გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
080210018002336993
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#080210018002336993

#2/769-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.06.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - ია დვალიშვილი

მოსარჩელე - სს „კ-------------'';

წარმომადგენელი - კ----------ა;

მოპასუხე - მ--------–---------ე, ნ----–----------–---–ი, ლ------------–--ე;

წარმომადგენელი - თ---------------ე (მ--------–---------ის);

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - მ--------–---------ეს, ნ----–----------–---–ს და ლ------------–--ეს სს კ-------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2725,65 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1913,22 აშშ დოლარს, სარგებელი 463,07 აშშ დოლარს, 114,58 აშშ დოლარი შეადგენს სადაზღვევო შენატანს, 13.44 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიოს, პირგასამტეხლო 221,34 აშშ დოლარს (იხ. დაზუსტებული მოთხოვნა);

 

1.2. მოპასუხე მხარეს დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 14 დეკემბერს შპს „მ-----------------------------–-----------„-ს და მ--------–---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით, სესხის ძირი თანხა მოპასუხე მხარეს უნდა გადაეხადა სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად საპროცენტო სარგებელთან ერთად. მსესხებელს უნდა გადაეხადა ასევე სიცოცხლის დაზღვევის პრემია და მომსახურების საკომისიო. 2015 წლის 15 დეკემბერის თავდებობის ხელშეკრულებით ნ----–----------–---–მა და ლ------------–--ემ იკისრეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე მ--------–---------ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბერს სესხის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე. ძირითადი მოვალის მ--------–---------ის მიერ დარღვეული იქნა სესხის გადახდის გრაფიკი. (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მ--------–---------ემ, ნ----–----------–---–მა და ლ------------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის მოთხოვნის ნაწილში ცნეს. განმარტეს, რომ სესხი მიღებული აქვთ, თუმცა პირობები კაბალურია, თავს არ არიდებს სეხის დაფარვას, თუმცა მ--------–---------ე გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო დარჩა შემოსავლის გარეშე და სამუშაოდ წავიდა საზღვარგარეთ. მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ სიცოცხლის დაზღვევა მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა უფრო მეტი, ვიდრე მხარეთა შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, მოპასუხე მხარე ასევე არ დაეთანხმა სარჩელში მითითებული თანხის ოდენობის დაანგარიშებას (იხ. შესაგებელი. სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 14 დეკემბერს შპს „მ-----------------------------–-----------„-ს და მ--------–---------ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაცემული იქნა სესხი 2900 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის მოქმედების ვადა განისაზღრა 36 თვით 2018 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის გრაფიკის შესაბამისად- საპროცენტო სარგებელთან, სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად. სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა ჯარიმა (პირგასამტეხლო) ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 14.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2015 წლის 14 დეკემბერს შპს „მ------------------------------------„-ს და ნ----–----------–---–ს და ლ------------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ნ----–----------–---–მა და ლ------------–--ემ აიღეს ვალდებულება სოლიდარულად აგონ პასუხი გამსესხებლის წინაშე, მ--------–---------ის მიერ 2015 წლის 14 დეკემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებეზე, სესხის ძირ თანხაზე (2900 აშშ დოლარი), მასზე დარიცხული პროცენტზე (1471.2 აშშ დოლარი), სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე (226,08 აშშ დოლარი), მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე (36.12 აშშ დოლარი), რაც მთლიანობაში შეადგენს 4633,45აშშ დოლარს, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2015 წლის 14 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებები.

 

3.1.3. 2015 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების 5.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მხარეთა რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდზე დააზღვიოს სისოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელი ვალდებული იყო დროულად და სრულად განეხორციელებინა სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზრვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიჩნეული იქნებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- 14.12.2015 წლის სესხის ხელშეკრულება;

 

3.1.4. 2016 წლის 09 სექტემბერს შპს „მ-----------------------------–-----------მ„ შეიცვალა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და 2017 წლის 17 მარტს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად წარმოადგენს სს „კ-------------„სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ--------–---------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მან 2017 წლის ოქტომბრიდან შეწყვიტა სესხის გადახდა. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ ვალდებულების შესრულების და დავალიანების შესახებ, თუმცა მოპასუხეთა მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

-გაფრთხილების წერილები, სესხის გადახდის გრაფიკი და ფაქტიურად განხორციელებული გადახდების ისტორია;

 

3.2.2. მოპასუხეთა დავალიანება სს კ-------------ს მიმართ შეადგენს 2725,65 აშშ დოლარს, საიადანაც სესხის ძირი თანხაა 1913,22 აშშ დოლარი, პროცენტი 463,07 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა 114.58 აშშ დოლარი, ჯარიმა 0,27%- 187,67 აშშ დოლარს, ჯარიმა ძირზე 5%- 33,67 აშშ დოლარი, ხოლო 13,44 შეადგენს მომსახურების საკომისოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.2.3. მოპასუხე მხარის მტკიცებით, მსესხებლის მიერ 2018 წლის 20 თებერვალს სესხის დასაფარად გადახდილი იქნა 300 აშშ დოლარი, თუმცა მოსარჩელის მიერ აქ იქნა ჩათვლილი. რასაც მოსარჩელე მხარე არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მ--------–---------ე იმყოფებოდა მოვალეთა რეესტრში, ბანკს საკუთარი ანგარიში არ ჰქონდა, მონაცემთა განახლების შემთხვევაში გადახდილი თანხას დაედებოდა ყადაღა და ბანკი ვერ შეძლებდა თანხის მიღებას. თანხა სესხში ჩათვლილი არ არის, ხოლო ლ------------–--ეს აქვს შესაძლებლობა განცხადების საფუძველზე დაიბრუნოს აღნიშნული თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სალაროს შემოსავლის ორდერი;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 2725,65 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1913,22 აშშ დოლარს, საპროცენტო სარეგებლი შეადგენს 463.07 აშშ დოლარს, სადაზღვევო შესატანი 114,58 აშშ დოლარს, 13.44 აშშ დოლარი შეადგენს მომსახურების საკომისიოს, ხოლო 221,34 აშშ დოლარი შეადგენს პირგასამტეხლოს.

 

მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს საპროცენტო სარგებლის, სიცოცხლის დაზღვევის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ასევე განმარტა რომ არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის დაანგარიშებას. შესაგებელში მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ სესხი მიღებული აქვს, თუმცა პირობები კაბალურია;

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე მტკიცებულება, მისი პოზიციის დასადასტურებლად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს მოსაქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 1913,22 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 1913,22 აშშ დოლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 1913,22 აშშ დოლარის დასაკისრებლად.

 

6.2. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 2015 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება;

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2015 წლის 14 დეკემბერს, შპს „მ-----------------------------–-----------„-ს (შემდგომში სს კ-------------) და მ--------–---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 2900 აშშ დოლარი, 36 თვის ვადით, სესხის ხელშეკრულების 3.8. პუნქტით განისაზღვრა სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი, რაც შეადგენს ყოველთვიურ 2.38%.

 

ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, ,,გამსესხებლის’’ მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს გადასახდელი დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, ხელშეკრულებას თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები და ამ ხელშეკრულების შეწყვეტამდე პერიოდისათვის დარიცხული ჯარიმა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის საბანკო კრედიტის პროცენტზე შეთანხმება მოხდა ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში ,,მსესხებელი’’ ვალდებულია დაუყოვნებლივ გადაიხადოს თანდართული გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მხარეებს შორის 2015 წლის 14 დეკემბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, სესხი გადახდილი უნდა იქნეს თანდართული სესხის გადახდის გრაფიკის მიხედვით. გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას. ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხის და და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვრვევას. ამავე ხელშეკრულების 7.4. პუნქტი კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს ყველა სესხის ვადამდე დაფარვა. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა გადახდის გრაფიკით განსაზღვრული თანხა. მოპასუხეებს გაფრთხილების წერილებით ეცნობათ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ და ეთხოვათ დავალიანების თანხის დაფარვა. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.

 

6.3. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულება ითვალისწინებს მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევას, კერძოდ ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, „გამსესხებლის„ და მსესხებლის„ რისკების შემცირების მიზნით მსესხებელი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. ხელშეკრულების 5.2. და 5.3. პუნქტები შეიცავს შემდეგ დათქმას: მსესხებელი ვალდებულია, დროულად და სრულად განახორციელოს სესხის გადახდის გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანები. აღნიშნული გადასახადის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მიიჩნევა ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად. მსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ადასტურებს, რომ გაეცნო დაზღვევის პირობებს. სესხის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად მსესხებელს სესხი უნდა გადაეხადა სესხის ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის მიხედვით, გრაფიკში მითითებული გადასახდელი თანხები მოიცავს სესხის ძირითად თანხას, დარიცხულ პროცენტს და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიას; ამდენად, სიცოცხლის დაზღვევის თანხაზე შეთანხმება მოხდა სესხის ხელშეკრულებით და მათი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე, ასევე სიცოცხლის დაზღვევაზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის და სიცოცხლის დაზღვევის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სს კ------------- ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მ--------–---------ესთან ერთად ნ----–----------–---–ის და ლ------------–--ის ვალდებულება სს კ-------------ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 36 თვის ვადაში 2018 წლის 19 დეკემბერს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნ----–----------–---–მა და ლ------------–--ემ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელებზე, მომსახურების ყოველწლიურ გადასახადებზე და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 4633,45 აშშ დოლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ----–----------–---–ს და ლ------------–--ეს ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2015 წლის 14 დეკემბერს შპს ,,მ-----------------------------–-----------სა'' და მოპასუხე მ--------–---------ეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა ჯარიმა, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადიცილებულ დღეზე დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არაუმეტეს 150 დღის განმავლობაში. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარემ მოითხოვა ჯარიმა 0.27%-ის გათვალისწინებით 187,67 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის გათვალისწინებით- 33,67 აშშ დოლარის ოდენობით.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე – 0.27%-ის ოდენობით, არაგონივრულია და უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 აშშ დოლარის გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ--------–---------ეს, ნ----–----------–---–ს და ლ------------–--ეს სს კ-------------ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ 2604,31 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1913,22 აშშ დოლარს, სარგებელი 463,07 აშშ დოლარს, 114,58 აშშ დოლარი შეადგენს სადაზღვევო შესატანს, 13.44 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიოს და პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარს).

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 1913,22 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში. მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან, მოსარჩელეს ასევე უნდა დაუბრუნდეს შემცირებული მოთხოვნის ფარგლებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სულ 145,28 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 51 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 121,34 აშშ დოლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სს „კ-------------„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მ--------–---------ეს, ნ----–----------–---–ს და ლ------------–--ეს - სს კ-------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2604,31 აშშ დოლარის გადახდა; საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 1913,22 აშშ დოლარს, საპროცენტო სარგებელი 463,07 აშშ დოლარს, სადაზღვევო შესატანი 114,58 აშშ დოლარს, 13,44 აშშ დოლარი მომსახურების საკომისიოს, პირგასამტეხლო 100 აშშ დოლარს.

 

3. მ--------–---------ეს, ნ----–----------–---–ს და ლ------------–--ეს - სს კ-------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 51 ლარის ოდენობით.

 

4. სს კ------------- (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 20 თებერვალს სს „კრედო ბანკში„ სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 145,28 ლარი (საგადახდო დავალება №124763), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე