გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.06.2018
საქმის ნომერი
351210017001989490
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
14.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/140-2017წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ივნისი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ხ--–--– ნ-------ი

წარმომადგენელი ეკატერინე მიშველიძე, დავით სარიბეგოვი

მოპასუხე ნ---- მ---------ა

არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენელი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გარდაბნის რაიონული განყოფილება

წარმომადგენელი – ლაშა პარასტაშვილი

დავის საგანი არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა

II აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

2001 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ამინა ნ-------ას, 2002 წლის 02 სექტემბერს დაბადებული ასმარ ნ-------ას, 2006 წლის 26 ივნისს დაბადებული იუსიფ ნ-------ის და 2007 წლის 06 ივლისს დაბადებული ლეილი ნ-------ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელის ხ--–--– ნ-------ის საცხოვრებელი ადგილი.

 

ნ---- მ---------ასათვის შვილების 2001 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ამინა ნ-------ას, 2002 წლის 02 სექტემბერს დაბადებული ასმარ ნ-------ას, 2006 წლის 26 ივნისს დაბადებული იუსიფ ნ-------ის და 2007 წლის 06 ივლისს დაბადებული ლეილი ნ-------ას მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე თანხმობის და საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თანხმობის უფლებაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, სარჩელში აღნიშნულია რომ 2000 წლიდან, მოსარჩელე ხ--–--– ნ-------ი და მოპასუხე ნ---- მ--------ა, იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. ერთად ყოფნის პერიოდში შეეძინათ ოთხი შვილი: 2001 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ამინა ნ-------ა, 2002 წლის 02 სექტემბერს დაბადებული ასმარ ნ-------ა, 2006 წლის 26 ივნისს დაბადებული იუსიფ ნ-------ი და 2007 წლის 06 ივლისს დაბადებული ლეილი ნ-------ა.

 

2007 წლიდან მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიძაბა ურთიერთობა და ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. მოპასუხე უფროს ქალიშვილთან, ამინა ნ-------ასთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ. ბათუმში, ხოლო ასმარ ნ-------ა, იუსიფ ნ-------ი და ლეილი ნ-------ა დარჩნენ მამასთან და დღემდე ცხოვრობენ გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში. რამოდენიმე თვეა რაც მოპასუხე ნ---- მ--------ა აღარ ზრუნავს თავის არასრულწლოვან შვილზე. ამინა ნ-------ა აღარ ცხოვრობს დედასთან და იგი არის მარტო, დედის მეთვალყურეობის გარეშე. ხშირად აცდენს სკოლას და ღამეს ათენებს მეგობრების წრეში. ხ--–--– ნ-------მა არაერთხელ სცადა ყოფილ მეუღლესთან მოლაპარაკება ამინა ნ-------ას წამოყვანის მოთხოვნით, თუმცა მისი ცდა უშედეგოდ დამთავრდა. მოსარჩელესთან მცხოვრები ბავშვები დადიან ქ. რუსთავში, შპს "შოთა რუსთაველის" სახელობის სკოლა-ლიცეუმში, დამატებით ემზადებიან სხვადასხვა საგნებში, დაკავებულები არიან სპორტით, აქვთ ძალიან კარგი ოჯახური გარემო, მათი უფროსი და კი იმყოფება აბსოლუტურად განსხვავებულ პირობებში, 15 წლის ასაკში მას უწევს მარტო ცხოვრება მშობლების მზრუნველობის გარეშე, რითაც ხელი ეშლება მის აღზრდა-განვითარებას და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას. ხ--–--– ნ-------ის სურვილია, რომ უფროსი ქალიშვილიც ჰყავდეს თავის სახლში და ისევე იზრუნოს მასზე, როგორც მასთან მცხოვრებ სხვა შვილებზე.

 

ამინა ნ-------ა დღეის მდგომარეობით ქ.ბათუმში იმყოფება მარტო, მასზე არ ზრუნავს არავინ. მანძილის სიდიდის გამო იგი ვერ ახერხებს ყოველდღიური კონტაქტი იქონიოს შვილთან. არსებობს რეალური საფრთხე, რომ მოპასუხემ არასრულწლოვანი შვილები, რომლებიც დღეის მდგომარეობით ცხოვრობენ მოსარჩელესთან წაიყვანოს თავისთან ბათუმში, რა დროსაც ეს ბავშვებიც იგივე პირობებში აღმოჩნდებიან, როგორშიც მათი და ამინა ნ-------ა იმყოფება.

 

ხ--–--– ნ-------ის განმარტებით, აქვს საკუთარი ბიზნესი და ეკონომიურად საკმაოდ უზრუნველყოფილია. მას აქვს შესაძლებლობა თავისი არასრულწლოვანი შვილები დასასვენებლად და ნათესავების მოსანახულებლად წაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაზედაც ოცნებობენ მისი ბავშვებიც. ხ--–--– ნ-------მა არაერთხელ სთხოვა ყოფილ მეუღლეს შვილების ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ბავშვებისათვის მიეცა ნებართვა საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად და პასპორტის ასაღებად, მაგრამ იგი არის კატეგორიულ უარზე. ნ---- მ--------ა ბოროტად სარგებლობს მშობლის უფლებებით. იგი თანხმობის გაცემაზე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აცხადებს უარს, რომ რაც შეიძლება მეტად გაამწაროს ყოფილი მეუღლე, უარის თქმის სხვა მიზეზი მას არ გააჩნია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეს სარჩელზე წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია, იგი არც სხდომაზე გამოცხადდა. მისი ადგილსამყოფელი სასამართლომ ვერ დაადგინა, რის გამოც სარჩელის შინაარსი და სასამართლო სხდომის თარიღი ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი სარჩელს დაეთანხმა.

მისი განმარტებით, არასრულწლოვანი ბავშვები ამჟამად ცხოვრობენ მამასთან და მის ნათედავებთა. ბავშვები დადიან სკოლაში რუსთავში, მათ აღზრდაზე სათანადოდ ზრუნავენ. ბავშვების დედა საზღვრაგარეთ გაემგზავრა 2017 წლის შემოდგომაზე, რის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა და მისი ადგილსმაყოფელის დაუდგენლობის გამო სოციალურმა მუშაკმა მისი შეფასება ვერ მოახდინა. ვინაიდან ბავშვების დედა საქართველოში არ არის, ბავშვების წარმომადგენლობით უფლებამოსილების განხორციელება არ იქნება შესაძლებელი, რის გამოც მას უნდა შეეზღუდოს მშობლის უფლება ბავშვების საზღვარგარეთ გამგზავრების თანხმობაზე უფლების ნაწილში. ბავშვები მამის ოჯახში მზრუნველ გარემოში ცხოვრობენ, დედა საქართველოში არ ცხოვრობს, რის გამოც ბავშვების საცხოვრებელი ადგილი უნდა განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

(14.06.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი.)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადაო გარემოებები

 

3.2.1. ხ--–--– ნ-------სა და ნ---- მ---------ას ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი.

 

საქმეში წარმოდგენილი დაბადების მოწმობების თანახმად, ამინა ნ-------ა დაბადებულია 2001 წლის 18 ოქტომბერს, ასმარ ნ-------ი დაბადებულია 2002 წლის 2 სექტემბერს, 2006 წლის 6 ივნისს დაბადებულია იუსიფ ნ-------ი, 2007 წლის 6 ივლისს დაბადებულია ლეილი ნ-------ი. მათი მშობლებად რეგისტრირებულნი არიან - დედა ნ---- მ--------ა; მამა – ხ--–--– ნ-------ი.

 

ამინა ნ-------ას დაბადების მოწმობაში დედის ვინაობად მითითებულია ნ---- მ--------ა საქართველოს მოქალაქის პირადი N6----------. ასმარ ხ--–--–ოვის და იუსიფ ხ--–--–ოვის დაბადების მოწმობაში დედის ვინაობაა ნ---- მ--------ა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე. ლეილა ნ-------ის დაბადების მოწმობაში დედის ნ---- მ--------ას მოქალაქეობის შესახებ მითითებული არ არის.

 

სასამართლომ შსს მომსახურების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ნ---- მ--------ას მიერ საქართველოს საზღვრის კვეთის შესახებ. შსს მომსახურების სააგენტოს მიერ სასამართლოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, 2011-2017 წლებში აღრიცხულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის ნ---- მ---------ას პასპორტის NP1953296 მიერ საზღვრის კვეთა.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია პასპორტის ასლი, რომლის მიხედვით, ნ---- მ---------ა არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ნომერია OXFOP5B. პასპორტის იგივე მონაცემებია მითითებული საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციაში.

 

ამდენად, არასრულწლოვანი ბავშვების დედა ამჟამად არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე და მისი ვინაობაა ნ---- მ---------ა (N--------------), პირადი ნომერი OXFOP5B.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაბადების მოწმობების ასლები (ს.ფ. 15-18. 17. ტომი 1)

– მომსახურების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 112-116. ტომი 1 )

– პასპორტის ასლი (ს.ფ. 137. ტომი 1)

 

3.2.2. მხარეთა არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოსარჩელე ხ--–--– ნ-------ის ოჯახში, სადაც ბავშვებზე მოსარჩელის ოჯახი სათანადოდ ზრუნავს. ნ---- მ---------ა საქართველოში არასრულწლოვან შვილებთან ერთად არ ცხოვრობს, იგი 2017 წლის 1 ნოემბერს გაემგზავრა საზღვარგარეთ და შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. მათ აღზრდაში უშუალოდ არ მონაწილეობს.

 

მოსარჩელის განმარტებით, მისი შვილები ამინა ნ-------ა, ასმარ ნ-------ი, იუსიფ ნ-------ი და ლეილი ნ-------ი ამჟამად ცხოვრობენ და იზრდებიან მის ოჯახში.

 

მოსარჩელის აღნიშნული განმარტება დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკის ვიოლა ფალიანის 2017 წლის 14 სექტემბრის დასკვნით, სადაც მითითებულია შემდეგი გარემოებები:

 

ხ--–--– ნ-------ი და ნ---- მ--------ა განქორწინებულნი არიან. მათ ჰყავთ ოთხი არასრულწლოვანი შვილი. ხ--–--– ნ-------ის ინფორმაციით ოჯახის დარღვევის მიზეზი გახდა ნ---- მ--------ას სურვილი საცხოვრებლად წასულიყვნენ საზღვარგარეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაზეც მოსარჩელე თანახმა არ არის. ბავშვების დედა წავიდა ოჯახიდან და წაიყვანა შვილები, თუმცა შემდეგ ასმარმა, იუსიფმა და ლეილამ თავად ისურვეს მამასთან ცხოვრება და დაბრუნდნენ ოჯახში. ისინი ამ დრომდე ცხოვრობენ მამასთან, ხოლო უფროსი შვილი ამინა დარჩა დედასთან. ხ--–--– ნ-------ის ინფორმაციით ამინა ცხოვრობს ბათუმში. ამინას საჭიროებებს და განათლების მიღების უფლებას უზრუნველყოფდა მამა, მაგრამ ამ დროისათვის ნ---- მამეოვა იმყოფება საზღვარგარეთ, ხოლო 15 წლის ამინი დატოვა სხვა პირებთან, რომლებსაც ბავშვის მამა არ იცნობს. მისივე ინფორმაციით ბავშვის დედა ხანგრძლივი დროით გაემგზავრა საზღვარგარეთ.

 

ხ--–--– ნ-------ს აქვს კერძო ბიზნესი, თვეში შემოსავალი აქვს დაახლოებით 4000 ლარი. მას შესწევს უნარი სრულფასოვნად უზრუნველყოს შვილების საჭიროებები. ამასთან ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი მშობლების, ნათესავების და მეგობრების სახით.

 

მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალარში. აქვს კეთილმოწყობილი სახლი, სადაც შექმნილია ბავშვებისათვის უსაფრთხო გარემო, დაცულია სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები. საცხოვრებელი უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით და ავეჯით. ბავშვებს აქვს საკუთარი კუთხე, პირადი ნივთები და გამოყოფილი აქვთ ოთახი. ბავშვები არიან ქალაქ რუსთავში, რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლეები. არიან წარმატებული მოსწავლეები. ბავშებთან გასაუბრებით გაირკვა, რომ მშობლებს შორის წარმოქმნილი დავა უარყოფითად მოქმედებს მათზე. მათი ინფორმაციით თანაკლასელები გაემგზავრენ საზაფხულო ბანაკში საზღვარგარეთ, თვითონ კი ვერ მიიღეს მონაწილეობა ამაში, რადგან დედა მამის ჯიბრით არ აძლევს მათ გამგზავრების თანხმობას, 14 წლის ასმარმა და იუსიფმა განაცხადეს, რომ სწავლის სურვილიც აღარ აქვთ, არ აქვთ მოტივაცია. მათ აქვს სურვილი გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილება, მაგრამ დედის სიჯიუტე ამაში ხელს უშლით. იგი ვერ ხვდება ეს რამდენად მნიშვნელოვანია ბავშებისათვის. მათი განმარტებით უყვართ დედა მაგრამ ამავდროულად გამოხატავენ წყენას დედის მიმართ.

 

მოსარჩელემ მათ განუმარტა, რომ ნ---- მ--------ას დამოკიდებულება შვილების განათლების საკითხში არის ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი, რის გამოც იგი მოითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დაისვა იმის გამო, რომ დედა გაემგზავრა საზღვარგარეთ და არ ეკონტაქტება ხ--–--– ნ-------ს.

 

ხ--–--– ნურევს სურვილი აქვს მის უფროსი ქალიშვილი 15 წლის ამინიც მასთან დაბრუნდეს და ერთად იზრუნოს ყველა შვილზე.

 

სოციალური მუშაკის დასკვნაში მითითებულია, რომ ხ--–--– ნ-------ს შესწევს უნარი სრულფასოვანი ზრუნვა განხორციელოს არასრულწლოვან შვილებზე. იზრუნოს მათ განათლებაზე, შექმნას მათთვის უზრუნველყოფილი და უსაფრთხო გარემო. მას ჰყავს ძლიერი თანადგომის ქსელი და არ არსებობს ბავშვების ცხოვრებისათვის რაიმე ხელისშემშლელი ფაქტორი.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, ნ---- მ--------ასთან გასაუბრება და მისი საცხოვრებელი პირობების შეფასება სოციალურმა მუშაკმა ვერ განახორციელა, რადგან საქმეში მითითებულ მისამართზე ქალაქ ბათუმში იგი არ ცხოვრობს.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხე ნაირ მ---------ა 2017 წლსი 1 ნოემბრის შემდეგ საქართველოში არ ცხოვრობს. სასაზღვრო პოლიციაში არსებული ინფორმაციით იგი 2017 წლის 1 ნოემბერს გაემგზავრა საქართველოდან თურქეთის მიმართულებით, ხოლო მას შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა. სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით დასტურდება, რომ ნ---- მ---------ა სისტემატიურად მიემგზავრებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ აზერბაიჯანის და თურქეთის მიმართულებით. ბოლო პერიოდის მანძილზე 2017 წლის 14 იანვარს იგი გაემგზავრა აზერბაიჯანში, საიდან საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 15 იანვარს. 2017 წლის 4 მარტს გაემგზავრა აზერბაიჯანში წითელი ხიდის სასაზღვრო პუნქტის გავლით, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 13 მარტს. 2017 წლის 15 აპრილს აზერბაიჯანში გაემგზავრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 2017 წლის 18 აპრილს. 2017 წლის 25 მაისს გაემგზავრა თურქეთში ბათუმის აეროპორტიდან, ხოლო დაბრუნდა 2017 წლის 16 ოქტომბერს. 2017 წლის 1 ნოემბერს გაემგზავრა თურქეთში თბილისის აეროპორტიდან, რის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნებულა.

 

სასამართლო აღიშნავს, რომ 2011 წლის შემდეგ ნ---- მ---------ა სისტემატიურად მიემგზავრებოდა საზღვარგარეთ, თუმცა 3-4 თვის შემდეგ იგი საქართველოში ბრუნდებოდა, რის შემდეგ მოკლე პერიოდში კვლავ საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა. საქართველოდან ბოლოს გავიდა 2017 წლის 1 ნოემბერს, რის შემდეგ განვლილი 5 თვეზე მეტი დროის მანძილზე იგი საქართველოში არ დაბრუნებულა. მისი საქართველოში არყოფნის პერიოდში უფროსი შვილი ცხოვრობდა ქალაქ ბათუმში მამის და და-ძმებისგან მოშორებით. მოსარჩელის განმარტებით, ბოლო 3 თვეა მისი უფროსი შვილი მასთან ცხოვრობს.

 

სოციალური მუშაკის დასკვნაში მითითებულია, რომ ბავშვები წარმატებული მოსწავლეები არიან, ისინი ცხოვრობენ მამის ოჯახში, სადაც მათ განათლებაზე და აღზრდის სხვა საკითხებზე სათანადოდ ზრუნავენ.

 

ბავშვებს მამის ოჯახში შექმნილი აქვთ თბილი და მზრუნველი გარემო. სასამართლო სოციალური მუშაკის დასკვნიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ ხ--–--– ნ-------ის ოჯახში არის მშვიდი გარემო, ბავშვების მიმართ მოსარჩელე გამოირჩევა მზრუნველი, ყურადღებიანი დამოკიდებულებით, ზრუნავს ბავშვების ჯანმრთელობაზე, განათლების უფლების რეალიზაციაზე.

 

ბავშვების განმარტებით, მათთვის ძალიან მნიშნელოვანია განათლების მიღება და მამის ოჯახში მათ ამ საკითხში მხარდაჭერა აქვს. ბავშვების მოსაზრებით ცოდნის გაღრმავებაში ხელი ეშლებათ იმის გამო, რომ ვერ ახერხებენ საზღვარგარეთ გამგზავრებას საზაფხულო სკოლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სარჩელი (ს.ფ. 2-4. ტომი 1)

- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 41-42. ტომი 1).

- მომსახურების სააგენტოს წერილი (ს.ფ. 112-116. ტომი 1)

- შპს შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის ცნობები (ს.ფ. 19-21. ტომი 1)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე მათ საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მოსარჩელის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1205-ე, 1199-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები

- გაეროს „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენცია

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღნიშნული ნორმებით სახელმწიფოს ვალდებულებაა ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას, დაიცვას დედათა და ბავშვთა უფლებები. დედათა და ბავშვთა უფლებების დაცვის კონსტიტუციური გარანტია არ ნიშნავს მხოლოდ დედასა და ბავშვს შორის ურთიერთობების დაცვას. კონსტიტუციის ამ ნორმით სახელმწიფო კისრულობს ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებს შეეხება გაეროს მიერ 1989 წლის 20 ნოემბერს მიღებული ”ბავშვის უფლებების კონვენცია”. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის გარდა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობების სამართლებრივ ასპექტებს შეეხება ასევე საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, რომლებთან შესაბამისობაშია საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის შესაბამისად შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით ამავე ნორმის მე-5 ნაწილის თანახმად მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ხსენებული ნორმის მიხედვით, ბავშვის უფლებაა ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, შესაბამისად შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

გაეროს მიერ მიღებული ”ბავშვის უფლებათა კონვენციის” პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითრებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, 1. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომებს. 3. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვებზე ზრუნვისათვის ან მათი დაცვისათვის პასუხისმგებელი დაწესებულებები, სამსახურები და ორგანოები შეესაბამებოდნენ კომპეტენტური ორგანოების მიერ დადგენილ ნორმებს, კერძოდ, უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, და მათი პერსონალის რიცხვისა და ვარგისიანობის, აგრეთვე კომპეტენტური ზედამხედველობის თვალსაზრისით.

 

1984 წლის 22 ნოემბერს მიღებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ოქმი №7-ის მე-5 მუხლის თანახმად, მეუღლეებს გააჩნიათ კერძო სამართლებრივი ხასიათის თანაბარი უფლებები და მოვალეობები ერთმანეთთან და თავიანთ ბავშვებთან ურთიერთობებში, ისეთ საკითხებში რომლებიც ეხება ქორწინებაში შესვლას, ქორწინებაში ყოფნას და განქორწინებას. წინამდებარე მუხლი ხელს არ შეუშლის სახელმწიფოებს მიიღონ აუცილებელი ზომები ბავშვების ინტერესების დასაცავად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის მიხედვით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ამდენად, ”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, მშობლებთან შვილების ურთიერთობის საკითხში არსებითი და გადამწყვეტია ბავშვის ინტერესები, რადგან მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების საზიანოდ. მშობლის უფლება უნდა განხორციელდეს ბავშვის ინტერესების შესაბამისად, მის სასიკეთოდ.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-8 მუხლის მიხედვით, 1. მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ პატივი სცენ ბავშვის უფლებას შეინარჩუნოს თავისი ინდივიდუალობა, მათ შორის მოქალაქეობა, სახელი და ოჯახური ურთიერთობა, როგორც გათვალისწინებულია კანონით, ამასთან არ დაუშვან კანონსაწინააღმდეგო ჩარევა. 2. თუ ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს ან ყველა ელემენტს, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ მას საჭირო დახმარებით და დაცვით მისი ინდივიდუალობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენისათვის.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხილეთ, ხელისუფლების სხვა ორგანოებს შორის, ოლსონი შვედეთის წინააღმდეგ (No.1), 24 მარტი, 1988წ., § 59, სერიები A No.130, დამონორი რუმინეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ, No. 71099/01, § 70, 5 აპრილი, 2005წ.). ნ.წ. საქართველოს წინააღმდეგ. 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება)

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინდივიდუალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მჭიდრო, უშუალო და პირადი ოჯახური ურთიერთობის, ნათესაური კავშირების არსებობა. ბავშვთა უფლებების კონვენციით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით ოჯახური გარემო მიჩნეულია ბავშვის აღზრდის საუკეთესო პირობად. ბავშვის აღზრდისათვის ასეთი გარემოს შექმნაზე მთავარი პასუხისმგებლობა ბავშვის მშობლებს ეკისრებათ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (N.TS. AND OTHERS v. GEORGIA ), განმარტებულია ბავშვთან დაკავშირებულ დავაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადასაწყვეტი საკვანძო საკითხები. კერძოდ, “სამართალწარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვზე, სასამართლო ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა:

a. განსაზღვროს, გააჩნია თუ არა ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი ინფორმაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა მიიღოს დამატებითი ინფორმაცია, კერძოდ, მშობლის პასუხისმგებლობის მტვირთველი პირებისაგან;

b. იმ შემთხვევაში, როდესაც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით მიჩნეულია, რომ ბავშვს გააჩნია საკმარისი შემეცნების უნარი, სასამართლო ხელისუფლებამ უნდა:

– უზრუნველყოს ბავშვის მიერ ყველა შესაბამისი ინფორმაციის მიღება;

– შესაბამის შემთხვევებში უზრუნველყოს ბავშვისთვის პირადი კონსულტაციების მიწოდება; საჭიროების შემთხვევაში, ამგვარი კონსულტაციები ბავშვთან სხვებისგან განცალკევებით უნდა განხორცილედეს უშუალოდ სასამართლო ხელისუფლების მიერ ან სხვა პირების ან ორგანოების მეშვეობით, ბავშვის გაგების უნარის შესაბამისი წესით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს;

– უზრუნველყოფილი უნდა იქნას ბავშვისთვის მისი შეხედულებების გამოხატვის შესაძლებლობა;

c. სასამართლო ხელისუფლებამ შესაბამისი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს ბავშვის მიერ გამოხატულ შეხედულებებს.”

 

ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოხატოს ეს შეხედულებანი ბავშვთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად. 2. ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა მოსმენილი იქნეს ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი, ან წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით. კონვენციის მე-13 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოხატოს თავისი აზრი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (N.TS. AND OTHERS v. GEORGIA ), რომელიც შეეხებოდა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შესახებ დავას, სასამართლომ განმარტა, რომ „სასამართლო, ბავშვთა უფლებების კონვენციის მუხლი 12–ის გათვალისწინებით (იხილეთ პუნქტი 40-42 ზემოთ, და, კერძოდ, ბავშვთა უფლებების კომიტეტის ზოგადი შენიშვნების No.12 პუნქტი 32), ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ნებისმიერ სასამართლო ან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რომელიც ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებებზე, კონვენციის მე–8 მუხლის თანახმად, ბავშვები, რომელთაც აქვთ თავისი საკუთარი მოსაზრებების ჩამოყალიბების უნარი, საკმარისად ჩართულნი უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და მიეცეთ შესაძლებლობა, მოუსმინონ მათ და, ამგვარად, გამოხატონ თავიანთი შეხედულებები (იხილეთ ასევე მ. დამ., ციტირებულია ზემოთ, § 181). იგივე პრინციპები სათანადოდ არის განმტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებებში ბავშვებისადმი კეთილგანწყობილ სამართალთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებს ბავშვთა უფლებას – მოხდეს მათი მოსმენა და გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მათზე ახდენს გავლენას“.

 

ამ გადაწყვეტილებაში ევროპის საბჭოს მინისტრების კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების საფუძველზე განმარტებულია ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის შინაარსი და ბავშვის უფლება, მოუსმინონ, რაში მდგომარეობს.

 

გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას. ეს ცალსახად არის ჩამოყალიბებული კომიტეტის N12 ზოგად კომენტარში, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია, აგრეთვე, განუყოფელ კავშირებზე მე-3 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-12 მუხლს შორის. ამ ორ ნორმას ურთიერთშემავსებელი როლი აქვს: პირველის მიზანს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზაცია წარმოადგენს, ხოლო მეორე ადგენს მეთოდოლოგიას ბავშვის ან ბავშვების მოსაზრებების მოსმენისა და მათი ჩართვისათვის ყველა იმ საკითხში, რომელიც მათ შეეხება, მათ შორის მათი საუკეთესო ინტერესების შეფასების პროცესში. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის სათანადო გამოყენება ვერ მოხდება, თუ არ დაკმაყოფილდა მე- 12 მუხლის მოთხოვნები. მსგავსად ამისა, მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აძლიერებს მე- 12 მუხლის ფუნქციურობას, ყურადღებას ამახვილებს რა ბავშვების არსებით როლზე მათ ცხოვრებაზე ზეგავლენის მომხდენი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებაში.

 

როდესაც საქმე ეხება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები (მე-5 მუხლი)... ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას.

 

ბავშვის უფლებების კომიტეტის 2009 წლის 20 ივლისს გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში (CRC/C/GC/12) მითითებულია, რომ ყველა ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. ბავშვის უფლებების კომიტეტმა (შემდგომში კომიტეტი) მუხლი 12 განსაზღვრა, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი, ამასთან, დანარჩენი ძირითადი პრინციპებია - არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება, და ბავშვის ინტერესების უკეთ უზრუნველყოფისთვის უპირველესი ყურადღების დათმობა, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მოცემული მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას...

 

კონვენციის დებულება “საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ განმარტებულია შემდეგნაირად: „კონვენციის ხელმომწერმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ყველა „საკუთარი შეხედულების ჩამოყალიბების უნარის მქონე“ ბავშვის უფლება, მოუსმინონ. ეს ფრაზა უნდა იქნას გაგებული არა როგორც შეზღუდვა, არამედ როგორც სახელმწიფოს ვალდებულება, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეაფასოს ბავშვის უნარი, ჩამოაყალიბოს ავტონომიური შეხედულება. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მხარეს არ შეუძლია ქმედება დაიწყოს იმ დაშვებით, რომ ბავშვს არ გააჩნია უნარი, გამოხატოს მისი შეხედულებები. ამის საპირისპიროდ, სახელმწიფო მხარემ უნდა ივარაუდოს, რომ ბავშვს გააჩნია უნარი, ჩამოაყალიბოს მისი შეხედულებები და უნდა აღიაროს, რომ ბავშვს გააჩნია ამ შეხედულებების გამოხატვის უფლება; ბავშვს არ უნდა სჭირდებოდეს მისი უნარის დამტკიცება“.

 

დებულება “შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის ასაკისა და მოწიფულობის შესაბამისად“ განმარტებულია, რომ ეს დებულება ეხება ბავშვის უნარს, რომელიც უნდა შეფასდეს, რათა მის შეხედულებებს სათანადო მნიშვნელობა მიენიჭოს, ან ბავშვისთვის მოხდეს იმის კომუნიკაცია, თუ რა გავლენას ახდენს ასეთი შეხედულებები პროცესის შედეგებზე. მუხლი 12 აწესებს, რომ ბავშვის მხოლოდ მოსმენა არ არის საკმარისი; ბავშვის შეხედულებები სერიოზულად უნდა იქნას აღქმული, თუ ბავშვს აქვს თავისი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარი“.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაში აღწერილია ბავშვების მოსაზრებები, რომელთა მიხედვით, მათ აქვთ სურვილი ცოდნის გასაღრმავებლად გაემგზავრონ საზღავარგარეთ, რაც ვერ ხერხდება მშობლების შეუთანხმებლობის გამო. დასკვნაში მითითებული ბავშვების მოსაზრებების თანახმად, ისინი მოსარჩელის ოჯახში თავს გრძნობენ მშვიდად, მათზე ზრუნავენ, მათ მიმართ კეთილგანწობილი და მზრუნველი გარემოა, ოჯახის წევრები ხელს უწყობენ განათლების მიღებაში, მატერიალურად სათანადოდ არიან უზრუნველყოფილნი. ისინი სწავლობენ ქალაქ რუსთავში, შპს რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმში. მოსარჩელის და ბავშვების განმარტებით, ნ---- მ---------ას დამოკიდებულება არის ის ფაქტორი, რამაც წარმოშვა დავა, რადგან მოპასუხის თანხმობის გარეშე ბავშვები უცხოეთში წასვლას, საზაფხული ბანაკში, საზფხულო სკოლაში ყოფნას ვერ ახერხებენ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე ნ---- მ---------ა საქართველოში არ ცხოვრობს, იგი 2017 წლის 1 ნოემბრის შემდეგ საქართველოში არ დაბრუნება, წასულია უცხოეთში. მისი არასრულწლოვანი შვილები მშობლების დაშორების შემდეგ რამდენიმე წელია ცხოვრობენ მამასთან ერთად. მოპასუხესთან ცხოვრობდა უფროსი შვილი ამინ ნ-------ი, რომელიც ამჟამად და-ძმებთან და მამასთან ცხოვრობს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის” მე-9 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინაღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზაღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით დადგენილია ბავშვის აღზრდის საკითხზე მშობლებს შორის წამოჭრილი დავის გადაწყვეტის ძირითადი პრინციპი, რომლის მიხედვით მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ის საკითხი, თუ რა არის ბავშვის ინტერესი, უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებების კონვენციის დებულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მიხედვით მშობელთან ბავშვის ურთიერთობის შესაძლებლობა არის არა მარტო მშობლის უფლება, არამედ ბავშვის უფლება, რადგან კონვენცია სახელწიფოს აკისრებს ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის უფლების განხორციელება, ჰქონდეს მშობელთან პირადი რეგულარული ურთიერთობები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელია მშობელთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობა.

 

მშობლების განქორწინება არის ისეთი ფაქტობრივი გარემოება, როცა აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ერთერთი მშობლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს ნიშნავს მშობლისათვის ბავშვის აღზრდის საკითხში მთავარი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რადგან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა გულისხმობს ბავშვის ერთერთ მშობელთან ცხოვრებას. შესაბამისად, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე წამოჭრილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, მოსარჩელეს აქვს თუ არა უნარი და შესაძლებლობა სათანადოდ იზრუნოს შვილის აღზრდაზე, მასთან ბავშვის გაზრდა შეესაბამება თუ არა ბავშვის ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, სასამართლოს მიერ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესად გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვების ინტერესები, უნდა გამოირკვეს თუ რომელ მშობელს შეუძლია უკეთ იზრუნოს შვილებზე და რომელ მშობელთან უკეთესი იქნება შვილების აღზრდა როგორც მორალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. გათვალისწინებული უნდა იქნას ბავშვის აზრი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 20-ე მუხლის თანახმად, 1. ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. 2. არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა –მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მიხედვით, ბავშვის ინტერესში იგულისხმება უპირველეს ყოვლისა მისთვის ოჯახური გარემოს შექმნა, მშობლიური სითბოსა და თანაგრძნობის გამოვლენა, მისი აღზრდა ჰუმანური და კეთილშობილური პრინციპებით. ოჯახური გარემოს შექმნა გულისხმობს მშობლებთან, ოჯახის სხვა წევრებთან პირადი ურთიერთობის შესაძლებლობას იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი ბავშვისგან განცალკევებით ცხოვრობენ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბავშვის ინტერესებს შეესაბამება, რომ მათ საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელე ხ--–--– ნ-------ის საცხოვრებელი ადგილი. ასმარ ნ-------ა, იუსიფ ნ-------ი და ლეილი ნ-------ა რამდენიმე წელია ცხოვრობენ მამასთან დედისგან მოშორებით. ამ პერიოდში მათი ინტერესების ხელყოფის ფაქტები არ გამოვლენილა, მათი უფლებები ოჯახში დაცულია, მამა და მისი ნათესავები მათზე მატერიალურად ზრუნავენ, ზრუნავენ ასევე მათი განათლების უფლებაზე, ბავშვები დადიან სკოლაში, კარგად სწავლობენ.

 

რაც შეეხება ამინ ნ-------ს, იგი მშობლების დაშორების შემდეგ ცხოვრობდა დედასთან, თუმცა ამჟამად ამის შესაძლებლობა მოსპობილია. ნ---- მ---------ა საქართველოში არ ცხოვრობს, იგი ხანგრძლივი დროით წასულია უცხოეთში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამინ ნ-------ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს მამის მოსარჩელე ხ--–--– ნ-------ის საცხოვრებელი ადგილი, რადგან ბავშვი და-ძმებთან ერთად და მამასთან ერთად იცხოვრებს, რითიც უზრუნველყოფილი იქნება მის ოჯახურ გარემოში აზრდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად. 3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად. 4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

 

ამ ნორმით გათვალისწინებულია მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა, რაც მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებითაა შესაძლებელია. კანონით გათვალისწინებულია მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლებისა და მოვალეობის შეზღუდვა, თუმცა ეს ნორმა არ განსაზღვრავს მშობლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს მშობლებსა და არასრულწლოვან შვილებს შორის ურთიერთობის იმ ზოგადი პრინციპის საფუძველზე, რაც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლით, რომლის თანახმად მშობლის უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგენს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია შვილების მიმართ მშობლების უფლება-მოვალეობების ზოგადი შინაარსი. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. 11. დაუშვებელია არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდისას მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ აღზრდის ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლებიც არასრულწლოვნის ფიზიკურ ან/და ფსიქიკურ ტანჯვას იწვევს. 2. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით განსაზღვრული არ არის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლები, თუმცა წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს ბავშვის სახელით ან მასთან დაკავშირებული სხვადასხვა იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებების შესრულებას. ამ ნორმის მე-3-6 პუნქტების მიხედვით, 3. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს შვილმა. 4. მშობლებს ევალებათ, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. 5. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. 6. მშობლები არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები არიან და განსაკუთრებულ რწმუნებულებათა გარეშე გამოდიან მათი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის, სასამართლოში.

 

ამდენად, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მოიცავს როგორც ქონებრივი, ისე არაქონებრივი უფლებამოსილებების ერთობლიობას. მშობლის წარმომადგენლობითი უფლებაა განკარგოს არასრულწლოვანი შვილის ქონება, შეიძინოს შვილის სასარგებლოდ ქონება, მიიღოს გადაწყვეტილება შვილის საცხოვრებელი ადგილის შესახებ, განათლების მიღების საკითხზე და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი დასათაურებულია, როგორც: „მშობელთა მოვალეობანი შვილების მიმართ“, ამ ნორმით პუნქტობრივად ცალ-ცალკეა მითითებული მშობლის უფლება-მოვალეობები შვილების მიმართ (პირველი-მე-5 ნაწილები) და მშობლის, როგორც შვილის წარმომადგენლის უფლებამოსილება (მე-6 ნაწილი).

 

ამდენად, სამოქალაქო კანონმდებლობა მიჯნავს ერთმანეთისაგან მშობლის უფლება-მოვალეობებს, რომელიც გულისხმობს ურთიერთობებს მშობელსა და შვილს შორის და მშობლის, როგორც კანონიერი წარმომადგენლის უფლებამოსილებას, რომლის ფუნქციაა, უზრუნველყოს არასრულწლოვანი პირის ინტერესები მესამე პირებთან ურთიერთობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეფასება სხვა მოვალეობათა ჯეროვნად შესრულების საკითხისგან განცალკევებულად ვერ მოხდება. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამდენად, 1198-ე მუხლი მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებასთან ერთად განსაზღვრავს, რომ მშობელი უფლებამოსილი და ვალდებულია აღზარდოს შვილები, იზრუნოს მათ განვითარებაზე ბავშვების ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. შესაბამისად, მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება თავის თავში მოიცავს ბავშვის აზრდის და მასზე ზრუნვის მოვალეობის ჯეროვანი შესრულების საკითხების კვლევას. თუმცა, მშობლის უფლება-მოვალეობის შეზღუდვა ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მშობელი ბოროტად იყენებს მის უფლებამოსილებას. მშობლის უფლების შეზღუდვა შეიძლება გამოწვეული იყოს ისეთი გარემოებითაც, როცა მშობელს არა აქვს შესაძლებლობა განახორციელოს შვილის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და `ბავშვთა უფლებების შესახებ” კონვენციის მიხედვით საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.

 

”ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 18-ე მუხლის თანახმად მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. კანონის ეს ნორმა მშობლებს ავალდებულებს ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან. შესაბამისად, შვილის აღზრდაში მონაწილეობა, მასთან ურთიერთობა არის არა მშობლის უფლება, არამედ მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულება. მშობლების ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს ბავშვის ამ უფლების რეალიზაცია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის მიხედვით მშობლებს თანაბრად აქვთ უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობლებს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

არასრულწლოვანს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების შესახებ, საცხოვრებელი ადგილის დამოუკიდებლად არჩევის, საგანმანათლებლო დაწესებულების შერჩევის და მისი აღზრდის სხვა საკითხებზე. მესამე პირებთან ურთიერთობაში ბავშვებს წარმოადგენენ მშობლები, რომლებიც შვილების სახელით გამოხატავენ ნებას ამა თუ იმ იურიდიული მოქმედებაზე, წყვეტენ ბავშვის აღზრდის დროს წამოჭრილ საკითხებს.

 

წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების დროს მშობელი შებოჭილია ვალდებულებით, დაიცვას თავისი არასრულწლოვანი შვილის უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს არა მარტო შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას, არამედ მისი აღზრდის ყველა ასპექტს. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან სამართლებრივი შინაარსით განსხვავდება მშობლის უფლება შვილის მიმართ და მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მესამე პირების მიმართ, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებისას მშობელი იმავდროულად ატარებს საკუთრივ მშობლის უფლება-მოვალეობებს შვილის მიმართ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებიდან ის უფლებები, რაც დაკავშირებულია არასრულწლოვანი შვილების საზღვარგარეთ წაყვანაზე თანხმობის განცხადების ნაწილში, რადგან საზღავრგარეთ წასვალ ბავშვების განათლების უფლებას უკავშირება, მათ საუკეთესო ინტერესს შეესაბამება განათლების მისაღებად საზღვარგარეთ დროებით წასვლა.

 

7. პროცესის ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საკითხი.

 

საქმეზე 2017 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით მიღებულია დროებითი განკარგულება, რომლითაც ამინა ნ-------ა აღსაზრდელად გადაეცა მოსარჩელე ხ--–--– ნ-------ს. ადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დროებითი განკარგულებით დადგენილი ღონისძიება უქმდება.

 

IV სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დაკმაყოფილდეს ხ--–--– ნ-------ის სარჩელი;

1.1. 2001 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ამინა ნ-------ას, 2002 წლის 02 სექტემბერს დაბადებული ასმარ ნ-------ას, 2006 წლის 26 ივნისს დაბადებული იუსიფ ნ-------ის და 2007 წლის 06 ივლისს დაბადებული ლეილი ნ-------ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მოსარჩელის ხ--–--– ნ-------ის საცხოვრებელი ადგილი.

 

1.2. ნ---- მ---------ას (აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის N------------------------------------; საქართველოს მოქალაქის პირადი N6---------- ვინაობა ნ---- მ--------ა) შეეზღუდოს შვილების 2001 წლის 18 ოქტომბერს დაბადებული ამინა ნ-------ას, 2002 წლის 02 სექტემბერს დაბადებული ასმარ ნ-------ას, 2006 წლის 26 ივნისს დაბადებული იუსიფ ნ-------ის და 2007 წლის 06 ივლისს დაბადებული ლეილი ნ-------ას მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემაზე თანხმობის და საზღვარგარეთ გამგზავრებაზე თანხმობის უფლებაში.

 

2. ნ---- მ---------ას დაეკისროს ხ--–--– ნ-------ისათვის 100 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი