გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.08.2018
საქმის ნომერი
330210017001900560
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
08.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10912-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

08 აგვისტო, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი - გიორგი ჭავჭავაძე

 

მოსარჩელე - სს ''თ----------ი''

წარმომადგენელი - თ-------------ე

მოპასუხე - ც------–-–--–---–ი

წარმომადგენელი - ხ-----–----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 2301,06 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 1465,24 ლარი, პროცენტი - 36,02 ლარი და ჯარიმა - 799,80 ლარი.

 

1.2. მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 1465,24 ლარზე, წლიური 16% სარგებლის გადახდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილი) აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 19,53 ლარს.

 

1.3. მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების - 558,52 ლარის გადახდა, საიდანაც, სესხის ძირი თანხაა - 245,49 ლარი, პროცენტი - 112,83 ლარი და ჯარიმა - 200,20 ლარი.

 

1.4. მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 245,49 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილი) აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 7,36 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, სასამართლო სხდომაზე კი სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე პირგასამტეხლოს არ ცნობს, ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ც------–-–--–---–ს შორის 2011 წლის 05 აპრილს დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა განვადების ბარათი 1500 ლარიანი ლიმიტით. კრედიტის ლიმიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი და 10 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 16%, ტრანზაქციის მინიმალური მოცულობა - 50 ლარი. კრედიტი უნდა დაფარულიყო ყოველი თვის 27 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად - 20 ლარის ოდენობით და დამატებით 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ პერიოდულად ირღვეოდა 2011 წლის 05 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და 2015 წლის თებერვლის შემდეგ გადახდა აღარ დაფიქსირებულა. 2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 9756,50 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია 1465,24 ლარი, პროცენტი 36,02 ლარი და ჯარიმა 8255,24 ლარი.

 

3.1.3. დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ც------–-–--–---–ს შორის 2011 წლის 29 ივნისს დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა საკრედიტო ბარათი T-------- Card 1000 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36%-ით კრედიტის სს „თ----------ის“ ბანკომატით ათვისებისა და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე ერთჯერადად - 20 ლარის ოდენობით და დამატებით 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტის პერიოდული გადახდა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს, დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 22 რიცხვი.

 

3.1.4. დადგენილია, რომ ც------–-–--–---–ის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2015 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ მომხდარა გადახდა. 2017 წლის 10 აპრილის მდგომარეობით მოპასუხეს 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 558,52 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია 245,49 ლარი, პროცენტი 112,83 ლარი და ჯარიმა 200,20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს. ფ. 16);

- 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს. ფ. 17-19);

- ამონაწერი ანგარიშიდან/გადახდების ისტორია (ს.ფ.20-36);

- დავალიანების ცნობა (ს. ფ. 37);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სს ''თ----------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 411-ე-414-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნები ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია რომ მხარეებს სს ''თ----------სა'' და მოპასუხეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ----------ი'' უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადაცემული კრედიტის ძირითადი თანხების - 1465,24 ლარისა და 245,49 ლარის დაბრუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად უნდა დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის - 36,02 ლარისა და 112,83 ლარის გადახდა.

 

6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. ამდენად, პირგასამტეხლოს გამოყენებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. ამასთან, იდენტიფიცირებადი უნდა იყოს ფულადი თანხის ოდენობა. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ექვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - დავალიანების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) - 182.5%-ს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და იგი საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით უნდა შემცირდეს.

 

შესაბამისად, 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით.

 

უნდა შემცირდეს 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა - 20 ლარამდე.

 

6.4. ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს:

 

მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 1465,24 ლარზე, წლიური 16% სარგებლის გადახდა დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილი) აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 19,53 ლარს.

 

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების ძირ თანხაზე - 245,49 ლარზე წლიური 36% სარგებლის გადახდა, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილი) აღსრულებამდე, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 7,36 ლარს.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (თოტალრეპარატიონ-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ., სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630-593-2012).

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

 

მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ., სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

როგორც მოცემული საქმის მასალებით დგინდება მოპასუხეზე გაიცა სარგებლიანი სესხი, შესაბამისად, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენდა სარგებლის მიღება. შესაბამისად, მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო ზიანი სახეზე გვაქვს, რაც ამ ნაწილში, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის სახით მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიღებდა სარგებელს საბანკო საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად მინიმუმ წლიურ 8%-ს. შესაბამისად, მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის" სასარგებლოდ 2011 წლის 05 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 1465,24 ლარზე წლიური 8% სარგებლის გადახდა, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილიდან) აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) წლისა, (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 9,76 ლარს). მოპასუხე ც------–-–--–---–ს სს "თ----------ის'' სასარგებლოდ 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითად თანხაზე - 245,49 ლარზე წლიური 8%-ის სარგებლის გადახდა, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილიდან) აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 (სამი) წლისა, (რაც ყოველთვიურად შეადგენს - 1,63 ლარს).

 

ამდენად, ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, მოპასუხე ც------–-–--–---–ს მოსარჩელე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 18,22 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო მოსარჩელეს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 55,78 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 153,11 ლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს 98,54 ლარის ოდენობით გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 269-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს “თ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. ც------–-–--–---–ს 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს “თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 1601.26 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1465.24 ლარი, პროცენტი - 36.02 ლარი, ჯარიმა - 100.00 ლარი;

2.1. ც------–-–--–---–ს სს “თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილიდან) 2011 წლის 05 აპრილის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 1465.24 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 9.76 ლარს;

3. ც------–-–--–---–ს 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს “თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 378.32 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 245.49 ლარი, პროცენტი - 112.83 ლარი, ჯარიმა - 20.00 ლარი;

3.1. ც------–-–--–---–ს სს “თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2017 წლის 10 აპრილიდან) 2011 წლის 29 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე 245.49 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 1,63 ლარს;

4. ც------–-–--–---–ს სს “თ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით 98.54 ლარის ანაზღაურება;

5. ც------–-–--–---–ს სს “თ----------ის” სასარგებლოს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 18.22 ლარის ოდენობით;

6. სს “თ----------ს” დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 114.83 ლარის ნაწილი 55.78 ლარის ოდენობით, რაც სს “თ----------ის” 2017 წლის 24 აპრილის №-- საგადასახადო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, სახაზინო კოდი: №300773150;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე