გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.08.2018
საქმის ნომერი
200310018002482036
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 200310018002482036

N 3/58-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

09 აგვისტო, 2018 წელი ქ. თე-–---

 

თე-–---ს რაიონული სასამართლო

მოსამართლე - თა-----------ძე

სხდომის მდივანი - ფი------------ე

 

მოსარჩელე - ია-----------–---–ი (პ. ნ 4----------)

 

მოპასუხე - შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტი

 

წარმომადგენელი - თა------–-------–---–ი

 

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების (მიუღებელი ხელფასის) ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტს ია-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1998-2000 წლებში წარმოშობილი მიუღებელი ხელფასის - სახელფასო დავალიანების 1346.03 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები

 

ია-----------–---–ი 1985 -2001 წლებში მუშაობდა შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტის სი-------ს რაიონულ სამმართველოში.

 

ია-----------–---–ის მიმართ, შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტში 1998-2000 წლების მიხედვით მიუღებელი ხელფასის სახით ირიცხება სახელფასო დავალიანება 1346.03 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე ია-----------–---–მა შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტს მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. მომართვის შედეგად 2018 წლის 07 მაისს შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაიცა ცნობა, რომლის თანახმად, ია-----------–---–ის მიუღებელი ხელფასი 1998-2000 წლების მიხედვით შეადგენს 1346.03 ლარს

 

შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა როგორც შესაგებელში, ასევე სასამართლოზე მიცემული განმარტებით, დაადასტურა, რომ დეპარტამენტს ია-----------–---–ის მიმართ გაჩნია სახელფასო დავალიანება, თუმცა, მოთხოვნა არის ხანდაზმული და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2018 წლის 07 მაისს გაცემული ცნობა NMIA 21801062973 მიუღებელი ხელფასის შესახებ ; (იხ. ს.ფ.12-13)

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

მხარეებს ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, გაეცნო საქმის მასალებს, შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ”პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი. ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

,,პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმრთველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების- საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან სსიპ თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.

 

2017 წლის 01 ივლისიდან ძალაში შევიდა და ამოქმედდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ახალი კანონი და ამავდროულად ძალადაკარგულად გამოცხადდა ძველი კანონი ,,საჯარო სამსახურის" შესახებ.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ' საქართველოს მოქმედი კანონი განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის გ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).

 

ამავე მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პროფესიული საჯარო მოხელე/საჯარო მოხელე/მოხელე, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი;

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

საქმის მასალებით დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა ის გარემოება, რომ მოსარჩელე შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, შესაბამისად ის წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2017 წლის 01 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1341 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა მიმართ 2005 წლამდე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება აღიარებული იყო კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით სახელმწიფო ცალსახად განსაზღვრავდა საჯარო მოსამსახურეთა უფლებას მიუღებელ ხელფასზე და ვინაიდან კანონმდებელმა შემოიტანა სპეციალური საკანონმდებლო რეგულაცია, ამ ტიპის მოთხოვნებზე ზოგადი სახის ნორმების გამოყენება დაუშვებელი იყო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ 2017 წლის 01 ივლისს ამოქმედებული კანონი აღარ ითვალისწინებს აღნიშნული დანაწესს და შესაბამისად აღნიშნული რეგულაცია აღარ არსებობს.

 

მოცემულ შემთხვევაში ია-----------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელით მოთხოვნილია, მოპასუხეს დაევალოს მის სასარგებლოდ 1998-2000 წლების მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც შეადგენს 1346.03 ლარს. მოსარჩელე მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე და 34-ე მუხლებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ნორმები არეგულირებს შრომის ანაზღაურების წესს და ვრცელდება საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსით მოწესრიგებულ შრომით ურთიერთობებზე. აღნიშნული კანონის მოქმედების სფეროს კი განსაზღვრავს ამავე კანონის პირველი მუხლი, რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელე წარმოადგენდა საჯარო მოხელეს და შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებისას პირველ რიგში გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივად გამომდინარეობს იმ დანაწესიდან, რასაც შეიცავდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" ძველი კანონი, რომელიც ძალადაკარგულია 2017 წლის 01 ივლისიდან.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს მოქმედი კანონით მოწესრიგებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, მოსამსახურის სამართლებრივი მდგომარეობა და სწორედ ამ კანონის 57-ე მუხლით ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება გასცეს შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეზე, რათა მან შესრულებული სამუშაოსათვის მიიღოს ანაზღაურება, ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა, რომ მოხელეთა შრომითი გასამრჯელოს ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ხოლო, მე-3 ნაწილი მიუთითებს, რომ მოხელის შრომითი გასამრჯელო მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და ამ კანონით გათვალისწინებულ დანამატს.

 

ამდენად, აღნიშნული მუხლი ასევე მიუთითებს, რომ მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), რაც თავისთავად გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერ ვალდებულებას გასცეს შრომითი გასამრჯელო, ხელფასი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა აითვლება სასამართლოში სარჩელის წარდგენის თარიღიდან უკუსვლით, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა დათხოვილი პირი სამსახურიდან.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებებითა და წერილობითი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ია-----------–---–მა შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტს მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა მას შემდეგ , რაც იგი დათხოვნილი იქნა სამსახურიდან. ამ პერიოდისათვის საქართველოში უკვე ამოქმედებული იყო ახალი კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ". მიმართვის შედეგად, შსს კა-----ს პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 07 მაისის ცნობით დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ ია-----------–---–მა მიმართ გააჩნიათ 1998-2000 წლების დავალიანება 1346.03 ლარის ოდენობით. მოცემული ცნობის თანახმად, 1998-2000 წლებში ია-----------–---–ის მიუღებელმა ხელფასი სულ შეადგენს 1346.03 ლარს, მათ შორის - თანამდებობრივი სარგო -433.54 ლარი, წლების სარგო - 122.05 ლარი, წლების ნამსახურობის - 39,65 ლარი, ულუფა - 767.00 ლარი.

 

სასამართლო სასამართლო აღნიშნავს: მოსარჩელე მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა, რომ ია-----------–---–ის მიმართული ჰქონდა მოპასუხე მხარისათვის 2017 წლის 01 ივლისამდე. ია-----------–---–მა 1998-1999-2000 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასთან დაკავშირებით მისი უფლების რეალიზაცია განახორციელა 2017 წლის პირველი ივლისის შემდეგ, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს 2017 წლის 01 ივლისიდან მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებები.

 

ზემოთხსენებული საკანონმდებლო ნორმებისა და გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზისა და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ია-----------–---–ის სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გასული არის მოთხოვნის როგორც სამწლიანი, ასევე, ათწლიანი ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

მოსარჩელე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, ხოლო მოპასუხე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, 24-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

ია-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თე-–---ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. თე-–---, აღმაშენებლის 41) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან;

 

მოსამართლე თა-----------ძე