გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.07.2018
საქმის ნომერი
820310018002349131
კატეგორია
დავის ტიპი
შეღავათები და დახმარებები
თარიღი
13.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310018002349131 (

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13 ივლისი. 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი რუსუდან სანიკიძე

მოსარჩელე: და----------–-ძე

წარმომადგენელი: და----------ძე

მოპასუხე: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილება.

წარმომადგენელი: და-------------ძე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი და----------–-ძის მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით სექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1 და----------–-ძის ნაწილში, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის №04-15-03/1035 წერილი და და----------–-ძეს აღუდგინდეს სოციალური დახმარება 2017 წლის 1 ივლისიდან.

 

1.2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად

 

1.3. სასამართლო ხარჯები, ადვოკატისათვის გადახდილი 200 ლარი დაეკისროს მოპასუხეს.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელე და----------–-ძეს 1997 წლის 4 სექტემბერს მაშინდელი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ქედის რაიონული განყოფილების N104607 აქტის საფუძველზე დაენიშნა შეზღუდული შრომისუნარიანობის მეორე ჯგუფის პენსია ერთი წლის ვადით. მას შემდეგ ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, და----------–-ძე გადიოდა შრომით საექსპერტო კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და კომისიაზე ყოველი გავლის შემდეგ თითო წლით უხანგრძლივებდნენ შრომის უუნარობის მეორე ჯგუფის ხარისხს. ეს პროცედურა გრძელდებოდა 1997 წლიდან 2003 წლამდე, ექვსი წლის განმავლობაში. 2003 წლის 26 ნოემბერს და----------–-ძემ კვლავ გაიარა საექიმო საექსპერტო კომისია სადაც კვლავ დაუდგინდა შრომისუუნარობის მეორე ხარისხი ერთი წლის ვადით, მაგრამ 28 ნოემბერს იგი კვლავ გაატარეს კომისიაზე და შრომისუუნარობა დაუდგინდა უვადოდ. მას შემდეგ 2017 წლის ივლისამდე და----------–-ძე იღებდა პენსიას, ხოლო აღნიშნული დროიდან გაურკვეველი მიზეზის გამო შეუწყვიტეს პენსიის გაცემა. გაირკვა, რომ პენსიის შეჩერების მიზეზი იყო საპენსიო საქმეში არსებული ჩანაწერი რომ 2003 წლის ნოემბერში შედგენილ ერთ აქტში აღნიშნული იყო, რომ შშ სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ, მეორე აქტში კი ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს ერთი წლის ვადით 2004 წლის 1 დეკემბრამდე. ამ მიზეზით და----------–-ძეს 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2016 წლის 1 აპრილამდე სოციალური დახმარების გაცემა ჩაეთვალა უკანონოდ და 2017 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა პენსიის გაცემა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა, ითხოვს მის გაუქმებას და სოციალური დახმარების აღდგენას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სოციალური დახმარების აღდგენის საფუძველი. სახელმწიფი გასაცემლების მიმღებ ბენეფიციართა საქმეები შემოწმდა სააგენტოს კონტროლის დეპარატმენტის მირ და და----------–-ძის პირადი საქმის შემოწმების შედეგად კომისიამ აღმოაჩინა, რომ 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს აქტით N 037950 გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი უვადოდ, ხოლო სამედიცინო საქმეში არსებული სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის N13/173, შემოწმების აქტით შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა ერთი წლის ვადით. ამ საფუძვლით კომისიამ 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1 მიიღო გადაწყვეტილება სახელმწიფო გასაცემლის ჩარიცხვის შეწყვეტის შესახებ. 2016 წლის 1 დეკემბრამდე ზედმეტად გაცემული სოციალური პაკეტი ლეგალიზებულად ითვლება, ხოლო შემდგომ პერიოდში მიღებული გასაცემელი 840 ლარის ოდენობით ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტში აღდგენას.

 

3. მესამე პირის პოზიცია

საქმეზე მესამე პირი არ არის ჩართული.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე და----------–-ძეს 1997 წლის 4 სექტემბერს მაშინდელი სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის ქედის რაიონული განყოფილების N104607 აქტის საფუძველზე დაენიშნა შეზღუდული შრომისუნარიანობის მეორე ჯგუფის პენსია ერთი წლის ვადით. მას შემდეგ ყოველწლიურად, წელიწადში ერთხელ, და----------–-ძე გადიოდა შრომით საექსპერტო კომისიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად და კომისიაზე ყოველი გავლის შემდეგ თითო წლით უხანგრძლივებდნენ შრომის უუნარობის მეორე ჯგუფის ხარისხს. ეს პროცედურა გრძელდებოდა 1997 წლიდან 2003 წლამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საექსპერტო შემოწმების აქტების ამონაწერები.

 

4.1.2. ქედის სსე ბიუროს N 13/173 შემოწმების აქტის თანახმად, და----------–-ძეს 2003 წლის 26 ნოემბრიდან 28 ნოემბრამდე ჩაუტარდა საექსპერტო გამოკვლევები და დაუდგინდა შრომის უუნარობა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი ერთი წლის ვადით -2004 წლის 1 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2003 წლის 28 ნოემბრის ქედის სსე ბიუროს N 13/173 შემოწმების აქტი.

 

4.1.3. და----------–-ძეს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს ,,ქედის რაიპოლიკლინიკის სსე ბიუროს N037950 აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. 2003 წლიდან საექსპერტო გამოკვლევა აღარ ჩატარებია, 2017 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული სტატუსით აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2003 წლის 28 ნოემბრის სსე ბიუროს N037950 შემოწმების აქტი.

-მხარეთა ახსნა განმარტებები

 

4.1.4. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2011 წლის N04-303 ბრძანებით შექმნილმა კომისიამ 2017 წლის 5 მაისს მიიღო გადაწყვეტილება და----------–-ძეზე სოციალური პაკეტის შეწყვეტის შესახებ იმ საფუძვლით, რომ და----------–-ძის საქმეში არსებული სსე N037950 აქტის ამონაწერი და საქმეში არსებული სხვა მონაცემები არ შეესაბამება სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის მონაცემებს. და----------–-ძეს 2017 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა სოციალური პაკეტის დარიცხვა და დაევალა ზედმეტად მიღებული პენსიის თანხის 840 ლარის დაბრუნება, რის თაობაზეც და----------–-ძეს ეცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის N04-15-03/1035 წერილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- კომისიის 2017 წლის 5 მაისის N1 საოქმო გადაწყვეტილება.

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის N04-15-03/1035 წერილი.

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. .მხარეთა შორის სადავოა საკითხი 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს N 037950 აქტით და----------–-ძეზე გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის უვადოდ მინიჭების თაობაზე.

 

მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ და----------–-ძის მიმართ 1997 წლიდან 2003 წლამდე ყოველწლიურად გავლილი სსე ბიუროს დასკვნებით ყოველწლიურად, 6 წლის განმავლობაში უდგინდებოდა შესაძლებლობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ფორმა მეორე ხარისხით, რის გამოც ხუთი წლის შემდეგ და----------–-ძეზე უნდა გაცემულიყო მასზე შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი უვადოდ, რაც განხორციელდა 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს N 037950 აქტით.

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი საპირისპიროს განმარტავს და ამტკიცებს, რომ და----------–-ძის საპენსიო საქმეში არსებული სამედიცინო საქმით მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი 2003 წლის 28 ნოემბრის სსებ შემოწმების აქტი N13/173 -ით მინიჭებული აქვს ერთი წლის ვადით 2004 წლის 1 დეკემბრამდე.

 

ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. ორივე მხარე თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითებს ერთსა და იმავე დღეს მიღებულ სხვდასხვა შინაარსის აქტზე, მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.

 

სასამართლო, მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ამ გარემოებებთან დაკავშირებით სხვა, განსხვავებულ წესს არ ადგენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

მოსარჩელე მხარემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად და განმარტების გამყარების მიზნით მტკიცებულების სახით წარმოადგინა და----------–-ძის საპენსიო საქმეში არსებული სსე ბიუროს შემოწმების აქტები 1997 წლიდან 2003 წლამდე, რითაც ადასტურებს, რომ და----------–-ძე ყოველწლიურად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და უდგინდებოდა შრომისუუნარობის სტატუსი, ხოლო 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს N 037950 აქტით და----------–-ძეს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მიენიჭა უვადოდ.

 

მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მიუთითებს საქმეში არსებულ 2003 წლის 28 ნოემბრის სსებ შემოწმების აქტი N13/173 -ზე, რომლის მიხედვითაც და----------–-ძეს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს ერთი წლის ვადით 2004 წლის 1 დეკემბრამდე.

 

ზემო დასახელებულ გარემოებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული და არ შეიძლება ყოფილიყო და----------–-ძეზე საპენსიო გასაცემლის შეჩერების საფუძველი. მოპასუხე ვერ ასაბუთებს რატომ არ იქნა გაზიარებული კომისიის მიერ, 2003 წლის 28 ნოემბერს სსე ბიუროს N 037950 აქტით და----------–-ძეზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის უვადოდ განსაზღვრის საკითხი, ვერ ასაბუთებს თუ სტატუსი მინიჭებული ჰქონდა ერთი წლის ვადით, 2004 წლის 1 დეკემბრამდე, რატომ არ შეწყდა ამ პერიოდიდან პენსიის გაცემა.

 

სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყო იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და----------–-ძის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის I დამატებითი ოქმი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1.საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი და----------–-ძის მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის №04-15-03/1035 წერილი და----------–-ძის მიმართ შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამრიგად, სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარეობს, თუ არა მოსარჩელე და----------–-ძის მოთხოვნა სახელმწიფო გასაცემლის აღდგენასთან დაკავშირებით.

 

7.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება საკუთრებაზე, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2005 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზია ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო მფარველობს თავის მოქალაქეს განურჩევლად მისი ადგილსამყოფელისა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი ადმინისტრაციულ ორგანოებს პოზიტიური თვალსაზრისით ავალდებულებს უზრუნველყონ საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი ინტერესების დაცვა და ნეგატიური თვალსაზრისით არ დაუშვან მოქალაქეთა ასეთი უფლებების არამართლზომიერი შელახვა.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

 

ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის დანიშვნა კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

7.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სოციალური პაკეტი არის ყოველთვიური ფულადი სარგებელი ან/და სარგებლების (ფულადი და არაფულადი სარგებლები) ერთობლიობა, რომლის მოცულობა, მიმღებ პირთა წრე, გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამ კანონის შესაბამისად სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე და----------–-ძე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით 1997 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით.

„სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 201წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის განსაზღვრავს სოციალური პაკეტის შეწყვეტის საფუძვლებს, რომლის თანახმად, 1. სოციალური პაკეტი შეწყდება ქვემოთ ჩამოთვლილი საფუძვლის წარმოშობის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან, თუ ამ პუნქტით სხვა რამ არ არის განსაზღვრული:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში, გარდა მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა;

გ) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთის აღსრულება:

გ.ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან;

გ.ბ) ამ წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით სოციალური პაკეტის შეჩერების შემთხვევაში – სოციალური პაკეტის შეჩერების დღიდან;

დ) უცხო ქვეყნის მოქალაქისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევებისას;

ე) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისას ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვისას;

ვ) ბენეფიციარის გარდაცვალებისას;

ზ) სოციალური პაკეტის შეჩერებიდან 3 წლის გასვლის შემდგომ;

თ) მარჩენალდაკარგული პირ(ებ)ის 18 წლის ასაკის მიღწევისას;

ი) სოციალური პაკეტის დანიშვნისათვის საჭირო შეზღუდული შესაძლებლობის შესაბამისი სტატუსის დაკარგვისას;

კ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გადამოწმებაზე გამოუცხადებლობისას, თუ არ არსებობს ამ წესით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი;

ლ) ვეტერანების საქმეთა სამსახურის მიერ მინიჭებული ვეტერანის სტატუსის დაკარგვისას; (23.04.2014 N 310 ამოქმედდეს 2014 წლის 14 აპრილიდან)

მ) სახელმწიფო პენსიის დანიშვნისას;

ნ) სხვა საფუძვლით, თუ ის გამომდინარეობს ამ წესიდან.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ და----------–-ძეს და----------–-ძეს 2003 წლის 28 ნოემბრიდან შპს ,,ქედის რაიპოლიკლინიკის სსე ბიუროს N037950 აქტის საფუძველზე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ. აღრიცხვაზე იმყოფებოდა სსიპ სოციალური მომსახურების ქედის რაიონულ განყოფილებაში და იღებდა შესაბამის სახელმწიფო გასაცემელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. მისთვის არ მოუთხოვიათ ხელახლა კომისიაზე გავლა და თუ სოციალური სამსახური ეყრდნობოდა ქედის სსე ბიუროს 2003 წლის 28 ნოემბრის N 13/173 შემოწმების აქტს, მაშინ 2004 წლის 1 დეკემბრიდან უნდა მოეთხოვა ხელახლა გავლა კომისიაზე და გაუვლელობის შემთხვევაში იქნებოდა ზემო დასახელებული მუხლის ,,კ „ პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი. სხვა მხრივ არ არსებობდა სოციალური გასაცემლის შეწყვეტის საფუძველი და არც კომისიის გადაწყვეტილებაშია მითითებული კონკრეტული ნორმა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იქნა მიღებული მოსარცელის მიერ გასაჩივრებული ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტები.

 

ამრიგად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე და----------–-ძეს უსაფუძვლოს შეუწყდა სოციალური პაკეტი და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 04 დეკემბრის N04-15-03/1035 წერილით უსაფუძვლოდაა მოთხოვნილი 840 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

7.4. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ და----------–-ძის სარჩელი სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული უფლებების, შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი და----------–-ძის მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1, ასევე სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის №04-15-03/1035 წერილი და----------–-ძის მიმართ.

 

7.5 სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.

 

ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ ბათილად ცნო საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი და----------–-ძის მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1 და----------–-ძის ნაწილში, მოთხოვნა - სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალოს მოსარჩელე და----------–-ძეს სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება 2017 წლის 1 ივლისიდან, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 24-ე 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. და----------–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების მიერ 2016 წლის 10 მარტს გამოცემული შემოწმების აქტი და----------–-ძის მიმართ და მის საფუძველზე გამოცემული სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 4 დეკემბრის ბრძანებით შექმნილი კომისიის 2017 წლის 5 მაისის ოქმი N1 და----------–-ძის ნაწილში.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილების 2017 წლის 4 დეკემბრის №04-15-03/1035 წერილი და----------–-ძის მიმართ სოციალური პაკეტის შეწყვეტის და თანხის გადახდის მოთხოვნის თაობაზე.

 

4. მოსარჩელე და----------–-ძეს აღუდგინდეს სოციალური სახელმწიფო გასაცემლის მიღება და სსიპ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის რაიონული განყოფილებას დაევალოს მოსარჩელე და----------–-ძის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო გასაცემლის ანაზღაურება 2017 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყოველთვიური ოდენობით.

 

5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეტა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მხარეთათვის დასაბულებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე