გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.07.2018
საქმის ნომერი
190210017002199043
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2763-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.07.2018 წ. ქ. რუსთავი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე ანჟელა გოგბერიძე

წარმომადგენელი ბელა ბერაძე

მოპასუხე რევაზ რამიშვილი

წარმომადგენელი დარეჯან ბუცხრიკიძე

დავის საგანი სესხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რევაზ რამიშვილისათვის ანჟელა გოგბერიძის სასარგებლოდ 1560 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 1320 აშშ დოლარი, 240 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 4 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხემ მისგან ისესხა 2000 აშშ დოლარი ერთი თვის ვადით. სესხის სარგებელია ყოველთვიურად 7%. პირგასამტეხლო განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%-ის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი. მოპასუხემ დააბრუნა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი და ძირითადი თანხის ნაწილი, დასაბრუნებელია 1320 აშშ დოლარი. მოსარჩელის განმარტებით, იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით პირგასამტეხლოს არ მოითხოვს, ამცირებს თანხას და მოითხოვს ყოველდღიურად დავალიანების 0,05%-ის დაკისრებას ერთი წლის განმავლობაში, რაც შეადგენს 240 აშშ დოლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა შემდეგი გარემოებები: სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, ვალდებულების დარღვევიდან გასულია 3 წელი. მოსარჩელისათვის 2017 წლის ზაფხულში გადახდილი აქვს 400 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის დეკემბერში უცხოეთიდან გამოგზავნილი თანხა 500 აშშ დოლარი გადასცა მოსარჩელეს. გარდა ამ თანხისა სულ მცირე 8000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი მოსარჩელისთვის, რის გამოც მის მიმართ დავალიანება არ გააჩნია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2014 წლის 4 დეკემბერს ანჟელა ლობიანსა (გვარის შევლის შემდეგ მიიღო გვარი გოგბერიძე) და რევაზ რამიშვილს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო სესხის თანხა 2000 აშშ დოლარი, სესხის დაბრუნების ვადაა 2015 წლის 4 იანვარამდე პერიოდი, სესხის სარგებელია თვეში 7%. სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ით. სესხის უზრუნველსაყოფად დაგირავდა რევაზ რამიშვილის კუთვნილი ავტომობილი BMW 528 I 2793 სახ ნომერი IIV 086. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ 2014 წლის 4 დეკემბერს გადახდილია საპროცენტო განაკვეთი 140 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.13-14. ტომი 1 )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რევაზ რამიშვილმა ნაწილობრივ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება, მას გადახდილი აქვს ერთი თვის სარგებელი და ძირითადი თანხიდან 680 აშშ დოლარი.

 

მოსარჩელის განმარტებით, სესხად მიღებული თანხიდან მოპასუხემ გადაიხადა ერთი თვის სარგებელი 140 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის ნაწილი 680 აშშ დოლარი. ამ გარემოებას მოპასუხე არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მან 2016 წლის დეკემბერში გადაუხადა 500 აშშ დოლარი, 2017 წლის ზაფხულში 400 აშშ დოლარი. ასევე განმარტა, რომ საერთო ჯამში 8000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი, თუმცა რა პერიოდულობით და რა ოდენობით იხდიდა ამ თანხას არ მიუთითებია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძველზე, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი არის სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპი, რომლითაც დეკლარირებულია მხარის შესაძლებლობა დაასაბუთოს თავისი მოთხოვნა, უარყოს ან გააქარწყლოს მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამასთან, შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, მხარე თავად განსაზღვრავს რა ფაქტებს მიუთითებს სასამართლოში მისი პოზიციის მართებულობის წარმოსაჩენად და რა მტკიცებულებებს წარმოადგენს ამ ფაქტების დასადასტურებლად.

 

შეჯიბრებითობის პრინციპი მხარეს არა მარტო უფლებას ანიჭებს, არამედ ავალდებულებს სასამართლოში დავის განხილვის დროს მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მიერ მითითებული ფაქტები. სასამართლო განმარტავს, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ეს ფაქტები მიუთითა. ტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ ნორმის თანახმად, მხარეებს შორის მტკიცების ტვირთი თანაბრად ნაწილდება, მოსარჩელეს ევალება სარჩელში მითითებული გარემოებების დასაბუთება, მოთხოვნის არსებობის ფაქტის დადასტურება, ხოლო მოპასუხე ვალდებულია ამტკიცოს სარჩელის საწინააღმდეგო ფაქტები, ისეთი გარემოებების არსებობა, რაც გამორიცხავს მისთვის ვალდებულების დაკისრებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით უნდა გასცეს ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შესრულების დოკუმენტის არსებობა მოვალისათვის არის ხელსაყრელი, რადგან ამით ადასტურებს ვალდებულების შესრულებას. თუმცა ამ ნორმიდან არ გამომდინარეობს, რომ მხოლოდ კრედიტორის განცხადება ვალდებულების ნაწილის შესრულების შესახებ ამ გარემოების დადასტურებისათვის საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს. ამ შემთხვევაში დავის საგანია ფულადი ვალდებულების დაკისრება, რასაც მოპასუხე უპირისპირებს შესაგებელს, რომლითაც აცხადებს, რომ ვალდებულება შესრულებული აქვს თანხა გადახდილი აქვს.

 

მოსარჩელე არ უარყოფს და ადასტურებს, რომ ძირითადი თანხიდან მას მიღებული აქვს 680 აშშ დოლარი, მათ შორის 2016 წლის დეკემბერში 500 აშშ დოლარი, რომელიც მოპასუხის განმარტებით უცხოეთიდან სპეციალურად ამ მიზნით გამოუგზავნეს. ამდენად, მოსარჩელის განმარტებით დასტურდება, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს მისთვის დაბრუნებული აქვს ძირითადი თანხა 680 აშშ დოლარი და ერთი თვის სარგებელი 140 აშშ დოლარი. ამ თანხის გარდა სხვა თანხის გადახდის დადასტურება მოპასუხის მტკიცების საგანში შედის, ხოლო მოპასუხემ თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოადგინა. სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებაა წერილობითი საბუთი თანხის გადახდის შესახებ, რაც საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ამდენად, მოსარჩელის განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხეს გადახდილი აქვს სესხის ერთი თვის სარგებელი 140 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის ნაწილი 680 აშშ დოლარი, ხოლო სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 1320 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების დედანი (ს.ფ. 13- 14. ტომი 1)

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებები (31.07.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

III სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, მოპასუხე სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული არა აქვს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 623-ე, 625-ე, 129-ე, 130-ე, 123-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 144-ე მუხლი, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ურთიერთობა წარმოშობილია სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისად დავა სახელშეკრულებოა. 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის 2014 წელს მოქმედი რედაქციის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოთხოვნის წარმოშობა, ანუ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი სადავოდ არ გაუხდიათ. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი და მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხადაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს. რადგან განსახილველ საქმეში დავის საგანია სესხის ხელშეკრულების შესრულება, მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლის ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

სესხის ხელშეკრულების შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროა სესხის დაბრუნების ვალდებულების შეუსრულებლობის თარიღი, რადგან სესხის დაუბრუნებლობა იწვევს კრედიტორის - მსესხებლის უფლების დარღვევას და წარმოიშობს სესხის დაბრუნების მოთხოვნის უფლებას.

 

მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო 2014 წლის 4 დეკემბერს ერთი თვის ვადით. სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის მიხედვით, ვადა, რომელიც განსაზღვრულია კვირების, თვეების ან რამდენიმე თვის შემცველი დროით – წლით, ნახევარი წლით, კვარტალით, –მთავრდება ბოლო კვირის ან ბოლო თვის იმ დღის დამთავრებისთანავე, რომელიც შეესაბამება მოვლენის დადგომის დღეს ან დღის ზემოაღნიშნულ დროს. ამ ნორმის საფუძველზე სესხის დაბრუნების ვადა ამოიწურა 2015 წლის 4 იანვარს. ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 5 იანვრიდან და დასრულდა 2018 წლის 5 იანვარს. განსახილველი სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 4 დეკემბერს, ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამ ნორმით გათვალისწინებული წინაპირობა სახეზე არ არის, სარჩელი ხანდაზმული არ არის, რის გამოც მოვალეს ეკისრება ვალდებულების შესრულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ეს ნორმა ადგენს ვალდებულებითი სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოვალემ ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს.

 

ვალდებულების ჯეროვანი შესრულება წარმოადგენს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს და მას უკავშირდება ვალდებულების შეწყვეტა (427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, 1. ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 2. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ვალდებულება არ წყდება და როგორც წესი, შედეგად იწვევს ვალდებულების დამრღვევი პირის პასუხისმგებლობას. მოპასუხეს სრულად არა აქვს დაბრუნებული სესხის თანხა, მისი დავალიანებაა 1320 აშშ დოლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შემდეგი საფუძვლების გამო:

 

მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,5%-ს, ხოლო მოსარჩელე მოითხოვს ყოველდღიურად დავალიანების 0,05%-ის დარიცხვას ერთი წლის პერიოდში და მოითხოვს 240 აშშ დოლარის დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო თანხა გონივრულია და სრულად შეესაბამება ვალდებულების დარღვევს გარემოებებს.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა, არაჯეროვანი შესრულება. იმის გამო, რომ პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მისი მიზანი უპირველესად არის ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენცია. პირგასამტეხლოს ძირითადი ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.

 

განსახილველ საქმეში მოპასუხემ ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, მან ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სესხის არ დააბრუნა, ხოლო ვადის გადაცილების პერიოდი ხანგრძლივია, თითქმის სამ წელს მოიცავს. სესხის დავალიანებაა 1320 აშშ დოლარი, რაც თითქმის სამი წლის მანძილზე გადაუხდელია, პირგასამტეხლოს ასანაზღაურებლად მოთხოვნილია 240 აშშ დოლარი, რაც სესხის დავალიანების და ვადის გადაცილების ხანგრძლივი პერიოდის გამო გონივრული და სამართლიანი პასუხისმგებლობის ზომაა.

 

7. პროცესის ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის შესაბამისად მოსარჩელისათვის სარჩელზე გაწეული სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წინაპირობაა სარჩელის დაკმაყოფილება. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის სარჩელზე გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოსარჩელის საპროცესო წარმომადგენლობას ამ საქმეზე ახორციელებს ადვოკატი ბელა ბერაძე, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს წარმომადგენლის მიერ მისთვის გაწეული იურიდიული დახმარებისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება. დავის საგნის ღირებულება ამ საქმეში არის 4500 ლარი, რომლის 4% არის 180 ლარი. ამ თანხით გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ამ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს ანჟელა გოგბერიძის სარჩელი;

1.1. რევაზ რამიშვილს დაეკისროს ანჟელა გოგბერიძისათვის 1560 აშშ დოლარის გადახდა;

 

2. რევაზ რამიშვილს დაეკისროს ანჟელა გოგბერიძისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 135 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 180 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი