განაჩენი

სისხლის სამართლის 14.08.2018
საქმის ნომერი
190100118002409042
თარიღი
14.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-265-18

(N012220318007)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

 

საქართველოს სახელით

 

14.08.2018 წელი ქ. რუსთავი

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

 

მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი

 

სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი

 

ბრალდების მხარე: სტაჟიორ-პროკურორი გაგა გელაშვილი,დაცვის მხარე: ადვოკატი დავით ხაჩიძე,ბრალდებული: ვ----–-–---–---ე

მამის სახელი: ა-------ი

დაბადებული: 04.05.1--- წ.

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ლაგოდეხის რაიონი, სოფ. ნ--------ი,ფაქტობრივად მცხ. ქ. რუსთავი, მ---------------------ში

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” და სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით - ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის;

 

სხდომის სახე: ღია;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო

 

ნ ა წ ი ლ ი:

 

1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

2018 წლის 22 მარტს დილის საათებში, ქ. რუსთავში, მე-7-----------------ში მდებარე ფ--------------–---–ის საცხოვრებელი ბინიდან ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევი ვ----–-–---–---ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფ--------------–---–ის კუთვნილ DELL-ის ფირმის ლეპტოპს, SONY-ის ფირმის მობილურ ტელეფონს და MLRTV ფირმის რესივერს. აღნიშნულით ფ--------------–---–ს მიადგა 280 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ფ--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2018 წლის 21 მარტს, დილით მასთან სახლში მივიდა ვ----–-–---–---ე და უთხრა, რომ საღამოს მეგობართან ერთად მივიდოდა მასთან სახლში დასალევად. საღამოს მართლაც მივიდა ა---------–----–---–თან ერთად, რომელსაც მანამდე არ იცნობდა. დალიეს ალკოჰოლური სასმელი, მოგვიანებით ა---------–----–---–ი წავიდა, ხოლო ვ----–-–---–---ე დარჩა მასთან სახლში დასაძინებლად. დილით როცა გაიღვიძა, ვ----–-–---–---ე აღარ დახვდა. სახლში აღარ იყო მისი კუთვნილი ლეპტოპი, ტელევიზორის რესივერი და ტელეფონი. აღნიშნულის თაობაზე მიმართა პოლიციას. მისივე განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოცნობაში, სადაც ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები(იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა---------–----–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ვ----–-–---–---ის მეგობარი, ცხოვრობს ამ უკანასკნელთან ერთად ნაქირავებ ბინაში. 2018 წლის 21 მარტს, დილით ვ----–-–---–---ესთან ერთად იყო ფ--------------–---–თან და შეთანხმდნენ, რომ საღამოს ერთად უნდა დაელიათ. დაახლოებით 21 საათზე მივიდნენ ფ--------------–---–ის სახლში, სადაც გაშალეს სუფრა და მიიღეს ალკოჰოლური სასმელი. იგი ადრე დაბრუნდა სახლში, ვ----–-–---–---ე დარჩა მასპინძელთან, დილით ადრე დაბრუნდა და მიიტანა ჩანთით ნივთები. მიტანილი ნივთებიდან რესივერი მას აჩუქა, უთხრა მეგობარმა მაჩუქაო. მოგვიანებით პოლიციამ ამოიღო ვ----–-–---–---ის მიერ მიტანილი რესივერი (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------–-–--ას ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ლომბარდის მფლობელი. 2018 წლის 24 მარტს, მის კუთვნილ ლომბარდში მ------–-------------ამ ჩააბარა ლეპტოპი, რომელშიც 100 ლარი აიღო. იგი ტიროდა, ჩემია და ფული წამლებისთვის მჭირდებაო. იმავე დღეს, საღამოს საათებში გამომძიებელმა ამოიღო ლეპტოპი და მისგან შეიტყო, რომ მოპარული ნივთი იყო (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.4. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად გამოქვეყნდა მ------–-------------ას ჩვენება, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2018 წლის 24 მარტს, ქ. თბილისში, სადგურის მოედანზე შეხვდა ნაცნობს, ვ----–-–---–---ეს, რომელმაც სთხოვა მისი კუთვნილი ლეპტოპის მისი პირადობის მოწმობით დალომბარდება, რადგან პირადობა არ ჰქონდა და ფული სჭირდებოდა. იგი ენდო და ვ----–-–---–---ის მიერ მითითებულ ლომბარდში დააგირავა ლეპტოპი და აიღო 100 ლარი, რაც გადასცა ვ----–-–---–---ეს. ასევე მისი პირადობის მოწმობით ვ----–-–---–---ემ ააღებინა ტელეფონის ნომერი(იხ. ტ.1, ს.ფ. 81-83).

 

2.5. 28.03.2018წ. შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმებით დადასტურებულია, რომ ფ--------------–---–მა ამოიცნო მისი კუთვნილი MLRTV ფირმის რესივერი და DELL-ის ფირმის ლეპტოპი (იხ.ტ. 1, ს.ფ. 125-126, 127-128)

 

2.6. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სასაქონლო ექსპერტიზის #688/ს დასკვნის თანახმად DELL-ის ფირმის ლეპტოპის საბაზრო ღირებულება შეადგენს 140 ლარს, MLRTV ფირმის რესივერის - 40 ლარს (იხ.ტ. 1, ს.ფ. 139-142).

 

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ელენე შალვაშვილმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

გარდა ზ/აღნიშნილისა, ვ----–-–---–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ტელეფონის ყუთის ამოღების ოქმით (ტ.1, ს.ფ. 7-12), საგირავნო ხელშეკრულების ამოღების ოქმით (ტ.1,ს.ფ.76-80); 22.03.2018 წ. შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით (ტომი 1, ს.ფ. 17-27), 24.03.2018 წ. შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და ფოტოსურათებით (ტ.1, ს.ფ. 37-49), ა---------–----–---–ისგან რესივერის ამოღების ოქმით (ტ.1,ს.ფ.57-61) და სხვა მასალებით.

 

გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა აკაკი ყალაბეგაშვილმა, სოსო თაგვაშვილმა, ლია რუხაიამ, გიორგი მოდებაძემ, ომარ მატკავამ, ანა ქარსელაძემ, ბექა ტატაშიძემ; ასევე დაკითხული იქნენ ექპერტი-კრიმინალისტები გიგლა უნგიაძე და მანანა გოგოლაძე, კინოლოგი როინ წიქარიშვილი, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები; ასევე გამოქვეყნდა წერილობითი მტკიცებულებები და დათვალიერდა ნივთმტკიცება.

 

3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ვ----–-–---–---ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დაზარალებული არის მისი ნათესავი. 2018 წლის 21 მარტს მივიდა ფ--------------–---–ის სახლში ა---------–----–---–თან ერთად, სადაც დალიეს ალკოჰოლური სასმელი. ამ უკანასკნელის კითხვაზე, ხვალ რა დაელიათ, უპასუხა, რომ მასპინძლის ლეპტოპი ჩაებარებინათ ნაბახუსევზე გამოსასვლელად. იმის მიუხედავად, რომ ფ--------------–---–მა უარი განაცხადა, მან მეორე დილით, როცა ფ--------------–---–ს ეძინა, მაინც წამოიღო ლეპტოპი და მის ნაცნობს მ------–-------------ას სთხოვა ლომბარდში დაგირავება, რაზე იგი დაეთანხმა. დალომბარდებულ ნივთში აიღო 100 ლარი. რესივერი და მობილური ტელეფონი მას არ წამოუღია (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.

 

ქურდობა თავისი საკანონმდებლო კონსტრუქციით მატერიალურ შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება. მისი ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით. ამიტომ ქურდობა დამთავრებულად იმ მომენტიდან, როდესაც პირი დაეუფლა სხვის ქონებას და რეალური შესაძლებლობა აქვს განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა ამ ქონების რეალიზება.

 

ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს ქმედების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი; დანაშაულის ქურდობით დაკვალიფიცირებისას გათვალისწინებულია, რომ ქურდობა ხელყოფს სხვის საკუთრებას. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან უშუალო კონტაქტს და შეხებას. მისი ობიექტური მხარე აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება - სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი, რა დროსაც კანონიერ მესაკუთრეს ან სხვა კანონიერ მფლობელს არ აქვს გააზრებული, რომ დამნაშავე მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება მის ქონებას.

 

ქურდობის სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ნივთს, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებს მესაკუთრეს, ან ქონების მფლობელს და მაინც სურს მიაყენოს ეს ზიანი.

 

ქურდობის ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და უხელმძღვანელოს მას.

 

საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ქურდობას. ეს ისეთი ქურდობაა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს მოქალაქისათვის ქურდობით მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანს. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ არის მითითებული მნიშვნელოვანი ზიანის თანხა. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზემოთ. მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა.

 

საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სსკ-ს 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

დადასტურებულია, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 08.07.2003 წლის განაჩენით ვ----–-–---–---ე (ჯ--------ე-გვარი შეცვლილი აქვს) მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”გ” და ”დ” ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდა 09.01.2013 წ. და დანაშაულის ჩადენის დროს ითვლებოდა ნასამართლევ პირად.

 

5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ბრალდებულს ბრალად შერაცხული ქმედება განზრახ არ ჩაუდენია; ნივთი წამოიღო დაზარალებულთან წინასწარი გაფრთხილებით და მეორე დილით, ლეპტოპის წაღებისას, შეხსენება საჭიროდ აღარ ჩათვალა, რადგან ფ--------------–---–ი ნათესავია და ჰქონდა მოლოდინი, რომ ქურდობად არ ჩაუთვლიდა.

 

სასამართლო თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურდებულია დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში, კერძოდ:

 

დაზარალებული ფ--------------–---–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მან ნივთების - ლეპტოპის, ტელეფონის და რესივერის დაკარგვა აღმოაჩინა ვ----–-–---–---ის სტუმრობის შემდეგ, რის გამოც გაუჩნდა ეჭვი მის მიმართ. მისივე განმარტებით ასევე დადასტურებულია, რომ არავითარი შეთანხმება ლეპტოპის ლომბარდში დაგირავებაზე მათ შორის არ ყოფილა, რაც ასევე დადასტურებული იქნა ა---------–----–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. აღნიშნული მიუთითებს დანაშაულის ჩადენის ფარულ ხასიათზე. ის ფაქტი, რომ მას მითითებული ნივთების მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზანი ჰქონდა, დადასტურებულია როგორც ლეპტოპის დაგირავებით ამოღებული ფულის რეალიზებით, ასევე რესივერის გაჩუქებით და ტელეფონის მითვისებით, რომლის ამოღებაც ვერ მოხდა.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ ფ--------------–---–ისგან რესივერი და ტელეფონი არ წამოუღია. აღნიშნული დადასტურებულია როგორც ფ--------------–---–ის, ასევე ბრალდებულის მეგობრის ა---------–----–---–ის ჩვენებით, რომლის სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი სასამართლოს არ აქვს და რომლითაც უტყუარად დადასტურებულია, რომ ფ--------------–---–ის რესივერი აჩუქა ვ----–-–---–---ემ, რომელიც შემდგომ ამოიცნო დაზარალებულმა ფ--------------–---–მა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ქურდობისა და ყაჩაღობისთვის ნასამართლევ ვ----–-–---–---ეს გაცნობიერებული ჰქონდა რომ ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდა ფ--------------–---–ის ნივთებს, ითვალისწინებდა რომ თავისი მოქმედების შედეგად ზიანს აყენებდა მესაკუთრეს და სურდა ეს შედეგი.

 

6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ვ----–-–---–---ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

 

7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ვ----–-–---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ გამოვლენილა.

 

8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.

 

სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ----–-–---–---ეს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სასჯელი. სასამართლოს მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, მის ქცევას მომხდარი დანაშაულის შემდეგ. ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის გათვალისწინებით თვლის, რომ ვ----–-–---–---ეს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ამ მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში.

 

9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები

 

9.1. ვ----–-–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.

 

9.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- მობილური ტელეფონის ყუთი, რესივერი და ლეპტოპი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით(ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში).

- სუნის ნიმუშები - განადგურდეს (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ----–-–---–---ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” და საქართველოს სისხლის სამართლის მესამე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. ვ----–-–---–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. ვ----–-–---–---ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავებიდან - 2016 წლის 14 აპრილიდან.

4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- მობილური ტელეფონის ყუთი, რესივერი და ლეპტოპი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს კანონით დადგენილი წესით(ინახება რუსთავის საქალაქო სასამართლოში).

 

- სუნის ნიმუშები - განადგურდეს (ინახება შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში).

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე

 

ქეთინო ლუაშვილი