართლოს გამუმარტა, რომ ბათუმის მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის გაფორმდა ხელშეკრულება "ჟ--–----" არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით. კომპანიის მიერ სამუშაოების შესრულების პროცესში ორჯერ იქნა წარდგენილი ინფორმაცია შესრულებული სამუშაოს თაობაზე. ჩაირიცხა თანხები. ცნობილია, რომ კომპანიამ წარადგინა საბანკო გარანტია, მაგრამ მის პირობებს არ იცნობს. მერიასა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული თანხის გამოქვითვის წესი. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ შემსრულებელმა ფირმამ შესრულებული სამუშაოების მიხედვით ავანსად უნდა მიიღოს თანხა, გამოქვითვა ხდება ამ წესის შესაბამისად. ზოგადად, შესრულებული სამუშაოების დასაფინანსებლად, სამუშაოების შემსრულებელი ადგენს შესრულებული სამუშაოების აქტებს და გადახდის სერტიფიკატებს. მასში შეტანილი მონაცემების სისწორეს ამოწმებს ზედამხედველობის განმახორციელებელი კომპანია, შემდეგ კი მერიის კეთილმოწყობის სამსახური. დგება შესაბამისი სერტიფიკატი, დოკუმენტები გადაიგზავნება საფინანსო სამსახურში წერილითურთ, რომელშიც მოთხოვნილია სერთიფიკატში მითითებული თანხის ჩარიცხვა და ამის შემდეგ საფინანსო სამსახური თანხას ჩარიცხავს კომპანიის ანგარიშზე. შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა ზედამხედველი კომპანიის მოვალეობაა, რომელიც მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად ახორციელებს მას. აღნიშნული სამსახური განსაზღვრავს რამდენი თანხა ექვემდებარება ანაზღაურებას, რამდენი გამოქვითვას. საფინანსო სამსახური თანხას რიცხავს ამ სამსახურებიდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ის თავად არ არის მოვალე გადაამოწმოს რამდენად სწორად მოხდა შესაბამის დოკუმენტებში შესრულებული სამუშაოს გამოთვლა და ასანაზღაურებელი თანხის რაოდენობის განსაზღვრა.

 

10. მოწმე ვ-–-------- ხ--------ემ, რომელიც 2013 წელს მუშაობდა ბათუმის მერიის აპარატის შესყიდვების განყოფილების უფროსად, სასამართლოს განუმარტა, რომ ე.წ. "ჟ--–----" არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა შპს "ტ----------------იამ", რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება. მისი პროექტი მოამზადა შესყიდვების სამსახურმა. სააავანსო დაფინანსებაზე კომპანიის ხელმძღვანელმა უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ სამუშაოების საწარმოებლად გააჩნდა საკმარისი სახსრები, ამიტომ ხელშეკრულებაში არ შესულა პუნქტი საავანსო დაფინანსების წესთან დაკავშირებით. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30 %-ს საავანსო ანაზღაურების თანხად, საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში. კომპანიამ წარმოადგინა საბანკო გარანტია, რომელიც ასლი მიეწოდა შესყიდვების განყოფილებას, გაეცნო გარანტიის ჩანაწერს, რომლის მიხედვით საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით, თუმცა ზუსტად რა იგულისხმებოდა ამ ჩანაწერში, ვერ იტყვის, არ ევალებოდა მისი შინაარსის გაგება. გამოსაქვითი თანხის ოდენობა გადაამოწმა მხოლოდ, შეესაბამებოდა თუ არრა ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ 30%-ს. კომპანიის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ, ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა არ მომხდარა საავანსო გამოქვითვის წესთან დაკავშირებით, რადგან ცვლილება შედის მხარეთა შეთანხმებით, მხარეებს კი მსგავსი ცვლილების აუცილებლობის საკითხი არ დაუყენებიათ. კონტრაქტორი კომპანიის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობასა და პარამეტრებზე კონტროლი ევალებოდა ტენდერში გამარჯვებულ შპს "გ----–------------", ასევე თავისი ტექნიკური ზედამხეველი მიმაგრებული ყავდა მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.

 

11. მოწმე ი-----–- ჩ---–--–---–-- სასამართლოს განუმარტა, რომ 2013 წელს იყო ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე. მისთვის ცნობილია, რომ ბათუმის მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის გაფორმდა ხელშეკრულება "ჟ--–----" არხის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებით. კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელ თანხებს გასცემდა მერიის საფინანსო სამსახური. საფინანსო ოპერაციებთან დაკავშირებით მასთან ყოველდღიური კავშირი ჰქონდა საფინანსო სამსახურის უფროსს ა-----– ვ----ეს, მისგან იღებდა მოკლე ინფორმაციას კონკრეტულ გადარიცხვასთან დაკავშირებით, წარუდგენდა შესაბამის საფინასო დოკუმენტაციას, რომელსაც საკრებულის თავმჯდომარე "უკეთებდა ვიზირებას". დარწმუნებულია, რომ მსგავსი პროცედურის დაცვით მოხდებოდა შპს "ტ----------------იისთვის" შესრულებული სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხების ჩაირცხვის თაობაზე წარდგენილ საფინანსო დოკუმენტაციაზეც მის მიერ ხელის მოწერა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევას ვერ იხსენებს, რადგან დღის განმავლობაზე უწევდა უამრავ დოკუმენტზე ხელმოწერა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დიდი მოცულლობის, ძვირადღირებული პროექტების შესრულებაზე ზედამხედველობის განსახორციელებლად მერია ქირაობს კომპანიას, რომელიც ითვლის შესრულებული სამუშაოების მოცულობას და შესაბამის ინფორმაციას აწვდის საფინანსო სამსახურს. საფინანსო სამსახური და მისი ხელმღვანელი თავად ვერ დაითვლის შესრულებული სამუშაოს მოცულობას და ამის მიხედვით ვერ გამოთვლის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას. უფლებამოსილი სამსახურის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება საფინანსო სამსახურის მიერ თანხის ჩარიცხვის ოპერაციის შესრულება.

 

12. მოწმე გ--–- ხ--–--–მა, მერიის საფინანასო სამსახურის სპეციალისტმა, სასამართლოს განუმარტა, რომ მის მოვალეობებში შედიოდა დაფინანსების დოკუმენტების შედარება ხელშეკრულების პირობებთან, შესაბამისი უფლებამოსილი პირების ხელმოწერების და საბანკო რეკვიზიტების გადამოწმება, ასანაზღაურებელი თანხის შედარება ვალდებულების დოკუმენტთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების შედარება დაფინანსების დოკუმენტებთან. საფინანასო სამსახურის მიერ შპს "ტ----------------იისთვის" თანხის ჩარიცხვის საფუძველს წარმოადგენდა დაფინანსების დოკუმენტები - გადახდის სერთიფიკატი, ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები, მიღება-ჩაბარების აქტი და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებდნენ თანხის გადარიცხვის ვალდებულებას. მათ საფუძველზე შედგენილ დაფინანსების დოკუმენტს ხელს აწერდენ ბუღალტრული აღიცხვის განყოფილების უფროსი ლ-–- ბ---–----ე, სახაზინო განყოფილების უფროსი ვ-–- მ-----–--ე, ამავე განყოფილების თანამშრომელი - მ---- კ----ე, საფინანასო სამსახურის უფროსი ა-----– ვ----ე და ბათუმის საკრებულოს ღავმჯდომარე ი-----–- ჩ---–--–---–ი. საფინანასო სამსახურში წარდგენილი დაფინანსების დოკუმენტების შესაბამისად მოხდა ვალდებულების დოკუმენტის და საგადასხდო დავალების შედგენა. სულ ორი შესრულების თანხა ჩაერიცხა "ტ-------------------". დაფინანსების დოკუმენტების შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან გადამოწმდა, შესაბამისობა იყო სახეზე და გადაირიცხა თანხა. საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, ხელშეკრულების პირობებში ცვლილება შეტანილი არ იყო. ე.წ. "ჟ--–----" არხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ავანსის თანხას ხელშეკრულების ფასის არაუმეტეს 30%-ის ოდენობით და არ აკონკრეტებდა რა ფორმით უნდა მომხდარიყო ავანსის თანხის გამოქვითვა. სულ ავანსის გამოქვითვის სამი წესი არსებობს, ეს შესაძლებელია მოხდეს როგორც საწყის ეტაპზე, ისე საბოლოო შესრულებიდან, ან გაცემული ავანსის თანხის პროპორციულად თითოეული შესრულებიდან. არსებული პრაქტიკის მიხედვით, როდესაც ხელშეკრულებაში არ არის ჩადებული პირობა ავანსის გამოქვითვის წესთან დაკავშირებით, ამ სამი წესიდან ერთ-ერთის გამოყენებით ხდება გამოქვითვა. მიიჩნევს, რომ დაფინანსების დოკუმენტებიდან და ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე, სახეზე იყო კომპანიისთვის თანხის ჩარიცხვის ვალდებულება და მოხდა კიდეც საფინანსო სამსახურის მიერ ამ ვალდებულების შესრულება.

 

13. მოწმე მ---- კ----ემ, მერიის საფინანსო სამსახურის სახაზინო განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა, სასამართლოს განუმარტა, რომ საფინანსო სამსახურში დაფინანსებასთან დაკავშირებული დკუმენტაციის საფუძველზე ხდებოდა ვალდებულების დოკუმენტის და საგადახდო დავალების შედგენა. შპს "ტ----------------იისთვის" შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების თაობაზე საფინანასო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თავად მოამზადა ვალდებულების დოკუმენტი და საგადახდო დავალება, რის საფუძველზეც ჩაირიცხა თანხა. საფინანსო სამსახურს თავად არ ევალება შესრულებული სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლა. ეს ხდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტების მიერ შედგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

 

14.მოწმე ა---------– ბ-------ემ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, სასამართლოს განუმარტა, რომ "ჟ--–----" არხის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ქ. ბათუმის მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებას ზედამხედვლობას უწევდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გ----–------------". ეს იყო სერიოზული რეპუტაციის მქონე ფირმა, რომელიც მნიშვნელოვან ობიექტებზე იყო მიმაგრებული და უწევდა ტექნიკურ ზედამხედველობას. კეთილმოწყობის სამსახურის ფუნქცია კი ძირითადად სამუშაოების შესრულების მოცულობაზე ზედამხედველობა იყო. შპს "ტ-------------------" მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ შპს "გზამშენპროექტმა" გადაუგზავნა კეთილმოწყობის სამსახურს დოკუმენტაცია, რომელიც შესწავლის შემდეგ დაფინანსების განსახორციელებლად გაიგზავნა მერიის საფინანსო სამსახურში. ამ დოკუმენტების სისწორეზე, შესაბამისად, პასუხიმგებელი კეთილმოწყობის სამსახური იყო, თუმცა კეთილმოწყობის სამსახურში მიწოდებულ ინფორმაციაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებოდა ზედამხედველ კომპანიას. ხელშეკრულებაში ავანსად გაცემული თანხის გამოქვითვის წესი გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ გამოქვითვა ხდებოდა დადგენილი პრაქტიკის მიხედვით შესრულებული სამუშაოს პროპორციულად. კეთილმოწყობის სამსახურში არ იყო წარდგენილი ინფორმაცია საბანკო გარანტიის შესახებ, ამიტომ არ იცნობდნენ მის პირობებს.

 

15. მოწმე ნ-------- მ----------მა, შპს "გ----–-------------" ტექნიკურმა დირექტორმა, სასამართლოს განუმარტა, რომ შესაბამის ტენდერში გამარჯვების შემდეგ ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშკრულების ფარგლებში, ახორციელებდა ტექნიკურ ზედამხედველობას შპს "ტ-------------------" მიერ "ჟ--–----" არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესრულების პროცესზე. აღნიშნულმა კომპანიამ თავდაპირველად სამუშაოები კარგად დაიწყო, შპს "გ----–------------" წარუდგინა დოკუმენტაცია ორ შესრულებასთან დაკავშირებით, კერძოდ სამუშაოების მიღების აქტი - ფორმა N2 და ანაზღაურების სერთიფიკატი. სამუშაოების მწარმოებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ხარისხზე, პროექტში გაწერილი პარამეტრების დაცვაზე კონტროლს ახორციელებდნენ გ----–------------- ზედამხედველები და მხოლოდ ასეთი შემოწმების საფუძველზე უდასტურებდნენ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს შესრულების ანაზღაურების თაობაზე. შპს "ტ----------------იამ" ზედამხედველ ფირმას ასევე აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად ავანსად მიღებული ქონდათ გარკვეული თანხა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30%, ამიტომ შესრულების დროს ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლისას საავანსო თანხის პროპორციულად აწარმოეს გამოქვითვა. საგარანტიო დოკუმენტის თაობაზე შპს "გ----–-------------თვის" ცნობილი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქმეზე გამოძიება დაიწყო და საგამოძიებო ორგანოსი დაკითხვისას გამომძიებელმა წარუდგინა საბანკო გარანტია. იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი შესრულების დოკუმენტაციის დადასტურების პროცესში ცნობილი იქნებოდა მათი კომპანიისთვის, ამ გარნატიაში მითითებული წესის დაცვით აწარმოებდნენ თანხის გამოთვლას და საგადახდო დოკუმენტებში დაფიქსირებას.

 

16. საქმეში წარმოდგენილია ქ. ბათუმის მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N83, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ე.წ. "ჟ--–----" არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 4 299 907,67 ლარს, სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა შპს "გ----–------------" ბათუმის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების პიროებების თანახმად, შესაძლებელი იყო საავანსო ანგარიშსწორება არაუმეტეს 30%-ისა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიის საფუძველზე. ანგარისწორება მიმწოდებელთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის წარდგენის შემდეგ 15 სამუშაო დღის განმავლობაში.

 

17. ქ. ბათუმის მერიასა და შპს "გ----–------------" შორის 2013 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N68 ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ხელშემკვრელი კომპანიის მიერ "ჟ--–----" არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა, ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 61080 ლარს. მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 25 დეკემბრამდე. კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, ასევე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ტექ.ზედამხედველობის განხორციელება დაევალა ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტს რამაზ დევაძეს.

 

18. სადაზღვევო კომპანია "უ--------" მიერ გაცემული 2013 წლის 4 აპრილის N 1155719 გარანტიის თანახმად, საგარანტიო თანხა შეადგენდა 1 290 000 ლარს, მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 26 თებერვლის ჩათვლით. საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრონციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით.

 

19. შპს "გ----–-------------" დირექტორის 2013 წლის 12 ივლისის წერილის თანახმად, ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს გაეგზავნა შპს "ტ-----------------იის" მიერ 20 ივლისის მდგომარეობით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, გადახდის სერთიფიკატი და ეთხოვა შესრულებული სამუშაოების დაფინანსება. ერთი თვის შემდეგ, 2013 წლის 13 აგვისტოს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა წერილით მიმართ საფინანსო სამსახურის უფროსს, აცნობა, რომ შპს "ტ----------------იამ" შეასრულა ქ. ბათუმში "ჟ--–----" არხის სარეკონსტრუქციო სამუშაოები. ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებმა შპს "გზამშენპროექტმა 10 ივლისს გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი, სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 117 568,77 ლარი და მიმართა საფინანსო სამსახურს მოეხდინა შპს "ტ----------------იისთვის" გადახდის სერტიფიკატის შესაბამისი ანაზღაურება.

 

20. ანალოგიური შინაარსის წერილით შპს "გზამშენპროექტმა" 2013 წლის 1 ნოემბერსაც მიმართ მერიის კეთილმოწყობის სამსახურს, წარუდგინა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი, გადახდის სერთიფიკატი და სთხოვა შესრულებული სამუშაოების დაფინანსება. 2013 წლის 8 ნოემბერს კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საფინანსო სამსახურის უფროსს მიმართა წერილით, აცნობა "ტ----------------იის" მიერ სამუშაოების შესრულების თაობაზე და შპს "გ----–-------------" მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, სთხოვა შპს "ტ----------------იისთვის" გადახდის შერთიფიკატის შესაბამისად ანაზღაურების განხორციელება.

 

21. საქმეში წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, გადახდის სერთიფიკატები, ასევე საფინანსო სამსახურის მიერ მომზადებული ვალდებულების დოკუმენტები და საგადახდო მოთხოვნები, რომლებითაც დასტურდება 2013 წლის აგვისტოსა და ნოემბერში, შპს ”ტ-------------------” მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №83 ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების დასაფინანსებლად შპს ”ტ----------------იისთვის” 76 419.70 ლარისა და 159 684.12 ლარის ჩარიცხვის ფაქტი. ასევე წარმოდგენილია 2013 წლის 10 აპრილის საგადახდო დავალება N8 კომპანიისთვის ავანსის სახით - 1 289 972, 30 ლარის ჩარიცხვის შესახებ.

 

22. თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 იანვრის №02/13 ბრძანებით დასტურდება, რომ ქ. ბათუმის მერიასა და შპს ”ტ-------------------” შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №83 ხელშეკრულება შეწყდა, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

 

2-- ბათუმის საქალქო სასამართლოს 2014 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით N 2/553-14 ბათუმის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს "ტ-------------------" ქ. ბათუმის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დამდგარი ზიანის - 254 265, 65 ლარის გადახდა. 2014 წლის 7 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

24. საქმეში წარმოდგენილია ბათუმის მერის ბრძანებები ა-----– ვ----ის და ლ-–- ბ---–----ის თანამდებობაზე დანიშვნის და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე, რომლებითაც დასტურდება, რომ 2013 წელს ა-----– ვ----ე მერიის საფინანსო სამსახურის უფროსად, ხოლო ლ-–- ბ---–----ე მერიის საფინანსო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსად საქმიანობდნენ ბათუმის მერიაში.

 

25. ზემოთმითითებული მტკიცებულებები წარმოადგენს ბაზას იმ მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების მიერ მათზე ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.

 

26. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.

 

27. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

28. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.

 

29. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც:

 

30. შპს "ე-----------------ის" მიერ ჩატარებული აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმის მერიისთვის "ჟ--–----" არხის კაპიტალური რეკონსტრუქციის სამუშაოებზე ავანსის და ეტაპობრივად შესრულებულ სამუშაოებზე დაფინანსებისთვის საჭირო პირველად დოკუმენტები, როგორც ვალდებულების წარმოქმნის, ისე ანგარიშსწორების ნაწილში, თითოეული ეტაპისთვის სრულად არის წარმოდგენილი და მათი შევსებისას დაცულია გაფორმების სისწორე, საბუთებს აქვს ყველა საჭირო რეკვიზიტი, მკაფიოდ ასახავს კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციას. პირველად დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხა შესაბამისობაშია ხელშეკრულების შესაბამისად აღებულ ვალდებულებებთან, სამუშაოების შესრულების ვადა შესაბამისობაშია ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, დაფიქსირებულია ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირების ხელმოწერები და საბუთების რეკვიზიტები შეესაბამება ხელშეკრულებას. პირველადი დოკუმენტაციის შემოწმებისას ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის მიერ სრულად არის დაცული საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N 1321 ბრძანებით დამტკიცებული "ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ინსტრუქციის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების მოთხოვნები.

 

31. აუდიტორული დასკვნის ავტორმა, აუდიტორმა დავით შარაშიძემ სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას დასკვნაში ასახული გარემოებების სისწორე.

 

32. ანალოგიური დასკვნა იქნა მიღებული 2015 წლის 17 აგვისტოს შპს "ე-–------------ის" მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგადაც, დასკვნის თანახმად, რომლის სისწორე მოწმედ დაკითხულმა მისმა ავტორმა, აუდიტორმა მ------- ქ-------ემ დაადასტურა სრულად, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურში დაფინანსების განსახორციელებლად წარდგენილი პირველადი დოკუმენტაცია იყო საკმარისი, სრული და სხვა დოკუმენტაციის დამატებით შესწავლა -შემოწმების აუცილებლობა არ არსებობდა.

 

33. ბრალდებულებმა ა-----– ვ----ემ და ლ-–- ბ---–----ემ თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტეს, რომ არც ა-----– ვ----ეს, როგორც საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელს და არც ლ-–- ბ---–----ეს, როგორც ამავე სამსახურს ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების ხელმძღვანელს არ დაურღვევიათ ნაკისრი ვალდებულებები, გულგრილად არ მოკიდებიან და არაჯეროვნად არ შეუსრულებიათ მოვალეობები. მათი მოქმედებები სრულ შესაბამისობაში იყო საქართველოს ფინანასთა მინისტრის N1321 ბრძანებით დამტკიცებულ "ბიუჯეტების საფინანასებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღიცხვის შესახებ" ინსტრუქციასთან და ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის N 20 დადგენილებით დამტკიცებულ ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურის დებულებასთან.

 

34. ბრალდების და დაცვის მხარეების მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ა-----– ვ----ის და ლ-–- ბ---–----ის დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:

 

44. მხარეების მიერ სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უდავოდ დადასტურებული ფაქტია, რომ ქ. ბათუმის მერიასა და შპს "ტ-------------------" შორის 2013 წლის 22 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N83, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა "ჟ--–----" არხის კაპიტალური სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესყიდვა. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, მიღება-ჩაბარების აქტების შედგენა და ტექნიკური ზედამხედველობა ბათუმის მერიასთან 2013 წლის 6 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N68 ხელშეკრულების მიხედვით დაევალა შპს "გ----–------------" , ხოლო კომპანიის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე კონტროლი, ასევე მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება დაევალა ქ. ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილებას.

 

45. ამდენად, შპს "ტ----------------იის" მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვან შესრულებაზე კონტროლს ახორციელებდა სპეციალურად ამ მიზნით მერიის მიერ დაქირავებული კომპანია, რომლის პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენდა ტექნიკური ზედამხედველობის გაწევა სამუშაოების შესრულებაზე, თუ რამდენად შეესაბამებოდა ის პროექტში გაწერილ სტანდარტებს, ხარისხს და ა.შ. მასვე ევალებოდა კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების თაობაზე წარდგენილი დოკუმენტაციის ჩანაწერების სიზუსტის გადამოწმება. სამუშაოების მწარმოებლის მხრიდან სამუშაოების შესრულების ხარისხზე, პროექტში გაწერილი პარამეტრების დაცვაზე კონტროლს ახორციელებდნენ "გ----–-------------" ზედამხედველები და მხოლოდ ასეთი შემოწმების საფუძველზე უდასტურებდნენ ხელმოწერით ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს - სამუშაოების მიღება -ჩაბარების აქტს და გადახდის სერთიფიკატს. შპს "ტ----------------იამ" ზედამხედველ ფირმას ასევე აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად ავანსად მიღებული ქონდათ გარკვეული თანხა, ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 30%, ამიტომ შპს "გ----–------------" ითვალისწინებდა ამ გარემოებას და შესრულების დროს ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლისას საავანსო თანხის პროპორციულად აწარმოებდა გამოქვითვას. აღნიშნული კომპანიის მიერ გადამოწმებული დოკუმენტები, ხელახალი რევიზიისა და შემოწმების მიზნით, სამუშაოების ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვამდე, ანუ საფინანსო სამსახურის საქმეში ჩართვამდე იგზავნებოდა კიდევ ერთ სამსახურში, კერძოდ, მერიის კეთილმოწყობის სამსახურში, რომლის ფუნქცია ასევე იყო სამუშაოების შესრულების მოცულობაზე ზედამხედველობა. შპს "ტ-------------------" მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ შპს "გზამშენპროექტმა" გადაუგზავნა კეთილმოწყობის სამსახურს დოკუმენტაცია, რომელიც შესწავლის შემდეგ, პირველ შემთხვევაში ერთი თვის, ხოლო მეორე შემთხვევაში ერთი კვირის მერე, ანუ გამოყენებულ იქნა საკმაო პერიოდი მიღებული ინფორმაციის გადასამოწმებლად, დაფინანსების განსახორციელებლად გაიგზავნა მერიის საფინანსო სამსახურში.

 

46. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შეიქმნა მოცემულობა, რომლის მიხედვით მერიის საფინანასო სამსახურს გადაეგზავნა ორი შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის მიერ გადამოწმებული და დადასტურებული დოკუმენტაცია დაფინანსების განსახორციელებად და უკვე ამის შემდეგ ჩაერთო პროცესში საფინანსო სამსახური, რომელიც მოქმედებდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის N 1321 ბრძანებით დამტკიცებული "ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ" ინსტრუქციის და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 8 სექტემბრის N20 დადგენილებით დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის დებულების მოთხოვნების შესაბამისად. მითითებული ინსტრუქციის მე-8 და მე-9 მუხლების შესაბამისად: "ბუღალტერიაში შესული პირველადი აღრიცხვის დოკუმენტები ექვემდებარება აუცილებელ შემოწმებას ფორმის და შინაარსის მიხედვით, ასევე არითმეტიკულადაც. დოკუმენტებში ასახული მონაცემების უტყუარობისთვის, აგრეთვე პირველადი დოკუმენტების თავისდროული და ხარისხიანი შედგენისთვის, პასუხს აგებენ ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელის მომწერი პირები".

 

47. ამდენად, საფინანასო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელში მითითებული ინფორმაციის სისწორე გადამოწმდა შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი ორი სუბიექტის მიერ და დადასტურდა ხელმოწერებით, პირველადი დოკუმენტების ხარისხიან შედგენაზე კი პასუხს აგებენ ამ დოკუმენტის შემდგენი და ხელმომწერი პირები, გახდა საფუძველი საფინანასო სამსახურის მიერ დოკუმენტებში დაფიქსირებული მოთხოვნის - შპს "ტ----------------იისთვის" შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვისა სწორედ პირველად დოკუმენტებში მითითებული ოდენობით.

 

48. რაც შეეხება საბანკო გარანტიას და მის საკმაოდ ბუნდოვან ჩანაწერს, რომელიც ტოვებს განსხვავებული ინტერპრეტაციების შესაძლებლობას, - მე-5 პუნქტს, რომლის მიხედვით "საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა მცირდება პრონციპალის მიერ ბენეფიციარის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების ოდენობით", სწორედ ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, ბრალდების მხარე ბრალს სდებს საფინანასო სამსახურის ხელმძღვანელ პირებს სამსახურებრივ გულგრილობაში, რომ მათ არ გაითვალისწინეს ეს პირობა და თანხა არასწორად გადარიცხეს კომპანიის ანგარიშზე. აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტებზე: საბანკო გარანტია სადაზღვევო კომპანია "უ--------" მიერ გაცემულ იქნა "ტ----------------იაზე" და სწორედ ამ კომპანიამ წარუდგინა ის მერიას. შესაბამისად, "ტ-------------------", რომლისთვისაც ცნობილი იყო როგორც ავანსად თანხის ჩარიცხვის, ისე საბანკო გარანტიის მე-5 პუნქტში არსებული ჩანაწერის თაობაზე, პირველ რიგში მოეთხოვებოდა გაეთვალისწინებინა საბანკო გარანტიის პირობები და უკვე გადარიცხული ავანსის დროს, სამუშაოების შესრულებისას აღარ მოეთხოვა ანაზღაურება. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს "ტ-------------------" საქმიანობაზე ზედამხედველ არც ერთ სუბიექტს - შპს "გ----–------------" და მერიის კეთილმოწყობის სამსახურს არ ეცნობა საბანკო გარანტიის არსებობა და არ გადაეცათ ის გასაცნობად. ფაქტია, რომ ამ გარანტიაში მითითებული პირობის დარღვევით თანხის ჩარიცხვას ედავება სახელმწიფო ბრალდებულებს, თუმცა ასევე ფაქტია, რომ ვერ დადასტურდა ზემოაღნიშნული მაკონტროლებელი სუბიექტებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადაცემა. სასამართლოსთვის პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა - ისეთ პირობებში, როდესაც შპს "გ----–------------" და მერიის კეთილმოწყობის სამსახურს ევალებოდა პირველადი დოკუმენტაციის სისწორეზე კონტროლი, მერიის საფინანასო სამსახური კი, ინსტრუქციის თანახმად, მხოლოდ ამ დოკუმენტების გაფორმების სისწორეს, რეკვიზიტების სისრულეს, ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას ამოწმებდა, პასუხისმგებლობა დოკუმენტების შემდგენ და ხელმომწერ პირებზე იყო სრულად დაკისრებული, რატომ არ მიეწოდა ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი - საბანკო გარანტია შპს "გ----–------------" და მერიის კეთილმოწყობის სამსახურს. სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სწორედ ეს სუბიექტები იყვნენ პასუხისმგებელი საფინანასო სამსახურში წარდგენილი დოკუმენტების მონაცემების სისწორეზე, რაც დაფინანსების საფუძველი უნდა გამხდარიყო.

 

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დაემტკიცებინა ბრალდებულების - ა-----– ვ----ის და ლ-–- ბ---–----ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. ისეთ პირობებში, როდესაც კონკრეტული პირის მიერ მოვალეობის შესრულება უკავშირდება სხვა პირების თუ ორგანოების მხრიდან იგივე მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, მოვალეობის დარღვევაზე მხოლოდ ერთიანი ჯაჭვის ბოლო რგოლის პასუხისმგებლობაზე საუბარი არამართებულია. საგულისხმოა, რომ ა-----– ვ----ე დღემდე მუშაობს ბათუმის მერიის საფინანასო სამსახურის უფროსად, ხოლო ლ-–- ბ---–----ე უფრო მაღალ პოზიციაზეა დასაქმებული, ვიდრე 2013 წლის მდგომარეობით ჰქონდა. ამდენად, დამსაქმებლის - სახელმწიფოს, რომლის კანონიერი ინტერესის არსებით დარღვევაში სდებენ ბრალს ამ პირებს, ნდობის ხარისხი მათდამი, როგორც საჯარო მოხელეებისადმი, არც 2013 წლის შემდეგ შემცირებულა.

 

50. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.

 

51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

52. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

53. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

54. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

55. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.

 

56. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ-–- ბ---–----ის და ა-----– ვ----ის ბრალდების დადასტურება.

 

57. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .

 

სამართლებრივი შეფასება :

 

58. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ლ-–- ბ---–----ის და ა-----– ვ----ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში, რის გამოც ა-----– ვ----ე და ლ-–- ბ---–----ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ბრალდებული: ლ-–- ტ------–-ს ძე ბ---–----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ლ-–- ბ---–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ტ------– ბ---–----ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე, ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი განახლება (ზონა - ხ---–------ სექტორი დ-----–---–------, კ--------–------, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი 2--06.3-.0--- - 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

2. ბრალდებული: ა-----– ა-–----------ს ძე ვ----ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა-----– ვ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 02 ივლისის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას ტ------– ბ---–----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ხულოს მუნიციპალიტეტი, სოფელი განახლება (ზონა - ხ---–------ სექტორი დ-----–---–------, კ--------–------, ნაკვეთი - 0--, საკადასტრო კოდი 2--06.3-.0--- - 2000 (ორი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

გამართლებულებს ა-----– ვ----ესა და ლ-–- ბ---–----ეს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.

 

ნივთმტკიცებები - ქ. ბათუმის მერიიდან მიღებული დოკუმენტები; ქ. ბათუმის მერიის 11.02.2015 წლის წერილი №25/1512 ვ------- გ-------ეზე უფლებამოსილების დელეგირების შესახებ, ბრძანება №3-4; ქ. ბათუმის მერიის 07.02.2014 წლის №25/977 წერილი 174 ფურცლად; ქ. ბათუმის მერიის 06.02.2015 წლის №25/2157 წერილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; გამოძიების №15-04-11/197 წერილი 15.04.2015 წლის ქ. ბათუმის მერიას; ქ. ბათუმის მერიის №25/10150 წერილი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის №25/10880 წერილი 04.06.2015 წლის თანდართულ დოკუმენტებთან ერთად - დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი