გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210017001985418
2-2384/17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12/06/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე
მოსარჩელე - სს ''კ-----------–-------------ია’’
წარმომადგენელი - გ----------–--–--ე
მოპასუხე - ს-------- თ---------ე
წარმომადგენელი - ნ------- თ---------ე
დავის საგანი : უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს “კ-----------–-------------ია“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს აღკვეთილი იქნას მისი საკუთრების უკანონო ხელყოფა და ამ მიზნით ს-------- თ---------ე გამოსახლებული იქნას უძრავი ქონებიდან, მდებარე ქ.ბათუმი, ა-----–---------------------დან (ს/კ 05.35.27.036.01.0--). მოპასუხისაგან გამოთავისუფლებული ფართი ჩაბარდეს თავისუფალ მდგომარეობაში.
მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
2016 წლის 07 ნოემბერს მოსარჩელემ შეიძინა უძრავი ქოება მდებარე ქ. ბათუმი, ა-----–---------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--). მის კუთვნილ ქონებაში კანონიერი საფუძვლის გარეშე ცხოვრობს ს-------- თ---------ე და ხელს უშლის საკუთრებით სარგებლობაში. მოპასუხე ფართს ნებაყოფილებით არ ათავისუფლებს და ამ გზით არღვევს მის საკუთრების უფლებას. მოითხოვს მოპასუხის მიერ უძრავი ქონების ხელყოფის აღკვეთას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს. ადასტურებს, რომ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულია მოსარჩელე. ასევე ადასტურებს, რომ მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ ფართში ცხოვრობს, მაგრამ მოითხოვს გათვალისწინებული იქნას ის გარემოება, რომ სხვა საცხოვრებელი არ აქვს, ასევე სურვილი აქვს ქონების გამოსყიდვისა.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 ქ. ბათუმში, ა-----–---------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--) მდებარე უძრავი ქონება, 2016 წლის 07 ნოემბერამდე წარმოადგენდა ს-------- თ---------ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი. ს.ფ. 13-14
- მხარეთა განმარტებები.
3.1.2. ქ.ბათუმი, ა-----–--------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--) მდებარე უძრავი ქონება, 2016 წლის 07 ნოემბერიდან რეგისტრირებულია სს“კ-----------–-------------იას“ საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საჯარო რეესტრის ამონაწერი.
3.1.3. სს “კ-----------–-------------იას“ კუთვნილ ბინაში ცხოვრობს ს-------- თ---------ე. მოსარჩელე, ბინაში მოპასუხის ცხოვრების წინააღმდეგია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები.
-
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს სადაო ფაქტობრივი გარემოება არ აქვთ. სადაოა მხოლოდ ერთი საკითხი - მოპასუხე უნდა გამოსახლდეს თუ არა იმ ქონებიდან, რომელიც რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. აღნიშნული საკითხი არ წარმოადგენს ფაქტობრივ გარემოებას. იგი სამართლებრივი შეფასების პროდუქტია, შესაბამისად მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვს მოსარჩელის კუთვნილი ქონება და ამ გზით ხელყოფს მის საკუთრებას. შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი ხელშეუხებლობის გარანტიას იძლევა როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებები, ისე ქვეყნის ნორმატიული აქტები. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლში განმარტებულია, რომ ,,1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას, როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად.
2. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად”.
6.2. ამავე პრინციპს განამტკიცებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას ,,არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში’’ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილება).
6.3. ამავე პრინციპს განამტკიცებს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, რომლის მხედვითაც „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
ამდენად საკუთრების უფლება ხელშეუხებელია და მისი დაცვის გარანტიას იძლევა როგორც კანონი და კანონქვემდებარე აქტები ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. მესაკუთრეს უფლება აქვს დაიცვას საკუთრების უფლება. ანუ იხემძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ქ. ბათუმი, ა-----–---------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--) მდებარე უძრავი ქონება, მისი საკუთრებაა. ფართს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს მოპასუხე და არ აძლევს მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფს მისი საკუთრების უფლებას. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილი იქნა, რომ ქ. ბათუმი, ა-----–---------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--) მდებარე უძრავი ქონება, საქმის განხილვის მომენტისათვის მოსარჩელის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოში, ისე სხვა ევროპულ ქვეყნებში საკუთრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას. მფლობელობა არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც. თუ მოსარჩელეს მისი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული აქვს საკუტრების შინაარსის ამსახველი რომელიმე უფლება (ფლობა, სარგებლობა ან განკარგვა), ითვლება, რომ მისი საკუტრების უფლება დარღვეულია. წინამდებარე შემთხვევაში დაგენილია, რომ მოსარჩელეს შეზღუდული აქვს საკუთრების მფლობელობა და სარგებლობას. მას ფლობს და სარგებლობს მოპასუხე, ვისაც არ აქვს ფლობისა და სარგებლობის უფლება მესაკუთრის ნებართვით. მართალია მისი მფლობელობა და სარგებლობა 2016 წლის 15 ნოემბრამდე კანონიერი იყო, მაგრამ ამ თარიღის შემდეგ ის მესაკუთრე აღარაა და მის მფლობელობას მესაკუთრის თანხმობა სჭირდება. მას მესაკუთრის თანხმობა არ აქვს. უფრო მეტიც, მესაკუთრე წინააღმდეგია მოპასუხე ფლობდეს და სარგებლობდეს მის ქონებას.
6.6. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხე არ არის ქ. ბათუმი, ა-----–---------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე. ბინაში მისი ცხოვრების წინააღმდეგია მოსარჩელე, რომელსაც მოპასუხის გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეს არ აქვს ამ ბინის ფლობის უფლება. ის არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელი, ამიტომაც ის გამოსახლებული უნდა იქნას მოსარჩელის კუთვნილი ბინიდან. მისი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. მესაკუთრეს, არამესაკუთრესთან შედარებით უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი. დასახელებული თანხა საქ. სსკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნათა უნდა დაეკისოს მოპასუხეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “კ-----------–-------------იას“ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღკვეთილი იქნას ს-------- თ---------ის მიერ, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ის გამოსახლებული იქნას უძრავი ქონებიდან მდებარე ქ. ბათუმი, ა-----–---------------------ში (ს/კ 05.35.27.036.01.0--). გამოთავისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს სს “კ-----------–-------------იას“ .
3. ს-------- თ---------ეს, სს “კ-----------–-------------იას“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება სხვა ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე