გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
160210117002191572
საქმე №2/1150-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
17 აპრილი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ია ლაბაძე
სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი
მოსარჩელე - ნუ------------------ა
მხარდამჭერი - ედ--–--------------ა
წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი
მოპასუხე - მა---------------ი
წარმომადგენელი - ომ----------------–---ი
თარჯიმნები - ნა--–-------------ა, სუ-------------–---–ი
დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნუ------------------ასა და მა---------------ს შორის, 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და ნუ------------------ას საკუთრების უფლება აღდგენა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. მა-------–---------–--------------–-------ი 1, N1, საკადასტრო კოდი: 83.02.19.2-- (იხ. სარჩელი, 15.02.2018წ. სხდომის ოქმი 15:10:16-15:13:13).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, ქ. მარნეულში მდებარე სადავო სახლზე აღრიცხული იყო ნუ------------------ას საკუთრების უფლება.
ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ, მოპასუხემ დიდი უმადურობა გამოიჩინა და 2017 წლის აპრილში მოპასუხემ ნუ------------------ა გამოაგდო სახლიდან, რის შემდეგაც ნუ------------------ას მდგომარეობა უფრო დამძიმდა, მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი სახლი და დროებით ცხოვრობს შვილთან.
მოსამაზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება ნუ------------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობის გამო. უმადურობა გამოიხატა იმაში, რომ მოპასუხე არ უვლიდა ავადმყოფ ბებიას და საბოლოოდ გააგდო სახლიდან (იხ. სარჩელი, 15.02.2018წ. სხდომის ოქმი 15:10:16-15:13:13, 12.03.2018წ. სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, მასსა და ბებიას შორის არასოდეს ყოფილა დაძაბული ურთიერთობა. 2016 წლის 07 აპრილს ნუ------------------ამ გამოხატა უძრავი ქონების შვილიშვილისათვის ჩუქების ნება. ხელშეკრულების დადების დროს, ნუ------------------ა იყო ადექვატური და მის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა შემოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ. ნუ------------------ა დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და ჩუქების ხელშეკრულების შედგენის დროს რაიმე სახის დარღვევები მეხსიერებასთან დაკავშირებით არ ჰქონია.
მას არ გამოუხატავს უმადურობა გამჩუქებლის მიმართ. 2017 წლის დასაწყისში, საცხოვრებელ სახლს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ასევე გამოეცვალა სახურავი. ამ პერიოდში ედ--–--------------ამ თავისი ნებით წაიყვანა ნუ------------------ა თავისთან. წაყვანის შემდეგ, ედ--–--------------ა ეჩხუბებოდა მოპასუხის ოჯახის წევრებს და იგი გაბრაზებული იყო სახლის გაჩუქების გამო. მოპასუხე მზად არის მოუაროს ბებიას, თუმცა ედ--–--------------ა ყველანაირად ცდილობს ნუ------------------ასა და მის დაშორებას (იხ. შესაგებელი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დასაჩუქრებული მა---------------ი არის გამჩუქებლის ნუ------------------ას შვილიშვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ნუ------------------ასა და მა---------------ს შორის, 2016 წლის 07 აპრილს გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნუ------------------ამ მა---------------ს საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. მა-------–---------–--------–-------ი 1, N1 საკადასტრო კოდი: 83.02.19.2--. აღნიშნულ უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია მა---------------ის საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ. 14-17);
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.2.2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ნუ------------------ა ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებად შემდეგ სფეროებში: პენსიის, დახმარების მიღების, დანიშვნის, აღდგენის, განახლების, განკარგვის სფეროში; ამ მიზნით სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში, მათ შორის საბანკო მომსახურების განხორციელების სფეროში; პირადობის მოწმობის მიღების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან ურთიერთობის სფეროში, სარჩელის აღძვრის საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელების სფეროში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის დავაზე და ამ მიზნით სასამართლოსთან ურთიერთობის სფეროში; უძრავი ქონების მხარდასაჭერი პირის სახელზე რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრთან ურთიერთობის სფეროში. ედ--–--------------ა დაინიშნა მისი დედის - ნუ------------------ას მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში და მიენიჭა უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისთვის, მინიჭებული უფლებები მხარდამჭერის მიმღების ინტერესების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.01.2018წ. გადაწყვეტილება (ს.ფ. 121-124);
3.2.3. მოსარჩელე ნუ------------------ა, მოცემული მდგომარეობით ცხოვრობს მხარდამჭერთან ედ--–--------------ასთან ერთად ქ. მა-------––---------–---------ს ქ. N3-ში ედ--–--------------ას საცხოვრებელ სახლში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი; სარჩელი, შესაგებელი)
- მოწმეთა ჩვენებები (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი);
3.2.4. მა---------------ი, თავის ოჯახთან ერთად, ცხოვრობს სადავო სახლში და სარგებლობს ჩუქებით მიღებული უძრავი ქონებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი)
3.2.5. ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნუ------------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნუ------------------ას აღენიშნება მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, კერძოდ, მისი დიაგნოზია: ატროფიული ენცეფალოპათია, კოგნიტურ მნესტიკური ფუნქციების უხეში დარღვევით, ქვემო პარაპრეზი, შაქრიანი დიაბეტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 111-117)
3.2.6. მოპასუხე მა---------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა უმადურობის გამოვლენას მოსარჩელე ნუ------------------ას მიმართ.
მოსარჩელე მხარე უმადურობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ნუ------------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, იგი საჭიროებდა მუდმივ მზრუნველობას და ყურადღებას, რასაც იგი მა---------------ის მხრიდან ვერ იღებდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას ესაჭიროება მუდმივი მომვლელი, სამედიცინო დახმარება და მედიკამენტები; გარდა ამისა, იგი დარჩენილია ერთადერთი საცხოვრებელი სახლის გარეშე.
აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით საქმეზე მოსარჩელის ინიციატივით დაიკითხნენ მოწმეები.
მოწმის სახით დაკითხულმა პირმა გი----–---–---ამ, რომელიც არის ნუ------------------ას შვილი და მოპასუხე მა---------------ას მამიდა, განმარტა, რომ ნუ------------------ა, 2014 წლიდან ავად იყო და ცხოვრობდა მა---------------თან. რემონტის მიმდინარეობისას, მას სამზარეულში ეძინა, ასევე აივანზეც. სამჯერ იყო მისული სანახავად და სამჯერვე აივანზე ეძინა და ბუზები ეხვეოდნენ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ჰქონდა ასევე ჰიგიენური პრობლემებიც. როდესაც მისცა შენიშვნა ძმისშვილს, მან შეურაცხყოფა მიაყენა და უთხრა, რომ თუ არ მოსწონდა თავისთან წაეყვანა. შემდეგ მეორე დაც მივიდა და მა---------------მა უთხრა მათ, რომ წაეყვანათ დედა და წასულიყვნენ მისი სახლიდან. ბოლო მისვლის დროს, მა---------------მა ფიზიკური შეურაცხყოფაც კი მიაყენა. დედამისი დამოუკიდებლად ვერც წყალს სვამდა და ვერც საჭმელს მიირთმევდა. როდესაც ნახეს, თუ რა ცუდ მდგომარეობაში იყო დედამისი, აპრილის თვეში წამოიყვანეს; ნუ------------------ა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ჯერ ერთ შვილთან და შემდეგ მეორე შვილთან. მან ასევე უთხრა, რომ გაემზადებინათ დედამისის ოთახი და მისი შვილები რიგ-რიგობით მივიდოდნენ და მიხედავდნენ დედამისს. მან ასევე განმარტა, რომ ნუ------------------ა 10 წელი არ ელაპარაკებოდა შვილიშვილს, იმის გამო, რომ მა---------------მა ტაფა ჩაარტყა თავში (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:12:26-13:36:22).
მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ვი-----------------ვმა, რომელიც არის ნუ------------------ას შვილი და მა---------------ის მამა, განმარტა, რომ ის ცხოვრობს მა---------------თან ერთად სადავო სახლში. ნუ------------------ი თავისთან წაიყვანა მისმა დამ ედ--–--------------ამ, რადგან შვილი ვერ უვლიდა სათანადოდ. ნუ------------------ას აძინებდნენ სამზარეულოში. იგი პირადი წყენის გამო, 6 წელია არ ელაპარაკება თავის შვილს მა---------------ს. მას უნდა, რომ დედამისი ისევ მასთან ერთად ცხოვრობდეს (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:39:31-13:50:56).
მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ატ-----------------ამ, რომელიც არის ნუ------------------ას შვილი და მა---------------ის მამიდა, განმარტა, რომ დედამისი ცხოვრობდა თავის შვილთან და შვილიშვილთან ერთად. მისი დები წავიდნენ დედის მოსანახულებლად, რა დროსაც მას დაურეკა გიუნაშმა და უთხრა, რომ წამოეყვანათ დედა იმ სახლიდან. როგორც მისთვის გახდა ცნობილი, მის ძმიშვილს მა---------------ს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია მისი დებისთვის. მას არ ჰქონდა ოჯახური პირობები, რის გამოც ვერ მოჰყავდა თავისთან დედამისი. როდესაც სანახავად მიდიოდა, დედამისი იყო მარტო, მშიერი და მას სამზარეულოში ეძინა. იგი შეესწრო ისეთ ვითარებასაც, როდესაც მისმა ძმისშვილმა მა---------------მა ჯამი ჩაარტყა თავში ბებიამისს ნუ------------------ას. ასევე ცნობილია ისიც, რომ სამზარეულოს რემონტის დროს, დედამისს, ნუ------------------ას, აპრილის თვეში აივანზე ეძინა და სახლში არ შეჰყავდათ (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი 13:55:36-14:08:21).
მოწმის სახით დაკითხულმა პირმა ირ---------------ამ, რომელიც არის მეზობელი, განმარტა, რომ ნუ------------------ა 2014 წლიდან ავად არის, ხშირად დაურეკავთ ედილიასთვის, რომ დედამისი ქუჩაში იყო მარტო და წაეყვანათ სახლში. ნუ------------------ა ფეხშიშველი იყო, როდესაც იპოვეს და ძალიან მოუვლელი. იგი, ედილიას დავალებით ნემს უკეთებდა ნუ------------------ას. რამდენჯერაც იყო მისული, ნუ------------------ა უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული და ეძინა სამზარეულოში (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი 14:11:08-14:19:46).
მოწმის სახით დაკითხული პირის გი------–----–---ას განმარტებით, რომელიც არის მეზობელი, განმარტა, რომ მას ხშირად დაუნახავს ნუ------------------ა ქუჩაში ფეხშიშველი დადიოდა, მას პასუხის გაცემა არ შეეძლო, ასევე არ შეეძლო სახლში დაბრუნება დამოუკიდებლად. იგივე დაადასტურა მოწმე ზა-------------ამაც, კერძოდ, მან განმარტა, რომ ხშირად დაუნახავს ნუ------------------ა ქუჩაში წვიმაში, არხში ჩავარდნილიც უნახავს; ნუ------------------ას გონება ჰქონდა არეული, 3 წელი ესეთ მდგომარეობაში ხვდებოდა, ხან პოლიცია აბრუნებდა სახლში, ხანაც მა---------------ის დედა აკითხავდა და მიჰყავდა სახლში. ბოლოს 1 წლის წინ ნახა (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი 15:18:59-15:42:46).
სასამართლო სხდომაზე მოპასუხის ინიციატივით დაკითხულ იქნენ მოწმეები. მოწმის სახით დაკითხული პირის გი---–---------------ვას განმარტებით, რომელიც არის მა---------------ის დედა, ნუ------------------ა მისმა მულებმა წაიყვანეს, რადგან მათ სახლში ჰქონდათ რემონტი. მათთან ყოფნის დროს, იგი თავად უვლიდა ნუ------------------ას, თუმცა ექიმთან მულებს დაჰყავდათ. მან დაადასტურა ის ფაქტიც, რომ ნუ------------------ა სახლიდან ხშირად იპარებოდა. მას სახლში თავისი ოთახი ჰქონდა, თუმცა ზაფხულის პერიოდში აივანზე გაჰყავდა; უმეთვალყურეოდ არასოდეს ტოვებდა; ბებიამისს მასიმი გამორჩეულად უყვარდა; მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია. იგივე გარემოება დაადასტურა ლა---------------ამ, რომელიც არის მა---------------ის და და მა---------–---მა, რომელიც არის მა---------------ის მეუღლე (იხ. 12.03.2018წ. სხდომის ოქმი 15:47:42-16:19:58; 29.03.2018წ. სხდომის ოქმი 15:29:30-15:54:64)
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელისა და მოპასუხის მოწმეები მიუთიუთენ საწინააღმდეგო გარემოებებზე და ადასტურებენ ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ინციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები არ უნდა იქნეს გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ორივე მხრიდან წარმოდგენილი მოწმეები არიან ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, რომელთაც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება მისცეს სასამართლოს. ჩვენების სარწმუნოობის თვალსაზრისით სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების გარდა, მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს ადასტურებენ ნუ------------------ას მეზობლებიც, რომლებიც მოწმეთა სახით არიან დაკითხული მოცემულ საქმეზე. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს მა---------------ის მიერ, ნუ------------------ას მიმართ გამოვლენილ უმადურობის ფაქტთან დაკავშირებით და ამ გარემოებების დადგენის მიზნით ეყრდნობა მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა - გი----–---–---ას, ვი-----------------ვის, ატ-----------------ას, ირ---------------ას, გი------–----–---ასა და ზა-------------ას ჩვენებებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გი----–---–---ას, ვი-----------------ვის, ატ-----------------ას, ირ---------------ას, გი------–----–---ასა და ზა-------------ას ჩვენებები (იხ. 12.032018წ. სხდომის ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნუ------------------ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე, 525-ე, 529-ე, 530-ე, 976-ე, 979-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით. ამავე კოდექსის 525-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, უძრავ ნივთზე ჩუქების ხელშეკრულება დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჩუქების ხელშეკრულება გაფორმდა 2016 წლის 07 აპრილს და დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ.
ჩუქების ხელშეკრულებიდან გამომდინარე გამჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობა ყველაზე ნათლად ასახავს რა სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირს, მჩუქებელისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ, ზნეობრივ ფასეულობათა დაცვა მოცემულ შემთხვევაში ხდება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებით, რასაც თან ახლავს სათანადო სამართლებრივი შედეგი – მჩუქებლისათვის გაჩუქებული ნივთის საკუთრებაში დაბრუნება.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის საფუძველზე, დასაჩუქრებული იძენს საკუთრების უფლებას ნაჩუქარ ქონებაზე, შესაბამისად, იგი უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ ფარგლებში ფლობდეს, ისარგებლოს ან განკარგოს ნაჩუქარი ქონება, მას ასევე შეუძლია, არ დაუშვას სხვა პირების მიერ მისი კუთვნილი ქონებით სარგებლობა. „სხვა პირებში“ ამ შემთხვევაში, გამჩუქებელიც შეიძლება მოიაზრებოდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი სარგებლობა ჩუქების ხელშეკრულების მხარეთა მიერ წინასწარაა შეთანხმებული. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლო ხასიათის გათვალისწინებით, ქონების გამჩუქებელს იმგვარი უფლებები გააჩნია, რაც ვერ ექნება, მაგალითად, ნივთის გამყიდველს, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას, თუ იგი თავის უფლებებს კეთილსინდისიერად და მართლზომიერად ახორციელებს. სწორედ ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, დასაჩუქრებული ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს გამჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება გონივრულობის ფარგლებში უნდა ექცეოდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, ჩუქების გაუქმების შესაძლებლობას კანონი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის 1) დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა და/ან 2) მჩუქებლის, ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და აშკარა უმადურობის გამოჩენის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. შესაბამისად, სასამართლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულია, განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და მანვე უნდა გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს. თავისთავად ,,დიდი უმადურობა“, ანუ უმადურად ქცევა, შეფასებითი კატეგორიაა, რასაც განსაზღვრავს სასამართლო გარემოებათა ურთიერთშეჯერების შედეგად. სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად, მჩუქებლისაგან ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ მიღების სანაცვლოდ დასაჩუქრებულს აკისრებს ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ჩუქების მოშლას იწვევს არა ყოველგვარი ზნეობის საწინააღმდეგო მოქმედება, არამედ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა. სასამართლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხს მჩუქებლის ქცევის გათვალისწინებით და ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას წარმოადგენს თუ არა გამოვლენილი უმადურობა და მიყენებული შეურაცხყოფა ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდა-მოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, ობიექტურად, შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.
სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომელიც უმადურობის გამოჩენად აღიქვამს მოპასუხის მიერ გამოვლენილ გულგრილობას უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ამგვარი უგულვებელყოფა საფრთხეს უქმნის ნუ------------------ას ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძვლად სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხის მხრიდან გამოვლენილი უმადურობის შესახებ მიუთითებს მოსარჩელე მხარე, რომელიც გამყარებულია საქმეში წარმოდგენილი სხვა სარწმუნო მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახეზეა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან, კანონმდებელი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფაზე და დიდ უმადურებაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნუ------------------ა და მა---------------ი, როგორც ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, ასევე მის შემდეგ ცხოვრობდნენ ერთ ოჯახად და ეწეოდნენ საერთო მეურნეობას; ნუ------------------ას სხვა საცხოვრებელი არ გააჩნია. ნუ------------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, მა---------------მა არ გამოიჩინა სათანადო გულისხმიერება და მზრუნველობის გარეშე დატოვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი ბებია. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ჩუქების გაუქმებისა და ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვის წინაპირობები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გაჩუქებული ქონება წარმოადგენდა გამჩუქებლის ერთადერთ საცხოვრისს. მოსარჩელე არის ხანდაზმული, საჭიროებს მოვლას და სხვა აუცილებელ დახმარებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იგი აღიარებულია მხარდაჭერის მიმღებად. დასაჩუქრებული არ იჩენს გულისხმიერებას, რომ მატერიალური და სხვა სახის დახმარება გაუწიოს ბებიას. ქონების გასხვისებით გამჩუქებელი ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში, მას მოესპო შესაძლებლობა, რომ საკუთარი შეხედულებით განკარგოს ქონება, მაგალითად გააქირაოს და მიიღოს სარგებელი, ან მთელი სიცოცხლის მანძილზე მისთვის მისაღებ პირს (მარჩენალს) სარჩოს გადახდის პირობით გადასცეს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება და ა.შ.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგანაც განხორციელებულია სსკ-ის 530-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები და არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის გამომრიცხავი გარემოება - გამჩუქებლისათვის ნივთზე საკუთრების უფლების დაბრუნებით დასაჩუქრებულის მძიმე მდგომარეობაში ჩაყენება - სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და სახეზეა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების როგორც სსკ-ის 529-ე მუხლით, ასევე 530-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება საქმის Nას-710-676-2015).
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ნუ------------------ასა და მა---------------ს შორის, 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე,ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან, გაუქმდა ჩუქების ხელშეკრულება, გაჩუქებული ქონება ისევ გამჩუქებლის საკუთრებად უნდა იქნეს აღიცხული.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ნუ------------------ას შუამდგომლობა და მოსარჩელეს, სახელმწიფო ბაჟის - 2605,20 ლარის გადახდა გადაუვადდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 48-ე მუხლის მუხლისა. იმის გათვალისწინებით, რომ ნუ------------------ას სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე მა---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 2605,20 ლარის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება დაკმაყოფილდა; შესაბამისად, მოპასუხე მა---------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
დადგენილია, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნუ------------------ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და მოპასუხე მა---------------ს (პ/ნ 2----------) აეკრძალოს მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ. მა-------–---------–------------------–-------ი I, N1, საკადასტრო კოდით 83.02.19.2--, გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით ნუ------------------ას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, არ არსებობს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების წინაპირობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნუ------------------ას (მხარდამჭერი ედ--–--------------ა) სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ნუ------------------ასა (პ/ნ: 2----------) და მა---------------ს (პ/ნ: 2----------) შორის, 2016 წლის 07 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე მდებარე, ქ. მა-------–---------–------------------–-------ი 1, N1, საკადასტრო კოდი: 83.02.19.2-- და ქ. მა-------––---------–---------ს ქ. შესახვევი 1, N1-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 83.02.19.2--, აღირიცხოს ნუ------------------ას სახელზე.
3. მოპასუხე მა---------------ს მოსარჩელე ნუ------------------ას სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. მოპასუხე მა---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2605,20 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოსამართლე ია ლაბაძე