გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1535-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ივნისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გოჩა დიდავა
სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი
მოსარჩელე - გ--- ს---–-----–--ე;
წარმომადგენელი - ი-–-- ჯ----–--ე;
მოპასუხე - დ------ თ---–----ე;
წარმომადგენელი - ზ----- კ------–--ი;
დავის საგანი - თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს მოპასუხე დ------ თ---–----ეს მოსარჩელე გ--- ს---–-----–--ის სასარგებლოდ 4500 აშშ დოლარის გადახდა.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 12 აგვისტოს გ--- ს---–-----–--ესა და დ------ თ---–----ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს ერთი წლის ვადით გადასცა 4500 აშშ დოლარი. მიუხედავად შეთანხმებისა მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთხელ მიმართვის მიუხედავდა ვალი არ დააბრუნა, რის გამოც ითხოვს თანხის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ------ თ---–----ის წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 3000 დოლარის ფარგლებში. მისი განმარტებით აღნიშნული ხელშეკრულება იყო ფორმალური ხასიათის და მას თანხის გადახდა უნდა დაეწყო ერთი წლის შემდეგ 100-100 ლარობით.
მოპასუხის განმარტებით, სინამდვილეში მას თანხა არ უსესხებია მოსარჩელისგან, არამედ ამ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მისი შვილის ვალის გამო. სინამდვილეში კი მისმა შვილმა დ----- ნ--------ემ გადაწყვიტა საზღვარგარეთ წასვლა და დახმარება თხოვა მის მეგობარ გ--- ს---–-----–--ეს, რომელმაც 3700 აშშ დოლარად იპოთეკით დატვირთა მისი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. რუსთავში, საიდანაც 700 აშშ დოლარი დაუტოვეს იპოთეკარს. დ----- ნ--------ემ საზღვარგარეთ გამგზავრება ვეღარ შეძლო და ვერც თანხა გადაიხადა, რის გამოც გ--- ს---–-----–--ეს შეექმნა პრობლემა და დასახმარებლად მიმართა მისი მეგობრის დედას დ------ თ---–----ეს, რომელმაც გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, იმ პირობით რომ თანხის გადახდას დაიწყებდა ერთი წლის შემდეგ. ერთი წლის შემდეგ მოსარჩელემ მოაკითხა და მოთხოვა სასწრაფოდ 4500 აშშ დოლარის დაბრუნება. მოპასუხე დ------ თ---–----ემ ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერა, რომ მას შინაარსი არ წაუკითხავს, რადგან სიჩქარეში სათვალე დარჩა, რომლის გარეშე ვერ წაიკითხავდა. მოგვიანებით კი აღმოაჩინა, რომ ხელშეკრულებაში სესხის თანხა იყო 4500 აშშ დოლარი და როდესაც ამის შესახებ ჰკითხა გ--- ს---–-----–--ეს რატომ ეწერა ეს თანხა, მან აუხსნა, რომ სწორედ ამდენი გადაუხადა იპოთეკარს. მას ამ თანხის ერთიანად გადახდა არ შეუძლია, რადგან მეუღლე გარდაცვლილი ყავს, შვილი პატიმრობაში, თვითონ უმუშევარია და მეორე ჯგუფის ინვალიდია და უჭირს სიარული.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 12 აგვისტოს გ--- ს---–-----–--ესა და დ------ თ---–----ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს ერთი წლის ვადით გადასცა 4500 აშშ დოლარი. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა დ------ თ---–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისში წ-------–-ს ქუჩა N48-ში (ს/კ 0--------------.503).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2013 წლის 12 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 12-13);
3.1.2. დ------ თ---–----ე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და აწუხებს სხვადასხვა დაავადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა N145234 (ს.ფ. 33);
- ავადმყოფობის მოწმობა N42 (ს.ფ. 44);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, რათა დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის დავალიანება 2013 წლის 12 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის წინაშე შეადგენს 4500 აშშ დოლარს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ 2013 წლის 12 აგვისტოს გ--- ს---–-----–--ესა და დ------ თ---–----ეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და მის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ქ.ქუთაისში წ-------–-ს ქუჩა N48-ში მდებარე უძრავი ქონება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის არგუმენტაციას, რომ მოტყუებით იქნა დადებული ხელშეკრულება და რომ მას არ ჰქონდა სათვალე და ვერ წაიკითხა თუ რა თანხა ეწერა ხელშეკრულებაში, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, რაც დადასტურებულია ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერებით. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ საქმის მომზადების სტადიაზე წარმოდგენილი ვერ იქნა და მტკიცებულებათა წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობასაც ვერ ასაბუთებს მოპასუხე მხარე, ხოლო მოპასუხის მხოლოდ განმარტებას სასამართლოს სხდომაზე, სასამართლო ვერ მიიჩნევს მტკიცებულებად და სარჩელის საპირწონედ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით განსაზღვრულ წერილობით პასუხად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებელში მითითებული მოპასუხის პოზიცია ,,არ ვეთანხმები“, არ წარმოადგენს სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გამაბათილებელ გარემოებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად სარჩელზე მითითებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებებისა, მოპასუხეს კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენია, არ წარუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების საპირისპირო მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება მოპასუხეს ასევე არ განუხორციელებია საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე დ------ თ---–----ეს მოსარჩელე გ--- ს---–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 4500 აშშ დოლარის ანაზღაურება.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
_ საქართველოს კონსტიტუცია.
-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებებსაც აქვს ადგილი, მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა მოპასუხისათვის თანხის დაკისრების საფუძველს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფი-–-- უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გადასახდელი აქვს 4500 აშშ დოლარი. მიუხედავად ამისა ის თავს არიდებს მის გადახდას, რითაც არღვევს მის უფლებებს. სასამართლო განმარტავს, რომ თუ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გადასახდელი აქვს 4500 აშშ დოლარი, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს, მოპასუხისათვის თანხების დაკისრება.
6.3. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა თანხა. ასეთი ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა თანხის სესხად გაცემის საშუალება. მოპასუხეს სურვილი ჰქონდა თანხის სესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვი-–--. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის შედგა გარიგება. კერძოდ, დ------ თ---–----ეზე სესხად გაიცა 4500 აშშ დოლარი, ერთი წლის ვადით. დ------ თ---–----ემ იკისრა ვალდებულება სესხად მიღებული თანხა დაფაროს იმ ვადაში, რა ვადაზეც შეთანხმდნენ ხელშეკრულებით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სესხის სხვა არსებით საკითხებზე. პირობების შეთანხმების შემდეგ შედგა ხელშეკრულება, რომლითაც მხარეებმა დაადგინეს ურთიერთვალდებულებათა მოცულობა. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, დ------ თ---–----ისგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. სესხის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც სესხის გაცემის შემდეგ, გამსესხებელს აქვს მხოლოდ მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული. თავის მხრივ დ------ თ---–----ე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ თანხა დაებრუნებინა დათქმულ დროში. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკი-–--, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. მხარეები შეთანხმდნენ მასზედ, რომ დ------ თ---–----ე მიღებულ სესხს მოსარჩელეს დაუბრუნებდა ერთ წელში. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და არ გადაიხადა თანხა, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა და ამ ვადის დადგომის, ასევე სარჩელის აღძვრისა და საქმის განხილვის მომენტამდეც სესხად მიღებული თანხის არც გადასახდელი ნაწილი და არც სხვა ოდენობა მოსარჩელეს არ გადაუხადა.
სასამართლო განმარტავს, რომ დ------ თ---–----ეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, ანუ სესხის დაფარვის თანხა უნდა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. თავად მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობით და განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენი-–--, რომ მან ვალდებულება არ შეასრულა და სესხი არ დაფარა. ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება სესხის ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. მას გადასახდელი აქვს 4500 აშშ დოლარი. დასახელებული თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს სესხად მიღებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლით ,,ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას“. მოპასუხემ აღიარა, რომ მას მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს 3000 აშშ დოლარი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო 3000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში გადახდილი ბაჟიდან 211,31 ლარი, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანარჩენი სახელმწიფო ბაჟის - 105.66 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ--- ს---–-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე დ------ თ---–----ეს მოსარჩელე გ--- ს---–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს 4500 აშშ დოლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე დ------ თ---–----ეს მოსარჩელე გ--- ს---–-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 105,66 ლარის გადახდა.
1.3. დაუბრუნდეს მოსარჩელე გ--- ს---–-----–--ეს მის მიერ 2016 წლის 25 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 316.97 ლარიდან ნაწილი 211,31 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: გადამხდელის ბანკი სს ბანკი ,,რესპუბლიკა” კოდი REPLGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობი-–-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გოჩა დიდავა