გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #170210018002458754
საქმე #2/111-18
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 აგვისტო, 2018 წელი ქ.თეთრიწყარო
შესავალი ნაწილი
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა
სხდომის მდივანი ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,მშ--------–---ი“ (ს/კ 2--------)
წარმომადგენელი -ზ-------–----ე
მოპასუხე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია (წარსულში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა)
წარმომადგენელი - თ------------–--ე
დავის საგანი: ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და ვალდებულების შესრულების დავალდებულება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 9 ნოემბრის #1759 ბრძანება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მშ--------–---ს“ შორის 2017 წლის 29 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის #6023-13 წერილი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 29 აგვისტოს #85 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შპს ,,მშ--------–---ი“-სათვის პირგასამტეხლოს 22 548.32 ლარის დაკისრების თაობაზე.
1.3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს დაევალოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მშ--------–---“ შორის 2017 წლის 29 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულების ვადის მის ფარგლებში სამშენებლო სამუშაობის შესრულების ხელახალი ვადით გაგრძელების შესახებ მოსარჩელესთან შეთანხმების გაფორმება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 07 სექტემბრის წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
სარჩელის საფუძვლები:
სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 29 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში - შემსყიდველი) და შპს ,,მშ--------–---ი“-ს (შემდეგში - მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენს ქალაქ თეთრიწყაროში კოსტავას ქ. N3-ში მდებარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში. ობიექტზე, ანუ სარეაბილიტაციო შენობაში აღმოჩნდა სხვადასხვა სახის ინვენტარი, რომელთა გატანის გარეშე შეუძლებელი იყო სამუშაოების დაწყებაც კი. ინვენტარის გატანა მათი გაბარიტების და სიმძიმის გათვალისწინებით ცხადია მოითხოვს გარკვეულ დროს და საკმაო ფინანსებსაც. გარდა ამისა მნიშვნელოვანია გამოტანილი ინვენტარის სხვაგან განთავსება/შენახვა. მოსარჩელემ ვერ გაარკვია ობიექტიდან გასატანი ინვენტარის მესაკუთრე, ვისთვისაც შეეძლო მიემართა. ამიტომ, 2017 წლის 31 აგვისტოს წერილობით აცნობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს არსებული ვითარების (პრობლემის) და მის გამო სამუშაოების დაწყების შეუძლებლობის შესახებ. იმავე წერილით ითხოვა შენობის განთავისუფლებაში დახმარება და აღნიშნული საკითხის მოგვარებამდე სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება. მოპასუხემ, 2017 წლის 7 სექტემბრის წერილით პასუხად აცნობა, რომ გამგეობა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს საწყობის ინვენტარისაგან დაცლას, ხოლო რაც შეეხება ნივთებზე საკუთრების უფლების დადგენას ეს მიმწოდებლის კომპეტენციაში არ შედიოდა. გამგეობის მხრიდან პრობლემის მოგვარების მოლოდინში მოსარჩელემ დეტალურად შეისწავლა სარეაბილიტაციო შენობის მდგომარეობა და 2017 წლის 5 ოქტომბრის წერილით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს აცნობა, რომ შენობა არის ამორტიზირებული, გააჩნია ბზარები და საჭიროა შენობის მთლიან კედლებზე რკინა-ბეტონის სარტყელის მოწყობა, ასევე გარე ფასადის მთლიანი შელესვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით და გარკვეულ ადგილებზე არმატურის ბადეების გაკვრაც. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში. ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობს და შემსყიდველი უფლებამოსილის ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
აღნიშნული წერილის ჩაბარებისთანავე დაუყოვნებლივ, 2017 წლის 3 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს მიმწოდებელმა ჩააბარა საპასუხო წერილი, რომლითაც შეახსენა, რომ ჯერ კიდევ 31 აგვისტოს წერილით შემსყიდველს აცნობა სამუშაოების დაწყების შეუძლებლობის, მისი მიზეზის, ანუ არსებული პრობლემის თაობაზე და იმის შესახებაც, რომ ამავე წერილით ითხოვა შენობის სხვადასხვა ინვენტარისაგან განთავისუფლებაში დახმარება და სამუშაოების ვადის გაგრძელება. ასევე აცნობა, რომ თავად გამგეობის მიერ პრობლემის მოგვარების ვალდებულების აღების მიუხედავად, შენობა იმ დღემდე (3 ნოემბრამდე) არ არის დაცლილი. მიმწოდებელმა იმავე წერილით კიდევ ერთხელ ითხოვა სამუშაოების გაგრძელება, ვინაიდან მათი შეუსრულებლობა არ იყო მისი მიზეზით გამოწვეული და ეს დამოკიდებული იყო თავად შემსყიდველის მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს N1759 ბრძანებით შეწყდა N85 ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების მე-11.5 პუნქტის თანახმად დაერიცხა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
მოსარჩელის განმარტებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის N1759 ბრძანებით და 2017 წლის 10 ნოემბრის წერილით, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე ერთადერთი მისთვის ცნობილი გადაწყვეტილებით, აშკარად უკანონოდ შეილახა მოსარჩელის უფლებები და ინტერესები. ვინაიდან, ზემოთმითითებული გარემოებების და მტკიცებულებების კიდევ უფრო მეტი ანალიზის და განხილვის გარეშეც ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 29 აგვისტოს N85 ხელშეკრულება შპს ,,მშ--------–---ს“ არ დაურღვევია. პირიქით, მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვერდაწყება გამოწვეულია თავად შემსყიდველის მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაუგზავნა შპს ,,მშ--------–---ი“-ს შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნის შესახებ N6158-13 წერილობით შეტყობინება შავ სიაში რეგისტრაციის საფუძვლის წარმოშობის, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი წინაპირობების მითითებით (თანდართულ მასალების სახით).
საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომრის 2018 წლის 23 თებერვლის N583 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა შპს ,,მშ--------–---ის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს, რომ თავად შესყიდვების სააგენტომაც არ მიიჩნია შპს ,,მშ--------–---ი“-ს მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება დარღვეულად, უფრო მეტიც, მითითებული განკარგულების დასაბუთებიდან ნათლად ჩანს, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობა გამოწვეულია თავად მოპასუხის მიზეზით.
1. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა წერილობითი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ სცნო და განმარტა შემდეგი: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მშ--------–---ს“ შორის 2017 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული #85-ე ხელშეკრულების 12.5 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ერთ-ერ მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელის მიერ არ მოხდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მშ--------–---ს“ შორის 2017 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული #85-ე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, მოსარჩელეს დაეკისრა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეს (შემსყიდველი), უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ჯარიმის გადახდა ან/და დაუკავოს გადასახდელი თანხიდან. შესაბამისად, 2017 წლის 10 ნოემბრის #6023-13 წერილით მოსარჩელეს განემარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, დაერიცხა პირგასამტეხლო 22 548.31 ლარის ოდენობით. მისივე განმარტებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნისთანავე მოპასუხის მხრიდან დაუყოვნებლივ განხორციელდა ქ.თეთრიწყაროში, კოსტავას ქ. #3-ში მდებარე სარეაბილიტაციო შენობის გამოთავისუფლება. გარდა ამისა, შენობა საჭიროებდა გარე სამოშაოებს და საწყობში მოთავსებული ნივთები მოსარჩელეს ხელს არ უშლიდა სამუშაოების შესრულებაში. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ სასარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 29 აგვისტოს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას და შპს ,,მშ--------–---ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება #85, რომლის საგანს წარმოადგენს ქალაქ თეთრიწყაროში კოსტავას ქ. N3-ში მდებარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წ.ლის 29 აგვისტოს #85 ხელშეკრულება; (ს.ფ. 19-24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2017 წლის 31 აგვისტოს შპს ,,მშ--------–---მა“ წერილობით აცნობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, იმასთან დაკავშრებით, რომ სარეაბილიტაციო შენობაში სამუშაობის დაწყება ვერ ხერხდებოდა იქ აღმოჩენილი სხვადასხვა სახის ინვენტარის გამო, რომლის მესაკუთრე ვერ ირკვეოდა. იმავე წერილით ითხოვა შენობის განთავისუფლებაში დახმარება რათა დაწყებულიყო სამუშოები და სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მშ--------–---ი“-ს დირექტორის 2017 წლის 31 აგვისტოს წერილი; (ს.ფ. 25)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 7 სექტემბრის წერილით შპს ,,მშ--------–---ს“ აცნობა, რომ გამგეობა უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფდა საწყობის ინვენტარისაგან დაცლას, ხოლო რაც შეეხება ნივთებზე საკუთრების უფლების დადგენას ეს შპს ,,მშ--------–---ის“ კომპეტენციაში არ შედიოდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 7 სექტემბრის წერილი; (ს.ფ. 26)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. 2017 წლის 5 ოქტომბრის შპს ,,მშ--------–---მა“ წერილობით აცნობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, იმასთან დაკავშრებით, რომ ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებდა სამუშაობს, თუმცა შენობა იყო ამორტიზირებული და საჭიროებდა ისეთ სამუშაოებს (გააჩნდა ბზარები და საჭირო იყო შენობის მთლიან კედლებზე რკინა-ბეტონის სარტყელის მოწყობა და ა.შ.), რომელიც არ იყო გათვალისწინებული პროექტით. შესაბამისად, ითხოვა პროექტის კორექტირება და სამუშაობის მოცულობის გაზრდა, ასევე თანხის დამატება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მშ--------–---ი“-ს დირექტორის 2017 წლის 05 ოქტომბრის წერილი; (ს.ფ. 27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. თეთრიწყარის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილით შპს ,,მშ--------–---ს“ აცნობა, რომ ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 12 ოქტომბრის ჩათვლით ვადაში. ობიექტზე სამუშაოები არ მიმდინარეობს და ხელშეკრულების თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 30 ოქტომბრის წერილი; (ს.ფ. 28)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.6 2017 წლის 3 ნოემბერს შპს ,,მშ--------–---მა“ წერილობით აცნობა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ ჯერ კიდევ 31 აგვისტოს წერილით შემსყიდველს აცნობა სამუშაოების დაწყების შეუძლებლობის, მისი მიზეზის, ანუ არსებული პრობლემის თაობაზე და იმის შესახებაც, რომ ამავე წერილით ითხოვა შენობის სხვადასხვა ინვენტარისაგან განთავისუფლებაში დახმარება და სამუშაოების ვადის გაგრძელება. ასევე აცნობა, რომ თავად გამგეობის მიერ პრობლემის მოგვარების ვალდებულების აღების მიუხედავად, შენობა იმ დღემდე (3 ნოემბრამდე) არ არის მთლიანად დაცლილი. ასევე კვლავ ითხოვა პროექტის კორექტირება და სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,მშ--------–---ი“-ს დირექტორის 2017 წლის 03 ნოემბრის წერილი; (ს.ფ. 29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.7. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის წერილით შპს ,,მშ--------–---ს“ ეცნობა, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 9 ნოემბერს #1759 ბრძანებით შეწყდა #85 ხელშეკრულება 2017 წლის 09 ნოემბრიდან და ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, შპს ,,მშ--------–---ს“ დაერიცხა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20%-ის (22 548.62 ლარი) ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 09 ნოემბრის #1759 ბრძანება; (ს.ფ. 30)
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 10 ნოემბრის წერილი; (ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.8. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 23 თებერვლის #583 განკარგულებით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა შპს ,,მშ--------–---ის“ შავ სიაში დარეგისტრირებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 22 ნოემბრის #6158-13 წერილობითი შეტყობინება; (ს.ფ. 35 )
- სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 23 თებერვლის #583 განკარგულება. (ს.ფ. 39-42)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ შპს „მშ--------–---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე, 317-ე, 327-ე, მე-400, 417-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის მე-3, 248-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან და საფუძვლებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში რეალურად სადაოს წარმოადგენს 2017 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულების 11.5 და 12.5 პუნქტების საფუძველზე ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები.
მოსარჩელემ ხელშეკრულების 11.5 და 12.5 პუნქტების დანაწესის საფუძველზე არ მიიჩნია მართებულად მოპასუხის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ისე შეწყვიტა ხელშეკრულება, რომ არ გაითვალისწინა ხელშეკრულების 13 პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ან მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის. მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზის შესახებ. მოსარჩელის განმარტებით, მან 2017 წლის 31 აგვისტოს წერილით აცნობა მოპასუხეს არსებული პრობლემის (შენობაში არსებული ინვენტარის გამო სამუშაოს დაწყების შეუძლებლობა) შესახებ. იმავე წერილით ითხოვა შენობის გათავისუფლებაში დახმარება და საკითხის გადაწყვეტამდე ხელშეკრულების ვადის გაგრძელება.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეების მიერ არ შესრულდა ხელშეკრულების პირობები. სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ იმ ფაქტს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების რეალური საშუალება არ ჰქონია. აღნიშნულის გამომწვევი იყო შენობაში არსებული მოძრავი ნივთები და შენობის ამორტიზაცია. თვით მოსარჩელის წერილობით შეტყობინებებში და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით არსებული პროექტით სამუშაოების შესრულება პრაქტიკულად უშედეგო იქნებოდა, რადგან შენობას სჭირდებოდა სხვა მასშტაბის გამაგრებითი სამუშაოები. შესაბამისად, აღნიშნული მოცემულობა გამორიცხავდა ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას.
სამოქალაქო სამართალურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმების ამოსავალი წერტილია ბუნებითი სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, სამოქალაქო სამართალბრუნვაში ქცევის სტანდარტის განმსაზღვრელია სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და ზნეობრიობა. კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს.
სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხარეთა შორის 2017 წლის 29 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულების პირობებს. ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად, სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2017 წლის 29 აგვისტოდან 2017 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. წარმოდგენილი წერილობით მასალებით, ირკვევა რომ სამუშაოები დადგენილ ვადაში შესრულებული არ ყოფილა. ხელშეკრულების 9.1. მუხლის თანახმად, მოპასუხე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა კონტროლი და ზედამხედველობა ხელშეკრულების პირობების დაცვაზე. ასევე ხელშეკრულების 10.1. მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო განეხორციელებინა ინსპექტირება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე. სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლს რაიმე ფორმით. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მოითხოვდა შენობის განთავისუფლებას და მოპასუხის მიერ რაიმე ქმედითი ღონისძიების გატარების დამადასტურებლი მტკიცებულება არ არის საქმეში წარმოდგენილი, სასამართლოსთვის ცხადი ხდება, რომ მოპასუხის დაინტერესება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაში საეჭვო იყო.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ წერილებში ასახულ გარემოებებს. მისი პოზიციით, 2017 წლის 29 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულება მასში განსაზღვრული პროექტირებით, სამუშაოს ღირებულებით და სამუშაოს შესრულების ვადებით პრაქტიკულად უშედეგო იყო უკვე ხელშეკრულების დადების მომენტში. მოსარჩელის პოზიციით, ხელშეკრულების დადების შემდგომ შენობის დათვალიერებით გამოირკვა, რომ შენობა იყო ავარიული, ამორტიზირებული და შესასრულებელი სამუშაოები აზრს კარგავდა. შესაბამისად, საჭირო იყო შესასრულებელი სამუშაოების პროექტში ცვლილება, რაც გამოიწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებებს არსებულ პირობებში (ფასი, ვადა და ა.შ.).
აღნიშნული გარემოებების დასტური გახლავთ ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 23 თებერვლის #583 განკარგულებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა საფუძველზეც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას უარი ეთქვა შპს ,,მშ--------–---ის“ შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნაზე.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს მოსარჩელის იმ მოთხოვნაზე, რომელიც შეეხება 2017 წლის 29 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების ვადის მის ფარგლებში სამშენებლო სამუშაობის შესრულების ხელახალი ვადით გაგრძელების შესახებ მოსარჩელესთან შეთანხმების გაფორმება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 07 სექტემბრის წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა უსაფუძვლოა თვით მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით. მისი პოზიციით პრაქტიკულად არ არსებობდა 2017 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულების შესრულების მიზანშეწონილობა შენობის ამორტიზებულობის გამო. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დასახელებული აღნიშნული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. ამავე კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო იზიარებს შპს „მშ--------–---ის“ განმარტებას პირგადსამტეხლოს ბათილად ცნობის ნაწილში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ამ ნაწილში სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. ხოლო პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ვალდებულების იმგვარ დარღვევას, რომელიც იწვევდა ხელშეკრულების გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, მოსარჩელეს არ წარმოეშვება დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს აღიარებულ იქნეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის იმგვარი არსებობა, რაც პირგასამტეხლოსაგან განთავისუფლებას უკავშირდება.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში აღიარებულ უნდა იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2017 წლის 29 აგვისტოს #85 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „მშ--------–---ისათვის“ პირგასამატეხლოს - 22 548.62 ლარის დაკისრების არარსებობა.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახამად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. სასამართლოს მოსაზრებით, 2017 წლის 09 ნოემბრის ხელშეკრულების პირობების მხარეების მიერ ვერ შესრულებამ და ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობამ პრაქტიკულად მხარეების ნებით გამოიწვია ხელშეკრულების შეწყვეტა.
ამდენად, შპს „მშ--------–---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. აღიარებულ უნდა იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2017 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მშ--------–---ისთვის“ პირგასამტეხლოს - 22 548,62 ლარის დაკისრების არარსებობა. ხოლო სარჩელი 2017 წლის 29 აგვისტოს #85 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 9 ნოემბრის #1759 ბრძანების ბათილობის და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,მშ--------–---“ შორის 2017 წლის 29 აგვისტოს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულების ვადის მის ფარგლებში სამშენებლო სამუშაობის შესრულების ხელახალი ვადით გაგრძელების შესახებ მოსარჩელესთან შეთანხმების გაფორმების და ამ ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის 07 სექტემბრის წერილით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დავალების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ორგანულ კანონში “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” განხორცილებული ცვლილებებით შეიცვალა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება და დღეის მდგომარეობით მოპასუხე მხარეს წარმოადგენს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია.
7. საპროცესო ხარჯები
შპს „მშ--------–---ის“ მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია და სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის პირობებში არ არსებობს მისი მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აღიარებულ იქნა, პირგასამტეხლოს თანხის - 22 548,62 ლარის დაკისრების არარსებობა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას შპს „მშ--------–---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 676,46 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
შპს „მშ--------–---ის“ სარჩელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
აღიარებულ იქნეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, 2017 წლის 29 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #85 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,მშ--------–---ისთვის“ პირგასამტეხლოს - 22 548,62 ლარის დაკისრების არარსებობა.
შპს „მშ--------–---ის“ სარჩელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას შპს „მშ--------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 676,46 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.
გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა