გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.08.2018
საქმის ნომერი
330210018002471625
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
24.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/15922-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი ხათუნა ბუცხრიკიძე

მოსარჩელე ნ------- მ---------

წარმომადგენელი მ------ ტ---–---–ი

მოპასუხე სს „ს----------–--------ი“

წარმომადგენელი დ----- ა-------–ი

დავის საგანი ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ს----------–--------ს“ ნ------- მ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის - 9639 ლარის გადახდა.

 

1.2. მოპასუხეს სს „ს----------–--------ს“ დაევალოს მოსარჩელე ნ------- მ--------ის საბანკო ანგარიშზე აღადგინოს 2748 ლარი.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ საფუძვლებს: 2012 წლის 14 აგვისტოს სს „ს----------–--------ში“ ნ------- მ--------ის კუთვნილ ანგარიშზე შპს „ნ-----------ის“ ანგარიშიდან შეცდომით ჩაირიცხა 3570 ლარი.

 

სს „ს----------–--------ისათვის“ 2012 წელს ცნობილი გახდა, რომ ნ------- მ--------ის სახელზე სს „ს----------–--------ში“ ჩარიცხული 3570 ლარი წარმოადგენდა მესამე პირების შრომის ანაზღაურებას. აღნიშნულის თაობაზე ბანკს აცნობა ასევე თანხის ჩამრიცხველმა კომპანიამ. თუმცა მისი თხოვნა თანხის დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული N2/7----13 26.09.2013 წლის გადაწყვეტილებით სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ------- მ---------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, 2013 წლის 24 ივნისს სს „ს----------–--------მა“ თვითნებურად ჩაოაჭრა 3570 ლარი მოსარჩელის ანგარიშიდან.

 

სს „ს----------–--------ის“ 2018 წლის წერილით მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ აღდგენილ იქნა 2013 წელს ნ------- მ--------ის ანგარიშზე უკანონოდ ჩამოჭრილი თანხა, თუმცა მოსარჩელის განმარტებით დაშვებულ იქნა ახალი უზუსტობა, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული 822 ლარის ნაცვლად ჩამოჭრილ იქნა ანგარიშიდან იგივე თანხა 3570 ლარი. ნ------- მ--------ის განმარტებით, ბანკს 822 ლარის ჩამოჭრის შემდეგ ანგარიშზე უნდა დაეტოვებინა 2748 ლარი.

 

აღნიშნული გარემოებების შემდეგ მოსარჩელემ ბანკს მოსთხოვა სამი საბანკო დღის ვადაში უზრუნველეყო უსაფუძვლოდ ჩამოჭრილი თანხის აღდგენა ანგარიშზე, რაც ბანკის მიერ არ დაკმაყოფილდა.

 

ბანკის ქმედების გამო ნ------- მ--------- იძულებული გახდა, კერძო პირისგან აღებული პროცენტიანი სესხით მოეხდინა მესამე პირების მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა, რიც გამოც 34 თვის მანძილზე იხდიდა გამსესხებლის სასარგებლოდ თვეში სესხის 5%-ს. 2013 წლის აგვისტოდან 2016 წლის მაისის ჩათვლით მოსარჩელის მიერ პროცენტის სახით გადახდილმა თანხამ შეადგინა 6069 ლარი, მთლიანად თანხის ოდენობაა - 9639 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი და მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებელი, რომლითაც განმარტა, რომ სს „ს----------–--------ის“ მიერ მოხდა დავალიანების კორექტირება სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად. დაფარული 3570 ლარიდან 3270 ლარი დაბრუნდა მსესხებლის ანგარიშზე და შემცირდა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული სხვა ვალდებულება. რაც შეეხება მოსარჩელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ 3570 ლარი წარმოადგენდა მესამე პირების შრომით ანაზღაურებას - აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის. მოსარჩელის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა 2012 წელს, ხოლო სესხი აღებულ იქნა 2013 წელს. რაც შეეხება შპს „ნ-----------ის“ წერილს, ის მიმართულია სს „თ----------ის“ მიმართ გადარიცხვის გაუქმების თაობაზე. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ბანკს სრული უფლება ჰქონდა ჩამოეჭრა თანხა მოსარჩელის ანგარიშიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ნ------- მ---------ს სს „ს----------–--------ის“ მიმართ გააჩნდა რამოდენიმე სასესხო ვალდებულება. ასევე მოსარჩელეს მოპასუხესთან გახსნილი ჰქონდა ანგარიში.

 

ამ ვალდებულების ფარგლებში 24.06.2013 წელს სს „ს----------–--------მა“ მოსარჩელეს ანგარიშიდან ჩამოაჭრა 3570 ლარი და მიმართა 2008 წლის 23 ივლისის N6----- საბანკო კრედიტის დასაფარად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს N7----13 26.09.2013 წლის გადაწყვეტილება;

- სესხის დაფარვების ამონაწერი.

 

3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული N2/7----13 26.09.2013 წლის გადაწყვეტილებით სს „ს----------–--------ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ნ------- მ---------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის N6----- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის N5----- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - ძირითადი დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა ნ------- მ---------ს არ გადაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს N7----13 26.09.2013 წლის გადაწყვეტილება.

 

3.1.3. სს „ს----------–--------ის“ მიერ 12.07.2018 წელს გაცემული ცნობის თანახმად, ბანკმა დააკორექტირა მოსარჩელის დავალიანება და სადავო თანხა გადაირიცხა თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით განსაზღვრული N5----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სს „ს----------–--------ის 12.07.2018 წლის ცნობა.

 

3.1.4. 15.08.2012 წლის წერილით შპს „ნ-----------იმ“ მიმართა სს „თ----------ს“, აცნობა, რომ შპს „ნ-----------ის“ ანგარიშიდან ნ------- მ--------ის ანგარიშზე შეცდომით გადაირიცხა 3570 ლარი, მოითხოვა გადარიცხვის გაუქმება და თანხის სს „თ----------ის“ ანგარიშზე დაბრუნება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- 15.08.2012 წერილი.

 

3.1.5. 05.08.2013 წელს ნ------- მ---------მ ნ----- ო------–---–ისაგნ ისესხა 3570 ლარი, თვეში 5% სარგებლით. ვალდებულება შესრულებულია სრულად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 05.08.2013 წლის ხელწერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არ დასტურდება ფაქტი იმის თაობაზე, რომ 24.06.2013 წელს სს „ს----------–--------მა“ მოსარჩელე ნ------- მ---------ს ინფორმირებულად ჩამოაჭრა 14.08.2012 წელს მისთვის შეცდომით გადარიცხული მესამე პირებისათვის განკუთვნილი თანხა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სწორედ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა ის გარემოება, რომ სადავო თანხა ეკუთვნოდა სხვა პირს და რომ ბანკი ამის თაობაზე ინფორმირებული იყო.

 

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზება ვერ შეძლო.

 

საქმეში წარმოდგენილია შპს „ნ-----------ის“ წერილი სს „თ----------ის“ მიმართ, რომლითაც განმარტებულია, რომ ნ------- მ--------ის „ს----------–--------ში“ არსებულ ანგარიშზე 2012 წლის 14 აგვისტოს გადაირიცხა 3570 ლარი შეცდომით და შპს „ნ-----------ი“ ითხოვს გადარიცხვის გაუქმებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სს „თ----------მა“ ტრანზაქცია არ გააუქმა და თანხა დარჩა სს „ს----------–--------ის“ ანგარიშზე. საქმეში არც იმის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ განცხადების თაობაზე სს „სა--------–--------ი“ ინფორმირებული იყო.

 

მოსარჩელემ ასევე წარმოადგინა 2012 წლის 24 აგვისტოს განცხადება სს „ს----------–--------ის“ სახელზე, სადაც იგი განმარტავს, რომ 3570 ლარი შეცდომით ჩაირიცხა მის ანგარიშზე და წარმოადგენს მესამე პირების შრომის ანაზღაურებას. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულბა, რომ საკუთარი განმარტების გარდა, მოსარჩელემ მოპასუხეს რაიმე მტკიცებულებით დაუდასტურა თანხის კუთვნილება. არც საქმეშია წარმოდგენილი მტკიცეულება, რომ თანხა ნ------- მ---------ს არ ეკუთვნოდა. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ სს „ს----------–--------ს“ განცხადება ჩაბარდა და მოსარჩელეს თანხა მაინც ჩამოეჭრა. განცხადებაზე არ არის კანცელარიის ან სხვა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სამსახურის ბეჭედი, რაც დაადასტურებდა მის მიღებას. მართალია, საქმეში ცალკე წარმოდგენილია სს „ს----------–--------ის“ დოკუმენტის მიღების სარეგისტრაციო ნომრები, მაგრამ არ დასტურდება, რომ მოპასუხემ სწორედ ეს განცხადება მიიღო. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყო მოპასუხესთან და გააჩნდა ვადამოსული ვალდებულებები, შესაძლებელია, მას სხვა დოკუმენტები წარედგინა იმავე პერიოდში.

 

სასამართლო აქვე იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ 3570 ლარი მოსარჩელის ანგარიშზე 2012 წლის 14 აგვისტოს ჩაირიცხა, ხოლო თანხა ჩამოჭრილია დაახლოებით ერთი წლის შემდეგ - 24.06.2013 წელს, რაც კიდევ ერთხელ საეჭვოს ხდის მითითებული თანხის დაბრუნების მოთხოვნის განხორციელებასა და მასზე რეაგირების მოუხდენლობას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 326-ე, 867-ე, 861-ე, 408-ე, 412-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სამოქალაქო კოდექსის 861-ე მუხლის თანახმად საკრედიტო დაწესებულება ვალდებულია ანგარიშიდან ფულადი სახსრების ჩამოწერა აწარმოოს მისი მფლობელის ნებართვის ან მითითების საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია მიყენებული ზიანი და არასწორად გადარიცხული თანხა კვლავ შეიტანოს ანგარიშის მფლობელის აქტივში.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო საბანკო კრედიტის ორი ხელშეკრულება. მოსარჩელემ ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია და ერიცხებოდა შესაბამისი დავალიანება. დადგენილია ასევე, რომ მოპასუხესთან არსებულ მოსარჩელის ანგარიშზე ჩაირიცხა თანხა, რომელიც ბანკმა გამოიყენა N6----- სესხიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარავად.

 

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ, ჩვეულებრივ პირობებში, ბანკი არ არის უფლებამოსილი, ანგარიშის მფლობელის ნებართვის გარეშე განახორციელოს ფულადი სახსრების ჩამოწერა, მაგრამ როდესაც კონკრეტული ანგარიში გამოიყენება საბანკო კრედიტის დასაფარავად და მხარეები თანხმდებიან, რომ ანგარიშზე არსებულ თანხას საკრედიტო დაწესებულება გამოიყენებს კრედიტის დასაფარავად, თანხის საბანკო დაწესებულების ანგარიშზე ჩარიცხვით, ბანკი მოიპოვებს საკუთრების უფლებას ფულზე და, შესაბამისად, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ბანკს აქვს ანგარიშზე არსებული თანხის საკრედიტო ვალდებულების შესრულების მიზნით ჩამოჭრის უფლება.

 

სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია მოსარჩელის ვალდებულება მოპასუხის მიმართ, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული N2/7----13 26.09.2013 გადაწყვეტილებით სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ნ------- მ---------ს სს „ს----------–--------ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 23 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 522 ლარისა და პირგასამტეხლოს 300 ლარის ანაზღაურება, ხოლო 2008 წლის 24 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - დავალიანების 3441.87 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

 

მართალია, „ს----------–--------მა“ ჩამოჭრილი თანხა გამოიყენა იმ ვალდებულების დაფარვისათვის, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნაწილობრივ ხანდაზმულად იქნა ცნობილი, მაგრამ სარჩელის განხილვის დროისათვის ეს ვითარება გამოსწორებულია, კერძოდ, დავალიანება დაკორექტირებულია სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად და სადავო თანხა გადაირიცხა მეორე სესხის - N5----- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად, რასაც მოსარჩელეც არ ხდის სადავოდ, ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ნ------- მ--------ის საბანკო ანგარიშზე 2748 ლარის აღდგენის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. რაც შეეხება მოსარჩელის მეორე მოთხოვნას, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ითხოვს, მოპასუხემ აანაზღაუროს მის მიერ მესამე პირთან დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანი, ვინაიდან, მხარის მითითებით, ბანკს თანხა რომ არ ჩამოეჭრა, იგი სესხს არ აიღებდა და პროცენტების გადახდა არ მოუწევდა.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხოლო 408-ე მუხლის თანახმად კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის უზოგადეს პრინციპს. იმისათვის, რომ მოპასუხეს აღნიშნული ნორმის საფუძველზე დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, აუცილებელია ოთხი წინაპირობის არსებობა, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს არამართლზომიერი ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი ზიანსა და ქმედებას შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, რაც შეეხება მოპასუხეს, მან უნდა დაადასტუროს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს ამ მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების შესრულება და მოთხოვნის გამომრიცხავი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებას არ ექვემდებარება ყველა სახის ზიანი. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

„ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თუნდაც „ს----------–--------ს“ არ ჩამოეჭრა და გამოეყენებინა მოვალის ანგარიშზე არსებული თანხა ხანდაზმული სესხის დასაფარავად, მოსარჩელე აღნიშნულ თანხას მაინც ვერ განკარგავდა, ვინაიდან გააჩნდა მეორე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება და თანხა გამოყენებული იქნებოდა სწორედ ამ ვალდებულების შესასრულებლად, ამდენად, მითითება იმის თაობაზე, რომ თუ ბანკი თანხას არ ჩამოაჭრიდა, მას არ მოუწევდა სესხის აღება, უსაფუძვლოა, გარდა ამისა, სასამართლომ განმარტა, რომ ბანკს გააჩნდა უფლებამოსილება, ანგარიშზე არსებული თანხა გამოიყენებინა ვადაგადაცილებული ვალდებულების დაფარვისათვის, რაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 01.06.2018 წლის და 13.07.2018 წლის განჩინებებით ნ------- მ---------ს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დამთავრებამდე. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე, 53-ე მუხლების საფუძველზე, მოსარჩელე ნ------- მ---------ს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - ჯამში 389,17 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 48-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ------- მ--------ის სარჩელი მოპასუხე სს „ს----------–--------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ------- მ---------ს დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 389,17 ლარის გადახდა, რომელიც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22; სახაზინო კოდი: 300 773 150;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს (თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია