გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/288-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 ივლისი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე სს "თ-----------ი"
წარმომადგენელი თამარ მაღალაშვილი
მოპასუხეები ჩ----- ა–-----ი
ზ--–----- კ---–----ა
ა-–----- კ---–----ი
გ---–----- ა–-----ა
რ--- ა–-----ა
რ---–-- ა–-----ი
წარმომადგენელი დავით სარიბეგოვი, ეკატერინე მიშველიძე
დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ჩ----- ა–-----ის, ა-–----- კ---–----ის და ზ--–----- კ---–----ასათვის სესხის ძირითადი თანხის 37 350,66 ლარის სოლიდარულად დაკისრება;
1.2. ჩ----- ა–-----ის, ა-–----- კ---–----ის და ზ--–----- კ---–----ასათვის 2017 წლის 1 აგვისტოდან სესხის ძირითად თანხა გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული დასარიცხი პროცენტის დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 491,19 ლარის ოდნეობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ, არაუმეტეს 3194,26 ლარის (37 350,66X16%/365X30X12) სოლიდარულად დაკისრება;
1.3. ჩ----- ა–-----ის, ალლადინ კ---–----ის და ზ--–----- კ---–----ასათვის პირგასამტეხლოს სოლიდარულად დაკისრება ყოველდღიურად 37,35 ლარის ოდენობით, 2017 წლის 6 თებერვლიდან 90 დღის მანძილზე, ჯამურად 3361,5 ლარის ოდენობით,1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს გიულნარ ა–-----ას, რ--- ა–-----ას, რ---–-- ა–-----ის და ჩ----- ა–-----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - რუსთავში, მე-17 მ/რ, კ----------------- კოდი 0------------------, რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოპასუხეების ჩ----- ა–-----ის, ა-–----- კ---–----ის და ზ--–----- კ---–----ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონების იძულებით რეალიზაცია.
(დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 149. ტომი 1)
სარჩელის საფუძვლები
2015 წლის 23 იანვარს სს „თიბისი ბანკსა“ და ჩ----- ა–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N33-32665-000008, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 60 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 48 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა გიულნარ ა–-----ას, რ--- ა–-----ას, რ---–-- ა–-----ის და ჩ----- ა–-----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - რუსთავში, მე-17 მ/რ, კ-----------------.
2015 წლის 23 იანვარს სს „თიბისი ბანკსა“ და ზ--–----- კ---–----ას და ა-–----- კ---–----ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს სესხის სოლიდარულად გადახდის ვალდებულება ზღვრული თანხის 63 000 ლარის ფარგლებში.
მსესხებელმა არ შეასრულა გრაფიკით დადგენილი წესით კრედიტის დაბრუნების ვალდებულება. 2016 წლის 20 დეკემბრის შემდეგ გადახდები არ განუხორციელებია. 2017 წლის 17 იანვარს და 26 იანვარს მოპასუხეებს გაეგზვნათ გაფრთხილების წერილები, რომლითაც განესაზღვრათ ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა და განემარტათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.
მოპასუხეებმა სარჩელის აღძვრის შემდეგ გადაიხადეს გარკვეული თანხა, რის გამოც თავდაპირველი მოთხოვნა შემცირდა. მოპასუხეებს არ გააჩნიათ სესხის სარგებლის დავალიანება. ძირითადი თანხის დავალიანებაა 37 350,66 ლარი, პირგასამტეხლო 3361,5 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბანკმა განიცადა ზიანი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი ვერ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რის გამოც მოითხოვა 1 წლის განმავლობაში მოპასუხეს დაერიცხოს მიუღებელი შემოსავლის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ჩ----- ა–-----მა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნო, სხვა მოპასუხეებს წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ჩ----- ა–-----მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტეს, რომ სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე თანმობას აცხადებს. პირგასამტეხლო არის არაგინივრულ მაღალი და მოითხოვა მის შემცირება 0,001%-მდე. მოპასუხეებმა ასევე მოითხოვეს ზიანის ანაზღაურების შემცირება, რადგან მოსარჩელეს ამჟამად იპოთეკური სესხის უფრო დაბალი პროცენტი აქვს და მოთხოვნილი თანხის ზიანი მას არ მისგდომია. ზიანის ასანაზღაურებლად პროცენტის უნდა განისაზღვროს წლიური 8%-ით.
მოპასუხეები ზ--–----- კ---–----ა, ალლადინ კ---–----ი, გ---–----- ა–-----ა, რ--- ა–-----ა და რ---–-- ა–-----ი სხდომაზე არ გამოცხადნენ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 23 იანვარს სს „თიბისი ბანკსა“ და ჩ----- ა–-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N33-32665-000008, რომლის საფუძველზე მსესხებელმა მიიღო სესხი 60 000 ლარი შემდეგი პირობებით: კრედიტის მოქმედების ვადა 48 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი 16%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%. თანხის გადახდის გრაფიკის თანახმად, ჩ----- ა–-----ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2019 წლის 20 იანვრამდე. ამ დროის მანძილზე გადასახდელი ძირითადი თანხაა 60 000 ლარი, სარგებელი 21509,01 ლარი. ჯამურად 82 853,32 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-28. 36-39. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
3.1.2. 2015 წლის 23 იანვარს სს „თიბისი ბანკსა“ და ჩ----- ა–-----ს, გ---–----- ა–-----ას და რ---–-- ა–-----ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა გიულნარ ა–-----ას, რ--- ა–-----ას, რ---–-- ა–-----ის და ჩ----- ა–-----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - რუსთავში, მე-17 მ/რ, კ-----------------.კოდი 0------------------. იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს „თიბისი ბანკის“ იპოთეკის უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 29-35. ტომი 1)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 65, 67. ტომი 1)
- სარჩელი (ს.ფ. 2-7. ტომი 1)
3.1.3. 2015 წლის 23 იანვარს ერთის მხრივ სს თიბისი ბანკსა და მეორეს მხრივ ზ--–----- კ---–----ას და ა-–----- კ---–----ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა იკისრეს პასუხისმგებლობა N 33-32665-00017 საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩ----- ა–-----ის ვალდებულებების შესრულებისათვის. თითოეული თავდების მაქსიმალური პასუხისმგებლობის ზღვრული თანხაა 63 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 39-48. ტომი 1)
3.1.4. ჩ----- ა–-----ს სრულად არ დაუბრუნებია ბანკისათვის მიღებული კრედიტის თანხა. 2016 წლის 20 დეკემბერიდან შეწყვიტა თანხის ყოველთვიურად გადახდა. სარჩელის აღძვრის შემდეგ გადაიხდა 5000 ლარი, საიდანა სრულად დაიაფარა კრედიტის საპროცენტო სარგებლის დავალიანება 3013,9 ლარი, ასევე შემცირდა ძირითადი თანხის დავალიანება. მოპასუხის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხაა 35 350,66 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 39-48. ტომი 1)
- მხარეთა განმარტებები (02.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 149. ტომი 1)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 325-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 394-ე, 404-ე, 407-ე, 867-ე, 412-ე, 414-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის საკრედიტო ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 23 იანვარს დადებული საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც მსესხებელს ჯეროვნად არა აქვს შესრულებული. სადაო არ არის, რომ მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის დაცვით კრედიტი არ დააბრუნა. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 37 350,66 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული.
მოპასუხე ჩ----- ა–-----მა ცნო სარჩელი სესხის ძირითადი თანხის გადახდის მოთხოვნის ნაწილში, რაც მოპასუხისათვის ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 1. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. 2. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა მოთხოვნილი თანხიდან გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის საფუძველზე მოპასუხეს უნდა დაეკისროს 37 350,66 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ თანხის გადახდა უნდა დაეკისროთ ასევე მოპასუხეებს ზ--–----- კ---–----ას და ალაიდინ კ---–----ს, რადგან მათ ბანკთნ დადებული აქვთ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ძირითადმა მოვალემ ჩ----- ა–-----მა დაარღვია კრედიტის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია სოლიდარულ თავდებებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა. ამ შემთხვევაში ზ--–----- კილბიევასთან და ალიადინ კიელბიევთან დადებული შეთანხმებით წარმოშობილია სოლიდარული თავდებობა ჩ----- ა–-----ის საკრედიტო ვალდებულების შესრულების საკითხში, რის გამოც მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია.
6.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
საკრედიტო ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ს. სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%-ის ოდენობით 90 დღის პერიოდში დღეში 37,35 ლარის ოდენობით, რაც ჯამურად არის 3361,5 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან მოთხოვნილია არაგონივრულად მაღალი პირგსამტეხლოს დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.
პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირგასმატეხლოს შემცირების საფუძველია არა მარტო რაოდენობრივი კრიტერიუმი (მაგალითად დიდი თანხ), არამედ საქმის გარემოებებისადმი პირგასმატეხლოს პირობების შეუსაბამობა. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასმატეხლო არაგონივრულად მაღალია როგორ ყოველდღიურად გადასახდელი თანხის ოდნეობის, ისე ჯამურად მოთხოვნილი თანხის გამო. ყოველდღიურად დარიცხული პირგასმატეხლოა 37,35 ლარი, ხოლო სარჩელის აღძვრის შემდგომ 90 დღიან პერიოდში გადასახდელი პირგასამტეხლოა 3361,5 ლარი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ აღებული კრედიტის დიდი ნაწილი დაბრუნებულია, პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-თ, რაც დღეში შეადგენს 3,73 ლარს, ხოლო ვადის გადაცილების პერიოდის 90 დღეში შეადგენს 336,15 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას მიიღოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო, რადგან სარჩელით მოთხოვნილია ასევე მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაც, რომლის ანაზღაურების მოთხოვნა საფუძვლიანია. სასამართლოს პირგასამტელოს გონივრულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვან გარემოებად მიჩნია, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ სარჩელის აღძვრის შემდეგ გააგრძელა საკრედიტო ვალდებულების შესრულება, რის შედეგად დავალიანება სერიოზულად შემცირდა.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა,კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.
ჩ----- ა–-----თან დადებულია საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის ვადა იწურება 2019 წლის იანვარში. შესაბამისად, მხარეებს შორის წარმოშობილია გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, რომელიც ბანკის მიერ შეწყდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. 2. ეს წესი არ გამოიყენება, როცა ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძველი მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
მოვალის მიერ საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო კრედიტორმა უარი თქვა ხელშეკრულებაზე, რის გამოც მას წარმოეშვა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
მოპასუხეები მოითხოვენ ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილი პროცენტის შემცირებას და მის განსაზღვრას სს თიბისი ბანკის მიერ ამჟამად გათვალისწინებული იპოთეკური სესხის პროცენტით, რომელიც სადაო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტზე ნაკლებია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების ეს მოსაზრება არ არის საფუძვლიანი, რადგან მოსარჩელე მოითხოვს იმ თანხას, რასაც მსესხებლისაგან ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობებში მიიღებდა გრაფიკით დადგენილი გადახდის წესი რომ მოვალეს დაეცვა. მოსარჩელე არ მოითხოვს ზიანის ასანაზღაურებლად იმ თანხას, რასაც დაბრუნებული თანხის განმეორებით გასესხებით მიიღებდა. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელე თანხას იპოთეკური სესხის პირობებში გაასესხებდა იმ საპროცენტო განაკვეთით, რაც ამჟამად არის სს „თიბისი ბანკის“ პრაქტიკაში და შეადგენს საშუალოდ წლიურ 10%-ს. სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს აუნაზღაურდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი 1 წლის ფარგლებში 2017 წლის 1 აგვისტოდან 12 თვის განმავლობაში არაუმეტეს 3194,26 ლარისა, ეს კი არის ის თანხა, რაც მსესხებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ მსესხებელს გადახდის გრაფიკის მიხედვით სესხი უნდა გადაეხადა 2019 წლის 20 იანვრამდე. იმის გამო, რომ მხარეებს შორს არსებობს გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, მოპასუხეებისათვის ერთი წლის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის დაკისრება შეესაბამება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს (გრძელვადიანობას), რის გამოც სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 16%-ის (თვეში 491,19 ლარის) გადახდა მოპასუხეებს უნდა დაეკისროს არა უმეტეს ერთი წლისა, რაც შეადგენს 3194,26 ლარს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.
იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.
საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, გულნარ ა–-----ას, რ--- ა–-----ას, რ---–-- ა–-----ის და ჩ----- ა–-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს თიბისი ბანკის იპოთეკის უფლება 2015 წლის 23 იანვრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის და თავდებების სხვა ქონებაზე.
იპოთეკის ხელშეკრულების 7,2 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგანის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. ამდენად, თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით ბანკის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება, ვალდებულება არ წყდება და ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მსესხებლის სხვა ქონების რეალიზაცია.
რაც შეეხება თავდებების პასუხისმგებლობას ასეთ შემთხვევაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდებობა არის ვალდებულების უზრუნველყოფის პირადი საშუალება, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, თავდები პირადად მთელი თავისი ქონებით პასუხს აგებს ვალდებულების შესრულებისათვის. თუკი ძირითადმა მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა. ამ შემთხვევაში ზ--–----- კ---–----ა და ა-–----- კ---–----ი არიან სოლიდარული თავდებები, რადგან მათ თავდებობის ხელშეკრულებით იკისრეს ჩ----- ა–-----ის კრედიტის გადახდის ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. ამდენად, თავდებობის, როგორც ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფის საშუალების არსი ის არის, რომ თავდები ვალდებულების შესრულების საკითხში პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ შემთხვევაში სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თავდებები პასუხს აგებენ საკრედიტოს ვალდებულებისათვის მთელი თავისი ქონებით. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუკი იპოთეკის დატვირთული უძრავი ნივთების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, უნდა განხორციელდეს თავდებების ქონების რეალიზაცია.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 53 442,7 ლარის დაკისრებას, რაც შემცირდა იმის გამო, რომ მოპასუხემ სადაო ვალდებულების ნაწილი შეასრულა. საბოლოო სასარჩელო მოთხოვნაა 43 906,42 ლარი, საიდანაც მოპასუხეს დაეკისროს 40 881,07 ლარი. დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 86%.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 54-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, მის მიერ გაწეულ ხარჯებს მოპასუხე არ აანაზღაურებს, მაგრამ თუ მოსარჩელემ მხარი არ დაუჭირა თავის მოთხოვნას იმის გამო, რომ მოპასუხემ ნებაყოფლობით დააკმაყოფილა იგი სარჩელის აღძვრის შემდეგ, მაშინ მოსარჩელის თხოვნით სასამართლო მოპასუხეს დააკისრებს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ყველა ხარჯის ანაზღაურებას.
თავდაპირველი მოთხოვნა მოსარჩელემ შეამცირა მოპასუხის მიერ თანხის ნაწილის გადახდის გამო, რის გამოც ამ ნორმის საფუძველზე მოპასუხეებს ეკისრებათ სარჩელზე თავდაპირველად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სრულად ანაზღაურება და არა საბოლოო მოთხოვნაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობიდან.
სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟია 1603,28 ლარი, რომლის 86% არის 1378,82 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 37 350,66 ლარის დაკისრების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას და მხარეები ამ მოთხოვნაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან უნდა გათავისუფლდნენ. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხე ჩ----- ა–-----მა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ეს მოთხოვნა, რაც არის დაკისრებული თანხის 91%, მხარეებს შორის გასანაწილებელი სახელმწიფო ბაჟის 1378,82 ლარის 91% არის 1254,72 ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სს „თიბისი ბანკს“, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 348,56 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 54-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;
1.1. ჩ----- ა–-----ს, ა-–----- კ---–----ს და ზ--–----- კ---–----ას სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხის 37 350,66 ლარის გადახდა;
1.2. ჩ----- ა–-----ს, ა-–----- კ---–----ს და ზ--–----- კ---–----ას დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად 2017 წლის 1 აგვისტოდან ყოველთვიურად 491,19 ლარის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა 3194,26 ლარისა;
1.3. ჩ----- ა–-----ს, ა-–----- კ---–----ს და ზ--–----- კ---–----ას დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 336,15 ლარის ოდენობით,1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს გიულნარ ა–-----ას, რ--- ა–-----ას, რ---–-- ა–-----ის და ჩ----- ა–-----ის თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - რუსთავში, მე-17 მ/რ, კ----------------- კოდი 0------------------, რეალიზაცია, ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოპასუხეების ჩ----- ა–-----ის, ა-–----- კ---–----ის და ზ--–----- კ---–----ას საკუთრებაში არსებული სხვა ქონების იძულებით რეალიზაცია.
2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2017 წლის 7 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1254,72 ლარი (საგადახდო დავალება N6510). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.
3. ჩ----- ა–-----ს, ა-–----- კ---–----ს, ზ--–----- კ---–----ას, გიულნარ ა–-----ას, რ--- ა–-----ას და რ---–-- ა–-----ის დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 348,56 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი