განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/2885-18
№001130518003
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
თბილისი 27 ივლისი, 2018 წელი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - გიორგი არევაძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მიხეილ ქირია
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გელა ნიკოლოზის ძე კაპანაძე - დაბადებული 1975 წლის 10 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი №54001010887, ნასამართლევი, მცხოვრები თბილისში, ლოჭინის შესახვევი N4-ში.
ადვოკატი - გოდერძი ჩუბინიძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და „ე“ ქვეპუნქტები (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულოების გარეშე უკანონო მოხმარება, ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ).
სხდომის სახე - ღია
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ გელა კაპანაძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.საპროცესო შეთანხმების არსი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენით გელა კაპანაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რომელიც გელა კაპანაძემ დატოვა 2017 წლის 17 თებერვალს.
2018 წლის 18 მაისს, დილის საათებში, თბილისში, ლოჭინის შესახვევი N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი გელა კაპანაძე უკანონოდ ინახავდა, მის მიერ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებაში, ასევე უკანონოდ შეძენილ დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“ , წონით 0,05517 გრამი.
2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 06:50 საათზე, გელა კაპანაძემ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლების დანახვისას გადააგდო მის ხელთ არსებული ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც თბილისში, ლოჭინის შესახვევი N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 07:07 საათიდან 07:30 საათამდე დროის პერიოდში ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შედეგად იქნა ამოღებული.
2018 წლის 18 მაისს, ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი გელა კაპანაძე წარდგენილ იქნა საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში, სადაც დაუდგინდა ნარკოლოგიური საშუალება „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტი.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
გელა კაპანაძის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენას, გარდა ბრალდებულის აღიარებისა ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებები: მოწმეების - მალხაზ ქასრაშვილის და შმაგი პატაშურის გამოკითხვის ოქმების, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულების, გელა კაპანაძის დაკავების ოქმის, ქიმიური ექსპერტიზის N1200/სქ-1458/ქრ დასკვნის, ნარკოლოგიური ექსპერტიზის N702820 დასკვნის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 25 მარტის განაჩენის და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
ადვოკატისგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზემდგომი პროკურორის თანხმობით, პროკურორ მიხეილ ქირიას, ბრალდებულ გელა კაპანაძეს და ადვოკატ გოდერძი ჩუბინიძეს შორის.
პროკურორმა მიხეილ ქირიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას შუამდგომლობით მომართა და ითხოვა ბრალდებულ გელა კაპანაძის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა მიხეილ ქირიამ, ბრალდებულმა გელა კაპანაძემ და მისმა ადვოკატმა გოდერძი ჩუბინიძემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, გამოიკვლია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორმა გააფრთხილა ბრალდებული საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განუმარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე გამოაქვს და საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს ბრალდებულს სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ის საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის. გარდა ამისა, მისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მათი უფლებები - დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, რომ საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული და, რომ ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლომ ასევე გამოიკვლია, რომ ბრალდებულსა და მის ადვოკატს გადაეცათ საპროცესო შეთანხმების ოქმის ასლი და მათ საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
4.სამართლებრივი შეფასება:
საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია, ხოლო სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით გაკეთებულია სწორად, რის გამოც თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის მიხეილ ქირიას შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება (ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის დეტექტივების განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 258-260-ე, 268-274-ე და 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.დაკმაყოფილდეს თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ პროკურორის მიხეილ ქირიას შუამდგომლობა.
2. დამტკიცდეს სტაჟიორ პროკურორ მიხეილ ქირიას და ბრალდებულ გელა კაპანაძეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. გელა კაპანაძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 ( სამასი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 4 (ოთხი) წელი, ხოლო დამატებით სასჯელის სახით განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.
4.,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 ნაწილის საფუძველზე: 6 (ექვსი) თვის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
5. მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6.სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 18 მაისიდან 2018 წლის 11 ივნისის ჩათვლით.
7.გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს, ხოლო გელა კაპანაძის გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით დადებული ყადაღა მოეხსნას სულიკო სხირტლაძის (პ/ნ 54001016349) უძრავ ქონებას, მდებარეს ჭიათურაში, სოფელ ზოდში, საკადასტრო კოდი 38.09.39.118.
8. საქმეზე არსებული ნივთმტკიცება - ნარკოტიკული საშუალება (ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის დეტექტივების განყოფილებაში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს 15 დღის ვადაში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით დადგენილი წესით, სხვა შემთხვევაში განაჩენი არ საჩივრდება.
მოსამართლე გიორგი არევაძე