გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.07.2018
საქმის ნომერი
080210018002325675
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
04.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002325675

#2/659-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04.07.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე

მოსარჩელე - შპს ,, ე----------------’’;

წარმომადგენელი - თ------------ე, ლ--------------ა;

მოპასუხე - ნ------------ე, პ------------ე;

ადვოკატი- ს--–------------ე (ნ------------ის);

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ნ------------ეს და პ------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 4090 ლარის და 26 თეთრის და სარგებლის 2126 ლარის და 93 თეთრის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეებს ნ------------ეს და პ------------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა.

 

1.3. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

1.4. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 27 სექტემბერს კომპანიას და ნ------------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1-------, რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით გადასცა 5750 ლარი ყოველთვიურად 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის დაბრუნება უნდა განხორცილებულიყო 18 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ნ------------ის კუთვნილი ავტომობილი J------------. ნ------------ის მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით პ------------ესთან 2016 წლის 27 სექტემბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელეს გადაეცა გირავნობის საგანი, 2017 წლის 07 ივნისს გირავნობის საგანი გაიყიდა 4600 ლარად, რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორცილდა შემდეგნაირად: 2491,26 ლარი გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 1659,74 ლარი ნაწილობრივ გაიქვითა სესხის ძირი თანხა, 450 ლარი ავტომობილის ძებნის, ევაკუატორის და დგომის საფასური. დარჩენილ ძირ თანხას დაერიცხა სარგებელი ყოველთვიურად 6%-ის ოდენობით (იხ. სარჩელი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე პ------------ემ სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ როგორც თავდები ვალდებული იყო მხოლოდ სესხის და გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში, სოლიდარულ პასუხიმგებლობაზე, მოსარჩელემ კი ავტომანქანის მსესხებელზე ჩამორთმევის შემდეგ თვითნებურად მოახდინა რეალიზაცია წარმოუდგენლად დაბალ ფასში, ისე რომ მას როგორც თავდებს არ მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო მის რეალიზაციაში, რათა რეალიზებული ავტომანქანით გადაფარულიყო დავალიანება. ავტომანქანის რეალიზაციით ამონაგები თანხით დაიფარა არა სესხის ძირი თანხა, არამედ პროცენტი, რაც არ იყო განსაზღვრული ხელშეკრულებით (იხ. შესაგებელი).

 

2.2. მოპასუხე ნ------------ეს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ გაფრთხილდა თუ არა მოპასუხე ნებაყოფლობით დავალიანების გადახდაზე, ასევე ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემაზე. განმარტა, რომ არ არის წარმოდგენილი ნ------------ეზე თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება და რა დავალიანება ერიცხება მას. დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოპასუხეები არ იქნენ გაფრთხილებული თანხის დარიცხვის ბოლო ვადამდე. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება სესხის გაცემის დროისათვის რა ღირებულება გააჩნდა ავტომობილს. (იხ. სხდომის ოქმი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 27 სექტემბრს ნ------------ეს და შპს ,, ე----------------’’-ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 9200 ლარით. ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრებოდა სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალება JEEP CHERROKEE.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

 

3.2.2. 2016 წლის 27 სექტემბერს ნ------------ეს და შპს ,,ე----------------’’-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „ე----------------„-მა„ ნ------------ეს გადასცა სესხი 5750 ლარის ოდენობთ, სესხის სარგებელი განისაზღვრა 6%-ის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 18 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

-სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.2.3. 2016 წლის 27 სექტებერს შპს ,,ე----------------’’-ს და პ------------ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით პ------------ემ იკისრა ვალდებულება ნ------------ის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უნდა უზრუნველეყო კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულებით განმარტებული იქნა, რომ „ძირითადი ვალი„ შეადგენს მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და გადასახდელი სესხის სარგებელს, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოს. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 27600 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ.

 

3.2.4. მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო კომპანიას გადაეცა გირავნობის საგანი. 2016 წლის ოქტომბერში შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იქნა გირავნობის მოწმობა №0-----, რის საფუძველზეც შპს „ე----------------„მა მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოითხოვა გირავნობის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გირავნობის მოწმობა.

-მიღება-ჩაბარების აქტი;

-ხელშეკრულება სააღსრულებო მომსახურების შესახებ;

 

3.2.5. ნ------------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაფარვა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოიშვა დავალიანება, მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, რომლითაც განემარტათ, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულებების დაფარვის მიზნით ავტომობილი სარეალიზაციოდ გადაეცა გაყიდვების დეპარტამენტს. ავტომობილის მდგომარეობის გათვალისწინებით ეცნობათ, რომ შესაძლოა მისი რეალიზაციის გზით მიღებულ თანხას ვერ ეზრუნველყო დარიცხული დავალიანების დაფარვა და ასეთ შემთხვევაში დავალიანების დაფარვის მიზნით მისი პასუხისმგებლობა მოხდებოდა ნებისმიერი ქონებით. გაფრთხილების წერილი ჩაბარდა ნ------------ის მეუღლეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მოსარჩელის ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილი;

 

3.2.6. გირავნობის საგნის - ავტომანქანა J-------------ს საბაზრო ღირებულება 23.03.2017 წლის მდგომარეობით განისაზღვრა 4800 ლარით, ხოლო ლიკვიდური ღირებულება - 4400 ლარით. გირავნობის საგნის შეფასების აქტის მომზადების ღირებულების სახით მოსარჩელემ გადაიხადა 100 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში;

- მიღება-ჩაბარების აქტი;

 

3.2.7. ავტომანქანის რეალიზაციამდე მსესხებელს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ნ------------ეს ეცნობა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ავტომანქანის მოსალოდნელი რეალიზაციის შესახებ. ნ------------ის მხრიდან დავალიანების დაუფარავობის გამო 2017 წლის 07 ივნისს მოსარჩელემ უზრუნველყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული გირავნობის საგნის - ავტომანქანა J-------------ს -რეალიზაცია 4600 ლარად. 2017 წლის 07 ივნისს შპს „ე-----------------ს და თეონა მარგველაშვილს შორის გაფორმდა ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრულია 4600 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-გაფრთხილების წერილები;

- ნასყიდობის ხელშეკრულება;

 

3.2.8. ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხიდან დაიფარა სარგებელი - 2491,26 ლარის ოდენობით, სესხის ძირი თანხა შემცირდა 1659,74 ლარის ოდენობთ, დაიფარა ავტომობილის ძებნის, ევაკუატორის და დგომის საფასური 450 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს გაეგზავნათ წერილები ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხის განაწილებისა და დარჩენილი ვალდებულების შესახებ დეტალური ინფორმაციით, წერილი პ------------ეს ჩაბარდა, ხოლო ნ------------ისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა და აღნიშნულის შესახებ მას ეცნობა საჯარო შეტყობინების გავრცელების გზით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მოსარჩელის ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილები;

- მიღება-ჩაბარების აქტი;

-გაზეთი სიტყვა და საქმე;

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის და სარგებლის მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 276-ე, 408-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 27.09.2016 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 27 სექტემბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 სექტემბერს, შპს „ე----------------„-ს და ნ------------ეს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 5750 ლარი, 18 თვის ვადით, სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 6%.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს ნ------------ეს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი თვის თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება, რასაც შედეგი არ მოყოლია. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხი სახით მიღებული თანხა, რაც შეადგენს 4090,26 ლარს.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც შეადგენს 2126,93 ლარს.

 

27.09.2016 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება მოპასუხე მხარის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირითადი თანხა 4090,26 ლარს, ხოლო სარგებელი 2126,93 ლარს.

 

მოპასუხე მხარე არ ცნობს სარჩელის მოთხოვნას, მოპასუხე პ------------ის პრეტენზია უკავშირდება ავტომანქანის სარეალიზაციო ღირებულებას. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ავტომანქანის რეალიზაცია განხორციელდა არარეალურ ფასში, მაშინ როცა მისი საბაზრო ღირებულება იყო გაცილებით მაღალი და შესაძლებელი იყო ავტომანქანის რეალიზაციის შედეგად დავალიანების სრულად დაფარვა. მოპასუხე ნ------------ე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას. მიაჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ გაფრთხილდა თუ არა მოპასუხე ნებაყოფლობით დავალიანების გადახდაზე, ასევე ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემაზე. განმარტა, რომ არ არის წარმოდგენილი ნ------------ეზე თანხის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. დავალიანების გადახდევინების თაობაზე მოპასუხეები არ იქნენ გაფრთხილებული თანხის დარიცხვის ბოლო ვადამდე. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება სესხის გაცემის დროისათვის რა ღირებულება გააჩნდა ავტომობილს.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა. მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოპასუხის მიერ მითითებული გარემოების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ, გარდა სიტყვიერი განმარტებისა, წარმოდგენილია წერილობითი მტკიცებულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ, ასევე წარმოდგენილია შეთანხმება სესხის გადაცემის თაობაზე, რომლითაც დასტურდება, რომ გამსესხებელმა მსესხებელს გადასცა 5750 ლარი და მსესხებელმა იგი მიიღო, წარმოდგენილია ასევე სესხის გადახდის გრაფიკი. მოსარჩელის მტკიცებით მოპასუხე მხარის მიერ სესხის ხელშეკრულებით და თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა საერთოდ არ გადაუხდია. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა გაფრთხილების წერილი დავალიანების სრულად დაფარვის თაობაზე. შპს „ჯი ეი ჯგუფის“ მიერ გაცემული - მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შეფასების ანგარიში, რომლითაც მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულება განსაზღვრულია 4800 ლარით. ავტომანქანის ღირებულების შეფასებისას შემფასებლის მიერ გამოყენებულია საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებული ერთერთი მეთოდი - "შეფასების პირდაპირი გაყიდვების შედარების მეთოდი", შეფასება ეყრდნობა შესაფასებელი ობიექტის ძირითად მახასიათებლებსა და შემოწმების პროცესში ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას. მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება რეალიზაციის პერიოდისათვის შეადგენდა 4800 ლარს (ლიკვიდური ფასი 4400 ლარი) და მისი რეალიზაცია მოსარჩელემ უზრუნველყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

 

6.2. შპს „ე----------------„ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ნ------------ესთან ერთად პ------------ის ვალდებულება შპს „ე----------------„-ის წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 18 თვის ვადაში 2018 წლის 27 მარტს. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე პ------------ემ იკისრა ვალდებულება ნ------------ის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უნდა უზრუნველეყო კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულებით განმარტებული იქნა, რომ „ძირითადი ვალი„ შეადგენს მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და გადასახდელი სესხის სარგებელს, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოს. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 27600 ლარის ოდენობით..

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ------------ეს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.3. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და გამსესხებელს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონებიდან.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნებოდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი კისრულობდა ვალდებულებას მთელი თავისი ქონებით ეგო პასუხი ნებისმიერ ნაშთზე. მხარეთა შეთანხმებით, იგივე წესი ვრცელდებოდა გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში წარმოშობილ ხარჯებსა და დანახარჯებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276.1. მუხლის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილი ნაშთის დაფარვის წესზე, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელე ასევე მოითხოვს გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელე იძულებული გახდა გაეღო დამატებითი ხარჯი, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის სახით, რომლის გაღების საჭიროება არ დაუდგებოდა მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვნად და დათქმულ დროში შესრულების შემთხვევაში. მოპასუხე ხელშეკრულების გაფორმების მომენტიდან ინფორმირებული იყო ვალდებულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე ყველა მოსალოდნელ შედეგზე, შესაბამისად, სახეზეა სკ-ის 408-ე და 412-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, გირავნობის საგნის - ავტომანქანის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი საფასურის - 100 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დასაკისრებლად.

 

გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12. პუნქტით და სოლიდარული თავდებობის სესახებ ხელშეკრულების 5.8. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. ამიტომ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 186,51 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. ხოლო ზედმეტად გადახდილი 3,49 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,, ე----------------’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ------------ეს და პ------------ეს- შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 4090 ლარის და 26 თეთრის გადახდა;

 

3. ნ------------ეს და პ------------ეს- შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელის 2126 ლარის და 93 თეთრის გადახდა;

 

4. ნ------------ეს და პ------------ეს- შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანსაცვლოდ გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა.

 

5. ნ------------ეს და პ------------ეს- შპს ,,ე----------------’’-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 186,51 ლარის ოდენობით.

 

6. ნ------------ის და პ------------ის მიმართ დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

7. შპს ,,ე----------------’’-ის (ს/კ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 27 თებერვალს სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 3,49 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება (საქმე №2/659-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

9. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე