გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.08.2018
საქმის ნომერი
330310018002387620
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/2139-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

9 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ნ---------–--–-–---–ი

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე

 

მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური

წარმომადგენელი - ნ-----–-----–--------–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის №S------------ გადაწყვეტილება, ნ---------–--–-–---–ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

 

1.3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ---------–--–-–---–ს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსი (,,მარჩენალდაკარგულის” სტატუსი შეეცვლება ,,ომში დაღუპული ოჯახის წევრის” სტატუსით).

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 1----–-–-----------ს გაცემული ქორწინების მოწმობის თანახმად, ა-–---------–--–-–---–ი და ნ-------------ე დაქორწინდნენ 1----–-–-----------ს; ქორწინების შემდეგ ნ-------------ეს მიეკუთვნა გვარი - ტ--–--–-–---–ი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 1----–-–-----------ს გაცემული ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 56).

 

3.2. 1993 წლის 12 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ა-–---------–--–-–---–ი გარდაიცვალა 1----–-–----------ს; გარდაცვალების მიზეზი: სახის და მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები.

 

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულებით ა-–---------–--–-–---–ი დაჯილდოვდა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“.

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 19 ოქტომბრის წერილების თანახმად, 2016 წლის 17 ოქტომბერს სამსახურს განცხადებით მიმართა მ-------–-–---–მა და მოითხოვა, რომ სამსახურს გაეწია დახმარება ქ. ქუთაისში, ა---–---------------------------ზე (ეკუთვნის მ-------------------------------------–--------------–----ს) მემორიალური დაფის განთავსებასთან დაკავშირებით.

 

აღნიშნული განცხადების საფუძველზე, 2016 წლის 19 ოქტომბერს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა წერილობით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს და მიუთითა, რომ 1----–-–----------ს საქართველოს მხედრიონისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის ექვსმა მეომარმა, მათ შორის ა-–---------–--–-–---–მა ხელმძღვანელობისაგან მიიღო საბრძოლო დავალება, ქუთაისში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზიდან საბრძოლო მასალის შესყიდვის თაობაზე. ზემოხსენებულ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი შევიდა რა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ექვსივე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ საბრძოლო დავალებაში მონაწილეობისათვის ა-–---------–--–-–---–ი დაჯილდოვებულ იქნა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, სიკვდილის შემდეგ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, წერილების ადრესატებს ეთხოვათ, გაეთვალისწინებინათ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე და შესაძლებლობიდან გამომდინარე, უზრუნველეყოთ სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებით ადგილის მემორიალური დაფით კეთილმოწყობა.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- 1993 წლის 12 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 53);

- მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ (ს.ფ. 52);

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 19 ოქტომბრის N7------------------ წერილი (ს.ფ. 17);

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 19 ოქტომბრის N7------------------ წერილი (ს.ფ. 18).

 

3.3. საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის აქტის თანახმად, რომელსაც ხელს აწერენ იმერეთის რეგიონის მხედრიონის წევრი, იმერეთის მხედრიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, საქართველოს მხედრიონის მეომარ-ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე, ა-–---------–--–-–---–ი იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, კერძოდ: გაგრაში, ოჩამჩირეში. დაიღუპა 1----–-–----------ს, სპეცდავალების დროს.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- საბრძოლო მოკვლევის აქტი (ს.ფ. 57).

 

3.4. ნ---------–--–-–---–ის წარმომადგენელმა ლ--–--------–--ემ განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა ნ---------–--–-–---–ისთვის ,,მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის, ,,ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსით შეცვლა (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება).

 

სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის S------------ გადაწყვეტილებით, ნ---------–--–-–---–ს უარი ეთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ნ---------–--–-–---–ის მეუღლის - ა-–---------–--–-–---–ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპვის ფაქტი; სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა ა-–---------–--–-–---–ის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი ა-–---------–--–-–---–ის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებები.

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის S------------ გადაწყვეტილება (ს.ფ. 58-60).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ნ---------–--–-–---–ის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა :

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი; „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის S------------ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონი განსაზღვრავს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის ორგანიზაციულ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საფუძვლებს მათი კეთილდღეობისა და აქტიური საქმიანობის პირობების შესაქმნელად.

 

ამავე კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის უზრუნველყოფა და ამ კანონის დებულებების შესრულების სისტემური კონტროლი ევალება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N102 დადგენილებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს ნორმატიული აქტებით, წინამდებარე დებულებით და სამსახურის დირექტორის სამართლებრივი აქტებით. ამავე დებულების შესაბამისად, სამსახურში იქმნება სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულები, ხოლო სტუქტურულ ერთეულებს შორისაა სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტი, რომლის ამოცანებსაც წარმოადგენს: ა) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა რეგისტრაცია. შემოსული დოკუმენტების შესაბამისად; ბ) სტატუსის მაძიებელ პირთა განცხადების განხილვა, სტატუსის მინიჭების, შეცვლის, შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის თაობაზე საკითხის განხილვა; გ) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა შესახებ ინფორმაციის ანალიზი, რეკომენდაციების, წინადადებების მომზადება, ერთიანი მონაცემთა ბაზის შექმნა და სრულყოფა; დ) სტატუსის მინიჭებასა და რეგისტრაციასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება, მოწმობის ნიმუშის და ანკეტის ფორმის შემუშავება, მოწმობის გაცემის ორგანიზება და სხვა.

 

სასამართლო მიუთითებს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილეები: საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

მითითებული საკანონდებლო აქტის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული /გარდაცვლილი/ ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე: ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა; ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა; გ) არასრულწლოვან /18 წლის ასაკამდე/ შვილებზე და ოჯახის სხვა შრომისუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული/გარდაცვლილი/ პირის კმაყოფაზე და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაღუპულთა (გარდაცვლილთა) ოჯახის წევრების სოციალური დაცვა ითვალისწინებს: ა) საპენსიო უზრუნველყოფას „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად; ბ) სხვა სოციალური დაცვის გარანტიებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ვეტერანების უფლებები და შეღავათები ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ ვეტერანებისათვის დადგენილი ერთიანი ნიმუშის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში. ვეტერანის მოწმობის ნიმუშსა და გაცემის წესს კი ადგენს საქართველოს მთავრობა.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აგვისტოს N509 დადგენილებით დამტკიცებული „ვეტერანის მოწმობის ნიმუშისა და მისი გაცემის წესის” დანართი N1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვეტერანის მოწმობა გაიცემა შემდეგი კატეგორიების მიხედვით: ა) ომის მონაწილე; ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; გ) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; დ) ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი; ე) ომის მონაწილესთან გათანაბრებული პირი; ვ) სამხედრო ძალების ვეტერანი; ზ) ომში დაღუპულის ოჯახის წევრი; თ) მარჩენალდაკარგული. ამასთან, მე-2 პუნქტის მიხედვით, დადგენილების მიზნებისათვის, ტერმინი „ომი“ გულისხმობს „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის განმსაზღვრელ მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხის დავალდებულება, რომ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ---------–--–-–---–მა განცხადებით მიმართა მოპასუხე სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს და მოითხოვა მისთვის ,,მარჩენალდაკარგულის“ სტატუსის, ,,ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსით შეცვლა (საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭება).

 

ასევე დადგენილია, რომ სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის S------------ გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ---------–--–-–---–ს უარი ეთქვა ,,ომში დაღუპულის ოჯახის წევრის“ სტატუსის მინიჭებაზე იმ საფუძვლით, რომ არ დგინდებოდა ნ---------–--–-–---–ის მეუღლის - ა-–---------–--–-–---–ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაღუპვის ფაქტი; სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის დასკვნა ან ცნობა, რომელშიც მითითებული იქნებოდა ა-–---------–--–-–---–ის გარდაცვალების მიზეზობრივი კავშირი ომთან ან შესაბამისი უწყების გენერალური ინსპექციის დასკვნა გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით; სამსახურში არ ყოფილა წარდგენილი ა-–---------–--–-–---–ის აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული საომარი მოქმედებების დროს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მტკიცებულებები.

 

6.3. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, ეს კანონი ვრცელდება იმ პირთა ოჯახებზე, რომლებიც იყვნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (მათ შორის, ყოფილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (მათ შორის, ყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის, საგარეო დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის, ფინანსური პოლიციის) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილი სამხედრო ან გასამხედროებული ორგანიზაციების მოსამსახურეები და მუშაკები (მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი)), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებებში ჩარიცხული სამოქალაქო პირები – მოხალისეები, რომლებიც დაიღუპნენ საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების პერიოდში ასრულებდნენ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობას.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს და მათთან გათანაბრებულ პირებს მიეკუთვნებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აფხაზეთსა და შიდა ქართლში თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის ბრძოლის მონაწილე ის პირები, რომლებიც საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურეები და მუშაკები იყვნენ, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირები, მოხალისეები.

 

ამასთან, კანონის მითითებული ნორმის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანის სტატუსის მისაღებად პირი კუმულატიურად ორ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს კერძოდ, ერთი მხრივ, მას უნდა დაუდასტურდეს საბრძოლო მოქმედებაში მონაწილეობა და იმავე დროს იგი უნდა ყოფილიყო საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის მოსამსახურე და მუშაკი, მათ შორის, აღნიშნული უწყებების თადარიგში დათხოვნილნი (გადამდგარნი), საბრძოლო ოპერაციებში მონაწილე სამხედრო ფორმირებაში ჩარიცხული სამოქალაქო პირი, მოხალისე.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ა-–---------–--–-–---–ი ჩარიცხული იყო საქართველოს რესპუბლიკის მ-–---–------------------------------- წევრად.

 

საქმეში წარმოდგენილი საბრძოლო მოკვლევის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია იმერეთის რეგიონის მხედრიონის წევრის, იმერეთის მხედრიონის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის, საქართველოს მხედრიონის მეომარ ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარის მიერ, ა-–---------–--–-–---–ი ნამდვილად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, კერძოდ: გაგრაში, ოჩამჩირეში; დაიღუპა 1----–-–----------ს, სპეცდავალების დროს. საქმეში წარმოდგენილი და 1993 წლის 12 მაისს გაცემული გარდაცვალების მოწმობის თანახმად, ა-–---------–--–-–---–ი გარდაიცვალა 1----–-–----------ს; გარდაცვალების მიზეზი: სახის და მუცლის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობები. სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაცემული წერილების თანახმად, 1----–-–----------ს საქართველოს მხედრიონისა და საქართველოს ეროვნული გვარდიის ექვსმა მეომარმა, მათ შორის ა-–---------–--–-–---–მა ხელმძღვანელობისაგან მიიღო საბრძოლო დავალება, ქუთაისში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზიდან საბრძოლო მასალის შესყიდვის თაობაზე. ზემოხსენებულ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფი შევიდა რა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე, რუსმა სამხედროებმა ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგად ექვსივე ქართველი მებრძოლი დაიღუპა. აღნიშნულ საბრძოლო დავალებაში მონაწილეობისათვის ა-–---------–--–-–---–ი დაჯილდოვებულ იქნა მედლით „მხედრული მამაცობისათვის“, სიკვდილის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერს ეთხოვა სამშობლოს დამცველთა გმირობასთან დაკავშირებული ადგილის მემორიალური დაფით კეთილმოწყობის უზრუნველყოფა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ დაღუპვის ფაქტი არ გამორიცხავს მის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობისა და დაღუპვის ფაქტს, თუ მისი მონაწილეობა აღნიშნულ საბრძოლო მოქმედებებში დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ზემოთ მითითებული ნორმის მიზანი და შინაარსი არ შეიძლება იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მხოლოდ კონკრეტული გეოგრაფიული საზღვრებით შემოფარგვლა, თუ პირი სწორედ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გარკვეულ მოქმედებებს, ამ შემთხვევაში აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ ახორციელებდა და ამ მიზნით იმყოფებოდა იქ. მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების - საბრძოლო მოკვლევის და ა-–---------–--–-–---–ის დაჯილდოებასთან დაკავშირებული მასალის მიხედვით, მოსარჩელე ნ---------–--–-–---–ის მეუღლე - ა-–---------–--–-–---–ი აფხაზეთის ტერიტორიის გარეთ - ქ. ქუთაისში საბრძოლო დავალებას ასრულებდა და იგი რუს სამხედროებთან შეტაკების დროს, საბრძოლო ოპერაციისას დაიღუპა. ამდენად, იგი მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში. შესაბამისად, მისი გარდაცვალება, მიზეზ-შედეგობრივად სწორედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლას უკავშირდება, რაც განმსაზღვრელი გარემოებაა ასეთი სტატუსის მინიჭებისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერიტორიის გარეთ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა იმ შემთხვევაში არ ჩაითვლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობად, თუ იგი ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლას უკავშირდება. სწორედ აღნიშნული საკითხია შეფასებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 25 ივლისის (საქმის ნომერი: ბს-83-80(კ-06)) გადაწყვეტილებაში.

 

6.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს მისთვის ხელსაყრელი გარემოება, ანუ მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რომელთაც ემყარება მისი მოთხოვნა, მოპასუხეს კი ევალება იმ გარემოებათა დამტკიცება, რომელთაც ეყრდნობა მისი შესაგებელი.

 

მტკიცებულებათა სახეებს წარმოადგენს მხარეთა (მესამე პირი) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტის დასკვნა. ძირითადად, მტკიცებულებათა შეგროვება შესაძლებელია ნებისმიერი ზემოთ ჩამოთვლილის სახით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი ითვალისწინებს გარკვეული გარემოებების გარკვეული მტკიცებულებით დამტკიცებას (საქართვლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებას თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არარსებობის შესახებ.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 12 მაისს გაცემული ა-–---------–--–-–---–ის გარდაცვალების მოწმობით, ა-–---------–--–-–---–ის „მხედრული მამაცობისათვის“ მედლით დაჯილდოვების შესახებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 23 აგვისტოს ბრძანებულებით, საბრძოლო მოკვლევის აქტით, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2016 წლის 19 ოქტომბრის წერილებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 1----–-–----------ს ა-–---------–--–-–---–ი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლისას გარდაიცვალა, რაც წარმოადგენს მისი მეუღლის - ნ---------–--–-–---–ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭების საფუძველს.

 

6.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. კანონმდებელი იმდენად არსებით და აქტის კანონიერების განმსაზღვრელ ფუნქციას ანიჭებს საქმის გარემოებათა გამოკვლევას, რომ იმპერატიულად კრძალავს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები). ადმინისტრაციული წარმოების ვალდებულების შესრულება ემსახურება ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, თუ რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და რა მოტივებით უარყო წარმოების შედეგით დაინტერესებული მხარის არგუმენტები. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის SSVA00005438 გადაწყვეტილება, ნ---------–--–-–---–ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სამსახურს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ---------–--–-–---–ს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსი (,,მარჩენალდაკარგულის” სტატუსი შეეცვლება ,,ომში დაღუპული ოჯახის წევრის” სტატუსით).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის 2018 წლის 12 მარტის №S------------ გადაწყვეტილება, ნ---------–--–-–---–ისათვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;

 

3. დაევალოს სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ნ---------–--–-–---–ს მიენიჭება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრის სტატუსი;

 

4. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ., №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე