გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
3-----------------
N 2/18848-15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 აპრილი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეა ბერაია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე მ--–----- კ--------ე
წარმომადგენელი ა-–---------ე ა---–--ე
მოპასუხე შპს ,,გ------------ი"
წარმომადგენელი ლ-- შ----–--ე, ა-- დ--------ი
დავის საგანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს შპს ,,გ------------ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება 3296.50 ლარის ოდენობით გადახდა;
1.2. დაეკისროს შპს ,,გ------------ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს ყოველი დაყოვნებული დღისათვის ხელფასის 0.07%-ის ოდენობით სარჩელის შემოტანიდან სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის დღემდე;
1.3. დაეკისროს შპს ,,გ------------ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ეროვნული ვალუტის ინფლაციის გამო 477.60 ლარის ოდენობით გადახდა.
(მოსარჩელემ 2015 წლის 21 ოქტომბერს, წერილობითი განცხადებით გაზარდა სასარჩელო მოთხოვნა.)
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა მოპასუხე შპს ,,გ------------იში“ 2013 წლის 18 ნოემბრიდან მძღოლ-მიმწოდებლად. მის ფუნქცია-მოვალეობებში შედიოდა მივლინებებში სიარული მასზე მიმაგრებული მანქანებით ახალქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში. მოსარჩელის განმარტებით მარშრუტის დასრულება უხდებოდა საღამოს 9 საათიდან 12 საათამდე, შესაბამისად მუშაობდა არანორმირებული გრაფიკით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის მიერ შეგროვებული იქნა სასაქონლო ზედნადებების ქსერო ასლები სადაც უდავოდ ჩანს სამუშაოს დაწყების საათი და საწყობში ტვირთის მიტანის საათი. აღნიშნული ზედნადებებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოებს. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ცუდი პირობების გამო იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური და ითხოვს ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურებას, პირგასამტეხლოს დაყოვნებული დღეებისთვის და მატერიალურ ზიანს ანაზღაურებას.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს არ შეუსრულებია ზეგანაკვეთური სამუშაოები და როცა მოსარჩელე ბრუნდებოდა მივლინებიდან, მეორე დღე ჰქონდა უქმე დღე. ამასთან მისი მუშაობის დრო არ აღემატებოდა კვირაში 48 საათს. შესაბამისად არ არსებობს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების მოპასუხეზე დაკისრების საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე მუშაობდა შპს ,,გ------------იში“ 2013 წლის 18 ნოემბრიდან მძღოლ-მიმწოდებლად. მის ფუნქცია-მოვალეობებში გარდა ოფისში საქმიანობისა, შედიოდა მივლინებებში სიარული მასზე მიმაგრებული მანქანებით ახალქალაქში, ქუთაისსა და ბათუმში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2014 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
3.1.2. მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 11.5 პუნქტის საფუძველზე, შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს ამ შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასაქმებული აცხადებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საზოგადოებაში მოქმედ შრომის შინაგანაწესს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 1 თებერვლის შრომითი ხელშეკრულება;
3.1.3. მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა ყოველთვიურად 500 ლარს, რაც შეადგენს საათში 2 ლარსა და 50 თეთრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელეს პერიოდულად უწევდა სამუშაო საათების შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება, რაც დასტურდება გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებით. ჯამურად, მოსარჩელემ, გარდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროისა, დამატებით 2014 წლიდან 2015 წლის ივლისამდე იმუშავა 659.3 საათი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას უწევდა სამუშაო საათების შემდეგ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება და აღნიშნულის დასტურად წარმოდგენილი აქვს სასაქონლო ზედნადებები, რომლები გამოწერილია მოსარჩელის მიერ საქონლის დანიშნულების ადგილზე მიტანის დროს საქონლის მიმღების მიერ. აღნიშნულ ზედნადებებში მითითებულია საქონლის მიმღებისთვის ჩაბარების ზუსტი დრო და ნათლად ჩანს, რომ მოპასუხე ზემოაღნიშნულ საქონელს აბარებდა ძირითადად 18:00 საათის შემდეგ (სამუშაო საათების დასრულების შემდეგ). მოპასუხე მიუთითებს, რომ აღნიშნული ზედნადებები არის ასლები, რის გამოც სასამართლომ მხედველობაში არ უნდა მიიღოს აღნიშნული მტკიცებულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთიდან გამომდინარე, მოსარჩელემ შეძლო მის ხელთ არსებული მტკიცებულებებით დადასტურება მის მიერ მითითებული გარემოებების, ხოლო მოპასუხე უფლებამოსილი იყო წარმოედგინა დედნები ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებითაც, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ზედნადების ასლები არის დადასტურებული სპეციალური ბეჭდით, სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს აღნიშნულ მტკიცებულებებს და დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელემ, გარდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროისა, დამატებით 2014 წლიდან 2015 წლის ივლისამდე იმუშავა 659.3 საათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2015 წელს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ( ტ I, ს.ფ. 69-295);
- მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2014 წელს გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები ( ტ II, ს.ფ. 26-203);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3296,5 ლარისა და პირგასამტეხლოს 2189.34 ლარის გადახდა. მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას ლარის ინფლაციის გამო მოთხოვნილი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 14-ე, 17-ე, 31-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
საქართველოს შრომის კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს, – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო და დასვენების დრო.
უდავოდ დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების 11.5 პუნქტის საფუძველზე, შრომის შინაგანაწესი წარმოადგენს ამ შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დასაქმებული აცხადებს, რომ გაეცნო და ეთანხმება საზოგადოებაში მოქმედ შრომის შინაგანაწესს (იხ. 3.1.2 უდავო ფაქტ. გარემოება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს ,,გ------------ის“ შრომის შინაგანაწესის 5.2.2. პუნქტით კომპანიის რეალიზაციის განყოფილების თანამშრომელთათვის (მაგ: მძღოლი-დისტრიბუტორი) სამუშაო კვირა შედგებოდა 6 სამუშაო დღისგან, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით და სამუშაო დრო განსაზღვრული იყო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
ამავე შინაგანაწესის 8.2. პუნქტით განსაზღვრულია, რომ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება ხორციელდება დასაქმებულისათვის (თანამშრომლისათვის) განსაზღვრული ხელფასის საშუალო საათობრივი განაკვეთის ორმაგი ოდენობით, რომელიც გაიცემა ყოველთვიურ ხელფასთან ერთად (შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროს). ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ, გარდა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო დროისა, დამატებით 2014 წლიდან 2015 წლის ივლისამდე იმუშავა 659.3 საათი, რაც წარმოადგენს ზეგანაკვეთურ სამუშაოს (იხ. 3.1.1. სადავო ფაქტ. გარემოება).
საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 659.30 საათი ნამუშევარი ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის გათვალისწინებით თანხის მოპასუხეზე დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის შრომითი ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა ყოველთვიურად 500 ლარს, რაც შეადგენს საათში 2 ლარსა და 50 თეთრს (იხ. 3.1.3. უდავო ფაქტ. გარემოება). ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ოდენობა შრომის შინაგანაწესის თანახმად უნდა ყოფილიყო მოსარჩელის საათობრივი ანაზღაურების ორმაგი ოდენობა, რაც შეადგენს საათში 5 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე 659.30 საათის ზეგანაკვეთური სამუშაოს თანხის ოდენობა შეადგენს 3296.5 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.
მოსარჩელე ითხოვს პირგასამტეხლოს 0.07%-ის ოდენობით დაკისრებას სარჩელის შეტანიდან სასამართლო გადაწყვეტილების დღემდე.
სასამართლო მიუთითებს, რომ დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნებული ყოველი დღისთვის პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება აქვს მხოლოდ მიმდინარე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში, ანუ, როდესაც დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არსებობს, როცა სახეზეა შემდეგი პირობები: 1. მხარეებს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა არ უნდა იყოს შეწყვეტილი; 2. შეთანხმებული შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად უნდა გაიცემოდეს; 3. დამსაქმებელმა უნდა დაარღვიოს ძირითადი ვალდებულება - მან უნდა გადააცილოს შრომის ანაზღაურების შეთანხმებულ ვადას ან საბოლოო ანგარიშსწორების კანონით დადგენილ შვიდდღიან ვადას.
მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ დასაქმებული და დამსაქმებელი ერთმანეთთან შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდნენ იმ პერიოდში, როცა მოპასუხე არ ახდენდა მოსარჩელისთვის ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 3296.50 ლარს, სარჩელი შემოტანილია 2015 წლის 18 სექტემბერს, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღია 2018 წლის 27 აპრილი, აღნიშნული პერიოდისათვის ყოველი დაყოვნებული დღისთვის ხელფასის 0.07% ჯამურად შეადგენს 2189.34 ლარს, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის მესამე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის მატერიალური ზიანის სახით ლარის ინფლაციის გამო 477.60 ლარის გადახდის შესახებ და აღნიშნულის დაკმაყოფილებაზე უნდა ეთქვას უარი, ვინაიდან უდავოა, რომ მოსარჩელეზე განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება გაიცემოდა ეროვნულ ვალუტა ლარში, შესაბამისად საფუძველს მოკლებულია მოსარჩელის მითითება ვალუტის ინფლაციასთან დაკავშირებით, ასევე მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სასამართლოსთვის აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახ. ბაჟის 164.48 ლარის გადახდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის ოდენობით გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 აპრილის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მ--–---- კ--------ის სარჩელი შპს ,,გ------------ის" მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ;
2. დაეკისროს, მოპასუხე შპს ,,გ------------ის" მ--–---- კ--------ის სასარგებლოდ დავალიანების 3296,5 ლარის, პირგასამტეხლოს 2189.34 ლარისა და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის 200 ლარის გადახდა;
3. დაეკისროს შპს ,,გრან ქენდის'' სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 164.48 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია