გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N(2/3033-2017)010210017002042638
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 ივლისი , 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირაკლი შავაძე
სხდომის მდივანი - ნ----- ზოიძე
მოსარჩელე: ნ--------–- მ----–--ე
წარმომადგენელი : რ---- პ----ე
მოპასუხე: დ----- ღ-----------–---
წარმომადგენელი: პ----- ბ---–----ე
მესამე პირი: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენელი: ი--- დ-----აძე
დავის საგანი: ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. არასრულწლოვანი შვილის ა-------ია ღ-----------–--ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის - ნ--------–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილი.
1.2. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
1.2.1. მხარეები 2013 წლიდან ერთმანეთთან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ერთად ცხოვრების პერიოდში 2013 წლის 09 ივნისს შეეძინათ შვილი ა-------ია ღ-----------–---. შვილის შეძენის შემდეგ მხარეები დაშორდნენ ერთმანეთს და ერთად აღარ ცხოვრობენ.
1.2.2. მოსარჩელე საცხოვრებლად გადავიდა - მამის ოჯახში. მოპასუხესთან დარჩა არასრულწლოვანი შვილი ა-------ია ღ-----------–---, მოსარჩელეს პერიოდულად ჰქონდა ურთიერთობები არასრულწლოვან შვილთან, მოსარჩელე ნ--------–- მ----–--ემ დაიწყო მუშაობა, შექმნა პირობები არასრულწლოვანი შვილის მასთან საცხოვრებლად გადაყვანის შესახებ, არასრულწლოვან შვილს ზრდის მოპასუხის დედა, მოსარჩელეს სურვილი აქვს შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი და თავად იზრუნოს ა-------ია ღ-----------–---ზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. დ----- ღ-----------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2.2. მოპასუხე თავის პოზიციას ასაბუთებს შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
2.2.1. მოპასუხე ადასტურებს, რომ განქორწინების შემდეგ ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, განქორწინებისა და ოჯახური კონფლიქტის მიზეზი გახლდა, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც დაავადებული იყო „გენერალიზირებული ეპილეფსიით“, მოსარჩელე გამოხატავდა აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. არასრულწლოვანი ბავშვი დაბადებიდან ცხოვრობს მამის ოჯახში.
2.2.2. მოპასუხე წინააღმდეგია მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, რადგან შესაძლოა საფრთხე შეექმნას ბავშვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. მოპასუხის განმარტებით მოსარჩელეს არ გააჩნია შესაბამისი პირობები ბავშვის აღსაზრდელად.
2.2.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე მიუთითებს, რომ მას აქვს უკეთესი პირობები, ბავშვზე მის გარდა ზრუნავს ბებია - მოპასუხის დედა და ბავშვი შეჩვეულია მათთან.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით შესწავლილი იქნა ორივე მშობლის საცხოვრებელი გარემო პირობები, სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული იქნა დასკვნა, არასრულწლოვან ბავშვთან ა-------ია ღ-----------–---სთან მუშაობის დროს ჩართული იყო ფსიქოლოგი. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომდგენელმა განმარტა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი იყო ა-------ია ღ-----------–--ის საცხოვრებელი ადგილი განსაზღვრულიყო დედის საცხოვრებელი ადგილით.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. მხარეები 2013 წლიდან ერთმანეთთან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ხოლო 2013 წლის 09 ივნისს შეეძინათ შვილი ა-------ია ღ-----------–---, 2015 წლის 01 აპრილს მხარეთა შორის შეწყდა ქორწინება და ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- ქორწინების მოწმობა; ბავშვის დაბადების მოწმობა; განქორწინების მოწმობა;
4.1.2. ნ--------–- მ----–--ე და დ----- ღ-----------–--- არიან 2013 წლის 09 ივნისს დაბადებული ა-------ია ღ-----------–--ის ბიოლოგიური მშობლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა;
- მხარეთა განმარტება
4.1.3. მოსარჩელე განქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მამის ოჯახში. არასრულწლოვანი შვილი ა-------ია ღ-----------–--- საცხოვრებლად დარჩა მამის ოჯახში, რომელზედაც მამასთან ერთად ზრუნავდა ბებია მამის მხრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება;
4.1.4. მოსარჩელე ნ--------–- მ----–--ემ 17 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო ფიზიკური ტრამვა, გონების მსუბუქი დაკარგვით, ტრამვიდან წელიწადნახევრის შემდეგ პაციენტს პირველად განუვითარდა გენერალიზებული ეპილეფსიური გულყრა ტონურკლონური კომპონენტით, გულყრა განმეორდა ერთი თვის შემდეგ და დროთა განმავლობაში გულყრების რაოდენობამ იმატა, აღნიშნულის შემდეგ პაციენტი მკურნალობდა სხვადასხვა კლინიკებში, მკურნალობის შედეგად გულყრები შეწყდა, პაციენტი თავს გრძნობს კარგად ენცეფალოგრამაზე ლოკალური პათოლოგია სინქრონიზაცია არ ვლინდება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტება; სამედიცინო დოკუმენტაცია ნ--------–- მ----–--ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
4.1.5. ნ--------–- მ----–--ე 2016 წლის თებერვლის თვიდან დასაქმებულია საკონდიტრო მაღაზია შპს დ---------- ში, შპს დ----------ი ნ--------–- მ----–--ეს ახასიათებს შრომისმოყვარე და პასუხისმგებლიან პირად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- . შპს დ----------ის მიერ გაცემული ცნობა და დახასიათება
4.1.6. ნ--------–- მ----–--ეს საკუთარი საცხოვრებელი არ გააჩნია, ამჟამად ცხოვრობს მისი ძმის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ ბინაში, მოსარჩელის ძმა და რძალი ცხოვრობენ ცალკე ბინაში. მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობენ ნ--------–- მ----–--ის მშობლები. ბინა კეთილმოწყობილია საჭირო ავეჯითა და ინვენტარით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარის ახსნა-განმარტება;
- სსიპ სოცილური მომსხურები სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის დასკვნა;
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.2. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საცხოვრებელი ადგილი, სადაც ცხოვრობს მოსარჩელე, იძლევა ბავშვის აღზრდისათვის აუცილებელ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნის შესაძლებლობას. ბავშვის ასაკის და მისი დედასთან დამოკიდებულების გათვალისწინებით მართებულია ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი.
აღნიშნული დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მოსარჩელის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეში არსებული წერილობითი მასალები. კერძოდ, სასამართლოს დავალების საფუძველზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სამსახურის მიერ შესწავლილი იქნა მხარეების მდგომარეობა და 2017 წლის 30 ნოემბერს, 2018 წლის 23 იანვარს და 2018 წლის 09 თებერვალს მომზადებული იქნა №2814; N147 და N317 დასკვნა, (იხ. საქმეში დასკვნა). დასკვნის თანახმად, ბავშვი დედის დანახვაზე გამოხატავდა თბილ ემოციას. დედას მიმართავდა სახელით და აღნიშნავდა, რომ იგი მისი და არის. ფსიქოლოგთან პირველი ვიზიტის დასრულების შემდგომ ა-------იამ გაუწია წინააღმდეგობა დედას - ნ--------–- მ----–--ეს წასულიყო, მოეხვია და სთხოვა მასთა ერთად წასვლა. ა-------იას შფოთვის მაღალი დონე აქვს, არსებობს ტრამვასთან ასოცირებული გამოხატული ემოციები, ბავშვი გაორებულ მდგომარეობაში იმყოფება. ბავშვთან ვიზიტის დროს, აღსანიშნავია, რომ დედასთან დაკავშირებულ პრობლემებს ოჯახის წევრები ბავშვის თანდასწრებით საუბრობენ. დასკვნის თანახმად ბავშვის მეტყველება ასაკის შეუსაბამოა, ვერ ასრულებს მარტივ დავალებებს, გაფანტული აქვს გონება.
გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ითვალისწინებს ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც არასრულწლოვან ა-------ია ღ-----------–--- პირველ ვიზიტზე ბებიას ეძახდა დედას, ხოლო დედაზე ამბობდა რომ არის მისი და, ფსიქოლოგ თ----- ქ--------- დასკვნის თანახმად დედა ა-------იას მიმართ არის ყურადღებიანი, მზრუნველი და მოსიყვარულე, ეფერება, ურთიერთობისას ბავშვის მიმართ გამოხატავს სითბოს და სიყვარულს. გამოხატავს გულისტკივილს, რომ ვერ ახერხებდა ბავშვთან ურთიერთობას. იმავე დასკვნის თანახმად მამა გამოხატავს შვილზე მზრუნველობას, ყურადღებას და სიყვარულს, საუბრისას აფიქსირებს დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს, გამოხატავს ნერვიულობას და ხაზს უსვამს შვილის უსაფრთხოებას.
ამასთან, სასამართლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად ვერ გამოიყენებს ფსიქოლოგ ნ--- დ--------ის მიერ ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების დასკვნას, სადაც აღნიშნულია, რომ ბავშვს აქვს ძლიერი ემოციური კავშირები ოჯახის წევრებთან, დედასთან აქვს ურთიერთობის მცირე გამოცდილება, ადაპტირებულია იმ გარემოში სადაც ცხოვრობს და დაუშვებელია ბავშვის ნების წინააღმდეგ რადიკალური ცვლილებების განხორციელება, სასურველია წინასწარ მოხდეს შემზადება და შეჩვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი ქმედება იქნება ბავშვისთვის საზიანო და გამოიწვევს უარყოფით შედეგებს. სასამართლო განმარტავს, რომ 2018 წლის 19 აპრილის განკარგულებით, სასამართლომ მიიღო დროებითი განკარგულება, რომლითაც მოაწესრიგა დედის ნ--------–- მ----–--ის შვილთან ურთიერთობის საკითხი, რომლის თანახმადაც დედას პარასკევ დღეს ბავშვი გაყავდა საბავშვო ბაღიდან და კვირა დღის საღამომდე ბავშვი იმყოფებოდა დედასთან, ამდენად დედასა და ბავშვს შორის იყო საკმარისი დრო შეჩვევისა და დაახლოვებისათვის. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბავშვი თავდაპირველად დედას ეძახდა ბებიას, ხოლო დედას აღიქვამდა როგორც მის დას, ასევე სასამართლოს მიერ დაკითხული იქნა მოწმის სახით ბაღის თანამშრომელი ნ----- რ---–---–-, რომელმაც დაადასტურა, რომ დედასა და ბავშვს შორის არის თბილი დამოკიდებულება და დედა სათანადოდ ზრუნავს ა-------ია ღ-----------–---ზე.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება მოპასუხის პოზიცია, რომ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საშიშია ბავშვის დედასთან ყოფნა, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ სპეციალისტის სახით დაკითხა ექიმ ნერვოლოგი სპეციალობით ეპილეფტოლოგი ნ----- ხ------- 20 წლიანი სამუშავო გამოცდილებით, რომელმაც სასამართლოს განუმარტა, რომ ნ--------–- მ----–--ის ელექტროენცეფოლოგრამის თანახმად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მას წლების განმავლობაში გულყრები არ ქონია. სპეციალისტის განმარტებით მსგავსი დაავადების დროს ადამიანები ჩვეულებრივ აჩენენ ბავშვებს და ზრდიან კიდეც, სპეციალისტის განმარტებით აღნიშნული გარემოება არ შეიძლება განხილული იქნეს დამაბრკოლებელ გარემოებად ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოციალური სამსახურის მომზადებული დასკვნები;
- ფსიქოლოგის დასკვნა - ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები;
- ექიმ ნერვოლოგის განმარტება, სამედიცინო დოკუმენტაცია
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ნ--------–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილი.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ხოლო, 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი).
7.2. სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის გათვალისწინებით, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
7.3. სასამართლოს განმარტავს, რომ ზემოთ მოხმობილი ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში.
უდავოა, რომ ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს და ამ ჭრილში გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს ადგილი.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთელი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
დავის სპეციფიკურობიდან და არასრულწლოვნი ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ა-------ია ღ-----------–--ის საცხოვრებელ ადგილად უნდა განისაზღვროს დედის (მოსარჩელის) საცხოვრებელი ადგილი. ამგვარი დასკვნისას, სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, ბავშვის აღზრდაში მშობლების მონაწილეობის ხარისხს, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს დასკვნას, ფსიქოლოგის დასკვნას. ამასთან, მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებს შეესაბამება დედასთან ყოფნა და მასთან ყოფნა არ არის საზიანო ბავშვისათვის.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ--------–- მ----–--ის სარჩელი კმაყოფილდება, დ----- ღ-----------–---ს ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნ--------–- მ----–--ის სარჩელი კმაყოფილდება, დ----- ღ-----------–---ს ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ნ--------–- მ----–--ის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 200 ლარის ოდენობით.
9. უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დროებითი განკარგულება ნ--------–- მ----–--ის შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის თაობაზე
10. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 352-ე-356-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ნ--------–- მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს
2. ა-------ია ღ-----------–--ის (პ/ნ 61250019553) საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის ნ--------–- მ----–--ის საცხოვრებელი ადგილით.
3. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის დროებითი განკარგულება ( განჩინება) ნ--------–- მ----–--ის შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის შესახებ.
4. მოპასუხე დ----- ღ-----------–---ს მოსარჩელის ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
5. მოპასუხე დ----- ღ-----------–---ს მოსარჩელის ნ--------–- მ----–--ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისის, ნიუპორტის ქ. #32) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ამ გადაწყვეტილების მეშვიდე პუნქტში მითითებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (ბათუმი, ზუბალაშვილების ქ. #30) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს; ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირაკლი შავაძე