გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.07.2018
საქმის ნომერი
190210118002322618
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/570-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26.07.2018 წ ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს „ე--------------- +“

წარმომადგენელი ანა ბარათაშვილი

მოპასუხეები ხ----- ყ-------–ი

ი---- ბ-–-–---–ი

წარმომადგენელი ანა კუზანაშვილი

დავის საგანი სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ხ----- ყ-------–ისა და ი---- ბ-–-–---–ისათვის სესხის ძირითადი თანხის 3448 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

1.2. ხ----- ყ-------–ის და ი---- ბ-–-–---–ისათვის სესხის სარგებლის 1465.39 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

1.3. ხ----- ყ-------–ის და ი---- ბ-–-–---–ისათვის ავტომობილის შეფასების საფასურის 100 ლარის სოლიდარულად დაკისრება;

(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ.117-124. ტომი 1)

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

2017 წლის 21 იანვარს შპს „ე---------------+“-სა და ხ----- ყ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 6298 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 4 ლარს, გადახდის ვადის გადაცილების მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დღეში 2 ლარს, რომლის დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი მიცუბიში პაჯერო 1.8.10. სახ ნომერი C--------. 2017 წლის 21 იანვარს ავთანდილ ბ-–-–---–სა და შპს "ევროკრედიტ+"-ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ი---- ბ-–-–---–მა იკისრა ხ----- ყ-------–ის სესხის დაბრუნების ვალდებულება მსესხებლის თანაბარწილად. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 21 000 ლარი. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, რის გამო გამსესხებლის მოთხოვნით დაგირავებული ავტომობილი მოპასუხემ მოსარჩელეს გადასცა, რსი შემდეგ მოხდა მისი რეალიზაცია 3878 ლარად. ამ თანხით შემცირდა ძირითადი თანხის დავალიანება 2783 ლარით, ხოლო სარგებელი 1095 ლარით. სულ გადასახდელია სესხის ძირითადი თანხა 3448 ლარი და სარგებელი 1465,39 ლარი (ავტომობილის რეალიზაციიდან სარჩელის აღძვრამდე დროში გადასახდელი სარგებელი). ასევე ავტომობილის შეფასების საფასური 100 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებმა წერილობით შესაგებელში სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება არ დადებულა და ხ----- ყ-------–ს სესხის თანხა არ მიუღია. მხარეებს შორის დაიდო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით გადახდის პირობით. ავტომობილი ხ----- ყ-------–ის საკუთრებად დარეგისტრირდა სადაო ხელშეკრულების დადების დღეს, ხოლო მანამდე მისი მესაკუთრე იყო ნიკოლოზ გლურჯიძე, მოსარჩელის თანამშრომელი. მოპასუხის განმარტებით, მას სურდა შეღავათიან ფასში ავტომობილის შეძენა, ხოლო მოსარჩელეს თავად შესთავაზა ავტომობილი. ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ დაიბრუნა ავტომობილი, რის გამოც მას თანხის მოთხოვნის უფლება არა აქვს. ხელშეკრულების ტექსტზე ხელმოწერას ევროკრედიტის წარმომადგენელი ითხოვდა სწრაფად, რის გამოც ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების შინაარსის გაცნობის საშუალება არ მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანის წაყვანა გაჭიანურდებოდა. ხელშეკრულება დაიდო მოტყუების შედეგად.

 

(05.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სადაოა და უნდა დადგინდეს მტკიცებულებათა შემოწმების საფუძველზე.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 21 იანვარს შპს „ე---------------+“-სა და ხ----- ყ-------–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, ხოლო ი---- ბ-–-–---–მა იკისრა სესხის დაბრუნების საკითხში სოლიდარული პასუხისმგებლობა.

 

2017 წლის 21 იანვარს შპს „ე---------------+“-სა და ხ----- ყ-------–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 6298 ლარი. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 5%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 5-მდე კალენდარული დღით გადაცილებისათვის 4 ლარს, გადახდის ვადის გადაცილების მე-6 დღიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის დღეში 2 ლარს, რომლის დარიცხვა გრძელდება ვალდებულების სრულ შესრულებამდე.

 

სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ხ----- ყ-------–ის კუთვნილი ავტომობილი მიცუბიში პაჯერო 1.8.10. სახ ნომერი C--------.

 

ი---- ბ-–-–---–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის 2017 წლის 21 იანვარს წერილობით დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილია ხ----- ყ-------–თან დადებული სესხის ხელშეკრულება. თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობაა 21 000 ლარი.

 

მოპასუხე სესხის ხელშეკრულების დადებაზე მისი ნების ნამდვილობას სადაოდ მიიჩნევს და განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულება რეალურად არ დადებულია, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა არ მიუღია, მხარეებს შორის დაიდო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადებით. მოპასუხემ ასევე მიუთითა შპს «ე---------------+“-ის მხრიდან მოტყუების შესახებ, რადგან ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად ხელი მოაწერინეს სესხის ხელშეკრულებაზე, ისე რომ ხელშეკრულების გაცნობის შესაძლებლობა არ მისცეს.

 

ამდენად, მხარეებს შორის სადაოა სესხის ნამდვილობა, მხარეების მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობა.

 

სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და დადებულად ითვლება სესხის თანხის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე წამოჭრილ დავაში უნდა დადგინდეს, მოვალეს გადაეცა თუ არა თანხა.

 

სესხის და გირავნობის ხელშეკრულებასთან ერთად მხარეებს შორის გაფორმებულია N143667/T შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საკრედიტო ხაზის ფარგლებში გამსესხებელმა მსესხებელს ჯეროვნად და სრულად გადასცა 6298 ლარი, ხოლო მსესხებელმა მიიღო იგი. სესხის გაცემისთანავე მსესხებელმა გამსესებელს გადაუხადა საკომისო 0 ლარი, აგრეთვე ხელშეკრულების შესაბამისად გადასცა გაცემის საკომისიო 0 ლარის ოდენობით, ავტომობილის გირავნობის რეგისტრაციისათვის საფასური 170 ლარი, შესაბამისად, მსესხებლისათვის ხელზე დარჩენილი თანხა შეადგენს 6128 ლარს. შეთანხებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნება უნაღდო ანგარიშსწორების გზით. გამსესხებლის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.

 

ამდენად, მხარეებს შორის გაფორმებულია შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელშიც მითითებულია, რომ მსესხებელმა მიიღო სესხის თანხა გირავნობის რეგისტრაციის საფასურის თანხის გამოკლებით.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით დასტურდება, რომ გირავნობის ხელშეკრულების დადებამდე დროს დაგირავებული ავტომობილი იყო ფიზიკური პირის ნიკოლოზ გლურჯიძის საკუთრებაში, რომელიც მოსარჩელის განმარტების თანახამად იყო შპს «ე---------------+»-ის თანამშრომელი. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილი მოსარჩელის სასარგებლოდ დაგირავებული იყო და სესხის დაუბრუნებლობის გამო იგი მას გადაეცა საკუთრებაში, ხოლო არსებული პრაქტიკით გადააფორმა მის ერთერთ თანამშრომელზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხ----- ყ-------–ს სესხის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა რეალურად არ მიუღია და სესხის გადაცემის შეთანხმება თვალთმაქცურად დაიდო.

 

მოპასუხემ ნასყიდობის ხელშეკრულების დასადასტურებლად მიუთითა მოწმე ავთანდილ ფეიქრიშვილის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ იგი არის ხ----- ყ-------–ის მეგობარი, მისი საქმრო და ახლდა მას ავტომობილის შეძენის დროს, ავტომობილი რელურად მან შეიძინა ტაქსით მომსახურების საქმიანობისათვის. ამ შემთხვევაში ვალების გამო მან ხელშეკრულებას ხელი ვერ მოაწერა. მას შპს „ევრო-კრედიტ+“-თან სხვა დროსაც ჰქონია ურთიერთობა, ისინი მსგავსი სქემით მუშაობენ. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო თანხის გადახდის გრაფიკის შესახებ, თანხა მას უნდა გადაეხადა, რაც ვერ შეძლო. მოწმის განმარტებით, თანხის გადაუხდელობის გამო მოსარჩელის პირველივე მოთხოვნისთანავე ავტომობილი დააბრუნა, ხოლო მისი ღირებულება იმაზე მეტი იყო, ვიდრე მოსარჩელემ შეაფასა და რა ფასადაც გაასხვისა.

 

მოპასუხე და მოწმე სესხის ხელშეკრულების მოჩვენებითობის დასტურად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადებამდე ავტომობილის მესაკუთრე იყო მოსარჩელის თანამშრომელი, ნივთი ფაქტობრივად მოსარჩელის საკუთრებაში იყო და იგი მოსარჩელემ გაასხვისა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის ნასყიდობის შეთანხმების დადების დასადასტურებლად საკმარისი არ არის ის გარემოება, რომ ავტომობილი სესხის ხელშეკრულების დადებამდე იყო მოსარჩელის მფლობელობაში. მხარეებს შორის გაფორმებულია სესხის თანხის გადაცემის შესახებ შეთანხმება, რომლითაც დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე ხ----- ყ-------–მა მიიღო თანხა 6128 ლარი. მხოლოდ მოწმის ჩვენება ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულება არ არის. მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რაც ადასტურებს, რომ შპს „ევრო-კრედიტ+“-მა სინამდვილეში ავტომობილის გაყიდვის ნება გამოავლინა და სესხის თანხა არ გაუცია. მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მათ მოსარჩელემ ავტომობილის ყიდვა შესთავაზა.

 

ხ----- ყ-------–ს შპს „ევრო-კრედიტ+“-ისათვის ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის გათვალისწინებული თანხა არ გადაუხდია, ხოლო დაგირავებული ავტომობილით სარგებლობდა ავთანდილ ფეიქრიშვილი. 2017 წლის მარტში შპს „ე---------------+“-ის მოთხოვნით ავტომობილი გადაეცა მოსარჩელეს, რომელმაც 2017 წლის 6 ივლისს ავტომობილი 3878 ლარად გაასხვისა ალექსანდრე ბალამწარაშვილზე.

 

ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხით გამსესხებელმა შეამცირა ძირითადი თანხა 2783 ლარით, ხოლო იმ დღოისათვის გადასახდელი სარგებელი 1095 ლარი სრულად გადახდილად ჩაითვალა.

 

მოპასუხეები ავტომობილის შეფასებას არ ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ მანქანა კარგ მდგომარეობაში იყო და მისი ღირებულება უფრო მეტი იყო. მოპასუხეების ეს შედავება კონკრეტული მტკიცებულებებით დასაბუთებული არ არის. მოპასუხეებს არ მიუთითებიათ ავტომობილის სხვა ღირებულება, არ წარმოუდგენიათ ავტომობილის შეფასების შესახებ მტკიცებულება. შესაბამისად, მათ ვერ გააქარწყლეს მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება ავტომობილის ფასის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 20-28. ტომი 1)

- თავდებობის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 29-31)

- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებები (12.06.2018 სხდომის ოქმი CD დისკი)

- მოწმის ჩვენება (12.06.2018 სხდომის ოქმი CD დისკი)

- მომსახურების სააგენტოს ცნობის ასლი (ს.ფ. 157-160)

- ავტომობილის შეფასების აქტი (ს.ფ. 33-39)

- ავტომობილის რეალიზაციით თანხის მიღების სალაროს შემოსავლის ორდერი (ს.ფ. 186.)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მხარეებს შორის დადებულია სესხის და თავდებობის ხელშეკრულება, რომელიც ჯეროვად შესრულებული არ არის და მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოთხოვნილი თანხის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 56-ე, 327-ე, 505-ე, 81-ე, 82-ე, 50-ე, 361-ე, 316-ე, 463–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხ----- ყ-------–სა და შპს ევროკრედიტ+-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, ასევე შპს „ე--------------- +“-სა და ი---- ბ-–-–---–ს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება ნამდვილი გარიგებაა. სესხის ხელშეკრულების მოტყუებით დადებულად აღიარების, ასევე თვალთმაქცურ გარიგებად აღიარების საფუძველი არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, ,,1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება)”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა გარიგების ფუნდამენტია. ნების გამოვლენას უკავშირება სამართლებრივ ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა. ნების გამოვლენა სამართლებრივად მნიშვნელოვანია, თუ დაცულია ნების გამოვლენის კანონით დადგენილი წესები. დაცული უნდა იყოს მატერიალური და ფორმალური წინაპირობები. პირველში იგულისხმება პირის გონებრივი შესაძლებლობა (ასაკი, ჯანმრთელობა), ხოლო მეორეში - ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის იმგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს. ხელშეკრულების ნამდვილობისათვის აუცილებელია ხელშეკრულების შინაარსთან დაკავშირებით ორივე მხარის მიერ ნების გამოვლენა და ამ ნების ასახვა შესაბამის დოკუმენტში.

 

გარიგების შინაარსს, პირველ რიგში, განსაზღვრავს ოფერენტი, რადგან წინადადების მიცემაზეა დამოკიდებული თანხმობის შინაარსიც. გარიგების შინაარსად დადგენილ უნდა იქნეს ის შინაარსი, რაზეც წინადადებაა გამოხატული და რა წინადადებაც მიიღო მეორე მხარემ, რაზეც თანხმობა განაცხადა ხელშეკრულების მხარემ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინება საქმე №ას-694-665-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსს 327-ე მუხლის თანახმად, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 2. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება არის ორ ან მეტ პირს შორის დადებული გარიგება და მისი ნამდვილობისათვის სავალდებულოა ორივე მხარემ ერთმანეთთან შეათანხმოს გარიგების პირობები და, შეთანხმების შემდეგ, ნების გამოვლენის თაობაზე შედგენილ დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ხელშეკრულების დადებით წარმოიშობა პრეზუმფცია, რომ ეს ხელშეკრულება მხარეთა რეალურ ნებას გამოხატავს და ნამდვილია. სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ნების ნამდვილობის შეცილების, ნების ბათილობის საფუძვლებს. ასეთ შემთხვევაში ნების ბათილობის საფუძვლების მტკიცების ვალდებულება იმ მხარეს ეკისრება, რომელიც საცილოდ აქცევს გამოვლენილ ნებას. ამ შემთხვევაში მოპასუხეები (მსესხებელი და თავდები) აცხადებენ, რომ მათ მოსარჩელესთან რეალურად დადეს ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება და არა გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე გარიგების მოჩვენებით დადებულად აღიარებისათვის უნდა დადგინდეს ხელშეკრულების ორივე მხარის განზრახვა და მათი ქმედებები, რომლებიც მიმართულია არა წერილობით დადებული გარიგების შესრულებისკენ, არამედ სხვა, მათი რეალურ ნების შესაბამისი ხელშეკრულების შესრულებისკენ.

 

მოპასუხე სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტს უარყოფს და მიუთითებს რომ მხარეებს შორის დაიდო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება გადახდის განვადების პირობით. ამდენად, მოპასუხე აცხადებს, რომ სახეზეა თვალთმაქცური გარიგება, რადგან სესხის და გირავნობის ხელშეკრულებით დაიფარა ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 505-ე მუხლის თანახმად, განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში. ამდენად, განვადების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველს ნასყიდობის საგანი საკუთრებაში გადაეცემა ფასის გადახდამდე, ხოლო ნასყიდობის საფასური გადაიხდევინება შეთანხმებული პერიოდულობით.

 

თვალთმაქცური გარიგება არის მოჩვენებითი გარიგების სახეა, რა დროსაც გაფორმებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა, მათ შორის რეალურად შეთანხმებული გარიგების დაფარვა. მხარეთა ნება არ არის მიმართული გაფორმებული გარიგების შესრულებისკენ, ამ გარიგებისთვის დამახასიათებელი იურიდიული შედეგების განხორციელებისკენ.

 

მოპასუხეები გარიგების თვალთმაქცურობის დასტურად მიუთითებენ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დადებამდე ავტომობილი იყო მოსარჩელის თანამშრომლის საკუთრებაში, ხელშეკრულების დადების დღეს გადაფორმდა მის სახელზე და მას სესხის თანხა არ მიუღია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტომობილის მოსარჩელის მფლობელობაში ყოფნის ფაქტი სესხის ხელშეკრულების უარყოფისათვის საკმარისი საფუძველი არ არის. განსახილველ საქმეში ხელშეკრულების მხარეები არიან შპს „ე---------------+“ და ფიზიკური პირები, ხოლო გამსესხებელი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და მისი საქმიანობის სფეროა მიკროსესხების გაცემა. იგი მის მიერ შემუშავებულ სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს სთავაზობს კონტრაჰენტებს, რაც სესხის სახელშეკრულებო პირობებია და ითვალისწინებს სესხის უზრუნველყოფას ავტომობილის დაგირავებით. მსესხებელმა სესხის და გირავნობის ერთიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, ხოლო მოპასუხის განმარტებიდან გამომდინარე მოპასუხის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დადასტურება, რომ მხარეებს შორის სხვა გარიგება დაიდო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ თვალთმაქური გარიგების დადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარის შეთანხმებით ფორმდება ხელშეკრულება, რაც მათ რეალურ ნებას არ შეესაბამება, მხარეებს არ სურთ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იურიდიული შედეგის განხორციელება, მათი ქმედებები დაფარული გარიგების შინაარსში შედის.

 

ამდენად, გარიგების თვალთმაქცურობისათვის უნდა დადგინდეს ორმხრივი ნება მიმართული სხვა გარიგების დადების და შესრულებისაკენ. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მხარეებს შორის რეალურად დაიდო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება. ასეთი გარიგების დადებაზე არ მიუთითებს მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების დადებამდე ავტომობილი იყო მოსარჩელის თანამშრომლის საკუთრებაში, ფაქტობრივად იყო მოსარჩელის მფლობელობაში და მსესხებლის საკუთრებად დარეგისტრირდა ხელშეკრულების დადების დღეს. მხარეებს შორის დადებულია სესხის თანხის გადაცემის შეთანხმება, სადაც მითითებულია, რომ მსესხებელმა მიიღო სესხის თანხა. სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის ხელშეკრულება რეალური ხელშეკრულებაა და იგი დადებულად ითვლება სესხის თანხის გადაცემის მომენტიდან. მხარეებს შორის გაფორმებულია სესხის თანხის გადაცემის შეთანხმება, რაც წარმოშობს იმ ვარაუდს, რომ მხარეებს შორის დადებულია სესხის ხელშეკრულება. ამ ვარაუდის გაქარწყლება მოპასუხეს ევალება, რადგან იგი უარყოფს სესხის ხელშეკრულების არსებობას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ავტომობილი ხელშეკრულების დადებამდე რეგისტრირებული იყო მოსარჩელის თანამშრომლის საკუთრებად, ავტომობილი ფაქტობრივად მოსარჩელის მფლობელობაში იყო და მანამდე დაგირავებული იყო მოსარჩელის სასარგებლოდ, ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე არ მიუთითებს. საქმის გარემოებებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა რაიმე მიზეზი, რომ მოპასუხესთან ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად გაეფორმებინა სესხის ხელშეკრულება და ამით დაეფარა მისი ნამდვილი ნება ავტომობილის გაყიდვის შესახებ. მოსარჩელის, როგორც საკრედიტო ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა სესხის გაცემა, თუმცა იგი ასევე უფლებამოსილია გაასხვისოს მის სასარგებლოდ დაგირავებული ქონება და ამ მიზნით სრულიად კანონიერად გააფორმოს ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელის შეთავაზება ხელშეკრულების დადების შესახებ ითვალისწინებდა ავტომობილის ნასყიდობას და არა სესხის გაცემას.

 

ამდენად, მხარეებს შორის გაფორმებულია სესხის ხელშეკრულება, ამავე დროს დადებულია სესხის თანხის გადაცემის შეთანხმება, რომლებიც მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადებას ადასტურებს. ამ გარიგების დადების გამომრიცხავი გარემოებები, მხარეებს შორის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი მოპასუხეებმა ვერ დაადასტურეს, რის გამოც სადაო გარიგება თვალთმაქცურ ხელშეკრულებას არ წარმოადგენს.

 

სასამართლოს ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის მოსაზრება ხელშეკრულების მოტყუებით დადების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, 1. თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. 2. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ - მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია, თუ გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განსაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.

 

დაუშვებელია გარიგების დადების მიზნით ნების გამოვლენის თავისუფლების ხელყოფა, გარიგების დადების მიზნით პირის იძულება ან მოტყუება.

 

ნების გამოვლენის ბათილობის ერთერთი საფუძველია მოტყუების გამო გარიგების ბათილად ცნობა. მოტყუება ნების გამოვლენის თავისუფლებაში უხეში ჩარევის ერთერთი გამოვლინებაა, იგი ხელყოფს გარიგების მონაწილის ნდობას მეორე მხარის კეთილსინდისიერ ქცევასთან დაკავშირებით. მოტყუების შემთხვევაში უხეშად არის ხელყოფილი ნების გამოვლენის თავისუფლება. მოტყუების შემთხვევაში სახეზეა პირის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომლის მიზანია გარიგების მეორე მხარეზე ზემოქმედება გარიგების დადებაზე თანხმობის მისაღებად.

 

მოტყუებად მიიჩნევა პირის განზრახი მოქმედება, რომლის მიზანია თავიდანვე ნების გამომვლენისათვის, ხელშეკრულების მხარისათვის არასწორი წარმოდგენის შექმნა და ამ გზით მისი ნების ჩამოყალიბებაზე ზეგავლენა.

 

მოტყუებით დადებული გარიგების შემთხვევაში, ორივე მხარეს სურს ხელშეკრულებით დასახული მიზნის მიღწევა, თუმცა ეს მოტყუებულის თავისუფალი გადაწყვეტილებით არ არის განპირობებული, განპირობებულია მისი მოტყუებით, მის ნების გამოვლენაზე არამართლზომიერი ზეგავლენით. მოტყუებად ითვლება კონტრაგენტის განზრახ შეცდომაში შეყვანა, მისთვის მცდარი ინფორმაციის მიწოდება, მცდარი წარმოდგენის შექმნა, ფაქტების განზრახ დამახინჯება ან მეორე მხარისათვის ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციის დამალვა. ამასთან, ეს წარმოდგენები და ფაქტები გარიგების დადების გადამწყვეტი მოტივი უნდა იყოს. მომტყუებელი უნდა აცნობიერებდეს, რომ მის მიერ მიწოდებული მცდარი ცნობებით ან სწორი ინფორმაციის დამალვით, კონტრაგენტს უქმნის არასწორ წარმოდგენას ან ამყარებს უკვე შექმნილ წარმოდგენას და სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენას, გარიგების დადებაზე თანხმობას. მომტყუებლის ქმედების მიზანი უნდა იყო გარიგების დადების მიზანი.

 

მოპასუხის განმარტებით მოტყუება გამოვლინდა იმაში, რომ ხელმოწერამდე არ მიეცა ხელშეკრულების ტექსტის გაცნობის შესაძლებლობა. განსახილველ საქმეში სადაოა წერილობით გაფორმებული ორი ხელშეკრულება - თავდებობის და სესხის ხელშეკრულებები. სასამართლო აღნიშნავს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, აცნობიერებს ამ ხელშეკრულების სამართლებრივ შედეგებს და სურს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოპასუხისათვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების პირობები და იგი ხელშეკრულების დადებისას მოატყუეს ან შეცდომაში შეიყვანეს.

 

სასამართლოს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის ის განმარტება, რომ იგი ინფორმირებული არ იყო ხელშეკრულების პირობების შესახებ, მოსარჩელე აჩქარებდა ხელშეკრულებას ხელმოწერას და არ მიეცა ტექსტის გაცნობის შესაძლებლობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ნების გამოვლენა სამართლებრივ ურთიერთობას წარმოშობს, შესაბამისად ნების გამოვლენა წარმოშობს მხარის უფლება-მოვალეობებს, ხელშეკრულება შესაძლოა აკისრებდეს ნების გამომვლენს გარკვეულ ვალდებულებებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობით ბოჭვისას, ხელშეკრულების დადების დროს მხარე ვალდებულია გაეცნოს ხელშეკრულებას. ხელშეკრულების გაფორმების დროს ხელშეკრულების შინაარსის გაცნობა მნიშვნელოვანი ეპატია, რადგან იურიდიულ ძალას ხელშეკრულება იძენს იმ შემთხვევაში, თუ მასში გამოვლენილია მხარეთა ნამდვილი, გაცნობიერებული ნება. ხელშეკრულების დადების დროს მხარეს უნდა მიეცეს შეთავაზებული პირობების გაცნობის, ტექსტის შესწავლის შესაძლებლობა, რის შემდეგ უნდა დაადასტუროს მან ხელშეკრულების დადების სურვილი, გამოავლინოს ნება, ხელი მოაწეროს ხელშეკრულება.

 

სასამართლო მოპასუხის განმარტებასთან დაკავშირებით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 6 მარტის განჩინებაში საქმეზე №ას-620-592-2016 მითითებულია შემდეგი განმარტება: „გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს; განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარიგების დადებისას გარიგების შინაარსის არცოდნის დასადასტურებლად მოსარჩელემ მიუთითა მის გამოუცდელობასა და ქართული ენის უცოდინარობაზე, თუმცა საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მან გარიგებაზე ხელმოწერისას განაცხადა პრეტენზია ქართული ენის არცოდნასთან დაკავშირებით.“

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები მოტყუების გამო გარიგების ბათილობის საფუძველს არ ქმნის. მოპასუხე ხ----- ყ-------–ის განმარტებით, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვდა სწრაფად ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში იმავე დღეს ავტომობილს ვერ წაიყვანდნენ, ხოლო ი---- ბ-–-–---–ის განმარტებით, ხელშეკრულების და სხვა საბუთების გაფორმებას თითქმის მთელი დღე დასჭირდა და ხელშეკრულების საბოლოო ტექსტზე ხელმოწერა ნაჩქარევად მოსთხოვა მოსარჩელემ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, მისი საქმიანობის სფეროა სესხის გაცემა და არა ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა, იგი მომხმარებლებს სთავაზობს სესხის სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს. მოპასუხემ ვერ მიუთითა ისეთ ობიექტურ გარემოებაზე/ვითარებაზე, რის გამოც, მოტყუვდა და ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა წაერთვა, ნასყიდობის ხელშეკრულების ნაცვლად ხელი მოაწერა სესხის ხელშეკრულებას. მოპასუხის მიერ მითითებული ფაქტებიდან არ გამომდინარეობს, რომ მოსარჩელემ შექმნა ისეთი ობიექტური ვითარება, რამაც მოსარჩელეს ხელი შეუშალა სასურველი ნების გამოვლენაში.

 

ამდენად, ხ----- ყ-------–სა და შპს „ე---------------+“-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად აღიარების საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის საფუძველზე წარმოიშვა მისი შესრულების ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ხ----- ყ-------–ის ვალდებულება წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ბათილობის საფუძვლები არ არსებობს, რის გამოც მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს სესხის ხელშეკრულების შესრულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე ი---- ბ-–-–---–ს ხ----- ყ-------–თან ერთად სოლიდარულად უნდა დაეკისროს თანხის გადახდა, რადგან ვალდებულება წარმოშობილია სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463–ე მუხლი ადგენს, რომ თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464–ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამ ნორმების მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავმდები კისრულობს ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ამ ვალდებულების შესრულებას. თავდებობის შესახებ შეთანხმება იდება წერილობითი ფორმით.

 

ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ძირითადმა მოვალემ დაარღვია სესხის დაფარვის ვადა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მსესხებელს და სოლიდარულ თავდებს წარუდგინოს სესხის დაბრუნების მოთხოვნა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამ ნორმის საფუძველზე სარჩელი საკრედიტო ვალდებულების შესრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულია 6128 ლარი, რაც სრულად დაბრუნებული არ არის. სესხის დასაბრუნებლად გრაფიკით გათვალისწინებული თანხა მოპასუხეს არ გადაუხდია, რის გამოც დაგირავებული ავტომობილი გადაეცა გამსესხებელს, რომელმაც მოახდინა დაგირავებული ქონების რეალიზაცია 3787 ლარად. ეს თანხა გამოაკლდა სესხის დავალიანებას შემდეგი გაანგარიშებით: ძირითად თანხას გამოაკლდა 2783 ლარი, ხოლო 1095 ლარი სესხის სარგებელს. ამდენად, ძირითადი თანხის დავალიანებაა 3448 ლარი, გადაუხდელი სარგებელია 1465.39 ლარი, ჯამურად 4913.39 ლარი, რომლის გადახდა სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. მოპასუხეებს ასევ უნდა დაეკისროთ გირავნობის საგნის შეფასების საფასური 100 ლარი. გირავნობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის თანახმად, თუ გირავნობის რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე. იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოიშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. ხელშეკრულების ამ დებულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება გირავნობის საგნის რეალიზაციის დროს წარმოშობილი ხარჯის - ქონების შეფასებისათვის გადახდილი თანხის 100 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 150.4 ლარის გადახდა. ი---- ბ-–-–---–ს ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა, რადგან სარჩელის უზრუნველყოფა მოთხოვნილია მხოლოდ ი---- ბ-–-–---–ის მიმართ.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. სარჩელის დაკმაყოფილების გამო ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს „ე---------------+“-ის სარჩელი;

 

1.1. ხატია ყ-------–სა და ი---- ბ-–-–---–ს დაეკისროთ შპს „ე---------------+“-ისათვის 5013.39 ლარის სოლიდარულად გადახდა;

 

2. ხ----- ყ-------–სა და ი---- ბ-–-–---–ს დაეკისროთ შპს „ე---------------+“-ისათვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150.4 ლარის სოლიდარულად გადახდა;

 

3. ი---- ბ-–-–---–ს დაეკისროს შპს „ე---------------+“-ისათვის სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთვის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი