გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/1541-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 აგვისტო, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - მირანდა ბარბაქაძე, თამარ შალამბერიძე
მოსარჩელე - ი---- ა----–--ე
წარმომადგენელი - დ---- გ--------ე
მოპასუხეები - 1. შპს ,, მ--------------------ი’’,წარმომადგენელი - მ------ ა-------–ი
2. ნოტარიუსი ა------ ჯ----------,წარმომადგენელი- მ--–------ გ----------ე
3. ა------ თ----------,წარმომადგენელი- ე-----–- ჭ--–---–ი
დავის საგანი: ხელშეკრულებების და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ი---- ა----–--ეს და შპს ,,მ--------------------ს’’ შორის დადებული #13534 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების (რეესტრის #150836024, ნოტარიუსი-ა------ ჯ----------, 04.08.2015წ.) ბათილად ცნობა;
1.2. ა------ ჯ---------ის მიერ 2016 წლის 06 მაისს გაცემული #16047626 სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა (ტომი 1, ს/ფ 260-274.)
მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2014 წლის 29 ოქტომბერს შპს ,,მ--------------------სა’’ და მოპასუხე ა------ თ----------ს შორის დაიდო #10198 გენერალური საკრედიტო, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად ა------ თ----------მ მიიღო სარგებლიანი კრედიტი 25947 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისივე კუთვნილი ქონება, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----ს ქ. #40, ბინა13/14.
ა------ თ---------- იხდიდა სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სარგებელს 2015 წლის 29 ივნისის ჩათვლით, ხოლო შემდეგ სესხი პრობლემური გახდა და მისი დავალიანება 2015 წლის 04 აგვისტოსათვის შეადგენდა 27344.79 აშშ დოლარს. ლართან მიმართებაში თანხა აჭარბებდა 50000 ლარს (ეროვ.ბანკის კურსი-04.08.2015წ.=2.4081). ამიტომ ა------ თ----------სთან სესხის დადება იყო კანონსაწინააღმდეგო და საფინანსო ორგანიზაციამ მოსთხოვა სხვა პირის წარდგენა იმისათვის, რომ სესხი გაეყოთ ორ მსესხებელზე. სწორედ ამისთვის მიმართა მას მოპასუხე ა------ თ----------მ და სთხოვა ვალის რესტრუქტურიზაციის მიზნით ხელშეკრულებებზე ფორმალურად ხელის მოწერა, რასაც არ მოჰყვებოდა ი---- ა----–--ის მიმართ რაიმე სამართლებრივი შედეგი. მსგავსი განმარტება მისცა მას შპს ,,რ-------------ი’’-ს თანამშრომელმა.
2015 წლის 04 აგვისტოს მოვალის დავალიანება დაიყო ორ ნაწილად 20000 აშშ დოლარად და 8000 აშშ დოლარად და გაფორმდა ორი დამოუკიდებელი საკრედიტო ხელშეკრულების პაკეტი (#13533 და #13534) ა------ თ----------სთან და ი---- ა----–--ესთან. შესაბამისად ნათელია, რომ ი---- ა----–--ეს არ მიუმართავს საფინანსო ორგანიზაციისათვის კრედიტის მოთხოვნით, არამედ მასთან გაფორმდა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თვალთმაქცური გარიგება, რომლის მიზანიც იყო არა ი---- ა----–--ისათვის კრედიტის მიცემა, არამედ კანონის გვერდის ავლით, სულ სხვა პირის, ა------ თ----------ს ვალის გადანაწილება და ვალის ნაწილის შენიღბვა მოსარჩელესთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით.
ხელშეკრულებაში მითითებული არცერთი ფაქტი არ შეესაბამება რეალობას, რადგან ი---- ა----–--ეს აღნიშნული თანხა არ მიუღია და მითუმეტეს არ გამოუყენებია პირადი დანიშნულებით. ამიტომ #13534 საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებები როგორც თვალთმაქცური, უნდა გაბათილდეს, რადგან მათი გაფორმება მიზნად ისახავდა პირთან არსებული სულ სხვა საკრედიტო ურთიერთობის შენიღბვასა და დაფარვას. შესაბამისად უნდა გაბათილდეს მათ საფუძველზე ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელე უნდა გათავისუფლდეს ვალდებულებისაგან და მოსთხოვონ მას, ვისზეც რეალურად მოხდა სესხის გაცემა.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნებს და ითხოვა მათი დაკმაყოფილება.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,მ--------------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოვალე ა------ თ----------ს მიერ დავალიანება 27344.79 აშშ დოლარი სრულად იქნა გადახდილი, ამიტომ არანაირი კრედიტის გაყოფა არ მომხდარა. თითოეულმა მათგანმა დამოუკიდებლად ისესხა თანხა და მიიღო ის საკუთრებაში. ამიტომ ა------ თ----------სა და ი---- ა----–--ის მიერ ნასესხები თანხა აღემატება ა------ თ----------ს დავალიანებას. კერძოდ, მათ ჯამში მიიღეს 27840 აშშ დოლარი, რაც 495.21 აშშ დოლარით აღემატება ა------ თ----------ს #10198 სესხზე გადახდილ თანხას. მას ამ ხელშეკრულებით ნასესხები ჰქონდა 25947 აშშ დოლარი.
მხარე არ ადასტურებს გარიგების არც მოჩვენებით და არც თვალთმაქცურ ხასიათს. ამიტომ გარიგება არის ზუსტად ის გარიგება, რაც მისი დადებისას მხარეებს სურდათ და შეესაბამება მათ რეალურ ნებას (იხ. ტომი 1, ს/ფ 260-266).
სასამართლო სხდომაზე მ------ ბ---------–მა დაადასტურა შესაგებელში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები, რადგან მარტო გენერალური და იპოთეკის ხელშეკრულებები არ წარმოშობდა რაიმე ვალდებულებას, ამიტომაც დაიდო სესხის ხელშეკრულება მოსარჩელესთან, რომელმაც მიიღო კიდეც სესხი, რადგან სესხის შეთავაზება ხდება როგორც წერილობით, ისე ზეპირად. სესხის რესტრუქტურიზაციაზე კი საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ი---- ა----–--ე შესრულებას ახორციელებდა გარკვეული პერიოდი, შემდეგ კი შეწყვიტა, ამიტომაც მოხდა სააღსრულებო ფურცლის აღება. შესაბამისად არ მომხდარა სხვა გარიგების გადაფარვა, რის გამოც სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებები წარმოადგენენ რეალურს და არა თვალთმაქცურს.
2.2. მოპასუხე ნოტარიუსი ა------ ჯ---------- წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს, რომ სადავო სააღსრულებო ფურცელი მის მიერ გაცემული იქნა 2015 წლის 04 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც დადებულია კანონის სრული დაცვით.
სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოსარჩელე 7 თვის განმავლობაში იხდიდა თანხებს, ამიტომ ა------ თ----------ს მიერ სარჩელის ცნობა არაა საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რადგან ისინი წარმოადგენენ ოჯახის წევრებს და ამოძრავებთ საერთო ინტერესი, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს და ის არ უნდა დაკმაყოფილდეს (იხ. ტომი 2, ს/ფ 64-67, სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. მოპასუხე ა------ თ----------მ წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო და მიუთითა, რომ შპს ,,მ--------------------სა’’ და ი---- ა----–--ეს შორის საკრედიტო ხელშეკრულებას ადგილი არ ჰქონია, ის დაიდო მოჩვენებით, რადგან დადგენილი მაქსიმალური ზღვრის გადაცილების გამო, მასთან ვერ ხდებოდა სესხის რესტრუქტურიზაცია და ამიტომ იქნა მოწვეული მისი რძალი ი---- ა----–--ე, თუმცა მას რაიმე თანხა არ მიუღია. ნოტარიუსის მიერაც უკანონოდ იქნა გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რადგან ნოტარიუსი არ დარწმუნებულა გარიგების ნამდვილობაში და საერთოდ არ უკითხავს მხარეთათვის, ჰქონდა თუ არა ადგილი სესხის მიღებას.
(იხ. ტომი 2, ს/ფ 1-9)
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 03 დეკემბერს, ერთი მხრივ, შპს ,,მ--------------------ს’’ და მეორე მხრივ ა------ თ----------ს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #4625 და საკრედიტო თანხა განისაზღვრა 20000 აშშ დოლარით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა-10 წელი, სარგებლის წლიური ოდენობა - 60%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - დარჩენილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება #4625 (ტომი 1, ს/ფ 30-34),3.1.2. 2012 წლის 03 დეკემბერს შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის გაფორმებული #4625 ხელშეკრულების დანართის, იპოთეკის ხელშეკრულება #4625, თანახმად, მხარეებს შორის შედგა შეთანხმება ა------ თ----------ს საკუთრებაში არსებული ქონების, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----ს ქ.#40, ს/კ #0------------------, ს/კ #0------------------ - იპოთეკით დატვირთვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-იპოთეკის ხელშეკრულება #4625, ხელშეკრულების დანართი (ტომი 1, ს/ფ 38-47)
3.1.4. 2014 წლის 12 ივნისს შედგენილი 2012 წლის 03 დეკემბერს შპს ,,მ--------------------ს’’ და ა------ თ----------ს შორის გაფორმებული #4625 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების ხელშეკრულების #4625-02 დანართის მიხედვით, კრედიტის თანხა განსაზღვრულია 19710 აშშ დოლარით, ვადა 35 თვე, წლიური სარგებლის ოდენობა 24%, პირგასამტეხლო-0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ,,დამატებითი ხელშეკრულებიდან’’ წარმოქმნილი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის და სხვა ხელშეკრულებების საგნებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო ხელშეკრულება #4625-02 (ტომი1, ს/ფ 35-37).
3.1.5. სასესხო ამონაწერების თანახმად, 2015 წლის 01 იანვრის მდგომარეობით #4625 სესხს აქვს სტატუსი ,,დახურული’’, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-საკრედიტო ამონაწერები (ტომი 1, ს/ფ 27-29)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 04 აგვისტოს შპს ,,მ--------------------ს’’ და ი---- ა----–--ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ #13534 ხელშეკრულება, თანხა განისაზღვრა 8000 აშშ დოლარით, 10 წლის ვადით.
ამავე ხელშეკრულების დანართის თანახმად, მსესხებელ ი---- ა----–--ეზე გასაცემი კრედიტის თანხა შეადგენდა 7840 აშშ დოლარს, 35 თვის ვადით. კრედიტის მიზნობრიობა იყო -საყოფაცხოვრებო, ხოლო იგი უზრუნველყოფილი იქნა მოპასუხე ა------ თ----------ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე ქ.ქუთაისი, ნ----ს ქ.#40, ს/კ #0------------------ და ს/კ #0------------------, რაზედაც იპოთეკის ხელშეკრულება დამოწმებული იქნა ნოტარიუსის მიერ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ ვალდებულება არ შესრულდებოდა, იპოთეკარი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე. ა------ თ----------მ და ი---- ა----–--ემ გადაიხადეს სანოტარო მოქმედებათა შესრულებისათვის საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის დადგენილი საფასური 115.19 ლარი და რეგისტრაციის საფასური ორი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა წერილობითი და ზეპირი ახსნა-განმარტება
-სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებები (ტომი1, ს.ფ. 75-88)
3.2.2. 2015 წლის 04 აგვისტოს შედგენილი ხელწერილის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერს ი---- ა----–--ე, ასევე ა. თ----------, მითითებულია, რომ ,,ი---- ა----–--ემ შპს ,,მ--------------------ი’’-დან გაიტანა 7840 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ხელწერილი (ტომი 1, ს/ფ 91),-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3. ი---- ა----–--ემ და ა------ თ----------მ დაარღვიეს 2015 წლის 04 აგვისტოს სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება შპს ,,რ-------------ის’’ მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე. რის გამოც 2016 წლის 06 მაისს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია შპს ,,მ--------------------ი’’, მოვალე - ი---- ა----–--ე, ხოლო მესაკუთრე -ა------ი თ----------. აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს. ფ. ტომი 1, ს/ფ 20-22);
- A16046021-004/001 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 24-25)
3.2.4. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ი---- ა----–--ის მიერ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: ძირითადი დავალიანება-7836.54 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 238.89 აშშ დოლარი, ჯარიმა - 1214.66 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი-124.36 ლარი, სააღსრულებო წარმოების ხარჯები (ფაქტობრივი ხარჯების შესაბამისად).
3.2.5. ი---- ა----–--ეს გადახდილი აქვს გარკვეული ოდენობის თანხა შპს ,,მ--------------------ის’’ სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.6. შპს ,,მ--------------------ის ‘’ მიერ 19.04.2016წ. წერილით ი---- ა----–--ეს ეცნობა მის მიერ გატანილ იპოთეკურ სესხზე დარიცხული დავალიანებისა და მისი დაფარვის შესახებ არაუგვიანეს 2016 წლის 04 მაისისა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოთხოვილი იქნებოდა ნოტარიუსისაგან სააღსრულებო ფურცელი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
-შეტყობინება (ტომი 1. ს/ფ 45)
3.3. განსახილველ შემთხვევაში სადავოა გარიგების ნამდვილობის საკითხი.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 04 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას დაკავშირებით მტკიცების ტვირთი არის მოსარჩელის მხარეს, რომელიც მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებები დაიდო მოტყუებით, მოჩვენებით, მათზე ფორმალურად ხელისმოწერით, რათა სესხი გაყოფილიყო ორ მსესხებელზე, რადგან მისი ოდენობა აღემატებოდა 50000 ლარს, რითაც დაიფარა სხვა გარიგება.
აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს თავისი ახსნა-განმარტების გარდა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ი---- ა----–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 302.31-ე მუხლები,- ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით: 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს(მოჩვენებითი გარიგება); 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე, ასევე ხელშეკრულების შინაარსზე, რაც აისახება შესაბამის დოკუმენტში. ხელშეკრულება წარმოადგენს ორ ან მეტ პირს შორის დადებულ გარიგებას და მის დასადებად ცალმხრივი ნების გამოვლენა არ არის საკმარისი. მისი ნამდვილობისათვის აუცილებელია, მხარეებმა შეათანხმონ ერთმანეთთან გარიგების პირობები და ამის შემდეგ შედგენილ დოკუმენტზე მოაწერონ ხელი, რაც გამომდინარეობს სსკ-ის 327-ე მუხლიდან.
6.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2015 წლის 04 აგვისტოს, ერთის მხრივ, როგორც პირადად, ი---- ა----–--ეს და მეორე მხრივ, ,,რ-------------ს’’ შორის დადებული საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #13534 და ამავე ხელშეკრულების დანართი, საკრედიტო ხელშეკრულება #13534, ასევე შპს ,,მ--------------------ს’’, ი---- ა----–--ეს და ა------ი თ----------ს შორის 04.08.2015წ. დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით. აღნიშნული ხელშეკრულების პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
სესხის ხელშეკრულება დაიდო წერილობით. რომელიც შეიცავს ყველა აუცილებელ რეკვიზიტს. მოსარჩელე ხელწერილით ადასტურებს, რომ მიიღო სესხის თანხა 7840 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე დადგენილია, რომ მას გადახდილი აქვს გარკვეული თანხა გამსესხებლისათვის, რაც მოწმობს მათ შორის დადებული ხელშეკრულებების ნამდვილობას.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ სკ-ის 56-ე მუხლით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის კი აუცილებელია, გარიგების მონაწილეებმა ნამდვილი ნება დაფარონ სხვა გარიგებით. მათი ნება-სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. მხარეები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან, მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებისას მხარეების მიზანი ნათელია. მხარეებს შორის რა შეთანხმებაც არ უნდა ყოფილიყო, ის ვერ შეცვლის სესხის ხელშეკრულების შინაარსს. ამიტომ მხარეებს არც რაიმე დაუფარავთ და არც სხვა გარიგების მოსაჩვენებლად არ დაუდიათ გარიგება. ა------ თ---------- და ი---- ა----–--ე წარმოადგენენ რა ერთი ოჯახის წევრებს (მამამთილი და რძალი), მიღებული კრედიტი მას სჭირდებოდა სწორედ საყოფაცხოვრებო (საერთო) მიზნებისათვის და სწორედ ამიტომ იქნა აღებული ვალდებულება: ი---- ა----–--ემ მიიღო სესხი, რომლის უზრუნველყოფაც მოხდა ა------ თ----------ს უძრავი ქონებით. ვალდებულების შესასრულებლად ი---- ა----–--ის მიერ მომხდარია კიდეც დავალიანების თანხის ნაწილის გადახდა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას 2015 წლის 04 აგვისტოს საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების თვალთმაქცურ გარიგებებად მიჩნევის და შესაბამისად ბათილად ცნობის თაობაზე.
6.4. მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნით ასევე მოითხოვა 2016 წლის 06 მაისს, ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა. ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის 31 ქვეპუნქტის მიხედვით კი, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.
ხელშეკრულება დამოწმებული იქნა სანოტარო წესით. ნება ი---- ა----–--ის მიერ გამოვლენილ იქნა ნოტარიუსის წინაშეც. მოცემული ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით კრედიტორს შეუძლია აღსრულება დაიწყოს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე, ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი 2016 წლის 06 მაისს, სადაც კრედიტორია შპს ,,მ--------------------ი’’, ხოლო მოვალე - ი---- ა----–--ე. აღსრულება მიექცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ მოპასუხე ა------ თ----------ს უძრავ ქონებაზე.
6.5. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზით ცალსახაა, რომ 2015 წლის 04 აგვისტოს ი---- ა----–--ეს და მეორე მხრივ, ,, რ-------------ს’’ შორის დადებული საკრედიტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება #13534 და ამავე ხელშეკრულების დანართი, საკრედიტო ხელშეკრულება #13534, ასევე 04.08.2015წ. იპოთეკის ხელშეკრულებები წარმოადგენენ ნამდვილ გარიგებებს და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მათი ბათილობის საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად არ არსებობს 2016 წლის 06 მაისს ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის გაუქმების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
წარმოდგენილი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულია. კერძოდ, ი---- ა----–--ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა. აღნიშნულ სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, რაც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი---- ა----–--ის (წარმომადგენელი დ---- გ--------ე) სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც შეჩერდა ნოტარიუს ა------ ჯ---------ის მიერ 2016 წლის 06 მაისს გაცემული №160476326 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ. #32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე