გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.07.2018
საქმის ნომერი
160210018002409849
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
24.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

160210018002409849

საქმე №2/425-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09.07.2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე პაატა ფხალაძე

სხდომის მდივანი თეა ნადიბაიძე, თამთა ჩულუხიძე

მოსარჩელე: შს-------------–-------–-–-------------------ი

წარმომადგენელი: გუ--------–-----ე

მოპასუხე: გო-----–---–---ი

წარმომადგენელი: რა--------–----ე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

მოპასუხე გო-----–---–---ს მოსარჩელე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 5128 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

2015 წლის 13 თებერვალს გო-----–---–---ი ,,ტოიოტა ჰაილუქს“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. N CQQ-345, მოძრაობდა თელეთი-სადახლოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა. 08.06.2015 წლის შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების თანახმად, გო-----–---–---მა ჩაიდინა შსს-ს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა არასწორი ექსპლოატაციის შედეგად სამსახურებრივი ავტომანქანის დაზიანებაში, რითაც შს სამინისტროს მიადგა ქონებრივი ზიანი. შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისში“ ავტომანქანის ტექნიკური შემოწმებით დადგენილია, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო, რაც გამოწვეულია ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაციის შედეგად. მოპასუხის მიერ ჩადენილი ქმედებით შს-------------–-------–-–-------------------ის მიმართ მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 5128 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე გო-----–---–---მა წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება. იგი 2015 წლის 13 თებერვალს პირველად იჯდა ხსენებულ ,,ტოიოტა ჰაილუქს“-ის მარკის (სახ. N CQQ-345) სამსახურებრივ ავტომანქანის საჭესთან, მოძრაობდა ასფალტიან გზაზე, მოძრაობდა ნელი სვლით. მიემართებოდა საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან, თელეთიდან წალკის მიმართულებით. მას ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაცია არ განუხორციელებია, არ გადაუხვევია ასფალტიანი გზიდან. აღნიშნული ავტომანქანა არ იმყოფებოდა გამართულ მდგომარეობაში, ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. ავტომანქანას საჭის მართვის მექანიზმი და ხიდი ჰქონდა მწყობრიდან გამოსული. შეუძლებელი იყო ამ ავტომანქანით 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობა, დაახლოებით გაიარა 20 კმ. სოფელ ფარცხისთან იგრძნო სუნი და სალონში შემოვიდა ბოლი. მან მაშინვე გააჩერა ავტომობილი და დაუკავშირდა უშუალო ხელმძღვანელს, ოცეულის მეთაურს ხვისტანს და სამეურნეო ნაწილის თანამშრომელს ბექა გოგრიჭიანს, რომელიც ადგილზე მივიდა დაახლოებით 40 წუთში და ევაკუატორით ავტომანქანა გადაყვანილი იქნა ტოიოტა ცენტრი თბილისში. ავტომანქანა არ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში დასაწყისშივე, როცა მან იგი სამართავად გადაეცა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. მოპასუხე გო-----–---–---ი 2015 წლიდან მუშაობდა შს-------------–-------–-–-------------------ის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს მესამე სახაზო-საპატრულო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

-შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა

- მხარეთა ახსნა-განმარტება. (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17.05.2018წ).

 

3.1.2. ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი“ (სახ. N CQQ-345) ირიცხება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შს გენერალური ინსპექციის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17.05.2018წ).

 

3.1.3. 2015 წლის 13 თებერვალს გო-----–---–---ი ,,ტოიოტა ჰაილუქს“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. N CQQ-345, მოძრაობდა თელეთი-სადახლოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა აღნიშნული ავტომანქანა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შს გენერალური ინსპექციის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17.05.2018წ).

 

3.1.4. დაზიანებული ავტომანქანა ტექნიკური დათვალიერების მიზნით გადაყვანილი იქნა შპ---------------–-------------–-----–-, რის შემდეგ დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შს გენერალური ინსპექციის დასკვნა;

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17.05.2018წ).

 

3.2 სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დასადგენ სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ავტომანქანის დაზიანება გამოწვეულია თუ არა მოპასუხე გო-----–---–---ის ბრალეული ქმედებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლის თეორიაში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, სამოქალაქო კანონმდებლობა ბრალეული ქმედების პრინციპს არ აღიარებს, არამედ, პრეზუმირებულია, რომ სამოქალაქო გარიგებები ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერ, კანონიერ ქმედებებს ემყარება და პირს, რომელიც დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე მოთხოვნას აყენებს, ეკისრება დელიქტის წინაპირობების დამტკიცება, მოპასუხე მხარე ამის შემდეგაა ვალდებული, გააქარწყლოს დელიქტის წინაპირობები და ამტკიცოს საკუთარი ქმედების კანონიერება.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მტკიცებულების სახით წარმოადგინა შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნა, შ----------------–-------------–------ სერვისის დირექტორის წერილი, თანდართული ფოტოსურათებით და ავტომანქანის სათადარიგო ნაწილების და მომსახურების ღირებულების შესახებ ინფორმაცია. გენერალური ინსპექციის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე ჩატარებულია სამსახურებრივი შემოწმება, რომელიც ეყრდნობა შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისი"-ს წერილს. თავის მხრივ აღნიშნული წერილი არ შეიცავს ინფორმაციას ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ მოპასუხის მფლობელობაში გადასვლის დროს, ასევე მოკლე დროში ავტომანქანის დაზიანების შესაძლებლობის შესახებ, არ შეიცავს ინფორმაციას მოცემულ მდგომარეობაში ავტომანქანის ყოფნა გამოწვეულია ხანგრძლივი არასწორი ექსპლოატაციის შედეგად თუ ერთჯერადი, ხანმოკლე არასწორი ექსპლოატაციის შედეგად. ამდენად აღნიშნული მტკიცებულებით შეუძლებელია ავტომანქანის დაზიანებაში ბრალეულ პირზე მსჯელობა.

 

მოპასუხე განმარტავს, რომ აღნიშნული ავტომანქანა იყო გაუმართავ მდგომარეობაში, ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან. მას არ განუხორციელებია ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაცია. ავტომანქანის გადაბარებისას ავტომანქანა არ იყო ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. მართალია ავტომანქანა დაზიანდა, როდესაც ის მას მართავდა, მაგრამ იგი არ არის ბრალეული ავტომანქანის დაზიანებაში.

 

მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა მოწმეები. მოწმე ნი----–-----------–-ს განმარტებით, იგი მუშაობდა საპატრულო პოლიციაში, ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს მესამე სახაზო განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, ხოლო გო-----–---–---ს ეკავა პატრულ-ინსპექტორის თანამდებობა. დილით, სამსახურებრივი ავტომანქანების გადაბარებისას ხდებოდა მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება. ხოლო ტექნიკურად, შიგნით თუ როგორ მდგომარეობაში იყო ავტომანქანა, არ მოწმდებოდა. თუ ავტომანქანის მფლობელი შეატყობდა რამეს ავტომანქანას, ატყობინებდა ხელმძღვანელობას და ახდენდნენ რეაგირებას. გო-----–---–---ი 2015 წლის 13 თებერვალს პირველად იჯდა აღნიშნულ ავტომანქანის საჭესთან. გო-----–---–---მა ავტომანქანით გასვლიდან დაახლოებით 15-20 წუთში შეატყობინა ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლის შესახებ.

 

მოწმე კახ------------------ს განმარტებით, იგი 2015 წელს მუშაობდა მესამე სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორად, მისი მეწყვილე იყო გო-----–---–---ი. 15 თებერვალს დილით გავიდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით წალკის მიმართულებით. ავტომანქანას რაიმე განსაკუთრებული ხმა არ ჰქონია, შეუძლებელი იყო მიხვედრა, ჩართული იყო თუ არა ავტომანქანის ხიდი. საჭის მართვის მექანიზმი არ იყო სრულყოფილად გამართული, წინა დღის მორიგე შემადგენლობის გადმოცემით ავტომანქანა არ იყო მწყობრში. განყოფილებიდან გასვლიდან დაახლოებით 20 წუთში ავტომანქანამ გაუშვა ბოლი.

 

მოწმე ბექა გოგრიჭიანის განმარტებით, მუშაობს საპატრულო პოლიციის სამეურნეო ნაწილში, 2015 წლის 13 თებერვალს გო-----–---–---მა და კახაბერ ჭუმბურიძემ გადაიბარეს ავტომანქანა, რამდენიმე ხანში დაურეკეს და შეატყობინეს რომ ავტომანქანა გამოვიდა მწყობრიდან. ზოგადად აღნიშნულ ავტომანქანას ჰქონდა პრობლემები. აღნიშნული ავტომანქანა იმყოფებოდა ყოველდღიურ ექსპლოატაციაში. ხელმძღვანელობამაც იცოდა, რომ ავტომანქანას ჰქონდა დაზიანებული ჰიდრავლიკის სისტემა.

 

მოწმე ალექსანდრე ბოლქვაძის განმარტებით, ის და მოპასუხე 2015 წელს ერთად მუშაობდნენ საპატრულო პოლიციაში. ავტომანქანა ტექნიკურად იყო ცუდ მდგომარეობაში, ხშირად ფუჭდებოდა და მიჰყავდათ ევაკუატორით. აღნიშნული ავტომანქანით 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით არ მოძრაობდნენ.

 

მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა ავტომანქანის ტექნიკურ გამართულობას მოპასუხისათვის გადაბარებამდე. ავტომანქანის მოპასუხისათვის გადაბარებამდე არსებული ტექნიკური მდგომარეობა კი წარმოადგენს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის დადგენის გარეშე შეუძლებელია მსჯელობა მოპასუხის ბრალეულობაზე.

 

ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა, რომ ავტომანქანა იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში და დაზიანდა მოპასუხის ბრალეული ქმედებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, მტკიცებულებების გამოკვლევის და სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

5.კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.

 

6.სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლებების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ევროპული კონვენციით გარანტირებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისაგან იცავს; ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილ ძირითად ასპექტებს (Ruiz Torija v. Spain). ამავე დროს, სასამართლო ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელმაც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც აუცილებელია დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციასთან. აქედან თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი შეიძლება წარმოიშვას ერთ-ერთი მხარის ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით. ზიანი შეიძლება წარმოიშვას აგრეთვე იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეები ზიანის მიყენებამდე არ იმყოფებოდნენ ვალდებულებით ურთიერთობაში. ,,არასახელშეკრულებო“ ზიანი წარმოიქმნება უშუალოდ სამართალდარღვევიდან (დელიქტი), ამიტომ მას დელიქტურ ვალდებულებას უწოდებენ.

 

პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. თვით ზიანის მიყენების ფაქტი სამართლის სპეციალური ნორმების საფუძველზე წარმოშობს მხარეებს შორის (დაზარალებული და ზიანის მიმყენებელი) სამართლებრივ ურთიერთობას. დაზარალებული გვევლინება როგორც კრედიტორი ( მას აქვს მოთხოვნის უფლება), ხოლო ზიანის მიმყენებელი- მოვალეა (ვალდებული პირი). კრედიტორი შეიძლება იყოს ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირი, მოვალე კი მხოლოდ დელიქტუნარიანი პირი, ე.ი. პირი, რომელიც პასუხს აგებს თავის ქმედებისათვის. დელიქტის დროს, თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისაგან.

 

სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს მისთის დამახასიათებელი ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალეულობის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისადვე ხდება მტკიცების ტვირთის განაწილება დაზარალებულსა და ზიანის მიმყენებელს შორის: დაზარალებული ვალდებულია დაამტკიცოს მისთვის ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე მიზეზობრივი კავშირის არსებობა ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და და დამდგარ ზიანს შორის. ზიანის მიმყენებელმა, თავის მხრივ, უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ავტომანქანა ,,ტოიოტა ჰაილუქსი“ (სახ. N CQQ-345) ირიცხება შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე. 2015 წლის 13 თებერვალს გო-----–---–---ი აღნიშნული ,,ტოიოტა ჰაილუქს“-ის მარკის სამსახურებრივი ავტომანქანით, სახ. N CQQ-345, მოძრაობდა თელეთი-სადახლოს საავტომობილო გზაზე, რა დროსაც დაზიანდა ავტომანქანა. დაზიანებული ავტომანქანა ტექნიკური დათვალიერების მიზნით გადაყვანილი იქნა შპ---------------–-------------–-----–-, რის შემდეგ დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული ავტომანქანის წინა ხიდი და ავტომანქანის ჰიდრო ტუმბო. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებებით დგინდება, რომ ზემოთაღნიშნული ავტომანქანა არ იმყოფებოდა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, უკვე მანამდე, სანამ სამართავად გადაეცემოდა მოპასუხეს. მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარმოდგენილი მოპასუხის მფლობელობაში ავტომანქანის გადაცემის დროს ან მანამდე ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე არ წარმოდგენილა მოპასუხის მიერ ავტომანქანის არასწორი ექსპლოატაციის შედეგად დაზიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

მოსარჩელემ მტკიცებულების სახით სარჩელს დაურთო შ----------------–-------------–------ სერვისის დირექტორის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ გადახურების გამო მწყობრიდან არის გამოსული ა/მ წინა ხიდი, რაც გამოწვეულია არასწორი ექსპლოატაციის შედეგად, რის გამოც მწყობრიდან გამოვიდა ხიდის შემადგენელი ნაწილები და ჩობალების გადახურების შედეგად გამოჟონა ზეთმა; მწყობრიდან არის გამოსული ა/მ ჰიდრო ტუმბო, რაც ასევე გამოწვეულია არასწორი ექსპლოატაციის შედეგად (გადახურებები, ხანგრძლივი ,,ბუქსაობა“, საჭის ბოლომდე ძალისმიერი ჩაკეცვა და სხვა). მართალია აღნიშნულ დოკუმენტში აღწერილია ავტომანქანის დაზიანების გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუმცა მასში არსად არ არის ასახული მსჯელობა ექსპლოატაციის ხანგრძლივობაზე, ერთჯერადი არასწორი ექსპლოატაციის თუ მრავალჯერადი ექსპლოატაციის შედეგია ავტომანქანის მწყობრიდან გამოსვლა. (აღნიშნული დოკუმენტის მე-2 პუნქტში მიზეზად მითითებულია ,,გადახურებები“, ხანგრძლივი ,,ბუქსაობა“, რაც იძლევა ავტომანქანაზე არაერთჯერადი ზემოქმედების ვარაუდის საფუძველს), მაშინ როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხე 13 თებერვალს პირველად მართავდა აღნიშნულ ავტომანქანას, 15-20 წუთის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მოსარჩელე მხარე სადავო ფაქტთან (მიზეზობრივი კავშირი დამდგარ ზიანს და მოპასუხის ქმედებას შორის) დაკავშირებით ფაქტობრივად მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებული სადავო გარემოება - მოპასუხის ბრალეულობა დამდგარ შედეგში, წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებას, რომლის არსებობის დასადასტურებლად მტკიცებულების სახით, მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი. რაც შეეხება საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ შსს გენერალური ინსპექციის დასკვნას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვნა ეყრდნობა მხოლოდ შ----------------–-------------–------ სერვისის დირექტორის წერილს, რომელიც თავის მხრივ არ შეიცავს დასაბუთებას, რომ ავტომანქანა დაზიანდა გო-----–---–---ის ბრალით, არ შეიცავს თუნდაც ინფორმაციას იმის შესახებ, შესაძლო იყო თუ არა ტექნიკურად გამართული ავტომანქანა დაზიანებულიყო იმ სახით, რა სახითაც წარედგინა სერვის ცენტრს, არასწორი ექსპლოატაციის შედეგად ხანმოკლე დროში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ შეძლო დაემტკიცებინა მოსარჩელის მოთხოვნების უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა, კერძოდ, შეძლო დაემტკიცებინა მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის და ბრალის არარსებობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე საქართველოს შს-------------–-------–-–-------------------ი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,უ“ პუნქტის თანახმად გათავისუფლებულია საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების საფუძველი.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შს-------------–-------–-–-------------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, გრ.რობაქიძის ქ. № 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბოლნისი, სულხან საბა ორბელიანის ქ. №113) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე პაატა ფხალაძე