გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210018002415490
N 2-485-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
25 ივლისი, 2018 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ანა ფარეიშვილი
მოსარჩელე - გ-----------–აშვილი
წარმომადგენელი - ლ--------–-–ვილი
მოპასუხე - მ-------------ძე
წარმომადგენლები - დ-------–------------------------------–-ძე
დავის საგანი - განქორწინება, მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შეწყდეს გ-----------–აშვილსა და მ-------------ძეს შორის ქორწინება, გაიყოს მეუღლეთა საერთო საკუთრება - მ-------------ძეს დაეკისროს გ-----------–აშვილის სასარგებლოდ 5 250 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარის გადახდა, საიდანაც 1250 დოლარი ერთად ცხოვრების დროს შეძენილი ავტომანქანის ღირებულების ნახევარია (იხ.2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი:15:03:05-15:03:20), 4000 დოლარი - ასევე ერთად ცხოვრების დროს შეძენილი, 8000 დოლარის ნახევარი;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ გარემოებებზე: მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2014 წლის ნოემბრიდან, ქორწინების განმავლობაში 2500 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარად იყიდეს ავტომანქანა, რაც მ-------------ძის სახელზე აღირიცხა და მანვე მიიღო გასხვისებით მიღებული თანხა, ასევე, გაასესხეს ქორწინების განმავლობაში შეძენილი 8000 დოლარი, დაბრუნებული თანხის ნახევრის გადაცემაზე კი მოპასუხე უარს აცხადებს;
მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელე სხვა ოჯახს ქმნის, რაშიც ხელს უშლის მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინება;
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი ცნო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში (იხ. შესაგებლის მე-6 გვერდი). აღნიშნა, რომ მანქანის შესაძენად ფული თავისი ოჯახისაგან მიიღო საჩუქრად, ისე როგორც გასესხებული 8000 დოლარი;
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არიან 2014 წლის ნოემბრიდან
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.15);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მ-------------ძის სახელზე 2015 წლის 19 ივლისს დარეგისტრირებული ავტომობილი გასხვისდა და 2017 წლის 5 აგვისტოს სხვა პირის სახელზე დარეგისტრირდა:
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა (ს.ფ.29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 2015 წლის 22 მაისს, სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების თანახმად, მ-------------ძემ ერთი წლით გაასესხა 8000 ამერიკის შეერთებული შტატების დოლარი, ხელშეკრულება 2017 წლის 23 მაისამდე გაგრძელდა და იპოთეკით დატვირთული ნივთი, 2017 წლის 10 ივლისს, მ-------------ძის დედამ იყიდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ სანოტარო აქტი (ს.ფ.16-24);
- უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.25-28);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ავტომანქანა და გასესხებული ფული ერთად ცხოვრების დროს შეძენილი, მეუღლეთა თანასაკუთრება იყო, მოპასუხე კი განმარტავს, რომ ავტომანქანა მშობლების ნაჩუქარი ფულით იყიდა, მისი გაყიდვით მიღებული ფული ოჯახის საჭიროებისათვის დახარჯეს და გასესხებული 8 000 აშშ დოლარიც მშობლებმა აჩუქეს;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, რადგან მოპასუხემ ამ ნაწილში სარჩელი ცნო.
მეუღლეთა საერთო საკუთრების გაყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე, 1127-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები,6. სამართლებრივი შეფასება
სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს:
ა. ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე;
ბ. ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით;
1127-ე მუხლის თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით.
სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.
განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო,როცა აუცილებელია, იღებს ზომებს მცირეწლოვანი შვილებისა და შრომისუუნარო მეუღლის ინტერესების დასაცავად.
განქორწინების შესახებ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განსახორციელებელ განქორწინების რეგისტრაციაზე არ ვრცელდება ამ კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ გასესხებული თანხა მეუღლეთა საერთო საკუთრება იყო. მოპასუხის განმარტებით, ეს თანხა მშობლებმა აჩუქეს, რასაც სარწმუნოს ხდის ის გარემოება, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი, შემდეგ, მოპასუხის დედამ იყიდა;
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასესხებული თანხა მ-------------ძის ინდივიდუალური საკუთრება იყო. თუნდაც დადგინდეს, რომ 8 000 აშშ დოლარი მხარეთა საერთო საკუთრება იყო, ისეთი გარემოების არსებობისას, როდესაც თვითონ მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ფული მხარეებმა გაასესხეს და ადასტურებს, რომ შემდეგ, რადგან მოვალე ფულს ვერ იხდიდა, მ-------------ძის დედამ, გასესხებულ ფულს, თვითონაც დაამატა თანხა და იპოთეკის საგანი იყიდა (იხ.2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი: 14:56:10-14:56:40), 8000 დოლარის ნახევრის მიკუთვნების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს - გასესხებული ფული, თვითონ მოსარჩელისვე განმარტებით, მ-------------ძეს უკან არ მიუღია;
მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ავტომანქანაც მშობლების მიერ მისთვის ნაჩუქარი ფულით შეიძინა, ერთად ცხოვრების პერიოდშივე გასხვისდა და თანხა ოჯახის საჭიროებისათვის დაიხარჯა (იხ.2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი: 14:43:28-14:43:45);
სადავო არ არის, რომ ავტომანქანა გასხვისდა და სხვა პირის სახელზე აღირიცხა 2017 წლის 5 აგვისტოს. მხარეთა განმარტებით, კი, ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 2017 წლის სექტემბრის ბოლოდან (იხ.2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი: 14:53:48-14:54:10);
ეს გარემოება, შემდეგ, უარყო მოსარჩელემ და განმარტა, ,,ახლა დააზუსტა, რომ 2016 წლის სექტემბერში დაშორდნენ“ (იხ.2018 წლის 10 ივლისის სხდომის ოქმი:14:57:25-14:57:50), თუმცა, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღიარების გაქარწყლება მან ვერ შეძლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით გათვალისწინებული წესით - არ მიუთითებია, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას;
ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ ავტომანქანის გაყიდვით მიღებული თანხა ოჯახის საერთო ინტერესებისათვის გამოიყენეს მხარეებმა. საწინაააღმდეგოს დადასტურება მოსარჩელემ ვერ შეძლო, ისევე როგორც ვერ დაადასტურა, რომ მანქანა მოპასუხის მიერ მისთვის ნაჩუქარი ფულით არ იყო შეძენილი. თითოეული ეს გარემოება ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;
მოპასუხემ სარჩელი ცნო რა განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, აღიარა მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოებები - მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, მოსარჩელე სხვა ოჯახს ქმნის, რაშიც ხელს უშლის მოპასუხესთან რეგისტრირებული ქორწინება, რაც ამ ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, რომლის თანახმად, განქორწინება მოხდება თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა;
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ, შესაგებლით, სარჩელი ცნო განქორწინების მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ამ მოთხოვნისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოთხოვნა მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, ამ საქმეებზე კი 39-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებ, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის ნაწილში - გადაწყვეტილება მიღებულია მოპასუხის სასარგებლოდ, შესაბამისად, მოსარჩელეს, მის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები: - სამართლებრივი მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით, სალაროს შემოსავლის ორდერით, რწმუნებულებით, დადასტურებულია, რომ მ-------------ძეს წარმომადგენლის დახმარებისათვის გადახდილი აქვს 1180 ლარი;
სასამართლოს, დავის საგნის, საქმის სირთულის, გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დასაკისრებელი, მოპასუხის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის გონივრულ ოდენობად მიაჩნია 2 00 ლარი;
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის ნაწილში, შესაბამისად, მოპასუხეს, ამ მოთხოვნაზე არ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა;
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-წ, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
შეწყდეს 1990 წლის 4 ივლისს დაბადებულ მ-------------ძეს (პირადი ნომერი 5----------) და 1990 წლის 21 ივლისს დაბადებულ გ-----------–აშვილს (პირადი ნომერი 3---------7) შორის 2014 წლის 9 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი N 83143000264);
მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გ-----------–აშვილს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 50 (ორმოცდაათი) ლარი;
3. გ-----------–აშვილს გადახდეს მ-------------ძის სასარგებლოდ მოპასუხის
მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი - 200 (ორასი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი