გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.08.2018
საქმის ნომერი
080210118002371203
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
20.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210118002371203

#2/1051-18 წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.08.2018 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ----------------------'';

წარმომადგენელი - თ------------ე;

მოპასუხე - შ--–-----------ი, ნ------------–-–---–ი;

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს შ--–-----------ს და ნ------------–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 2099,12 აშშ დოლარის, სარგებლის 1574,34 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის გადახდა. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვა, შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა 300 აშშ დოლარამდე (იხ. 15.08.2018წ სხდომის ოქმი).

 

1.2. თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით. მოპასუხებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

1.3. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 27 ოქტომბერს კომპანიას, გ------------–---–ს და შ--–-----------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება #1-------, შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ #1------- რომელთა საფუძველზე მოსარჩელემ შ--–-----------ს სესხის სახით გადასცა 2200 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის დაბრუნება უნდა განხორცილებულიყო 24 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარეგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად ყოველთვიურად 160 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გ------------–---–ის კუთვნილი ავტომობილი. შ--–-----------ის მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ნ------------–-–---–თან 2016 წლის 27 ოქტომბერს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით მოპასუხისგან მოითხოვეს გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემა, თუმცა სატელეფონო საუბრით მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ავტომობილი არის დამტვრეული (იხ. სარჩელი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შ--–-----------მა და ნ------------–-–---–მა სარჩელი ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის 2099,12 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში ცნეს. სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ სესხი გადააბარა ვინმე გ------------–---–ს. მისთვის ცნობილი არ იყო, თუ სესხის დაფარვა არ ხდებოდა, 5 თვის შემდეგ გახდა აღნიშნულის შესახებ ცნობილი. (იხ. შესაგებელი. 01.08.18წ სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 27 ოქტომბერს შპს ,,მ---------------------ს’’ გ------------–---–ს, და შ--–-----------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო ხაზის მაქსიმალური მოცულობა განისაზღვრა 2800 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

 

3.2.2. 2016 წლის 27 ოქტომბერს შ--–-----------ს და შპს „მ---------------------„-ს შორის გაფორმდა შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ. აღნიშნული შეთანხმებით დადგენილია, რომ შპს „მ---------------------მა„ შ--–-----------ს გადასცა სესხი 2200 აშშ დოლარის ოდენობთ, სესხის სარგებელი განისაზღვრა 5%-ის ოდენობით, სესხის დაბრუნების ვადა განისაზღვრა 24 თვე. მსესხებელს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ უნდა დაეფარა სესხი და სარგებელი გადახდის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

-სესხის გადახდის გრაფიკი;

 

3.2.3. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს შპს „მ---------------------ს„ და ნ------------–-–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება. თავდებობის ხელშეკრულებით ნ------------–-–---–მა იკისრა ვალდებულება შ--–-----------ის მიერ ძირითადი ვალის გადახდის უზრუნველსაყოფად, იმგვარად რომ მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, თავდებს უნდა უზრუნველეყო კრედიტორის მიმართ ძირითადი ვალის გადახდის ვალდებულების შესრულება. თავდებობის ხელშეკრულებით განმარტებული იქნა, რომ „ძირითადი ვალი„ შეადგენს მესამე პირის მიერ კრედიტორისათვის დასაბრუნებელი სესხის ან/და გადასახდელი სესხის სარგებელს, ან/და სესხისა და საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა/პირგასამტეხლოს. მხარეთა შეთანხმებით თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლა ზღვრული თანხით 8400 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის შესახებ

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შ--–-----------ის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მოსარჩელემ მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება არის უვარგის მდგომარეობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-მოსარჩელის ახსნა განმარტება;

-გაფრთხილების წერილი;

 

3.2.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა რომ სესხი იყო სარგებლიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმების მე-3 პუნქტით განისაზღვრა 5%-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

- ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ.

-შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ;

 

3.2.3. მსესხებელს და თავდებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობათ, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული და კრედიტორის მიმართ ერიცხებოდათ დავალიანება. თუმცა გზავნილი მოპასუხეებს არ ჩაბარდათ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას.

-გაფრთხილების წერილები;

 

3.2.4. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით სარგებლობისათვის შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირითადი თანხა 2099,12 აშშ დოლარს, ხოლო სარგებელი 1574,34 აშშ დოლარს. პირგასამტეხლო 300 აშშ დოლარს.

 

მოპასუხე მხარე სარჩელს არ ცნობს საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში. მოპასუხის მტკიცებით, სესხი გადააბარა ვინმე გ------------–---–ს. მისთვის ცნობილი არ იყო, თუ სესხის დაფარვა არ ხდებოდა, 5 თვის შემდეგ გახდა აღნიშნულის შესახებ ცნობილი.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

მოპასუხემ გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოს ვერ წარმოუდგინა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მოპასუხის პოზიციას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 463-465-ე, 895-ე, 417-ე, 418-ე, 115-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია 27.10.2016 წ-ის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 27 ოქტომბერს საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს, შპს „მ---------------------ს„, გ------------–---–ს და შ--–-----------ს შორის დაიდო შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომლის საფუძველზეც მოპასუხე შ--–-----------ს გადაეცა სესხის სახით 2200 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით, სესხის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 5%. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხაზის უზრუნველყოფის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული სესხის თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე შ--–-----------მა და თავდებმა პირებმა ვალდებულება არ შეასრულეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. რომლის პირობებშიც მოპასუხეზე გაიცა სესხი გარკვეული პირობებით, მოპასუხემ შეთანხმებული პირობებით ვერ უზრუნველყო სესხის დაფარვა რის გამოც მოსარჩელემ მოითხოვა წარმოშობილი დავალიანების დაფარვის დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სესხის ძირი თანხის დაკისრების ნაწილში, წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2099,12 აშშ დოლარის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა წარმოდგენილი სარჩელი ცნეს სესხის ძირითადი თანხის 2099,12 აშშ დოლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხეებისათვის 2099,12 აშშ დოლარის დასაკისრებლად.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხეს გაეგზავნა წერილობითი გაფრთხილება. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს ვალის სრულად დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხდოს სესხი სახით მიღებული თანხა, რაც შეადგენს 2099,12 აშშ დოლარს.

 

გარდა ამისა, დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც შეადგენს 1574,34 აშშ დოლარს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსეხებელს შ--–-----------ს სესხის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა კრედიტორისათვის არ გადაუხდია. ხელშეკრულება დარღვეული იქნა 2017 წლის 27 იანვრიდან.

 

6.2. შპს „მ----------------------„ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, შ--–-----------თან ერთად ნ------------–-–---–ის ვალდებულება შპს „მ----------------------„-ს წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 24 თვის ვადაში. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე ნ------------–-–---–მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 8400 აშშ დოლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ------------–-–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 აშშ დოლარის გადახდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შ--–-----------ს და ნ------------–-–---–ს შპს ,,მ----------------------’’-ს სასარგებლოდ გადასახდელად უნდა დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 2099,12 აშშ დოლარის, სარგებლის 1574,34 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის გადახდა.

 

6.4. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

ხელშეკრულების 6.10. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობის, ლიკვიდურობის ან/და ბაზარზე მისი მოთხოვნადობადობის გათვალისწინებით მოგირავნეს შეუძლია საერთოდ უარი თქვას გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფლება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.

 

საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 8.12. პუნქტით და სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულების 5.8. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ამიტომ, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 204,93 ლარი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, სარჩელი სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში კმაყოფილდება ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეთ 121,55 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. დანარჩენ ნაწილში გადახდილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,მ----------------------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შ--–-----------ს და ნ------------–-–---–ს - შპს ,,მ----------------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხა 2099,12 აშშ დოლარის გადახდა;

 

3. შ--–-----------ს და ნ------------–-–---–ს - შპს ,,მ----------------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარგებელის 1574,34 აშშ დოლარის გადახდა;

 

4. შ--–-----------ს და ნ------------–-–---–ს - შპს ,,მ----------------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს 100 აშშ დოლარის გადახდა;

 

5. შ--–-----------ს და ნ------------–-–---–ს - შპს ,,მ----------------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 171,55 ლარის ოდენობით. (121,55 ლარი სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე და 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფაზე).

 

6. შ--–-----------ზე და ნ------------–-–---–ზე დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

7. შპს ,,მ---------------------ს’’ (ს/კ4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 27 მარტს სს 'თ----------–ი' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 204,93 ლარი (საგადასახადო დავალება №1---------), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.

 

8. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება (საქმე №2/1051-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

10. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).

 

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე