გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 240210116001409790
(2/248-16)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23.07.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტუ---ა
მოსარჩელე - შპს ,,A---------” (დირექტორი და---- ბუ--ე)
წარმომადგენელი - ნ---- ყა---–-–---–ი, ალ---------ე იო---–---ი, ნა---- წკ---–--ე
მოპასუხე - შპს ,,მა-------–---–--–--ი“ (დირექტორი ლ-–- ნა-----ა)
წარმომადგენელი-მზ------- ან----ი, ქე------ ეს----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე შპს ,,A---------” -ს სასარგებლოდ, მოპასუხე -შპს „მა-------–---–--–--ი“-სათვის 610 972 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,A---------” 2010 წლის 07 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 იანვრამდე პერიოდში, მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე სესხის სახით პერიოდულად უ---ცხავდა თანხებს შპს ,,მა-------–---–--–--ს“, რომელიც მდებარეობს მა-------–ის რაიონის, სოფელ ტა-–---ში. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს თანხების გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი-საბანკო ამონაწერები, სადაც მითითებულია შპს ,,A---------”-ს მიერ შპს ,,მა-------–---–--–--ისთვის“ გადარიცხული თანხის ოდენობა, გადარიცხვის პერიოდულობა და თანხის დანიშნულება. გადარიცხული თანხების საერთო ოდენობა შეადგენს 610 972 აშშ დოლარს. მოსარჩელის განმარტებით, სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. მიუხედავად მოსარჩელის წერილობითი სახით მოთხოვნისა, მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება დღემდე შეუსრულებელია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. დაადასტურა შპს ,,A---------”-ს მხრიდან შპს ,,მა-------–---–--–--ის“ საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დროს თანხის, ჯამში 610 972 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა აღნიშნა, რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა შპს ,,A---------”-ს საკუთრებას, იგი სესხის სახით არ ჩარიცხულა და არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას.
მოპასუხის განმარტებით, აღნიშნული თანხა ეკუთვნოდა სხვა, ამჟამად გარდაცვლილ პირს -ნა---–- ჯა--–--ს, რომელიც რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დაგროვილ თანხას რიცხავდა და---- ბუ--ის (შპს ,,A---------”-ს დირექტორის) კონტროლირებად კომპანიებში და მისი მეშვეობით ახდენდა თანხის საქართველოში შემოტანას.
მოპასუხის განმარტებით, შპს ,,A---------”-ს მიერ შპს ,,მა-------–---–--–--ისთვის“ სადავო თანხის ჩარიცხვაც წარმოადგენდა ამ სქემის ნაწილს და იგი უნდა მიმართულიყო შპს ,,მა-------–---–--–--ის“ ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველსაყოფად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოპასუხე შპს „მა-------–---–--–--ი“ (ს/კ4--------) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მარტიდან და საწარმოს მესაკუთრეები 25-25% წილის უფლებით არიან ავ--------– ჯა--–-- და და---- ბუ--ე, ხოლო 50%-ის მესაკუთრეა იუ--- წუ-–---. საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინერალუ--- (გაზიანი და უგაზო) წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია. შპს „მა-------–---–--–--ი“-ს (ს/კ4--------) საკუთრებაში 06.04 2011 წ-დან აღრიცხულია მა-------–ის რაიონის სოფელ ტა-–---ში მდებარე 7499.00 კვ/მ მიწის ნაკვეთი (ს/კ 4--2--3--0--); საწარმოს დირექტორია-ლ-–- ნა-----ა.
3.1.2.მოსარჩელე შპს ,,A---------” (კომპანია N6------) კომპანიების კანონის 1985 საფუძველზე 2008 წლის 8 ივლისს ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიად და რეგისტრირებულია ინგლისისა და უელსის კომპანიების რეგისტრაციის ბიუროში. კომპანიის დირექტორი და კომპანიის აქციონერია და---- ბუ--ე. კომპანიის იურიდიული მისამართია - დი------------------------------–----------–-----------------------–-------------–--------------------------------------------------------–ი.
3.1.3. შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ს“ 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 ივნისამდე, სხვადასხვა დროს, პერიოდულად, ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, რამაც ჯამში-610 972 აშშ დოლარი შეადგინა. საბანკო დოკუმენტაციების მიხედვით თანხა ყველა შემთხვევაში ჩარიცხულია სესხის დანიშნულებით.
3.1.4. შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის პერიოდულად, ჩარიცხული თანხა (ჯამში-610 972 აშშ დოლარი) იმავე დანიშნულებით მიღებულია შპს “მა-------–---–--–--ი“-ს მიერ, თუმცა შპს “მა-------–---–--–--ი“-ს საბუღალტრო დოკუმენტაციაში ეს თანხა არც ერთხელ არ აღრიცხულა სესხის სახით. ასევე შპს “მა-------–---–--–--ი“-ს მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციებში აღნიშნული თანხა ხარჯის სახით არ ასახულა.
3.1.5.2016 წლის 16 თებერვალს შპს ,,A---------”-ს დირექტორმა და---- ბუ--ემ წერილით მიმართა შპს ,,მა-------–---–--–--ს“ და მოითხოვა სესხის - 757,486 .00 აშშ დოლარისა და პროცენტის - 363.897.00 აშშ დოლარის გადახდა.
3.1.6. შპს ,,A---------” -სათვის თანხა უკან დაბრუნებული არ არის.
აღნიშნული გარემოებები დგინდება შემდეგ მტკიცებულებებით:
-მხარეთა განმარტებები;
-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული) პირების რეესტრიდან (24.07.2015 წ)
-დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს იურიდიულ პირთა სახელმწიფო რეგისტრაციის სამმართველოს ამონაწერი (2--11.2015 წ);
- შპს ,,A---------” -სა და შპს “მა-------–---–--–--ი“-ს საბანკო ამონაწერები
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული თანხის ჯამში-610 972 აშშ დოლარის ნა---–- ჯა--–--სადმი კუთვნილების ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა. სასამართლო სხდომაზე დადასტურდა შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული თანხის, ჯამში-610 972 აშშ დოლარის სესხად გაცემის ფაქტი.
აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან, შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
მოცემულ საქმეზე, მხარეებს შორის სადავო არაა შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის 2010-2013 წლებში, სხვადასხვა დროს, პერიოდულად, ჯამში -610 972 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი. სადავოა გადარიცხული თანხის მიზნობრიობა /დანიშნულება/. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ განუსაზღვრელი ვადით გასცა სესხი, რომელიც მოთხოვნისთანავე ექვემდებარება უკან დაბრუნებას, ხოლო მოპასუხე თვლის, რომ თანხა სესხის დანიშნულებით არ ჩარიცხულა, თანხის მესაკუთრეა არა შპს ,,A---------”, არამედ ამჟამად გარდაცვლილი ფიზიკური პირი -ნა---–- ჯა--–--, რომელიც ფინანსურ დახმარებას უწევდა შპს „მა-------–---–--–--ს“ და რომელმაც სადავო თანხა შპს ,,A---------”-ს მეშვეობით ჩაურიცხა შპს „მა-------–---–--–--ს“ ამ უკანასკნელის განვითარებისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მხარეთა ამ ურთიერთსაპირისპირო და ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების გათვალისწინებით, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სწორედ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ჩარიცხული თანხის დანიშნულების საკითხის გარკვევა, რაც უნდა განხორციელდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადასტურებლად, კერძოდ დასადასტურებლად იმისა, რომ შპს ,,A---------”-მ 610 972 აშშ დოლარი ასესხა შპს „მა-------–---–--–--ს“, წარმოადგინა საბანკო ამონაწერები, საიდანაც დგინდება, რომ შპს ,,A---------”-მ 2010-2013 წლებში, სხვადასხვა პერიოდულობით, შპს „მა-------–---–--–--ს“ სესხის სახით გადაურიცხა ჯამში 610 972 აშშ დოლარი.
ამის საპირისპიროდ, მოპასუხემ თავისი პოზიციის-რომ შპს ,,A---------”-ს მიერ ჩარიცხული
თანხა, მიუხედავად საბანკო დოკუმენტაციაში ასახული დანიშნულებისა, არ იყო გაცემული სესხად და ეკუთვნოდა არა შპს ,,A---------”-ს, არამედ ნა---–- ჯა--–--ს, დასადასტურებლად წარმოადგინა მოწმეები მა--- ჯა--–--, აკ--- თო-----, მუ------- აფ–--–--ა და მე----ე პე----- (პა---- ცა---), ასევე, წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა ერთიანობაში შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მტკიცებულებებს. შპს “მა-------–---–--–--მა“ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა სადავო თანხის ფიზიკური პირის ნა---–- ჯა--–--სადმი კუთვნილების ფაქტს და გამორიცხავდა მხარეებს - იურიდიულ პირებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. კერძოდ:
მოწმეებმა მა--- ჯა--–--მ (ნა---–- ჯა--–--ს შვილი) და მე----ე პე-----მ (პა---- ცა---) კატეგორიულად უარყვეს შპს „მა-------–---–--–--ის“ მიერ სესხის აღების ფაქტი, აღნიშნეს, რომ მიუხედავად საწარმოს სარეგისტრაციო დოკუმენტაციაში განსხვავებულად ფიქსაციისა, შპს „მა-------–---–--–--ი” დაფუძნებულია ნა---–- ჯა--–--ს მიერ, მისი ინიციატივითა და მისივე სახსრებით. განმარტეს, რომ ნა---–- ჯა--–-- ფინანსურად იმდენად იყო უზრუნველყოფილი, რომ მას შპს „მა-------–---–--–--ი”-ს დასაფინანსებლად არ ჭირდებოდა სესხის აღება. აღნიშნეს, რომ ნა---–- ჯა--–-- ენდობოდა და---- ბუ--ეს, როგორც კარგ ფინანსისტსა და ბიზნესმენს და მისი მეშვეობით ახდენდა რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დაგროვებული თანხის საქართველოში შემოტანას. მოწმეების განმარტებით, ნა---–- ჯა--–-- თანხებს რიცხავდა ოფშორულ კომპანიებში, რომელსაც და---- ბუ--ე ნა---–- ჯა--–--სთან შეთანხმებით განკარგავდა. მათ შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ნა---–- ჯა--–--მ დაადგინა და---- ბუ--ის მხრიდან მისი კუთვნილი თანხების არამიზნობრივი ხარჯვისა და ფინანსური დანაკლისის ფაქტი. მე----ე პე-----ს განმარტებით, ის ცდილობდა დახმარებოდა მხარეებს ფინანსური დავის მოგვარებაში და ამ მიზნით ნა---–- ჯა--–--ს თხოვნით, არაერთხელ შეხვედრია და---- ბუ--ეს (სხდომის ოქმი 11.05.2018 წ;26.06.2018წ);
მოწმეებმა აკ--- თო-----მ (შპს „მა-------–---–--–--ის“ ყოფილი დირექტორი) და მუ------- აფ–--–--ამ (შპს „მა-------–---–--–--ის“ ყოფილი ბუღალტერი) იგივე გარემოებებზე მიუთითეს და დამატებით აღნიშნეს, რომ შპს „მა-------–---–--–--ის“ დაარსების შემდეგ, კომპანიაში ფინანსური საჭიროების არსებობის შემთხვევაში ისინი უკავშირდებოდნენ ნა---–- ჯა--–--ს და შესრულებული სამუშაოს შესახებაც მას აწვდიდნენ ინფორმაციას. მოწმეთა განმარტებით, შპს „მა-------–---–--–--ს“ შპს ,,A---------”-სთან სესხის ხელშეკრულება არ დაუდვია და არც შპს ,,A---------”-ს მიერ ჩარიცხული თანხები საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში სესხის სახით და არც დეკლარაციაში ხარჯის სახით არ ასახულა (სხდომის ოქმი-11.05.2018 წ).
მოპასუხის მიერ თავისი პოზიციის საფუძვლიანობის დასადასტურებლად ასევე წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ, სასარჩელო წარმოების მასალები, საიდანაც დგინდება ნა---–- ჯა--–--ს, ხოლო შემდგომ მის მემკვიდრეს-მა--- ჯა--–--სა და და---- ბუ--ეს შორის, ასევე სხვადასხვა კომპანიებს შორის, რომლებთანაც დაკავშირებული არიან ეს პირები, ფინანსური დავების არსებობისა და თანხის ურთიერთმოთხოვნის ფაქტები, ასევე წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები სხვადასხვა დანიშნულებით თანხების ჩარიცხვის შესახებ, ცნობა და დეკლარაციები შპს “მა-------–---–--–--ის“ ფინანსური ვალდებულების არარსებობის შესახებ.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ ასაბუთებს სადავო გარემოებას - შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული თანხის ნა---–- ჯა--–--სადმი კუთვნილების ფაქტს, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მტკიცებულებებს და ვერ გამორიცხავს მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სადავო გარემოების დადასტურება სათანადო მტკიცებულების წარდგენით ვერ უზრუნველყო, ხოლო მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია სადავო გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს მხარემ სასამართლოს თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით. ასეთია მტკიცებულებათა დასაშვებობის პროცესუალური პრინციპი, მაგრამ ამ ზოგადი წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომლის მიხედვითაც საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით (სს კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილი). მითითებული ნორმით დადგენილია მხარეთა ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებით, რომელთა მოპოვება ობიექტურად შესაძლებელია, უზრუნველყონ მათ მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარე (მათ შორის მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მოწმეები) ურთიერთობის ისეთ ფორმაზე და ისეთ სახეზე მიუთითებს, რომლის დადასტურება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია. სასამართლო აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში, რომელიც მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს.
მოპასუხის მიერ მითითებული, საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების, სადავო თანხის ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილების შესახებ, დადასტურება მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია. იმ ვითარებაში, როცა ერთი იურიდიული პირი გარკვეული ოდენობის თანხას შესაბამისი პროცედურების დაცვით, კონკრეტული დანიშნულებით ურიცხავს მეორე იურიდიულ პირს, ასეთ ვითარებაში, დადასტურება იმისა, რომ ეს თანხა არ არის ამ იურიდიული პირის საკუთრება და ეკუთვნის სხვა, ფიზიკურ პირს, მოითხოვს სათანადო მტკიცებულებების წარდგენას, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.
შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის გადარიცხული თანხის ნა---–- ჯა--–--სადმი კუთვნილების ფაქტი სულ მცირე, შეიძლება დადასტურდეს ნა---–- ჯა--–--ს მიერ შპს ,,A---------”-სათვის თანხის ჩარიცხვის საბანკო დოკუმენტაციით (ამონაწერებით), რომლის მოპოვება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნა---–- ჯა--–--ს მემკვიდრის, მოწმის, მა--- ჯა--–--ს მეშვეობით, რომელიც თავადაც არის დაინტერესებული საქმის შედეგით, ობიექტურად შესაძლებელი იყო, თუმცა წარმოდგენილი არ ყოფილა.
კომპანიაში თანხის ჩარიცხვის დადასტურება შესაძლებელია ასევე, ამავე კომპანიის საბუღალტრო დოკუმენტაციითაც, რომელიც ასეთის არსებობის შემთხვევაში, კომპანიას უნდა გააჩნდეს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმასაც, რომ კომპანიას აქვს უფლება თავი აარიდოს მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ ინფორმაციის გაცემას, თუმცა ასეთ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობა ადგენს მტკიცებულებათა გამოთხოვის ინსტიტუტს და 136-ე მუხლის მესამე ნაწილი განმარტავს, რომ თუ წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე არასაპატიო მიზეზით უარს ამბობს ერთ-ერთი მხარე, რომელიც არ უარყოფს, რომ მტკიცებულება მის ხელთაა, სასამართლოს შეუძლია მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ შუამდგომლობის აღმძვრელი პირი გაათავისუფლოს იმ ფაქტის მტკიცების ტვირთისაგან, რომელიც ამ მტკიცებულებით უნდა დაედასტურებინა და ასეთი ტვირთი გადააკისროს მხარეს, რომელიც უარს ამბობს წერილობითი მტკიცებულების წარდგენაზე. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ასევე, ამ ტიპის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობაც (სსს კოდექსის 404.2. მ.).
მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ნა---–- ჯა--–--ს მიერ შპს ,,A---------”-სათვის თანხის ჩარიცხვის ფაქტს, ასევე, მტკიცებულება, რომ მოპასუხე შეეცადა კომპანიიდან ამ ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ ვერ შეძლო. მოპასუხეს არც სასამართლოსთვის უთხოვია ამ მტკიცებულების, რომლის წარმოუდგენლობაც სასამართლოს მიცემდა ამ გარემოების მტკიცების მოსარჩელისათვის გადაკისრების შესაძლებლობას, გამოთხოვის შესახებ.
თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით მოპასუხის პოზიციის მართებულობის შესამოწმებლად, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნა---–- ჯა--–-- მის კუთვნილ თანხებს, ნდობის საფუძველზე, ურიცხავდა რა, და---- ბუ--ეს, ხოლო ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო განეკარგა ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილი თანხები, თუმცა ასეთი უფლებამოსილების მინიჭებაც, ურთიერთობაში ნდობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებითაც, სათანადო მტკიცებულებას (მაგ. დავალების, მინდობილობის) მოითხოვს.
მოპასუხე მხარე სადავო თანხის, ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილების ფაქტის დასადასტურებლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ შპს „მა-------–---–--–--ი“ დაფუძნებულია ნა---–- ჯა--–--ს მიერ, მისი ინიციატივითა და მისივე სახსრებით, თუმცა ამ გარემოების დადასტურებასაც მოწმეთა ჩვენებებით ცდილობს. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით კი, სხვა ფაქტობრივი გარემოება დასტურდება. კერძოდ, ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, დამფუძნებელთა კრების ოქმითა და წილის დათმობის შესახებ შეთანხმების მიხედვით, შპს „მა-------–---–--–--ი“ (ს/კ4--------) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 2010 წლის 10 მარტიდან და მისი დამფუძნებელი პარტნიორები, საწარმოს შექმნის დროს 50%-50% წილობრივი მონაწილეობის უფლებით, იყვნენ და---- ბუ--ე და იუ--- წუ-–---, ხოლო და---- ბუ--ის მიერ 25% წილის დათმობის შემდეგ საწარმოს მესაკუთრეები 25-25% წილის უფლებით გახდნენ ავ--------– ჯა--–-- და და---- ბუ--ე, ხოლო 50%-ის მესაკუთრედ დარჩა იუ--- წუ-–---.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია (მე-4- 7-ე მ.) და ამ მონაცემებისაგან განსხვავებული გარემოებების დადგენა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით შეუძლებელია.
მოპასუხის მიერ ასევე, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულებები, რომლის მეშვეობითაც მოპასუხე ცდილობს თავისი პოზიციის საფუძვლიანობის დადასტურებას, თუმცა არც ერთი მათგანი, არც ერთობლიობაში და არც ცალ-ცალკე, არ ასაბუთებს შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული თანხის ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილების ფაქტს. წერილობითი მტკიცებულებები მიუთითებენ ნა---–- ჯა--–--ს, ხოლო შემდგომ მის მემკვიდრეს-მა--- ჯა--–--სა და და---- ბუ--ეს, ასევე სხვადასხვა კომპანიებს შორის, რომლებთანაც დაკავშირებული არიან ეს პირები, ფინანსური დავების არსებობასა და დიდი ოდენობით თანხის ურთიერთმოთხოვნაზე, მაგრამ არ უკავშირდება მოცემულ საქმეს და არ შეიცავს ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მოპასუხის განმარტებით, მითითებული წერილობითი მტკიცებულებები მის მიერ წარმოდგენილია იმ მიზნით, რომ სასამართლოს შეექმნას შინაგანი რწმენა მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობაზე და დარწმუნდეს მისი (მოპასუხის) პოზიციის მართებულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია, სასამართლო თავისუფალია მტკიცებულებათა შეფასების პროცესში და შეუძლია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოების შინაგან რწმენაზე დაყრდნობით დადგენა, მაგრამ აღნიშნული არ გულისხმობს გადაწყვეტილების ვარაუდზე დაყრდნობის შესაძლებლობას.
მოპასუხის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ნა---–- ჯა--–-- და და---- ბუ--ე (შპს ,A---------”-ს დირექტორი) იყვნენ ბიზნესპარტნიორები, რომელთაც ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ გარკვეული ფინანსური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულებაზე დავა ურთიერთშორის (ნა---–- ჯა--–--ს მემკვიდრის მეშვეობით), გრძელდება დღემდე, სხვა მტკიცებულებებთან (მოწმეთა ჩვენებებთან), ერთობლიობაში შეფასებითაც, სასამართლოს არ აძლევს იმის მტკიცების საფუძველს, შპს ,,A---------”-ს მიერ შპს „მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული სადავო თანხა იყო ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილი.
სადავო თანხის ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილებას არ ადასტურებს ასევე, მოწმეთა (აკ--- თო----- და მუ------- აფ–--–--ა), მითითება იმ გარემოებაზე, რომ შპს „მა-------–---–--–--ში“ ფინანსუ--- საჭიროების შემთხვევაში უკავშირდებოდნენ ნა---–- ჯა--–--ს და გაწეული ხარჯებისა და შესრულებული სამუშაოს შესახებაც მას აწვდიდნენ ინფორმაციას, ვინაიდან მათივე ჩვენებით, იგივე სახის ინფორმაციას აწვდიდნენ ამავე საწარმოს დამფუძნებელს და კაპიტალის 25%წილის მფლობელს, და---- ბუ--ეს.
მნიშვნელოვანია მოწმეთა, რომლებიც კატეგორიულად ადასტურებენ სადავო თანხის ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილებას, ჩვენებების შეფასება იმ თვალსაზრისითაც, რომ ისინი არიან არა პირდაპირი (თვითმხილველი ან უშუალოდ ფაქტის დამსწრე) მოწმეები, არამედ მოწმეები, რომლებსაც მათივე განმარტებით, ეს ინფორმაცია ნა---–- ჯა--–--სგან აქვთ (ირიბი მოწმეები).
გარდა იმისა, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება ვერ ჩაითვლება იმ შესაბამის და უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადავო ფაქტობრივი გარემოების (თანხის კუთვნილების) დადგენილად მიჩნევის შესაძლებლობას მისცემს სასამართლოს, მოწმეების მიერ თანხის კუთვნილების შესახებ ინფორმაციის მიღება ამავე თანხის სავარაუდო მესაკუთრისგან და სასამართლოს მიერ მისი უპირობოდ გაზიარება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს. სასამართლო კი, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტი, ვალდებულია დაიცვას ეს პრინციპები, რათა საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას.
თანხის კუთვნილებასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რომლის მიხედვით, თუ თანხა ჩარიცხულია ნაღდი ანგარიშსწორებით და შემოსავლის ორდერში შემტან პირად დაფიქსირებულია მოსარჩელე -ამოქმედება პრეზუმფცია სადავო თანხის კუთვნილების შესახებ მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეზეა (საქმე N184-171-2015).
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, მისი წილი მტკიცების ფარგლებში, ვერ უზრუნველყო მოსარჩელის სასარგებლოდ მოქმედი პრეზუმფციის გაქარწყლება, ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა შპს ,,A---------”-ს საკუთრების უფლებას სადავო თანხაზე.
ამდენად, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო სხდომაზე არ დადასტურდა შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული თანხის ჯამში-610 972 აშშ დოლარის ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილების ფაქტი.
რაც შეეხება თანხის მიზნობრიობას, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჩარიცხული თანხის, ჯამში-610 972 აშშ დოლარის სესხის დანიშნულებით გაცემის ფაქტი სასამართლო სხდომაზე დადასტურდა.
ამ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე სესხად გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, ხოლო მხარეებს შორის სადავოა თანხის მიზნობრიობა, ანუ სასესხო ურთიერთობის არსებობა.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როცა სადავო არაა მოსარჩელის მიერ თანხის ჩარიცხვის, ხოლო მოპასუხის მიერ თანხის მიღების ფაქტი, (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში), ჩარიცხული თანხის მიზნობრიობის მტკიცების ტვირთი, მოსარჩელის ვალდებულებაა. მოსარჩელეა ვალდებული, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს, რომ თანხა გასცა სესხის დანიშნულებით. მტკიცების სტანდარტის ამგვარად განაწილება გამომდინარეობს, როგორც საპროცესო (სს კოდექსის 102-ე მუხლი), ისე სასესხო ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან (სს კოდექსის 623-625-ე მუხლები). სწორედ მოსარჩელე, რომელიც პრეტენზიას აცხადებს მოპასუხესთან სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების პირობებში) არსებობაზე, ვალდებულია მიუთითოს (მტკიცების საგანი) და წარმოადგინოს ამ ურთიერთობის სესხად კვალიფიკაციისათვის აუცილებელი მტკიცებულებებიც (მტკიცების ტვირთი). სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ შპს ,,A---------”-მ მისი წილი მტკიცების ფარგლებში შეძლო მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის დადასტურება.
სასამართლო, იმ მატერიალურ-სამართლებრივ ნორმებზე, რომლებიც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობებს აწესრიგებენ (სს კოდექსის 623-625-ე მუხლები), სამართლებრივად იმსჯელებს წინამდებარე გადაწყვეტილების შესაბამის (სამართლებრივი შეფასების) ნაწილში (გრაფაში), თუმცა ვინაიდან სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე მოთხოვნა ეფუძნება სესხის ზეპირ ხელშეკრულებას, რომელიც გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, უნდა აღინიშნოს ის კომპონენტები, რაც სესხის ზეპირ ხელშეკრულებას გამოარჩევს სხვა სახის ხელშეკრულებებისგან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზოგადად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ურთიერთობა უნდა შეფასდეს სამართლებრივი თვალსაზრისით. სასესხო ურთიერთობის (ზეპირი ხელშეკრულების დროს), შეფასებისათვის თანხის გადაცემასთან ერთად, აუცილებელია დადგინდეს, იკისრა თუ არა თანხის მიმღებმა მისი უკან დაბრუნების ვალდებულება (სსკ 623 მ). შესაბამისად, ზეპირი სესხის ხელშეკრულების არსებობაზე მითითებისას სახეზე უნდა იყოს არა მხოლოდ თანხის გადაცემა, არამედ შეთანხმება თანხის უკან დაბრუნებაზე, რაც განაპირობებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპირისპირო ვალდებულების-სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
დადგენილია, რომ შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის ჯამში-610 972 აშშ დოლარი ჩარიცხულია (სულ 17-ჯერ) სხვადასხვა დროს და ყველა შემთხვევაში ფულადი ტრანზაქცია მოპასუხის სასარგებლოდ განხორციელდა დანიშნულებით-სესხი, ფულად გზავნილებშივე მიეთითა თანხის გამოგზავნის მიზნობრიობა-თანხის გაცემა სესხის სახით, რაც იმავე სახით (დანიშნულებით) მიღებულ იქნა მოპასუხის მიერ.
სასამართლო ვერ დაეთანხმება მოპასუხეს იმასთან დაკავშირებით, რომ მას აღნიშნული თანხა სესხის სახით არ მიუღია, ვინაიდან მოსარჩელის მიერ მის ანგარიშზე არაერთგზის, ერთი და იგივე დანიშნულებით ჩარიცხული თანხის მიზნობრიობა, რაც მიუთითებდა მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის არსებობაზე, არც ერთხელ გაუპროტესტებია, არ გამოუხატავს პრეტენზია სესხის არარსებობაზე და ყველა შემთხვევაში, თანხას იღებდა იმ სახით, რა სახითაც იყო გამოგზავნილი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ თანხის მიზნობრიობა განსაზღვრავს მისი უკან დაბრუნების ვალდებულებას. მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - ფულად ტრანზაქციებში მითითებული თანხის მიზნობრიობა-სესხი, რომელიც თანხის გამცემს ანიჭებს უკუმოთხოვნის უფლებას და მისი უპირობოდ, ყოველგვარი პროტესტის გარეშე, მიღება, მიუთითებს იმაზე, რომ თანხის მიმღებმა იკისრა მისი დაბრუნების ვალდებულება.
მოპასუხე მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის უარსაყოფად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ შპს “მა-------–---–--–--ში“ არ ჩატარებულა პარტნიორთა კრება, რომელიც უფლებამოსილი იყო მიეღო ასეთი სახის გადაწყვეტილება, ასევე, შპს ,,A---------”-ს მიერ ჩარიცხული თანხები საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში კრედიტის, ხოლო მოგების გადასახადის დეკლარაციაში, ხარჯის სახით არ ასახულა, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული, მოცემული ურთიერთობის შესაფასებლად არ წარმოადგენს მნიშვნელოვან გარემოებებს, არ გამორიცხავს სესხის არსებობას და დავის ბედს სხვაგვარად ვერ გადაწყვეტს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მხარე (ამ შემთხვევაში თანხის მიმღები) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრირებული, განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, მეწარმე სუბიექტი, რომელიც საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს და პასუხსაც დამოუკიდებლად აგებს თავისი ქონებით (სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მ). მოპასუხე ჩამოყალიბებულია რა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, სადაც საწარმოს მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ საწარმოს პარტნიორები პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, რომელიც განსაზღვრავს საწარმოს ძირითად მიმართულებებსა და საწარმოს საქმიანობის პოლიტიკას, ხოლო საწარმოს დირექტორი, როგორც საწარმოს ხელმძღვანელი, პარტნიორთა მიერ შემუშავებული ძირითადი მიმართულებებისა და პოლიტიკის განმახორციელებელია, რომელსაც იგივე კანონი თავისი მოვალეობის კეთილსინდისიერად და გულმოდგინედ შესრულების ვალდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობას აკისრებს (’’მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის (მ.47, მე-9,56.4 მუხლი).
ამდენად, იურიდიული პირის საქმიანობა კანონითაა განსაზღვრული და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შეუსრულებლობა და საწარმოს ინტერესების საზიანო ქმედება, იწვევს უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების მოუწვევლობა, ან სესხის დანიშნულებით მიღებული თანხის საწარმოს საბუღალტრო დოკუმენტაციაში და მოგების გადასახადის დეკლარაციაში სხვაგვარად ასახვა, არ ცვლის იმ რეალობას, რომ მოპასუხემ თანხა მიიღო იმავე დანიშნულებით, რა დანიშნულებითაც ის იქნა ჩარიცხული მოსარჩელის მიერ. სესხის მიზნობრიობით ჩარიცხული თანხის მიღებით მოპასუხემ იკისრა იმ ვალდებულების შესრულება, რაც სასესხო ურთიერთობის თანმდევია და გულისხმობს საპირისპირო შესრულებას (თანხის უკან დაბრუნებას).
იმ ვითარებაში, როცა მოპასუხეს, როგორც იურიდიულ პირს, სამი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, ერიცხებოდა სხვადასხვა რაოდენობის თანხა, ერთი და იგივე დანიშნულებით-სესხი, რაც მოსარჩელეს მისი უკუმოთხოვნის უფლებას ანიჭებდა, მოპასუხეს უნდა ქონოდა იმის მოლოდინი, რომ იგი ამ უფლებას გამოიყენებდა, ხოლო ვალდებულების არარსებობის, როგორც მოპასუხე უთითებს, შემთხვევაში, მას უნდა შეექმნა სამართლებრივი გარანტია და სამართლებრივად დაეზღვია საწარმო, რაც ცხადია, არ გულისხმობს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შეუსრულებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, მეორე ნაწილით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებული ნორმის შესაბამისად, სასამართლომ როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა მათი პოზიციები და არგუმენტაცია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასესხო ურთიერთობის გამომრიცხველი საწინააღმდეგო არგუმენტი, სამართალწარმოებაში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ დაადასტურა.
მოპასუხე უთითებს რა იმ გარემოებაზე, შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სთვის ჩარიცხული თანხა, წარმოადგენდა ნა---–- ჯა--–--ს მიერ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გაცემულ სიკეთეს, თუმცა სასამართლო სხდომაზე სადავო თანხის ნა---–- ჯა--–--ს კუთვნილება არ დადგინდა, რაც გამორიცხავს მოპასუხის ამ პოზიციის გაზიარების შესაძლებლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის ახსნა განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი მტკიცებულების სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიჩნევა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
მოპასუხე სასესხო ურთიერთობის არარსებობას ასაბუთებს იმ გარემოებაზე მითითებითაც, რომ მხარეებს შორის სესხის წერილობითი ხელშეკრულება არ დადებულა, თანხის ოდენობის, ასევე იმის გათვალისწინებითაც, რომ მხარეები არიან იურიდიული პირები, სესხზე შეთანხმება წერილობით ფორმას მოითხოვდა, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი საფუძვლით: სასამართლო აღნიშნავს, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით (სს კოდექსის 624-ე მ). ამ ნორმის დანაწესი სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ითვალისწინებს როგორც ზეპირ, ისე წერილობით ფორმას, რომლის არჩევა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა, კანონმდებელი იმავდროულად ყურადღებას ამახვილებს იმ რისკებზე, რაც შეიძლება მოყვეს ზეპირ ხელშეკრულებას. ამდენად, სესხზე შეთანხმებისას მხარეები, იმის მიუხედავად, რა ოდენობის თანხაზე თანხმდებიან, ან არიან ფიზიკური თუ იურიდიული პირები, გარიგების ფორმის არჩევანში არ არიან შეზღუდული. მოპასუხის პოზიცია- თანხის ოდენობის გათვალისწინებით შეთანხმება ზეპირი ფორმით არ შედგებოდა- დამყარებულია მხოლოდ ვარაუდზე და იგი სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ დაედება საფუძვლად.
გარიგების ფორმასთან დაკავშირებით, მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა ასევე, ერთი დეტალი, კერძოდ, ხელშეკრულების ერთი მხარე, თანხის გამცემი საწარმოს შპს ,,A---------”-ს დირექტორი და---- ბუ--ე, იმავდროულად თანხის მიმღები საწარმოს, შპს “მა-------–---–--–--ი“-ს დამფუძნებელი და წილის მფლობელი პარტნიორია, რაც გარკვეულწილად განსაზღვრავს მხარეებს, შპს ,,A---------”-სა და შპს “მა-------–---–--–--ს“ შორის ნდობის ხარისხს, ნდობის ფაქტორი კი თავის მხრივ, ამცირებს იმ რისკებს, რაც ახლავს ზეპირ ხელშეკრულებას.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, ერთ-ერთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რაც ასევე, მნიშვნელოვანია დავის მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტისათვის. შპს ,,A---------”-ს დირექტორმა სარჩელის აღძვრამდე რამდენიმე თვით ადრე მიმართა წინადადებით მოპასუხეს და მოთხოვა სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნება, შესაბამისად, მოსარჩელე უფლების დაცვის სასარჩელო ფორმის გამოყენებამდე, შეეცადა მოპასუხის მხრიდან სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიღებას, რაც ვერ შეძლო.
მართალია, აღნიშნულ წერილში მოსარჩელის მიერ ძირითად თანხასთან ერთად მოთხოვნილია პროცენტიც, რასაც მოპასუხე თავისი პოზიციის საფუძვლიანობის დამადასტურებლად მიიჩნევს, თუმცა სასამართლოს მოსაზრებით, წერილში პროცენტის მოთხოვნა (რაც არ მოუთხოვია სარჩელით), არ მიუთითებს მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობაზე, არ გამორიცხავს მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობას და შესაბამისად, არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან გარემოებას.
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა პოზიციების შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით სასამართლო სხდომაზე დაადასტურა შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ი“-სათვის სესხის გაცემის ფაქტი, ხოლო მოპასუხემ სათანადო და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ შეძლო მისი გაქარწყლება. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე დადგინდა მხარეებს შორის ზეპირი სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა, რაც წარმოშობს საპირისპირო ვალდებულების-სესხის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო წარმოდგენილი მასალების, მხარეთა ახსნა - განმარტებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე, 365-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულება-ეს არის განსაზღვრული სამართალურთიერთობა, რომლის ძალითაც ერთი პირი, მოვალე ვალდებულია, მეორე პირის, კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება შეასრულოს (გადასცეს ქონება, შეასრულოს სამუშაო, გადაიხადოს ვალი და ა.შ.) ან თავი შეიკავოს მისი შესრულებისგან. ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველი ხელშეკრულებაა, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართლით აღიარებულ ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რომელიც ხელშეკრულების დადების თავისუფლებასთან ერთად მოიცავს ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლებას. ეს უკანასკნელი გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და დადონ მათთვის სასურველი პირობებით, თუნდაც კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება. ნების გამოვლენის მეშვეობით მხარეები მიზნად ისახავენ გარკვეული სამართლებრივი შედეგის მიღწევას. ისინი არა მხოლოდ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ წესებზეც, რომელსაც უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად.
კერძო სამართლის სუბიექტებს შორის, გარდა დადგენილი გამონაკლისებისა, კანონი არ ითვალისწინებს ხელშეკრულების დადების ვალდებულებას, მხარეები თვითონ ირჩევენ ხელშეკრულების მეორე მხარეს, მათთვის სასურველ კონტრაჰენტს, თვითონვე თანხმდებიან ხელშეკრულების ყველა საკითხზე და უფლება აქვთ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ამდენად, სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებულ ხელშეკრულებათა სახეები ამომწურავი არ არის და მხარეებს, ამავე კოდექსის განხილული ნორმის შესაბამისად, ხელშეკრულების თავისუფლების ფარგლებში, შეუძლიათ, დადონ მათთვის სასურველი შინაარსის და კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
აღნიშნული მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობის სესხის ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია შემდეგი კუმულაციური პირობების არსებობა- გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
მითითებული ნორმების სამართლებრივი აღწერილობა თავადვე მიუთითებს, თუ რომელი კომპონენტების არსებობის შემთხვევაშია სახეზე სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და ამ დანაწესით გამორიცხავს სამართლებრივ კვალიფიკაციაში ცდომილების ალბათობასაც, ამასთან, კანონმდებელმა სესხის ხელშეკრულების დადებისათვის არ გაითვალისწინა სავალდებულო ფორმა, თუმცა განსაზღვრა მტკიცებულებათა დასაშვებობის კრიტერიუმები, კერძოდ, ის, რომ ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მხოლოდ მოწმეთა ჩვენება არ არის საკმარისი კონკრეტული იურიდიული შემადგენლობის (ფაქტის) დასადასტურებლად. მაშინ როცა სხვა სახის სამართალურთიერთობის არსებობის შემთხვევაში მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა შესაძლოა არ კრძალავდეს მოწმის ჩვენების საფუძველზე კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შემადგენლობის (ფაქტის) დადასტურებას, ზეპირი სესხის ხელშეკრულების დროს მოწმეთა ჩვენება არასაკმარისი მტკიცებულებაა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,A---------”-ს მიერ შპს “მა-------–---–--–--ს“ 2010-2014 წლებში, სხვადასხვა დროს, პერიოდულად, სესხის დანიშნულებით ჩაერიცხა ჯამში-610 972 აშშ დოლარი.
წინამდებარე გადაწყვეტილების 3.2.1.პუნქტით ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის თანხის სესხად ჩარიცხვა ხდებოდა მხარეებს შორის მიღწეული ზეპირი შეთანხმების საფუძველზე. კერძოდ, შპს ,,A---------”-მ იკისრა სესხად თანხის გაცემა, ხოლო შპს “მა-------–---–--–--მა“ -უკან დაბრუნების ვალდებულება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გვაძლევს სესხის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემადგენლობას, კერძოდ, სახეზეა გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის საკუთრებაში გადაცემა, ხოლო მსესხებლის მხრიდან ვალდებულების აღება, რომ დააბრუნებს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.
მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების შესრულების დრო მხარეებს შორის განსაზღვრული არ ყოფილა და შესრულების დრო სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda”-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (უსგN ას -209-199-2016,8.04.2016 წ)
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მისივე ნებით შეთანხმებული სახელშეკრულებო ვალდებულება, დღემდე გადაუხდელი აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 610 972 აშშ დოლარი, რაც სარჩელის უპირობოდ, დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი-5000 ლარი. მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად და ზემოთმითითებული ნორმის შესაბამისად 5000 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოსარჩელის მიერ ასევე გადახდილია სარჩელის უზრუნველყოფის -150 ლარი, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლოა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოცემულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სსს კოდექსის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
დაადგინა
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,,A---------”-ს სარჩელი შპს „მა-------–---–--–--ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
1.1.დაეკისროს მოპასუხე შპს „მა-------–---–--–--ს“ (ს/კ 4--------) მოსარჩელე შპს ,,A---------”-ს (კომპანია N6------) სასარგებლოდ 610 972 აშშ დოლარის გადახდა.
1.2.დაეკისროს მოპასუხე შპს „მა-------–---–--–--ს“ (ს/კ4--------) მოსარჩელე შპს ,,A---------”-ს (კომპანია N6------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 5000 (ხუთი ათასი) ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი თანხის -150 (ასორმოცდაათი) ლარის გადახდა.
2.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია