გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002341878 (2-130/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე
მოსარჩელე - შპს ,,ემ----------–-----ედ“
წარმომადგენელი: ნი-----------ვა
მოპასუხე - შპს ,,ოლ-------------4/7“
წარმომადგენილი- სა-–-----------ძე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს ,,ოლ-------------4/7“-ს შპს ,,ემ----------–-----ედ“ -ის სასარგებლოდ დაეკისროს 4283.66 ლარის გადახდა.
სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს ,,ემ----------–-----ედ“-მა შპს ,,ოლ-------------4/7“-ს 2016 წლის 09 ნოემბრიდან 2017 წლის 01 თებერვლამდე მიაწოდა 4283.66 ლარის ღირებულების ნატახტარის პროდუქცია. შპს ,,ოლ-------------4/7“-მა არ შეასრულა ვალდებულება და არ განახორციელა დავალიანების გადახდა. შპს ,,ოლ-------------4/7“-ის მიერ შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე დადასტურებულია ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით 4283.66 ლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი, თუმცა მოპასუხე არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ოლ-------------4/7“-ის წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნას არ ცნობს. მისი განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი ზედნადებებით არ დასტურდება შპს ,,ოლ-------------4/7“--სთვის 4283.66 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტი, ვიანიდან წარმოდგენილ ზედნადებებზე მარცხენა უკიდურეს კუთხეში უნდა ეწეროს დადასტურებული, რაც ზედნადებებს არ აწერია, რაც იმას ადასტურებს, რომ სასაქონლო ანგარიშ ფაქტურა გამოწერილია, თუმცა არ მომხადარა მოპასუხის მიერ მისი მიღება. ამასთან შპს ,,ოლ-------------4/7“-ის საქმიანობას წარმოადგენს თამბაქოს პროდუქციით ვაჭრობა და არა ალკოჰოლური სასმელების, შესაბამისად ვერ მოახდენდა ლუდის რეალიზაციას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
მხარეები სადავოდ ხდიან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა- განმარტებებით დგინდება, რომ შპს ,,ემ----------–-----ედ“-მა შპს ,,ოლ-------------4/7“-ს ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიაწოდა 4283.66 ლარის ღირებულების ნატახტარის პროდუქცია. დღეის მდგომარეობით შპს ,,ოლ-------------4/7“-ს აღნიშნული დავალიანება არ აქვს გადახდილი.
აღნიშნულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ #996 ბრძანების თანახმად სასაქონლო ზედნადები დგება საქონლის მიწოდებისთანავე ან ტვირთის გადაზიდვის დაწყებისთანავე. სასაქონლო ზედნადებით დასტურდება საქონლის მიწოდების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც სასაქონლო ზედნადების გამომწერი (გამყიდველი), ასევე, მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ზედნადების მყიდველის მიერ დადასტურებისას, უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი შეიძინა, ვინაიდან ზედნადები იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ზედნადების გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზედნადების მიხედვით მყიდველს წარმოადგენდა შპს ,,ოლ-------------4/7“, რომელსაც შპს ,,ემ----------–-----ედ“-მა მიაწოდა 4283.66 ლარის ღირებულების საქონელი.
წარმოდგენილი ზედნადებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა საქონელი, რის შემდეგაც მყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის ფასის გამყიდველისათვის გადახდის ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების მტკიცება სასამართლოში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის ნასყიდობის ხელშეკრულების დადებასა და საქონლის მიწოდებას. საფუძვლად მიუთითებდა იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილ ზედნადებებზე არ აღინიშნებოდა მოპასუხის დადასტურება. მოსარჩელის წარმომადგენელმა წარმოადგინა დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ ფაქტურები, მოპასუხეზე მიწოდებული საქონლის რეესტრი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან და საბანკო ამონაწერი. აღნიშნულის საპირისპირო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სასაქონლო ზედნადებები
- შპს მიწოდებული საქონლის რეესტრი შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან,-საბანკო ამონაწერი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 477-ე მუხლები.
-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე და კერძოდ, სასამართლომ დაადგინა შპს ,,ემ----------–-----ედ“-ის მიერ შპს ,,ოლ-------------4/7“-სათვის 4283.66 ლარის ღირებულების საქონლის მიწოდების ფაქტი და დადგენილია, რომ დავალიანება არ არის შესრულებული.
წარმოდგენილი ზედნადებებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება ზეპირი ფორმით. მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით მოწესრიგებას. გამყიდველმა მყიდველს მიაწოდა საქონელი, რის შემდეგაც მყიდველს წარმოეშვა ნასყიდობის ფასის გამყიდველისათვის გადახდის ვალდებულება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ფასის გადახდა.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხე შპს ,,ოლ-------------4/7“-ს მოსარჩელე შპს ,,ემ----------–-----ედ“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4283.66 ლარის გადახდა.
7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საქმეზე გადახდილი ბაჟი 128.51 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ემ----------–-----ედ“-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ოლ-------------4/7“-ს (სადენტ. კოდი 4--------) შპს ,,ემ----------–-----ედ“-ის (სადენტ კოდი 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 4283.66 ლარის გადახდა.
3. შპს ,,ოლ-------------4/7“-ს (სადენტ კოდი 4--------) შპს ,,ემ----------–-----ედ“-ის (სადენტ. კოდი 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 128.51 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია
მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე