გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 041210018002393250
N 2/84-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26.06.2018 წელი ქ. თერჯოლა
თერჯოლის მაგისტრი სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: თამარ აბულაძე
მოსარჩელე: შპს ,, ლ---------------–ი;
წარმომადგენელი: ვ--–----------ძე;
მოპასუხეები: ზ---------------–---–ი, დ--------------–--ლი;
წარმომადგენელი: ხ----------ძე;
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის ზ---------------–---–ისა და დ--------------–--ლისათვის სოლიდარულად 2015 წლის 17 ივლისის Nლც/ა/93225 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3616,66 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა - 2383, 83 ლარი, პროცენტი - 389.9 ლარი, ჯარიმა ძირითად თანხაზე 536,51 ლარი, ჯარიმა პროცენტზე -206,42 ლარი.
მოსარჩელის პოზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ 2015 წლის 17 ივლისს სს ,,ლ---------------–სა" და ზ---------------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება Nლც/ა/ 93225, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 5000 ლარი, 28 თვის ვადით. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება სს ,,ლ---------------–სა" და დ--------------–--ლს შორის. გადახდა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, მაგრამ მსესხებლებმა სოლიდარული მოავალეობა არ შეასრულეს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ზ---------------–---–ს სასამართლოსათვის შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გააჩნია დავალიანება სს ,,ლ---------------–ის'' მიმართ, სარჩელს ცნობს ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო ჯარიმის ნაწილში არ ცნობს.
2.2. მოპასუხე დ--------------–--ლს სასამართლოსათვის შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულების თანახმად ზ---------------–---–თან სოლიდარულად გააჩნია დავალიანება სს ,,ლ---------------–ის'' მიმართ, სარჩელს ცნობს ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში, ხოლო ჯარიმის ნაწილში არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,ლ---------------–სა" და ზ---------------–---–ისა შორის 2015 წლის 17 ივლისის გაფორმდა Nლც/ა/93225 სესხის ხელშეკრულება და დ--------------–--ლზე გაიცა სესხის თანხა 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 17 ივლისის Nლც/ა/93225 სესხის ხელშეკრულება
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. სს ,,ლ---------------–სა" და დ--------------–--ლის შორის 2015 წლის 17 ივლისს გაფორმდა Nლც/ც/701278 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა დ--------------–--ლთან დადებული სესხის ხელშეკრულების სრული მოცულობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 17 ივლისის Nლც/ც/701278 სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება
- მხარეთა განმარტებები.
3.1.3. სესხი გაცემულია 28 თვის ვადით წლიური 30%-იანი სარგებლით. სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება. შეწყვიტეს სესხის გადახდა და წარმოეშვათ დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა ჯარიმა ხელშეკრულებით დადგენილი გრაფიკის ვადის დარღვევის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების თანხის 0,5%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 17 ივლისის Nლც/ა/93225 სესხის ხელშეკრულება
- მოსარჩელის განმარტება
3.2.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანი მიადგა კრედიტორს, ვინაიდან ბანკმა ვერ დაიბრუნა მის მიერ გაცემული ფულადი სახსრები და ვერც სარგებელი ვერ მიიღო, რომელიც უნდა მიეღო მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში რის გამოც დაარიცხეს პროცენტზე ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 17 ივლისის Nლც/ა/93225 სესხის ხელშეკრულება
- სესხის დაფარვის გრაფიკი.
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიაჩნია, რომ სს ,,ლ---------------–ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 416-417-ე, 420-ე, 463-ე, 623-625-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 49-ე, 232I-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
_ მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხეებმა ზ---------------–---–მა და დ--------------–--ლმა არ წარმოადგინეს შესაგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მათ მიმართ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულებად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველის ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
_ სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ 2015 წლის 17 ივლისს სს ,,ლ---------------–სა’’ და ზ---------------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №ლც/ა/93225, რომლის თანახმად მასზე გაცემული იქნა სესხი 5000 ლარის ოდენობით, 28 თვის ვადით. ამავე თარიღით, სს ,,ლ---------------–სა ’’ და დ--------------–--ლს შორის დაიდო სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება №ლც/ც/701278, ხელშეკრულებით სესხის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად. განისაზღვრა პირგასამტეხლოსა და ჯარიმის ოდენობებიც, კერძოდ, ხელშეკრულებების თანახმად, სესხის დაფარვის გრაფიკში მოცემული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებიდან 3 დღის შემდეგ მსესხებელს ერიცხება ჯარიმა ჯამური დავალიანების 0.5%-ის ოდენობით ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, სესხის ძირი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტები გადახდილი უნდა იქნას თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
სესხის ხელშეკრულების თანხმად, საზოგადოებას უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის გადახდის გრაფიკის ჯეროვნად მომსახურებას. ამავე ხელშეკრულების თანახმად, სესხი ვადაგადაცილებულად ითვლება, თუ: გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღისთვის სესხის ძირითადი თანხა არ არის დაფარული სრული მოცულობით, ან გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის დღისათვის გადასახდელი ძირითადი თანხა დროულად, ან ვადაზე ადრე არის დაფარული, მაგრამ საპროცენტო თანხის გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის თარიღსა და მსესხებლის მიერ საპროცენტო თანხის ბოლო ფაქტიურ გადახდის თარიღს შორის სხვაობა აღემატება 15 დღიან ინტერვალს.
დადგენილია, რომ მსესხებელმა დავალიანება არ დაფარა საკრედიტო ხელშეკრულების დანართი გრაფიკის მიხედვით და დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის შეთანხმებულ ვადაში გადახდის შესახებ. მოპასუხეებს ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეების მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულებულა.
აქედან გამომდინარე, მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულება და მოსარჩელე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების ფარგლებში მოითხოვა სესხის დაფარვა და მისი მოთხოვნა საფუძვლიანი.
6.4. მოსარჩელე თანხის დაკისრებას ზ---------------–---–თან ერთად სოლიდარულად ითხოვს დ--------------–--ლისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ დ--------------–--ლმა იკისრა სოლიდარული თავდებობა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის. დადგენილია ასევე, რომ მოვალემ დაარღვია აღნიშნული ვალდებულება და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავით მამრიკისვილი ვალდებულია ზ---------------–---–თან ერთად სოლიდარულად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სესხისა და სოლიდარული ვალდებულებების ხელშეკრულებების თანახმად Nლც/ა/93225 და Nლც/ც/701278 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ვალდებულების შესრულება.
6.5. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანხმად გრაფიკში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, ვადაგადაცილებიდან 3 დღის შემდეგ მსესხებელს ეკისრება ჯარიმა ჯამური დავალიანების 0.5% ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. მოცემული პუნქტით განისაზღვრა ჯარიმა (პირგასამტეხლო) როგორც ძირითად თანხაზე, ასევე პროცენტზეც, ანუ ხელშეკრულების პირობების დარღვევის დროისათვის არსებულ მთლიან დავალიანებაზე.
სადავო არ არის ასევე, რომ მსესხებელმა სრულად ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც მისთვის ჯარიმის (პირგასამტეხლოს) დაკისრების საფუძველია.
საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობა – 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსაბამოდ მაღალია, უნდა შემცირდეს და მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს 0,05%-ით. შესაბამისად მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ძირ თანხასთან 2383.83 ლართან ერთად სარგებლის 389.9 ლარის და შემცირებული ჯარიმის 53.65 ლარის ანაზღაურება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელსეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა დასაბუთებული მოთხოვნა პროცენტზე დარიცხული ჯარიმის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულს არ ითვალისწინებს მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულება. შესაბამისად მოთხოვნა პროცენტზე დარიცხული ჯარიმის 206.42 ლარის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, შესაბამისად ამ ნაწილში იგი სრულად თავისუფლდება სახ. ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა 2827 ლარისა და 38 თეთრის ნაწილში, ხოლო მოთხოვნა 206,42 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 83.55 ლარი, 22 ლარი და 78 თეთრი უნდა დარჩეს ბიუჯეტში, ხოლო 2 ლარი და 17 თეთრი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე მოპასუხებს ზ---------------–---–ს და დ--------------–--ლს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ლ---------------–ის" სასარგებლოდ აღსრულებისათვის გადახდილი თანხა 100 ლარი, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. მოსარჩელე სს ,,ლ---------------–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ზ---------------–---–ს (პ/ნ 2----------) და დ--------------–--ლს (პ/ნ 2----------) დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ლ---------------–ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ 2827.38 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 2383.83 ლარი, სარგებელი 389.90 ლარი და ჯარიმა ძირ თანხაზე 53.65 ლარი.
2. სარჩელი ჯარიმის ძირ თანხაზე 482.86 ლარის და პროცენტზე დარიცხული ჯარიმის 206,42 ლარის ანაზღაურებაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. მოპასუხე ზ---------------–---–ს (პ/ნ 2----------) და დ--------------–--ლს (პ/ნ 2----------) დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელე სს ,,ლ---------------–ის" (ს/კ 2--------) სასარგებლოდ აღსრულებისათვის გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარი და სარჩელისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 2.17 ლარი (ორი ლარი და 17 თეთრი).
4. მოსარჩელე სს ლ---------------–ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 83.55 ლარი (ოთხმოცდასმი ლარი, 55 თეთრი).
5. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 22.78 ლარის (ოცდაორი ლარი, 78 თეთრი) ოდენობით დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ელენე ოსაძე