გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2584-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19.07.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე მაკა გვაზავა
წარმომადგენელი პაატა ჯიქია
მოპასუხე აკაკი კოჭლამაზაშვილი
დავის საგანი სესხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აკაკი კოჭლამაზაშვილისათვის მაკა გვაზავას სასარგებლოდ 5005 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2500 აშშ დოლარი, 460 აშშ დოლარის სარგებელია, 2045 აშშ დოლარის პირგასმატეხლო.
მოსარჩელის განმარტებით, 2015 წლის 17 თებერვალს სანოტარო ფორმით დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს ასესხა 2 500 აშშ დოლარი. მხარეებს შორის ხელშეკრულება დაიდო ექვსი თვის ვადით და იპოთეკით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სურანღის მუნიციპალიეტის სოფელ ბოდნეში არსებუიუ 1390 კვ.მ სასაოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს/კ N 56.10.43.014. სესხი იყო პროცენტიანი თვეში 3,67% სარგებლით. მოპასუხემ წინასწარ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი 92 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პრიგასამტეხლო სესხის 0,1%.
უძრავ ქონებაზე იპოთეკის უფლება საჯარო რეესტრში ვერ დარეგისტრირდა, რადგან მესაკუთრე აკაკი კოჭლამაზაშვილს არ ჰქონდა წარდგენილი უფლების დამდგენი იურიდიული დოკუმენტრი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 03 მაისის N105982 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 ივლისის N882012347936-03 გადაწყვეტილება მოპასუხის საკუთრების უფლების რეგიტსრაციის შესახებ. სესხი დარჩა უზრუნველყოფის გარეშე.
მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2015 წლის 17 აგვისტოსთვის, გადახდილი აქვს ერთი თვის სარგებელი 92 აშშ დოლარი. გადასახდელია სესხის ძირი თანხა 2 500 აშშ დოლარი, ხუთი თვის სარგებელი 460 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეადგენს დღეში 2.5 აშშ დოლარს, რაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 17 აგვისტოდან სარჩელის შემოტანის დღემდე 2017 წლის 14 ნოემბრამდე გასული 818 დღის მანძილზე, რაც შეადგენს 2045 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე. პირგასმატეხლოს შესახებ განმარტა, რომ არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვა მისი შემცირება 0,01 %-მდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 17 თებერვალს მაკა გვაზავასა და აკაკი კოჭლამაზაშვილს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხის და იპოთეკის ხელოშეკრულება, რომლის საფუძველზე აკაკი კოჭლამაზაშვილმა მაკა გვაზავასაგან ისესხა 2 500 აშშ დოლარი. სესხი გაიცა 6 თვის ვადით. სესხის სარგებელი თვეში შეადგენს 3,67%. ხელშეკრულებით მე-2 პუნქტტ გათვალისწინებულია პირგასმატხელო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგდაცილებულ დრეზე სესხის 0,1%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 14-16)
- სარჩელი (ს.ფ. 3-13)
- შესაგებელი (ს.ფ. 55-62)
3.1.2. აკაკი კოჭლამაზაშვილმა სრულად არ დააბრუნა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა. გადაიხადა პირველი თვის სარგებელი 92 აშშ დოლარი. მის დავალიანებაა სესხის ძირითადი თანხა 2500 აშშ დოლარი, სარგებელი 460 აშშ დოლარი. დარიცხულია პირგასამტეხლო 2015 წლის 17 აგვისტოდან სარჩელი აღძვრამდე 2017 წლის 14 ნოემბრამდე, 818 დღის განმავლობაში ჯამურად 2045 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- სარჩელი (ს.ფ. 3-13)
- შესაგებელი (ს.ფ. 55-62)
- მხარეთა განმარტებები (19.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები სადაო არ არის.
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის გადახდა, ხოლო მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
– საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623–ე, 625–ე, 361-ე, 316-ე, 54-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 364-ე, 394-ე, 404-ე, 412-ე, 414-ე
მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2015 წლის 17 თებერვალს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა 2 500 აშშ დოლარი. სესხის დაბრუნების ვადაა 6 თვე. სესხი სარგებლიანია და სარგებელი შეადგენს თვეში 3.67%-ს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625–ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად (2017 წლის 15 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულების საგნის მხარისათვის გადაცემიდან, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623–მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელს ევალება საკუთრებაში გადასცეს მსესხებელს ფული ან სხვა გვაროვნულ ნივთი, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დააბრუნოს სესხად მიღებული ქონება.
მოპასუხემ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიიღო 2500 აშშ დოლარი, სესხის სარგებელი მხარეთა შეთანხმებით არის თვეში 3,67% - 92 აშშ დოლარი. ამდენად, სესხის მიღებით მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება. ხელშეკრულების მიხედვით ამ ვალდებულების შესრულების ვადად განსაზღვრულია 6 თვე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, მას სესხად მიღებული თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი არ გადაუხდია. გადაიხდა მხოლდო ერთი თვის სარგებელი 92 აშშ დოლარი.
მოპასუხე ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი.
განსახილველ საქმეში დავა გამომდინარეობს მხარეებს შორის არსებული სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, შეეხება მხოლოდ მათ უფლებებს, რის გამოც მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სადაო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით სარჩელის ცნობა წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის მოპასუხისათვის სესხის ძირითადო თანხის 2500 აშშ დოლარისა და სარგებლის 460 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე.
6.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.
მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,1%-ს, რაც ერთ ვადაგადციელბ დრეში არის 2,5 აშშ დოლარო. მოთხოვნილია პირგასამტეხლო ვადაგადაცილების 818 დღეში 2045 აშშ დოლარის ოდენობით.
მოპასუხე პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნევს და მოითხოვს მის შემცირებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის გათვალისწინებულია, რომ ,,დავის შემთხვევაში ,,მესაკუთრე" არ მოითხოვს პირგასამტეხლოს რაოდენობის შემცირებას, რადგანაც იგი მიაჩნია სამართლიანად და გამიზნულია სესხის დროულად დაბრუნების უზრუნველსაყოფად".
სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ეს დებულება ბათილია, რადგან ეწინააღმდება კანონს - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლს. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება პრინციპს „pacta sunt servanda“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს), რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა შეთანხმების არსებობისას წარმოიშობა პირგასმატეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასმატეხლო უნდა განისაზღვროს გონივრულობის და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით. სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში. ამ პრინციპიდან გამომდინარე სასამართლო უფლებამოსილია შემოაწმოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სამართლიანობა, გონივრულობა ვალდებულების დარღვევის გარემოებების შესაბამისად, რაც არ ნიშნავს პირგასმატეხლოს შესახებ შეთანხმების ნამდვილობის შემოწმებას და მის ბათილობას. 420-ე მუხლის მიზანია სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა თანასწორობის ფარგლებში მხარეთა სამართლიანი ინტერესების დაკმაყოფილდება.
ამდენად, მხარებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ის შეთანხმება, რომლითაც მოვალეს ეკრძალება პირგასმატეხლოს შემცირების მოთხოვნის განცხადება, კანონსაწინააღმდეგოა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შინაარსს, რომლის მიხედვით დავის განხილვის დროს სასამართლოს უფლებამოსილებაა შეაფასოს პირგასამტეხლოს გონივრულობა და სამართლიანობა.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მოვალის განცხადების საფუძველზე შეამოწმოს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გონივრულობა.
სასამართლოს განმარტავს, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.
პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.
კანონი ითვალისწინებს სასამართლოს უფლებამოსილებას შეამციროს საქმის გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც ნიშნავს ვალდებულების დარღვევის გარემოებების შეფასების შედეგად ამ საკითხის გადაწყვეტას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამრთლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს მიღებული სესხი 2 500 აშშ დოლარი არ დაუბრუნებია, მოსარჩელე მოითხოვს 2045 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებას, რაც მეტისმეტად მაღალია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სესხის ძირითად თანხასთან მიმართებაში, რადგან მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო თითქმის უტოლდება სესხის ძირ თანხას. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა უფრო მეტად მოვალის დასჯას ისახავს მიზნად, ვიდრე კრედიტორის სავარაუდო ზიანის პრევენციას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით (სესხი საერთოდ არ დაბრუნებულა) მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის დავალიანების 0,025%-ით, რაც ერთ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0,625 აშშ დოლარს, ხოლო ვადაგადაცილების 818 დღისათვის 511.25 აშშ დოლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს თანხა გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოა იმის გათვალისიწნებით, რომ ვალდებულება საერთოდ არ შესრულდა 2 წელზე მეტი დროის მანძილზე, რის გამოც მოვალისათვის ამ თანხის დაკისრება ვალდებულების დარღვევისათვის საკმარისი ფულადი სანქცია იქნება სესხის თანხის მოცულობის გათვალისწინებით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ყოველდღიურად 0,01%-ით პირგასამტეხლოს განსაზღვრა ეწინააღმდეგა პირგასმატეხლოს არსს, რომლის მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობით განცდილი დანაკარგების კომპენსირება, ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურება, პირგასამტეხლოს მიზანი არ არის ვალდებულების დამრვევი მოვალისათვის სიმბოლური პასუხისმგებლობის დაკისრება. ყოველდღიურად 0,01%-ის განსაზღვრის შემთხვევაში ჯამური პირგასამტეხლო შეადგენს 204,5 აშშ დოლარს. იმის გამო რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების პერიოდი ხანგძრლივია, 2 წელზე მეტ ვადას მოიცავს, ეს მცირე თანხის პირგასამტეხლოა.
ამდენად, მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 2500 აშშ დოლარი, პროცენტი-460 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 511.25 აშშ დოლარი. საერთო ჯამში მოპასუხის მიერ გადასახდელია 3 471.25 აშშ დოლარი.
7. პროცესის ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სარჩელის ფასია 13265 ლარი, საიდანაც დაკმაყოფილდა მოთხოვნის 70%. საქართველოს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის 70% არის 280 ლარი. მოპასუხეზე დაკისრებული თანხიდან 3471.25 აშშ დოლარიდან, მოპასუხემ ცნო 2960 აშშ დოლარი, რაც შეადგენს ამ თანხის 85 %-ს. 280 ლარის 85% არის 238 ლარი. ამ თანხის გადახისგან მოპასუხე თავისუფლდება, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ეს თანხა მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 42 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მაკა გვაზავას სარჩელი;
1.1. აკაკი კოჭლამაზაშვილს დაეკისროს მაკა გვაზავასათვის 3471.25 აშშ დოლარის გადახდა;
1 მაკა გვაზავას დაუბრუნდეს 2017 წლის 13 ნოემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 400 ლარის ნაწილი 238.00 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი 300063150, (საგადასახადო დავალება № 0);
2. აკაკი კოჭლამაზაშვილს დაეკისროს მაკა გვაზავასათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 42 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი