გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3449-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ივლისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - თ----- გ--------ე
წარმომადგენელი - ნ--- ზ------ე
მოპასუხე - გ------- ტ--------–--ე
წარმომადგენელი - ი-–-- ჯ----–--ე
დავის საგანი: განქორწინება, ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. თ----- გ--------ესა (პ/ნ 3----------) და გ------- ტ--------–--ეს (4----------) შორის 2014 წლის 23 მაისს სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინების (ს/ჩ #6----------) შეწყვეტა-განქორწინებით;
1.2. მოპასუხე გ------- ტ--------–--ეს დაეკისროს თავისი არასრულწლოვანი შვილის ბ-------- ტ--------–--ის (დაბადებული 2014 წლის 20 აგვისტოს) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სარჩელის შეტანის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე თ----- გ--------ე და მოპასუხე გ------- ტ--------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2014 წლის 23 მაისიდან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - ბ-------- ტ--------–--ე, დაბადებული 2014 წლის 20 აგვისტოს. 2017 წლიდან მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და გახშირებული კონფლიქტების გამო მოსარჩელემ გადაწყვიტა ქორწინების შეწყვეტა და დატოვა მეუღლის საცხოვრებელი სახლი. მოპასუხე არაა თანახმა განქორწინებაზე, რის გამოც ითხოვს სასამართლო წესით ქორწინების შეწყვეტას.
მოპასუხე უარს აცხადებს შვილის მიმართ ვალდებულების შესრულებაზე, არ მონაწილეობს მის აღზრდა-განვითარებაში და უარს აცხადებს მისთვის ფინანსური დახმარების გაწევაზე.
მოსარჩელე თ----- გ--------ის განმარტებით, მოპასუხე არ არის დასაქმებული, მაგრამ არის შრომისუნარიანი, შესწევს უნარი მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში და გადაუხადოს მას ყოველთვიურად 200 ლარი.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1128-ე, 1197-ე, 1202-ე, 1212-ე- 1214-ე მუხლები.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ და მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირეს მოთხოვნას და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. ამასთან დამატებით განმარტეს, რომ მოპასუხეს აქვს შემოსავალი (ხელოსანია), ასევე აღნიშნეს, რომ არასრულწლოვანი ბ-------- ტ--------–--ე იზრდებოდა და იზრდება დედასთან, თ----- გ--------ესთან, იგი მხოლოდ ერთი თვეა, რაც იმყოფება მამასთან და ისევ დაბრუნდება დედასთან, ამიტომ ალიმენტის მოთხოვნა საფუძვლიანია და არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა წარმოდგენილ შეგებებულ სარჩელში, რომელიც მისივე შუამდგომლობით განუხილველად იქნა დატოვებული, ნაწილობრივ ცნო სარჩელი არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში და მიუთითა, რომ თანახმაა მისი არასრულწლოვანი შვილისათვის გადაიხადოს ალიმენტის სახით 100 ლარი ყოველთვიურად. იმის გათვალისწინებით, რომ არის დაუსაქმებელი და არ გააჩნია არანაირი შემოსავალი.
მოპასუხე მიუთითებს, რომ არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას თავს არ არიდებს და ითვალისწინებს ამ პასუხისმგებლობას, სურვილი აქვს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან და იზრუნოს მასზე, თუმცა მოსარჩელე არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ნორმალურ გარემოში ურთიერთობა იქონიოს მცირეწლოვან შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მისი შვილის აღზრდა-განვითარებაში.
სასამართლო სხდომაზე კი, მოპასუხემ არ ცნო სარჩელი ალიმენტის დაკისრების ნაწილში და განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვი ბ-------- ტ--------–--ე ცხოვრობს მამასთან და აპირებს აღძრას სარჩელი თ----- გ--------ის მიმართ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნით, ამიტომ მოთხოვნა მისთვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლოა (იხ.მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, სასამ. სხდომის ოქმი),3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმეზე წარმოდგენილი სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ქორწინების მოწმობის მიხედვით, თ----- გ--------ე და გ------- ტ--------–--ე დაქორწინდნენ 2014 წლის 23 მაისს (ქორწინების ს/ჩ #6----------).
მათ თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი: ბ-------- ტ--------–--ე დაბადებული 2014 წლის 20 აგვისტოს, პ/ნ 6----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2017 წლის 25 ოქტომბერს გაცემული ქორწინების მოწმობა (ს/ფ 17);
- სსგს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქუთაისის სამსახურის მიერ გაცემული ბ-------- ტ--------–--ის დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი #6---------- (ს/ფ. 16);
3.1.2. თ----- გ--------ესა და გ------- ტ--------–--ეს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია და ისინი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი).
3.1.3. თ----- გ--------ე ცხოვრობს დედასთან და ბებია-ბაბუასთან ქ.ოზურგეთში, არასრულწლოვანი ბ-------- ტ--------–--ე ცხოვრობს ასევე დედასთან, მოსარჩელე თ----- გ--------ესთან ერთად. თუმცა დავის დაწყების შემდეგ ბავშვი დროებით წაიყვანა მამამ და იმყოფება მასთან ერთი თვეა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ გ------- ტ--------–--ე არის ხელოსანი და მუშაობს სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებზე, მისი შემოსავალი არაა სტაბილური, მაგრამ თვეში საშუალოდ შეადგენს 800 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტყიბულის რაიონული განყოფილების მიერ გაცემული დასკვნა (ს/ფ 59),- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი).
3.2.2. გ------- ტ--------–--ის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამ. სხდომის ოქმი).
3.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ, ობიექტურ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რაც წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს და ალიმენტის ოდენობა არასრულწლოვანი შვილისათვის განისაზღვროს 200 (ორასი) ლარის ოდენობით, მის სრულწლოვანების მიღწევამდე სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები,- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1198-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოსარჩელე თ----- გ--------ე და მოპასუხე გ------- ტ--------–--ე დაქორწინდნენ 2014 წლის 23 მაისს.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
6.2. თ----- გ--------ესა და მოპასუხე გ------- ტ--------–--ეს შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია და მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს ცალკე - მშობლების ოჯახში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. შესაბამისად, სარჩელი თ----- გ--------ესა და მოპასუხე გ------- ტ--------–--ეს შორის ქორწინების შეწყვეტის (განქორწინების) შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, ბ-------- ტ--------–--ე, დაბადებული 2014 წლის 20 აგვისტოს და რომლის რჩენისათვის მამას არ უზრუნია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
6.4. დადგენილია, რომ მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში, შეეძინათ ერთი შვილი- ბ-------- ტ--------–--ე, დაბადებული 2014 წლის 20 აგვისტოს. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდა და ცხოვრობს მოსარჩელე თ----- გ--------ესთან ერთად, თუმცა ბავშვი დროებით (ერთი თვეა) იმყოფება მამასთან. თ----- გ--------ე ამჟამად არ მუშაობს. აქვს პერიოდული შემოსავალი. დახმარებას უწევენ ძირითადად ოჯახის წევრები (დედა, ბებია-ბაბუა). მოსარჩელის მითითებით, გ------- ტ--------–--ე კი სათანადოდ არ იღებს მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე სხვა არაერთი საერთაშორისო აქტი ადგენს მთელ რიგ რეგულაციას, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს.
სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია „ბავშვის უფლებების შესახებ“. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
„ბავშვის უფლებების შესახებ“ (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არამარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.
ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
6.6. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია მოპასუხე გ------- ტ--------–--ის მატერიალური მდგომარეობა. იგი დასაქმებულია და მუშაობს სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოებზე, მისი შემოსავალი თვეში საშუალოდ შეადგენს 800 ლარს.
ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის კმაყოფაზე არ იმყოფებიან სხვა პირები, რომლებიც მის ზრუნვას და დახმარებას საჭიროებენ, გარდა არასრულწლოვანი შვილისა.
ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. გასათვალისწინებელია, როგორც ალიმენტვალდებული მშობლის მატერიალური მდგომარეობა, ასევე მეორე მშობლის ფინანსური შესაძლებლობები. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არამხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას. აღნიშნული მოთხოვნილებები განსხვავდება ბავშვის ასაკიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბ-------- ტ--------–--ის ასაკს და მიუთითებს, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
6.7. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
მოპასუხე გ------- ტ--------–--ე არაა თანახმა ალიმენტის გადახდაზე იმ მოტივით, რომ ბავშვი ამჟამად იმყოფება მასთან. მოპასუხის ამ პოზიციას სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან დადგენილია, რომ ბ-------- ტ--------–--ე დაბადებიდან იზრდებოდა დედასთან, თ----- გ--------ესთან და მხოლოდ ერთი თვეა, რაც ის იმყოფება მამასთან, დროებით. სხვა გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვნის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. ამავდროულად, ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობისა და მოპასუხის რეალური მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვისათვის უნდა განისაზღვროს თვეში 200 ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან მის სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე თ----- გ--------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა ქორწინების შეწყვეტის შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოსარჩელე თ----- გ--------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 50 (ორმოცდაათი) ლარი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე გ------- ტ--------–--ემ სარჩელი არ ცნო. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 72 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 39-ე, 46-ე, 49(3)-ე, 55-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- გ--------ის (წარმომადგენელი ნ--- ზ------ე) სარჩელი გ------- ტ--------–--ის (წარმომადგენელი ი-–-- ჯ----–--ე) მიმართ, დაკმაყოფილდეს;
1.1. თ----- გ--------ეს და გ------- ტ--------–--ეს შორის 2014 წლის 23 მაისს სამოქალაქო რეესტრის სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს, განქორწინებით (ა/ჩ #6----------);
1.2. მოპასუხე გ------- ტ--------–--ეს თავისი არასრულწლოვანი შვილის 2014 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ბ-------- ტ--------–--ის (პ/ნ 6----------) სასარგებლოდ დაეკისროს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 16 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე;
2. დაეკისროს მოპასუხე გ------- ტ--------–--ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის გადახდა 72 ლარის ოდენობით;
3. თ----- გ--------ეს დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშიდან: სს „ლიბერთი ბანკი“, საგადახდო დავალება # 14760734, გადახდის თარიღი: 16.11.2017წ., სახაზინო კოდი: 300183150;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. #11);
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე