გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2018
საქმის ნომერი
071210018002356073
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

071210018002356073

#2/78-2018წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.06.2018 წელი ქ. საგარეჯო

შესავალი ნაწილი

სიღნაღის რაიონული სასამართლო

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი

სხდომის მდივანი: ხათუნა ხვთისავრიშვილი

მოსარჩელე: მ----- ღ----–---–-

მოპასუხე: ნ-----–-- გ--–---------

მოსარჩელის წარმომადგენელი: თ-- შ-------

მოპასუხის წარმომადგენელი: ა-–---- გ--–---------

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ-----–-- გ--–---------სათვის სესხის აღების ხელწერილიდან გამომდინარე 1655 ლარის (სესხის ძირითადი თანხა- 700 აშშ დოლარი, დაბრუნებული თანხა - 25 ლარი) გადახდის დაკისრება.

 

სასარჩელო მოთხოვნა მ----- ღ----–---–-- დააფუძნა შემდეგ გარემოებებს:

 

მხარეთა შორის 2012 წელს 20 დეკემბერს დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ----- ღ----–---–-- ნ-----–-- გ--–--------- ასესხა 700 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 15 იანვარს. აღნიშნულის თაობაზე ნ-----–-- გ--–---------ს მიერ დადებული იქნა ხელწერილი. მოპასუხემ სესხის ნაწილი - 25 ლარი გადაუხადა 2016 წლის 6 თებერვალს. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა მოპასუხეს ვალდებულებას არ ასრულებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე ნ-----–-- გ--–---------- სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მასსა და მოსარჩელეს შორის 2012 წლის ზაფხულში დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება არა 700 აშშ დოლარზე, არამედ 500 აშშ დოლარზე და ვინაიდან დროულად ვერ მოხერხდა თანხის დაბრუნება შეთანხმდნენ საბოლოოდ გადასახდელ თანხაზე - 700 აშშ დოლარზე, რომელიც უნდა გადაეხადა 2013 წლის იანვრის თვეში. მოპასუხის განმარტებით, მან ნ-----–-- გ--–--------- გადაუხადა 500 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა გადაეხადა ერთ თვეში. ამასთან, ხელწერილი (ხელწერილზე დაფიქსირებული 25 ლარის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი ხელმოწერა, შესრულებული 2016 წლის 6 თებერვალს) არის ყალბი, მასზე შესრულებული ხელმოწერა არ ეკუთვნის მას. მოთხოვნა ხანდაზმულია და მოსარჩელე ცდილობს ყალბი (25 ლარის გადახდის) ხელწერილით აღიდგინოს ხანდაზმულობის ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმეში დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები წარმოდგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მ----- ღ----–---–-- და ნ-----–-- გ--–--------- შორის 2012 წელს 20 დეკემბერს დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მ----- ღ----–---–-- ნ-----–-- გ--–--------- ასესხა 700 აშშ დოლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 2013 წლის 15 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი-შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასამართლ სხდომის ოქმი;

- ხელწერილი.

 

3.2.2. ნ-----–-- გ--–---------- მ----- ღ----–---–- 2016 წლის 6 თებერვალს გადაუხადა სესხის ნაწილი - 25 ლარი, რის თაობაზეც მ----- ღ----–---–-ს მიერ დაწერილ ხელწერილზე გაკეთდა სათანადო აღნიშვნა და ხელმოწერილი იქნა ნ-----–-- გ--–---------ს მიერ.

- სარჩელი-შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასამართლ სხდომის ოქმი;

- ხელწერილი.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ფულადი ვალდებულება მოპასუხის მიერ სრულად არ შესრულებულა. მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

- სარჩელი-შესაგებელი;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- სასამართლ სხდომის ოქმი;

- ხელწერილი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, წმინდა სამოქალაქო-სამართლებრივი ხასიათის დავებისას, მტკიცების ტვირთი აწევთ საკუთრივ მხარეებს და ისინი არიან ვალდებული დაამტკიცონ გარემოებანი, რასაც სარჩელს, ან სარჩელის საწინააღმდეგო შესაგებელს ამყარებენ. საქმის განხილვიას მოპასუხემ სადაო გახადა ყველა ფაქტობრივი გარემოება და მიუთითა, რომ მოსარჩელეს აკისრია მტკიცების ტვრითი, თუმცა თავად არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც ზეგავლენას მოახდენდა გადაწყვეტილების მიღებაზე და დაამტკიცებდა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საწინააღმდეგო რეალობას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ სადავოდ გახადა ხელწერილზე დაფიქსირებული 25 ლარის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი ხელმოწერა (შესრულებული 2016 წლის 6 თებერვალს), ვინაიდან იგი არ იყო მის მიერ არც დაწერილი და ასევე არც ხელმოწერილი, იმ მიზნით რომ დადგენილიყო შეადგინა თუ არა მოპასუხემ ხელწერილი, სასამართლოს მხრიდან ექსპერტიზის ჩატარების შეთავაზებაზე მოპასუხის წარმომადგენელმა თანხმობა არ განაცხადა.

 

ექსპერტიზის დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართალწარმოების თითოეულ ეტაპზე საქმის განხილვისათვის გადამწყვეტს წარმოადგენს მხარის ნება, ვინაიდან სასამართლოს უფლებამოსილება მხოლოდ და მხოლოდ დისპოზიციურ ფარგლებში გამოვლენილი ნების შესწავლის გზით საქმის გარემოებების დადგენითა და მათი სამართლებრივი შეფასებით შემოიფარგლება, რაც საბოლოოდ განსაზღვრავს სასამართლოს დასკვნას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს.

 

დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეს მტკიცებულება, რაც ხელწერილის (25 ლარის დაბრუნების ნაწილში დაფიქსირებული ხელმოწერა) არანამდვილობას დაადასტურებდა, არ წარმოუდგენია და არც შემდგომში უშუამდგომლია ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ.

 

ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოვალეს (მოპასუხეს). სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ დასაშვებ მტკიცებულების სახეს - 429-ე მუხლის საფუძველზე ასეთი შეიძლება იყოს კრედიტორის მიერ გაცემული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ ზეპირი განმარტებით განაცხადა, რომ 700 აშშ დოლარიდან მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა 500 აშშ დოლარი და გადასახდელი თანხა შეადგენს 200 აშშ დოლარს, თუმცა ვინაიდან მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის გასული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მხარეთა მოვალეობაა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფულადი ვალდებულება ნ-----–-- გ--–---------ს მიერ არ არის შესრულებული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რაც მოპასუხის მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებას დაადასტურებდა, მოპასუხე ნ-----–-- გ--–--------- არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ მ----- ღ----–---–-ს სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებელია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არსებობს მოპასუხე მხარისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. სამართლებრივი შეფასება

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა, ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.

 

მოპასუხე მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ხელწერილზე დაფიქსირებული 25 ლარის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი ხელმოწერა არ არის მისი შესრულებული, შესაბამისად მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილს შესაბამისად, ვალის არსებობის აღიარება, ხელწერილის შინაარსიდან უნდა გამომდინარეობდეს, მისი შედგენით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. კონკრეტული ხელწერილის შედგენით მოპასუხემ აღიარა მოსარჩელე მ----- ღ----–---–-ს მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულება და მისი მოპასუხის მხრიდან ხელმოწერით დაუდასტურებლობა ვერ გახდის მის მიერვე დაწერილ ხელწერილს და გამოვლენილ ნებას არანამდვილს.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

ამავე კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადგილი არ ჰქონია მოპასუხის მხრიდან ვალის აღიარების ხელწერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ვალდებულების შესრულების სადავოობისას კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება, რაც მოპასუხემ ვერ განახორციელა.

 

ხელწერილით დასტურდება, რომ ნ-----–-- გ--–--------- აქვს მ----- ღ----–---–-ს ვალი 700 აშშ დოლარი. ხელწერილით ასევე დასტურდება, რომ ხელწერილის დადების შემდგომ მოპასუხეს გადახდილი აქვს 25 ლარი. ამდენად, შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს ჯამში 1655 ლარს (700 აშშ დოლარი, დაბრუნებული თანხა - 25 ლარი).

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედებს პრინციპი, რომ იმ მხარემ, რომელიც მტკიცებულებად იყენებს რაიმე ფაქტებს, გარემოებებს და დოკუმენტს, უნდა დაამტკიცოს ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, თუ აღნიშნული გახდება სადავო. მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება საქართვერლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. შესაბამისად, მოსარჩლის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდა სესხის აღების და მისი ნაწილის 25 ლარის დაბრუნების ფაქტი, მოპასუხემ დაუპირისპირა მხოლოდ თავისი ახსნა-განმარტება, რაც შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გარეშე ვერ იქნება გაზიარებული.

 

5.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.“

 

განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს ხანდაზმულობა და მოთხოვნა განხორციელებადია, ვინაიდან როგორ საქმეზე დადგენილი გარემოებებით ირკვევა მოპასუხის მხრიდან 2016 წლის 6 თებერვალს განხორციელდა სესხის ნაწილის - 25 ლარის დაბრუნება. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში გასული არ არის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ” იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა”.

 

მოცემულ შემთხვევაში მ----- ღ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, რის გამოც ნ-----–-- გ--–--------- უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

7. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მ----- ღ----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ნ-----–-- გ--–--------- (პირადი ნომერი: 3----------) მოსარჩელე - მ----- ღ----–---–-ს (პირადი ნომერი: 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს 1655 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე ნ-----–-- გ--–--------- მოსარჩელე - მ----- ღ----–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი ბუხრაშვილი