გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2018
საქმის ნომერი
080210016001586022
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
23.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/2683-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 ივნისი, 2018 წელი ქუთაისი

 

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქეთევან კირიაკიდი

 

მოსარჩელე - სს „ვ------ ბ---- ჯ--------”;

წარმომადგენელი - ს--–---- ბ-----–--ე;

მოპასუხე - კ------- მ-------–-–---–ი;

მოპასუხე - ო----- ს----–---–ი;

წარმომადგენელი - დ----- დ---–--ე;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს კ------- მ-------–-–---–სა და ო----- ს----–---–ს მოსარჩელე სს ”ვ------ ბ---- ჯ--------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 19029,73 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით, მოხდეს კ------- მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ქუთაისი, თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3 (ს/კ 0-.0-.04.6--), იძულებითი რეალიზაცია.

 

1.3. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელე სს ,,ვ------ ბ---- ჯ--------”-ს მოთხოვნა, მოხდეს მოპასუხეების კ-------ი მ-------–-–---–ის და ო-----ი ს----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაცია.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 28 თებერვალს სს“ ვ------ ბანკ ჯ--------ს“ ქუთაისის ფილიალსა და ზ------ მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურების შესახებ, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით, 10 წლის დ-----. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 4795342106, რომლის საფუძველზედაც გაიცა კრედიტი 30 815 აშშ დოლარის ოდენობით, 1826 დღის ვადით, კრედიტის დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30 %.

 

ხელშეკრულების 3.8 პუნქტით გათვალისწინებული იქნა, რომ მსესხებელს კრედიტის დაფარვის ვადის დარღვევის შემთხვევაში დაერიცხებოდა ერთჯერადად 10 აშშ დოლარი, ასევე დამატებით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით.

 

საბანკო კრედიტი უზრუნველყოფილი იქნა იპოთეკით, კერძოდ, ნოტარიუს დ----- ხიმშიაშვილის მიერ 2008 წლის 29 თებერვალს დამოწმებული იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე სს „ვ------ ბანკ ჯ--------ს“ სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ზ------ მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, თბილისი ქ. მე-3 შეს. # 3 (ს.კ 0-.0-.04.6--), ამჟამინდელი მესაკუთრე კ------- მ-------–-–---–ი. გარდა იპოთეკის ხელშეკრულებისა, 2009 წლის 30 სექტემბერს სს“ ვ------ ბანკ ჯ--------ს“ და კ------- მ-------–-–---–სა და ო----- ს----–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბ----ს წინაშე იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ბ----ს მიმართ არსებული დავალიანების შესრულებისათვის. თავდები პირების მიერ ნაკისრი ვალდებულების ოდენობა განისაზღვრა 77062,83 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეთა მიერ ვალდებულება შესრულებულ იქნა ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მათ ბ----ს მიმართ ერიცხებათ დავალიანება 19029,73 აშშ დოლარი, საიდანაც ძირი თანხაა 19 029,73 აშშ დოლარი, ხოლო პროცენტი 0,00 აშშ დოლარი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევა მოხდა 2010 წლიდან და ბოლო შეტანა განხორციელდა 2011 წლის 30 მაისს, შესაბამისად გასულია მოთხოვნის 3 წლიანი ხანდაზმულობის ვადა და იგი არის ხანდაზმული, თუმცა 2018 წლის 06 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი 9601,28 ლარის ფარგლებში, მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც ხანდაზმული არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2008 წლის 28 თებერვალს სს „ვ------ ბანკ ჯ--------ს“ ქუთაისის ფილიალსა და ზ------ მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით - 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 4795342106, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 30 815.00 (ოცდაათი ათას რვაას თხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 1826 დღის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30%. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დაარღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებს მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა - 10 აშშ დოლარს დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-სარჩელი (ს/ფ 1-16)

- განერალური საკრედიტო ხელშეკრულება (ს/ფ 17-18)

- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს/ფ 21-22)

 

3.1.2. 2008 წლის 28 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა მსესხებელ ზ------ მ-------–-–---–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე, ქ. ქუთაისი თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3 ს/კ 0-.0-.04.6--.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- იპოთეკის ხელშეკრულება (ს/ფ 32-35)

 

3.1.3. 2009 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელე „სს ვ------ ბანკ ჯ--------სა“ და მოპასუხეებს ო----- ს----–---–ს და კ------- მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარულად იკისრეს პასუხისმგებლობა კრედიტორსა და ზ------ მ-------–-–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულებისათვის. თავდებთა პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრა 77 062.83 აშშ დოლარით;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

-თავდებობის ხელშეკრულებები (ს/ფ 28-31)

 

3.1.4 2010 წლის 18 აპრილს მსესხებელ ზ------ მ-------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3 ს/კ 0-.0-.04.6--, აღირიცხა თავდების - კ------- მ-------–-–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- შესაგებელი ს/ფ 55-63

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ 36-37)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1 დადგენილია, რომ მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხე კ------- მ-------–-–---–მა და ო----- ს----–---–მა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით მოსარჩელის მიმართ შეადგენს 19 029,73 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს/ფ1-16)

- გაფრთხილების წერილები (ს/ფ 38-45)

- გადახდების ისტორია (ს/ფ 25-27)

- ცნობები დავალიანების შესახებ (ს/ფ 95-96)

 

3.2.2. 2018 წლის 06 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა სარჩელი ცნო ნაწილობრივ 9601,28 აშშ დოლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში მიუთითა, რომ მოთხოვნა ხანდაზმულია. აღნიშნულის საფუძვლად განმარტა, რომ 2009 წლის 30 სექტემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სესხის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი, მოპასუხეთა მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევა მოხდა 2010 წელს, ხოლო 2011 წლის 30 მაისიდან სესხზე გადახდა არ განხორციელებულა. მოსარჩელის მხრიდან სასამართლოში სარჩელის წარდგენა მოხდა 2016 წლის 07 ნოემბერს, მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის დაცვით მოპასუხეთა წარმომადგენელი აღიარებს 2013 წლის 7 ნოემბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე მოსარჩელისათვის გადასახდელ თანხებს, რაც ჯამში შეადგენს 9601,28 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- 06.06.18 სასამართლოს მთავარი სხდომის ოქმი (ს/ფ 113-124)

- გადახდების ისტორია (ს/ფ 25-27)

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე {სსკ-ის 144.1-ე მუხლი}. სსკ-ის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მსესხებელს ბ----სათვის კრედიტის დაბრუნება არა ერთდროულად, არამედ ნაწილ-ნაწილ, წინასწარ შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით ევალებოდა {სსკ-ის 873-ე მუხლი}. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გამოთვლა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებისათვის დადგენილი განსხვავებული წესის მიხედვით უნდა მოხდეს. სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისათვის, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება. მოცემულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 1826 დღე, კერძოდ, 2009 წლის 30 სექტემბრიდან 2014 წლის 30 სექტემბრამდე, ბანკმა სარჩელი აღძრა 2016 წლის 7 ნოემბერს, ანუ საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების დასრულებიდან 2 წლისა და 1 თვის შემდეგ. შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყო ხელშეკრულების დასრულების თარიღიდან - 2014 წლის 30 სექტემბრიდან, გამომდინარე აქედან სასამართლო 2016 წლის 7 ნოემბერს წარდგენილ სარჩელს ხანდაზმულად არ მიიჩნევს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მსესხებლის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, დაეკისროს მოპასუხეებს კ------- მ-------–-–---–სა და და ო----- ს----–---–ს სოლიდარულად სს ”ვ------ ბ---- ჯ--------ს” სასარგებლოდ 19 029,73 აშშ დოლარის გადახდა. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული კ------- მ-------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე, ქ. ქუთაისი თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3 (ს/კ 0-.0-.04.6--) იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების ამოღება მოხდეს კ------- მ-------–-–---–ის და ო----- ს----–---–ის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონებიდან.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 623-ე, 361-ე, 873-ე, 891-ე, 463-ე, 465-ე, 286-ე, 301-ე, 302 მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან. იგი ეფუძნება საბანკო მომსახურების, საკრედიტო და იპოთეკურ ხელშეკრულებებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამ დებულების შინაარსიდან გამომდინარე საბანკო კრედიტი წარმოადგენს სასესხო ურთიერთობის ნაირსახეობას, ერთ-ერთ ფორმას. ამიტომ, ამ ურთიერთობის რეგულირებისას ასევე გამოიყენება სესხის ხელშეკრულების წესები იმ ფარგლებში, რაც არ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სესხი (საბანკო კრედიტი) არის სასყიდლიანი ურთიერთობა და გამსესხებლის უფლებას უპირისპირდება მოვალის ვალდებულება დააბრუნოს სესხის საგანი.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 28 თებერვალს სს „ვ------ ბანკ ჯირჯიას“ ქუთაისის ფილიალსა და ზ------ მ-------–-–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების გენერალური ხელშეკრულება, რომლითაც საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარით - 10 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 2009 წლის 30 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება # 4795342106, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 30 815.00 (ოცდაათი ათას რვაას თხუთმეტი) აშშ დოლარის ოდენობით, 1826 დღის ვადით, საპროცენტო განაკვეთი წლიური 30%. კრედიტის საბოლოო დაფარვის თარიღად განისაზღვრა 2014 წლის 30 სექტემბერი. ამავე ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი დაარღვევდა კრედიტის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ გადახდებს მსესხებელს დაერიცხებოდა ჯარიმა - 10 აშშ დოლარს დამატებული ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 1%-ის ოდენობით. 2010 წლის 18 აპრილს მსესხებელ ზ------ მ-------–-–---–ის გარდაცვალების შემდეგ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3, აღირიცხა თავდებ კ------- მ-------–-–---–ის სახელზე.

 

დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.

 

დადგენილია, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია თანხის გადახდის გრაფიკი, რაც აძლევს საფუძველს მოსარჩელეს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება;

 

დადგენილია, რომ მსესხებელს დარჩენილი აქვს გადასახდელად სესხის ძირი დავალიანება 19 029,73 აშშ დოლარის ოდენობით.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად“, ხოლო ამავე კოდექსის 895-ე მუხლით „თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.”

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეებმა ო----- ს----–---–მა და კ------- მ-------–-–---–მა იკისრეს თავდებობა და სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის ზ------ მ-------–-–---–ის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. საქმეში წარმოდგენილი ამონაწერის თანახმად, დგინდება, რომ მსესხებელ ზ------ მ-------–-–---–ის გარდაცვალების შემდგომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება აღირიცხა თავდები პირის - კ------- მ-------–-–---–ის სახელზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს, ხოლო 465-ე მუხლი ადგენს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ისე ნაწილობრივ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ო----- ს----–---–ი და კ------- მ-------–-–---–ი წარმოადგენენ რა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მხარეებს, რომელიც გაფორმებული იქნა სს ”ვ------ ბ---- ჯ--------სთან” - მსესხებლის მიერ შეუსრულებელ ვალდებულებებზე, შესაბამისად ისინი პასუხისმგებელი არიან მსესხებლის ვალდებულებებზე თანაბრად; მოსარჩელეს კი გააჩნია სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი მათაც წაუყენოს მოთხოვნა;

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით. ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მსესხებლის მიერ იპოთეკით უზრუნველყოფილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოითხოვოს უზრუნველყოფილი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით მოპასუხე კ------- მ-------–-–---–ის საკუთრებაში რიცხული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე ქ. ქუთაისი თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3 რეალიზაცია.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის 11 მუხლის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ მხარეები შეთანხმდნენ განსხვავებულ წესზე, რა დროსაც მოთხოვნა არ ჩაითვლება დაკმაყოფილებულად და კრედიტორი კვლავაც იქნება უფლებამოსილი, მოითხოვოს სხვაობა ამონაგებ თანხასა (საგნის ღირებულებასა) და მოთხოვნის ოდენობას შორის, მოვალის სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეები შეთანხმდნენ სწორედ ასეთ განსხვავებულ წესზე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში დავალიანების თანხის გადახდევინების მიქცევა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ან ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე იპოთეკით დატვირთულია კ------- მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ქუთაისი, თ---–---- ქ. მე-3 შეს. # 3. (ს/კ 0-.0-.04.6--). ვინაიდან მოსარჩელე აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვს თანხის დაკისრებას მოპასუხეებზე, ამიტომ სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ უნდა იქნეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების აღსრულების წესი და მოპასუხეებზე დაკისრებული თანხის ამოღება უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, მაშინ აღსრულება უნდა მიექცეს მსესხებლის სხვა ქონების ხარჯზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 1351,52 ლარის ოდენობით. მოპასუხეთა წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო 9601,28 აშშ დოლარის ნაწილში, რის გამოც მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში გადახდილი ბაჟიდან 681,90 ლარი, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დანარჩენი სახელმწიფო ბაჟის - 669,62 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ვ------ ბ---- ჯ--------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხეებს კ-------ი მ-------–-–---–ს და ო-----ი ს----–---–ს მოსარჩელე სს ,,ვ------ ბ---- ჯ--------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 19029,73 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. მოხდეს იპოთეკით დატვირთული კ-------ი მ-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.ქუთაისი, თ---–---- ქუჩა მე-3 შეს. N3-ში (ს/კ 0-.0-.04.6--), იძულებითი რეალიზაცია.

1.3. იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფილი ქონების რეალიზაციის გზით სრულად არ დაკმაყოფილდება მოსარჩელე სს ,,ვ------ ბ---- ჯ--------”-ს მოთხოვნა, მოხდეს

მოპასუხეების კ-------ი მ-------–-–---–ის და ო-----ი ს----–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების რეალიზაცია.

1.4. მოპასუხეებს კ-------ი მ-------–-–---–ს და ო-----ი ს----–---–ს მოსარჩელე სს ,,ვ------ ბ---- ჯ--------”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 669,62 ლარის გადახდა.

1.5. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,ვ------ ბ---- ჯ--------”-ს მის მიერ 2016 წლის 21 ოქტომბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1351,52 ლარიდან ნაწილი 681,90 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: გადამხდელის ბ---- სს ვ------ ბ---- ჯ--------” კოდი UGEBGE22, სახელმწიფო ხაზინა ბ----ს კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300183150.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა