განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
330100118002532643
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №---------

№------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ივლისი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ელენე გოგუაძემ

ასმათ მდინარაძის მდივნობით

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ნ------------–---–ი,დაცვის მხარე:

 

მ-----–-------ე, დაბადებული 1----–-–-----------------ს, (საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, მ--------------------------------------------,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი

 

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ვ---------–----------------------–--–----------------------------------თან მ-----–-------ემ ყოფილ მეუღლეს მ----–-------ას გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მ----–-------ას თვალთ დაუბნელდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლოს დასკვნა მ-----–-------ის მიერ დანაშაულის ჩადენის თაობაზე, გარდა ბრალდებულ მ-----–-------ის აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას - მოწმეების მ----–-------ას, ლ-------–-------ას, ზ-------–-------ას, ი-----------ის, ვ------------–--–---–ის, გ--–-------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, 2018 წლის 5 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ მ-----–-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რომელიც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. ფიზიკურ ძალადობად ითვლება ერთი ადამიანის მიერ მეორის ცემა, წამება, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება, ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, მ-----–-------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ 2018 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, თბილისში, ვ---------–----------------------–--–----------------------------------თან მ-----–-------ემ ყოფილ მეუღლეს მ----–-------ას გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მ----–-------ას თვალთ დაუბნელდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია მ-----–-------ის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–-------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არის რომ ის ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

სასჯელის დანიშვნის დასაბუთება:

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას, სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ასევე სასამართლო მიუთითებს, რომ თუ ერთის მხრივ, დამნაშავისათვის არაადეკვატურად მკაცრი სასჯელის დანიშვნა იწვევს უსამართლობის განცდას, ასევე მეორეს მხრივ, მის მიმართ ზედმეტი ჰუმანურობისა და შეუსაბამოდ მსუბუქი სასჯელის დანიშვნამ, შესაძლოა გამოიწვიოს დამნაშავეში დაუსჯელობის განცდა და ერთგვარი წახალისებაც კი მოახდინოს მისი.

 

შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულ მ-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მისი ცხოვრების პირობებს, მის ოჯახურ და ქონებრივ მდგომარეობას და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რის გამოც მ-----–-------ეს უნდა განესაზღვროს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო უთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-იდან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

 

სასამართლო მოცემული მუხლის სანქციის ალტერნატიული სასჯელებიდან გამომდინარე საბოლოოდ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც, ის, რომ კერძო პრევენციის მიზანია ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ამგვარი ქმედება არის დასჯადი და, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სახელმწოფოს ექნება ადეკვატური რეაგირება.

 

ბრალდებულ მ-----–-------ის მიმართ შერაცხული ბრალდება სუბიექტური მხრივ განზრახ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლისთვისაც მნიშვნელობა არ აქვს მოტივსა და მიზანს. მართალია მოცემული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს, თუმცა გასათვალისწინებელია მისი განმეორების რისკები და შესაძლო მძიმე შედეგები. სასამართლო მიუთითებს, რომ ვინაიდან ოჯახური ძალადობა ყველაზე მეტად ეხება ოჯახის წევრებს, იგი განსხვავდება სხვა სახის ძალადობისაგან თავისი ჩაკეტილი სივრცით და არაერთჯერადი ხასიათით, (საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ წარსულში ადგილ ჰქონდა მუქარას, ასევე მის მიერ არ იქნა შესრულებული დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები რის გამოც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი), ამგვარი ქმედება კი მიუთითებს ბრალდებულის ხასიათზე, რომ ის უუნაროა კონტროლი გაუწიოს თავის რისხვას, რომელიც მიმართულია მისივე ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად ამ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ხაზს უსვამს მ-----–-------ის მხრიდან შესაძლო ამგვარი დანაშაულის სამომავლოდ ჩადენას.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მოძალადე განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა დააფიქროს ბრალდებული ჩადენილი ქმედების ირგვლივ და აუცილებლად უნდა მოხდეს დაზარალებულისათვის მიყენებული უფლებების დარღვევის კომპენსირება. შესაბამისად სასამართლო მხედველობაში იღებს ყოველივე ზემოაღნიშნულს, ითვალისწინებს რა, მ-----–-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ბრალდებული მ-----–-------ე ნასამართლევია განზრახი კატეგორიის დანაშაულებისათვის და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ. ასევე სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის N1/4------ განაჩენით მ-----–-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2(ორი) წელი. აღნიშნული განაჩენი უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით. შესაბამისად, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გააუქმებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლიდან გამომდინარე, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას დაშვებულია სასჯელთა როგორც შთანთქმის, ასევე ნაწილობრივი ან მთლიანი შეკრების პრინციპი, რაც შესაძლებელს ხდის, რომ კანონით დაშვებული ალტერნატივებიდან სასამართლომ თავისი შეხედულებით, ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების, ჩადენილი ქმედების სიმძიმის და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგის გამო, თავისი შეფასებით განსაზღვროს საბოლოო სასჯელის ზომა – მიზანშეწონილად მიჩნეული ალტერნატივებიდან გამოიყენოს ერთ-ერთი პრინციპი, ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მ-----–-------ის მიმართ დანიშნავს სასჯელს თავისუფლების აღკვეთის სახით, განაჩენთა ერთობლიობით - სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპით.

ამასთანავე სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“. მ-----–-------ე ნასამართლევია განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, შესაბამისად, მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს დანაშაულის რეციდივს, რის გამოც მას სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მ-----–-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით მ-----–-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

მსჯავრდებულ მ-----–-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და მ-----–-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 6 ივნისიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ელენე გოგუაძე