გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 15.06.2018
საქმის ნომერი
820310018002266840
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
15.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002266840 (: 3-06/18 )

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე - ალ---–---------ძე

მოსარჩელის წარმომადგენელი - შო---------–-ძე

მოპასუხე - შუახევის მუნიციპალიტეტის მერია

მოპასუხის წარმომადგენელი - ჯი-–-------–-ძე

მესამე პირი- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისია.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან და ქმედების დავალდებულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად ცნოთ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებები და დავალდებულდეს კომისია აღძრას შუამდგომლობა აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. მა---–-----ებში მცხოვრები ალ---–---------აძის ეკომიგრანტთა ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვის თაობაზე.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

ალ---–---------ძის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. მა---–-----ებში, შუახევჰესის სათავე ნაგებობიდან 40-50 მეტრში. შუახევჰესის გვირაბის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფლის მცხოვრებთა საცხოვრებელ სახლებზე მოსალოდნელი რისკებისა და შესაძლო ზიანის ანაზღაურების მიზნით 2014 წლის 01 მაისს აჭარის არ მთავრობამ და შპს „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ სოფ. მა---–-----ების მოსახლეობასთან გააფორმა შეთანხმება იმაზე, რომ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისათვის წარმოებული სამუშაოების შედეგად მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანების შემთხვევაში მოხდებოდა შესაბამისი კომპენსაციის გაცემა ან/და განსახლება. კომისიურად საკითხის შესწავლის შედეგად სოფ. მა---–-----ების 23 ოჯახის საცხოვრებელი სახლი შეტანილი იქნა ქვათაცვენის ზონაში, 9 ოჯახი მეწყერ საშიშ ზონაში, 62 ოჯახის საცხოვრებელი სახლი დაექვემდებარა აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს. ალ---–---------ძის საცხოვრებელი სპეციალისტების დასკვნით მოხვდა ქვათაცვენის ზონაში, რის გამოც საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ალ---–---------ძის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა. აჭარის არ მთავრობის 2016 წლის 16 მარტს № 25 განკარგულებით დამტკიცებული „ემიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის“ თანახმად შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მერია) შუამდგომლობას აღძრავს აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სადაც საბოლოოდ მიიღება გადაწყვეტილება, საკითხთან დაკავშირებით. 2017 წლის მარტში სხვებთან ერთად ალ---–---------ძის ოჯახის საკითხიც გადაიგზავნა შუახევის მუნიციპალიტეტში და ეთხოვა შესაბამისი ქმედების განხორციელება. 2017 წლის 25 ოქტომბერს „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ“ ზეპირი მოსმენით განიხილა ალ---–---------ძის განაცხადი და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შუამდგომლობის გაწევაზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება მიღებული იქნა ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე ცალკეული გარემოებების არასწორად დადგენა-შეფასების შედეგად. კერძოდ, №8 საოქმო გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ თითქოს ალ---–---------ძეს 2017 წლის 7 ივლისამდე საკუთრებაში გააჩნდა ალტერნატიული საცხოვრებელი ბინა, რომელიც გამორიცხავს სოფ. მა---–-----ებში ქვათაცვენის ზონაში მოხვედრილი სახლის გამო შუამდგომლობის აღძვრას აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინაშე. საოქმო გადაწყვეტილება ალ---–---------ძეს გადაეგზავნა 2017 წლის 07 ნოემბერს წერილით №07/6238. ოქმში არ იყო მითითებული და განმარტებული გასაჩივრების წესი და ვადა. შემდგომში კომისიის №8 ოქმში ყოველგვარი მსჯელობისა და განხილვის შედეგად შეიცვალა ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ ა ალ---–---------აძეს ქ. ბათუმში ბარის ქუჩის I შესახვევში ბინა გააჩნდა არა 2017 წლის 7 ივლისამდე, არამედ 2016 წლის 7 ივლისამდე, რაც გაკეთდა არსებული წესების იგნორირებით.

2017 წლის 13 დეკემბერს ალ---–---------ძემ კვლავ მიმართა განცხადებით შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას გარემოებათა სრულფასოვანი გამოკვლევით განეხილა მისი საკითხი სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე.

2017 წლის 22 დეკემბერს „შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელმა ადგილობრივმა კომისიამ“ კვლავ განიხილა ალ---–---------აძის განცხადება და №10 საოქმო დადგენილებით კვლავ უარი უთხრა მას სამინისტროს წინაშე შუამდგომლობის აღძვრის თაობაზე. პარალელურად ალ---–---------აძეს წერილობით ჰქონდა მიმართული აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსადმი, რომ ჩართულიყო საქმის განხილვაში და გაეწია დახმარება კომისიისათვის გარემოებათა შესწავლისა და შეფასების საქმეში, რაც სამინისტროს მიერ არ შესრულებულა. კომისიამ თავისი განმეორებითი საოქმო გადაწყვეტილებაც დააფუძნა გამოუკვლევ და არასწორად შეფასებულ გარემოებებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა შესაგებელებითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებებით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და ითხოვს დაკმაყოფილებაზე უარის თქმას შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

მოპასუხის წარმომადგენელი სადავოდ ხდის რამდენად წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილებები და რა დააწესა, შეცვალა ან რით შეზღუდა ამ გადაწყვეტილებებმა ალ---–---------ძის უფლებები. ამასთანავე იმ შემთხვევაშიც კი თუ მიიჩნევა, რომ გასაჩივრებული საოქმო გადაწყვეტილებები წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტებს, მისი ბათილად ცნობის საფუძველი მაინც არ არსებობს, რადგან ის არ ეწინააღმდეგება აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულებით დამტკიცებულ ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესს, რომლის მეორე მუხლის თანახმად პროგრამით შეუძლია ისარგებლოს აჭარის ა.რ. საზღვრებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა ოჯახმა, ალ---–---------ძე კი მიუთითებს, რომ მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანება გამოწვეულია შპს ,,აწარისწყალი ჯორჯიას“ მიერ შუახევი ჰესის მშენებლობის გამო სოფელ მა---–-----ებში გვირაბის მშენებლობით.

მოპასუხის წარმომადგენელი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ასევე მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ალ---–---------ძე 1976 წლიდან ცხოვრობს ქ. ბათუმში და საკუთრებაში გააჩნია საცხოვრებელი ბინა, რომელიც 2016 წლის ივლისში გააჩუქა თავის შვილზე, რამდენადაც მას გააზრებული ჰქონდა, რომ ჩართულიყო სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების პროგრამაში. მას გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რაც მოქმედი წესის თანახმად, არ იძლეოდა შესაძლებლობას, მისთვის დახმარების გაწევის შესახებ.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

3.1. საქმეზე მესამე პირად იქნა ჩართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციართა შესარჩევი კომისია, რომელმაც სასამართლოში წარმოადგინა მოსაზრება, რომ ის არ წარმოადგენს მესამე პირს, რადგანაც სასამართლო გადაწყვეტილებას არ შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს სამთავრობო კომისიის უფლებებსა და მოვალეობაზე, დაზარალებული ოჯახების შესწავლასა და კრიტერიუმების შესაბამისობას ამოწმებენ მუნიციპალიტეტები, რის შემდგომაც აღიძრება შუამდგომლობა ან უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება დაინტერესებულ მხარეს, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს არასასურველი გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე ალ---–---------ძის ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მა---–-----ებში საკუთრებაში ორსართულიანი ნახევრადკაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია ქვათაცვენის ზონაში და საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ალ---–---------ძის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა -განმარტებები,- ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნები,- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საცხოვრებელი სახლის დაზიანების კატეგორიის შეფასების ფორმა.

 

4.1.2. ალ---–---------ძეს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება საცხოვრებელი ბინა , 85,10 კვ. მეტრი ფართით, მდებარე ქ. ბათუმი, ბ----------ა, შესახვევი 1, N12, რომელიც 2016 წლის 11 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით გაასხვისა თავის შვილზე მა-–------------ძეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ჩუქების ხელშეკრულება

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

4.1.3. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებებით არ დაკმაყოფილდა ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე ალ---–---------ძის განცხადებები იმ საფუძვლით, რომ ალ---–---------ძის ორივე შვილს ცალკ-ცალკე გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი. ასევე თვითონ ალ---–---------ძეს საკუთრებაში გააჩნია ქ. ბათუში, მწ---------–---ე მდებარე 859 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი .

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებები.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. მხარეთა შორის სადავო ალ---–---------ძის მიერ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის ფლობის საკითხი.

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ მას საკუთრებაში სხვა ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი არ გააჩნია, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული სახლი წარმოადგენს მის საკუთრებას. მართალია თვითონ ამჟამად ცხოვრობს ქ. ბათუმში, მაგრამ ეს გამოწვეულია მისი სამსახურით, ის ცხოვრობს შვილების კუთვნილ ბინაში, რომლებიც წარმოადგენენ ცალკე ოჯახს და არ შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართად.

 

მოპასუხის წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და აცხადებს, რომ ალ---–---------ძეს აქვს ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი. მის ორ შვილს საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი ბინები. ის 1976 წლიდან ცხოვრობს ქ.ბათუმში, მის სახელზე ირიცხებოდა ქ. ბათუმში, ბ----------ა, პირველი შესახვევი N12-ში მდებარე ბინა, თუმცა მან გააჩუქა თავის შვილზე იმ განზრახვით, რომ მიეღო სახელმწიფო დახმარება.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები ურთიერთსაწინააღმდეგოს ამტკიცებენ. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულების ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდეგ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის პოზიციას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის ფაქტი, რომ ალ---–---------ძის საცხოვრებელი სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად. რამდენად წარმოადგენს მისი შვილების საკუთრებაში საცხოვრებელი ფართის არსებობა მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს, არის სამართლებრივი შეფასების საკითხი, რაზეც მსჯელობა იქნება გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანება.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის შესახებ.

-აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულება.

- საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

- საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის სხდომის ოქმებით ალ---–---------ძის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება მაშინ შეიძლება მივიჩნიოთ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად, როდესაც ეს ქმედება ცალმხრივად განსაზღვრული სამართლებრივი შედეგისკენ არის მიმართული. სამართლებრივი მოწესრიგების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემით განხორციელებული ღონისძიება ადმინისტრაციული ორგანოს ნების შესაბამისად იქითკენ არის მიმართული, ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო ძალით უშუალოდ სამართლებრივი შედეგი წარმოშვას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შეეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებებს ალ---–---------ძის მიმართ სამართლებრივი შედეგი მოჰყვა, მისთვის დახმარების გაცემაზე, კერძოდ, საცხოვრებელი ფართის გამოყოფაზე უარის სახით.

 

ამდენად, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის დ პუნქტით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად უნდა იქნას განხილული და მისი კანონიერების საკითხი უნდა შეფასდეს როგორც ფორმალურ-სამართლებრივი, ისე, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით.

 

7.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანების თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილმა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისიამ, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხების რეგულირება, ამ ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით შექმნილმა კომისიამ. ამასთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შეიძლება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვროს დამატებითი პირობები და თუ ცალკეულ შემთხვევებში, ამ პირობების გამო, დაზარალებულთა დაკმაყოფილდება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მიერ ვერ განხორციელდება – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების საკითხი განიხილება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ

 

ამავე ბრძანების დანართი N1 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების (ეკომიგრანტების) განსახლების პროცედურის პირველი მუხლის თანახმად, ,,სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) და არ ექვემდებარება აღდგენას ან/და სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას მეწყერის, ღვარცოფის, კლდეზვავის, ქვათაცვენის, მდინარეების ნაპირების გარეცხვის, თოვლის ზვავის, ჯდენადი გრუნტის გამო, გარდა მიწისძვრისა და ვულკანისა."

 

7.3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 12 აპრილის N14 დადგენილებით განსაზღვრული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის მუშაობის წესისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრებში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენციის, დახმარების კრიტერიუმებისა და ზიანის აღმოფხვრის წესის მეორე მუხლით განსაზღვრულია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დიფერენცია, რომლის თანახმადაც,1. სტიქიით დაზარალებულ ოჯახებად მიიჩნევა ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად დაზარალებული ოჯახები (შემდგომში – დაზარალებული ოჯახი), შემდეგი დიფერენციით:

ა) სტიქიით დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად ჩაითვლება ოჯახი (შემდგომში – ეკომიგრანტი ოჯახი), რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარეების ან ზღვის ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) ან არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და ოჯახის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ ქონებას;

ბ) სტიქიით დაზარალებული არაეკომიგრანტი ოჯახი (შემდგომში – არაეკომიგრანტი ბენეფიციარი) – სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მიწისძვრა, ჭარბი ატმოსფერული ნალექი, წყალმოვარდნა, ძლიერი ქარი და ა. შ.) და შესაძლებელია სახლის ადგილზე აშენება/აღდგენა/რეაბილიტაცია.

2. სტიქიით დაზარალებული ოჯახი შედგება განცალკევებულ საცხოვრებელ ფართზე მუდმივად მცხოვრები ნათესაური ან არანათესაური კავშირის მქონე პირთა წრისაგან, რომლებიც ერთობლივად ეწევიან შინასამეურნეო საქმიანობას. ოჯახი შეიძლება იყოს ერთსულიანი.

 

აღნიშნული წესის მესამე მუხლის ,,ი" პუნქტის თანახმად, დაზარალებული – სტიქიით დაზარალებული ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლებამოსილება;

კ) I კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია ან დაზიანებულია (საცხოვრებლად უვარგისია) ნებისმიერი სტიქიური მოვლენით (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, ჯდენადი გრუნტი, თოვლის ზვავი და სხვა);

ლ) II კატეგორია – გადაადგილებას დაქვემდებარებული ეკომიგრანტი ოჯახი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა, მდინარის/ზღვის წლის მოქმედების შედეგად ნაპირების გარეცხვა, თოვლის ზვავი, ჯდენადი გრუნტი და სხვა) საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და მათ ქონებას;

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ალ---–---------ძის ოჯახს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ მა---–-----ებში საკუთრებაში აქვს ორსართულიანი ნახევრადკაპიტალური საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია ქვათაცვენის ზონაში და საჭიროებს სხვა უსაფრთხო, გეოლოგიურად მდგრად ადგილას გადატანას. სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას. საცხოვრებელი სახლის დაზიანების ხარისხი არის მეორე კატეგორიის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ საკითხის შესწავლის შედეგად ალ---–---------ძის ოჯახს მიეკუთვნა 14 სარეიტინგო ქულა.

დადგენილია, რომ ალ---–---------ძემ დახმარებისათვის განცხადებით მიმართა . შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიას, რომელმაც 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის №10 საოქმო გადაწყვეტილებებით უარი უთხრა ალ---–---------ძეს ,,ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებელით უზრუნველყოფის პროგრამაში“ ჩართვაზე შუამდგომლობის გაწევის თაობაზე. უარის თქმის მიზეზად დასახელდა ის გარემოება, რომ ალ---–---------ძის ორივე შვილს ცალკ-ცალკე გააჩნიათ საცხოვრებელი ფართი, ანუ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 16 მარტის N25 განკარგულები თ განსაზღვრული ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მეოთხე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, პროგრამაში ჩართვის მიზნით არ განიხილება დაზარალებული ოჯახების განცხადებები, რომლებსაც (,,ბ“ ქვეპუნქტი) 2017 წლის 1 იანვრიდან შუამდგომლობის აღძვრის დღემდე გააჩნიათ, გააჩნდათ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ალ---–---------ძის ოჯახს ( თვითონ ალ---–---------ძე და მეუღლე ჟუ–------------ძე) არ გააჩნია ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი, რადგანაც ქ. ბათუმში, ბ----------ა, პირველი შესახვევი N12_ში მდებარე საცხოვრებელი ბინა არის მისი შვილის მა-–------------ძის საკუთრება, რომელშიც ის ცხოვრობს თავის ცოლ-შვილთან ერთად, თუმცა კონკრეტული გარემოებების გამო, რომ ალ---–---------ძე მუშაობს ქ. ბათუმში და სხვა საცხოვრებელი არ აქვს, აღნიშნულ ბინაში დროებით ცხოვრობს ალ---–---------ძეც და მისი საცხოვრებელი არის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფ. მა---–-----ებში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად.

 

როგორც საქმის სასამართლო განხილვის შედეგად გამოირკვა, მოპასუხე მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ალ---–---------ძის სახლი დაზიანებულია სტიქიური მოვლენების შედეგად, ხოლო ალტერნატიული ფართის საკითხის გადაწყვეტისას კომისია დაეყრდნო დროებითი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეკომიგრანტი ოჯახის შესწავლის აქტს, რომლითაც დგინდება, რომ ქ. ბათუმში, ბ----------ა, პირველი შესახვევი N12_ში მდებარე ბინა ეკუთვნის მა-–------------ძეს, ბინა არის სამ ოთახიანი, ოჯახში ცხოვრობს ექვსი წევრი, მა-–------------ძე თავის ცოლ-შვილით და ალ---–---------ძე მეუღლესთან ერთად. რეესტრის მასალებით, აღნიშნული ბინა წარმოადგენდა ალ---–---------ძის საკუთრებას და ის ჩუქებით 2016 წლის 11 ივლისს გადასცა მა-–------------ძეს.

 

კომისია გადაწყვეტილების მიღებისას შემოიფარგლა ნორმატიული აქტის რეგულაციით ზემო დასახელებული ფორმალური გარემოების მითითებით, რომ არსებობდა ალტერნატიული ფართი, რაც გამორიცხავდა ალ---–---------ძისათვის დახმარების გაცემას და შინაარსობრივად არ გამოიკვლია და არ შეისწავლა, რეალური მოცემულობების პირობებში, როცა მსგავს პირობებში საცხოვრებელი სახლის დაზიანების სტიქიური მოვლენებით დაზიანების გამო სხვა პირების მიმართ გავრცელდა შეღავათები, შვილების საკუთრებაში საცხოვრებელი ბინების არსებობა წარმოადგენდა თუ არა მოთხოვნის დაკმაყოფილების დამაბრკოლებელ გარემოებას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ნორმატიული აქტით მოცემული დათქმა, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის არსებობასთან დაკავშირებით არ უნდა იქნას გაგებული სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რამდენადაც ის არ გულისხმობს ფართის მხოლოდ საჯარო რეესტრის მიხედვით საკუთრებაში რიცხულობას. ნორმა წაკითხულ უნდა იქნას სისტემურად, ტექსტის ლოგიკურ ჭრილში და განმარტებული უნდა იქნას ამ ნორმატიული აქტის მიზნებიდან გამომდინარე, რაშიც იგულისხმება იმ გარემოების გამოკვლევა და განსაზღვრა, დაზარალებულ ოჯახს გააჩნია თუ არა საცხოვრებლად სხვა, მისთვის განკუთვნილი ალტერნატიული ფართობი და დაზარალებული ოჯახი შეძლებს თუ არა, მასში ცხოვრებას, სტიქიის შედეგად საცხოვრებელი ფართის განადგურების შემდეგ.

 

7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

დასახელებული ნორმის ანალიზის საფუძველზე იმისათვის, რათა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება სწორედ ამ გარემოებათა შეფასების შედეგად.

 

7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორევ ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აქტის მომზადებისა და გამოცემის წესის აშკარა დარღვევად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ასეთი დარღვევის არ არსებობის შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კანონის აღიშნული ნორმით დადგენილი წესის გამოყენებით ბათილად უნდა იქნას ცნობილი შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის N10 საოქმო გადაწყვეტილებებები, ალ---–---------ძის ნაწილში და დაევალოს კომისიას ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ალ---–---------ძის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

8. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა;

39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, არაქონებრივ დავაზე ბაჟის ოდენობაა 100 ლარი.

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი, 100 ლარის ოდენობით წინასწარ არის გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა გადახდეს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი ბაჟის ნაწილი, 50 ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1.ალიოშა მახარძის სარჩელი დაკმაყოფილდეს, ნაწილობრივ:

 

2. ბათილად იქნას ცნობილი, შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივი კომისიის 2017 წლის 06 ნოემბრის №8 და 2017 წლის 22 დეკემბრის N10 საოქმო გადაწყვეტილებებები, ალ---–---------ძის ნაწილში.

 

3. შუახევის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი ადგილობრივ კომისიას დაევალოს, ამ გადაწყვეტილებაში მითითებული, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (გადაწყვეტილება), ალ---–---------ძის განცხადებაზე, ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამაში ჩართვასთან დაკავშირებით.

 

4. მოპასუხე მხარეს, შუახევის მუნიციპალიტეტის მერიას ალ---–---------ძის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ნაწილის 50 ლარის გადახდა.

 

5 ალ---–---------ძის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით მისი ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში /მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32/, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით /მისამართი: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი /.

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე