გადაწყვეტილება

სამოქალაქო 03.09.2018
საქმის ნომერი
330210017002059670
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
03.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/22134-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 სექტემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „კა-----------------–-----------“

წარმომადგენელი - ე-----------------

 

მოპასუხე - შპს „ლ---------------ი“

წარმომადგენელი - ს-----------–---–------------–---–----

 

დავის საგანი - ტვირთის განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. მოსარჩელის მოთხოვნა:

 

1.1. შპს „ლ---------------ს, “შპს „კა-----------------–-----------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 285 700.56 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

შპს „კა-----------------–-----------ს“ დაკვეთით, შპს „ლ---------------ი“ თავისი კუთვნილი სატვირთო ავტომობილით, სახ. ნომრით ---------------------–----------- თუ------------------–-----ან საქართველოს მიმართულებით, ახორციელებდა საქონლის გადმოზიდვას. სატვირთო მანქანამ საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა 2017 წლის 30 იანვარს და რამოდენიმე დღით შეყოვნდა ა---–--ს გეზში, ბ------თან, ხოლო 2017 წლის 3 თებერვალს დაიძრა თბილისისაკენ. დაძვრიდან დაახლოებით 40 – 50 წუთში, ბ------ი - ჩ---ის დამაკავშირებელ გვირაბში, ავტომობილს, გაუმართაობის გამო, გაუჩნდა ცეცხლი და დაიწვა მთლიანად. ხანძრის შედეგად მთლიანად გადანადგურდა შპს „კა-----------------–-----------ს“ კუთვნილი ტვირთი.

 

მოსარჩელის განმარტებით, კომპანიის მატერიალურმა ზიანმა შეადგინა 285 700.56 ლარი. ვინაიდან, ავტომობილი მოძრაობდა საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული ტვირთით, მებაჟეთა მოთხოვნით ტვირთი სხვა ავტომობილის დახმარებით ა---–--ს საბაჟო კონტროლის ზონაში დააბრუნეს. მიუხედავად შეტყობინებისა, გადამზიდავი კომპანიის ხელმძღვანელობა არც შემთხვევის ადგილზე გამოჩენილა და არც თავისი დამწვარი ავტომობილი მოუკითხავს. იმავე დღეს, 3 თებერვალს, მხოლოდ სატელეფონო საუბრით შემოიფარგლა კომპანიის იმჟამინდელი დირექტორი მ--------------ე და აცნობა, რომ მომხდარი ფაქტის გამო, მისი მეუღლე, შპს „ლ---------------ი“-ს მფლობელი ო-----------------ე ცუდად გახდა და მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რის გამოც ფიზიკურ მხარდაჭერას ვერ ახერხებდნენ. სინამდვილეში, ო-----------------ე სრულიად ჯანმრთელი და საღ გონებაზე მყოფი აპრიორში თვლიდა რა, რომ სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად ვალდებული იყო აენაზღაურებინა დამკვეთისათვის მიყენებული ზიანი, პასუხისმგებლობის აცილების ხერხებს ამუშავებდა და სისრულეში მოყავდა. პირველად, 03 თებერვალს 15:49 საათზე, როდესაც ხანძარი ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე ლიკვიდირებული, შემდეგ კი 08 თებერვალს სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრირა რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება. დამფუძნებელი პარტნიორი, ცოლის ძმა - ლ---------------ე და მეუღლე, შპს-ს დირექტორი - მ--------------ე გაათავისუფლა მოსალოდნელი ფინანსური პასუხისმგებლობისგან. თავად გახდა ერთპიროვნული დამფუძნებელი და მმართველი. იმავე დღეს 03 თებერვალს, 15:17 საათზე საჯარო რეესტრშიც განახორციელა მნიშვნელოვანი რეგისტრაცია: მ--------------ეს აჩუქა ბ------ში, ა-----------------------–--–ი 90 - ში მდებარე უძრავი ნივთი, რომელიც შპს -ს იურიდიულ ადგილსამყოფელად ითვლება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სადაოდ გახადა შემდეგი გარემოებები:

 

ტვირთის საერთო ღირებულებად განსაზღვრულია 259 727.78 ლარი, მაშინ როდესაც სარჩელით ითხოვს 285 700.56 ლარის ანაზღაურებას, რაც მოთხოვნის ნამდვილობის შემთხვევაშიც არ არის სწორი და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

არ ეთანხმება ცეცხლის გაჩენის მიზეზად ავტომობილის ტექნიკურ გაუმართაობას, ვინაიდან ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სატრანსპორტო საშუალება იყო აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად. ამასთან, სა---------–----–-----------------------------ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭ----ს ა.რ. საექსპერტო - კრიმინალისტური სამსახურის ექსპერტის დასკვნით ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა არა ტექნიკურ გაუმართაობას, არამედ მოკლე ჩართვას, რაც მოპასუხისთვის წინასწარ განუჭვრეტად გარემოებას წარმოადგენს.

 

მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანისთვის ხანძრის გაჩენა და მოსარჩელე კომპანიის ტვირთის გარკვეული ნაწილის დაწვა არ ნიშნავს მოპასუხე კომპანიის ცალსახა პასუხისმგებლობას. ამასთან, კომპანიაში განვითარებული მოვლენების მითითება არარელევანტურია განსახილველ დავასთან.

 

მოპასუხე მხარე გამორიცხავს მომხდარში კომპანიის ბრალეულობას, როგორც განზრახ ისე გაუფრთხილებლობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. 2017 წლის იანვარის თვეში, შპს „კა-----------------–-----------მ“, შპს „ლ---------------ს“ შეუკვეთა ქ. სტამბულში სხვადასხვა კომპანიებისაგან შეძენილი შერეული საქონელის: ავტონაწილები, მეტალოპლასტმასის ფურნიტურა, ძაფები, ნაჭრები, ქ. თბილისში გადმოზიდვის მომსახურება.

 

შეთანხმებისამებრ, შპს „ლ---------------ი“ გადაზიდვას ახორციელებდა თავისი კუთვნილი სატვირთო ავტომობილით, სახ. ნომრით ---------------------–----------- რომელსაც მართვდა მძღოლი - ჯ------–-------ე. 2017 წლის 28 იანვარს აღნიშნული ავტომობილი ზემოთ ჩამოთვლილი ნივთებით დაიტვირთა ქ. სტამბულში და დაიძრა საქართველოსაკენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა - განმარტება; (სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)

-ინვოისი (ს.ფ. 21)

3.1.2. 2017 წლის 3 თებერვალს, შპს „ლ---------------ი“-ს კუთვნილი სატვირთო ავტომობილი დაიძრა თბილისისაკენ. ბ------ი - ჩ---ის დამაკავშირებელ გვირაბში ავტომობილს გაუჩნდა ცეცხლი. ცეცხლის გაჩენის შედეგად ავტომობილი და მასში არსებული ტვირთი დაიწვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-სა---------–----–-----------------------------ს შსს ხ--–--------ის რაიონული სამმართველოს მ------------- პოლიციის განყოფილების მიერ წარმოებული მასალები საქმე N17---------- (ტომი 2)

3.1.3. 2017 წლის 29 აპრილის ხ--–--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

----–---------ს რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილება (ტომი 2, ს.ფ. 177 -178)

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 03 თებერვალს, შპს „ლ---------------ი“-ს კუთვნილ სატვირთო ავტომობილში ხანძარი გამოწვეულია ავტომანქანაში გარდამავალი წინაღობისა და მისგან გამოწვეული მოკლე ჩართვის ფონზე;

 

3.2.2. 2017 წლის 03 თებერვალს შპს „ლ---------------ი“-ს კუთვნილ სატვირთო ავტომობილში მომხდარი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა მასზე არსებული ტვირთი;

 

3.2.3. 2017 წლის 03 თებერვალს შპს „ლ---------------ი“-ს კუთვნილ სატვირთო ავტომობილში მომხდარი ხანძრის შედეგად შპს „კა-----------------–-----------“-სთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 254 053.27 ლარს;

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-12------------).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

საქმეზე დართული სისხლის სამართლის გამოძიების მასალებით დგინდება, რომ 2017 წლის 3 თებერვალს შპს „ლ---------------ი“-ს კუთვნილ სატვირთო ავტომობილში მომხდარი ხანძრის გამო, საქართველოს შსს ხ--–--------ის რაიონული სამმართველოს მ------------- პოლიციის მიერ დაიწყო გამოძიება. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2017 წლის 29 აპრილის დადგენილებაში მითითებულია, რომ ხანძარმა გამოიწვია ავტომანქანისა და ტვირთის განადგურება. ამასთან, სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის Nსტ 17-ე დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის შესწავლის და ჩატარებული კვლევების შედეგების ანალიზის საფუძველზე მერსედესის მარკის სატვირთო ავტომანქანის ს------------- მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზია მოკლე ჩართვა, გადატვირთვები და დიდი გარდამავალი წინაღობები ელექტრო ქსელში განსაზღვრული პირობების დროს შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში თუ ელქსელში შეიქმნა ექსპლუატაციის ავარიული რეჟიმი. მოკლე ჩართვა ეწოდება ძაბვის ქვეშ მყოფი ელსადენების უშუალო კონტაქტს. მანქანებში, მოკლე ჩართვის მიზეზი შეიძლება იყოს ელ სადენების ან ელ კაბელის იზოლაციის დარღვევა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ძაბვის მომატებით, იზოლაციის მექანიკური დაზიანებით....ჩატარებული კვლევის შედეგად ხანძრის გაჩენა დაკავშირებულია ელექტრო ტექნიკურ მიზეზებთან.

 

სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს 2017 წლის 07 აპრილის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებით, ჩატარებული გამოკვლევების შედეგების ანალიზის და ავტომობილის ძრავის ნაკვეთურის წინა მარცხენა ნაწილში ხანძრის კერის ზონის ადგილმდებარეობის გათვალისწინების საფუძველზე დადგინდა, რომ M------------------------------------------- სატვირთო ავტომობილში, ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზია საწვავის მიწოდების სისტემიდან დაღვრილი საწვავი სითხის ძრავის გახურებულ ელემენტებთან კონტაქტის შედეგად წარმოქმნილი ანაორთქლის ჰაერნარევი მასის აალება ელექტრო - ტექნიკური წარმოშობის ნაპერწკლით ან გახურებული კოლექტორისა და ტურბოკომპრესორის თერმული ზემოქმედებით. ამასთან, ხანძრის გაჩენის კერა ანუ არაკონტროლირებადი წვის პირველადი წარმოშობის ადგილი დაფიქსირდა ავტომობილის ძრავის ნაკვეთურის წინა მარცხენა ნაწილში, საწვავის მიმწოდებელი პირველი იმპულსური სარქველის განთავსების ზონაში.

 

რაც შეეხება სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს დასკვნაში მითითებულ გარემოებებს მასში მითითებულია ხანძრის წარმოქმნის ტექნიკური მიზეზი. ამასთან, დასკვნაში არაერთხელ არის მითითებული, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ძლიერი ლოკალური გადახურებისა და თერმული კოროზია. აღნიშნული შესაბამისობაში მოდის ხ--–--------ის რაიონული პროკურატურის მთავარი ექსპერტის ნ. დოლიძის დასკვნასთან, სადაც განმარტებულია, რომ მოკლე ჩართვის საშიშროება მდებაროებს დენის ძალის გაზრდაში ასი ათასობით ამპერამდე, რაც იწვევს ელ. სადენებში დროის მცირე მონაკვეთში დიდი რაოდენობით სითბოს გამოყოფას, ეს კი თავისთავად იწვევს ტემპერატურის სწრაფ ზრდას და იზოლაციის აალებას, ელ. სადენის მასალის დნობის შედეგად ნაპერწკლების გამოტყორცნას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიახლოვეს მყოფი წვადი მასალების აალება.

 

სასამართლო სხდომაზე, სადავო გარემოების (3.2.2) დადასტურების მიზნით დაკითხულმა მოწმე ჯ-----------ემ განმარტა, რომ ხანძრის დადგომიდან დაახლოებით 15 წუთში ადგილზე იყო. ხანძრის ლოკალიზება სანამ არ დასრულდა არ მიეცათ სატვირთო მანქანის ხილვის საშუალება. სახანძრო სამუშაოების დასრულების შემდგომ მიეცათ უფლება სატვირთო ავტომანქანა გადაეყვანათ ა---–--ს გეზზე. ვინაიდან, მანქანა იყო განადგურებული მისი ტრანსპორტირება მოახდინეს სხვადასხვა ტექნიკის მეშვეობით. ხანძრის შედეგად სრულად იყო განადგურებული მასალა რაც სატვირთო მანქანას გადაქონდა. რაც ხანძარს გადაურჩა წყლის ჭავლით განადგურდა. როგორც მოწმე განმარტავს გადასაზიდ ტვირთში იყო როგორც ტექსტილი ისე სამშენებლო მასალა, რაც სრულად განადგურდა და შემჩნევა ვიზუალურადაც შესაძლებელი იყო.

 

საქმეში წარმოდგენილია აქტი (ხანძრის შესახებ) სადაც მითითებულია, რომ ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა მიიღო ქ. ბ------ის სახანძრო - სამაშველო განყოფილების ექვსმა ათეულმა, ხანძრის ადგილას პირველი დანაყოფი გამოცხადდა 2017 წლის 03 თებერვალს 12:53 საათზე და ხანძრის ლიკვიდაცია მოხდა 2017 წლის 03 თებერვალს 13:48 საათზე, გამოყენებულ იქნა ექვსი ცისტერნა, რაც მოიცავს 40 000 ლიტრ წყალს. (ს.ფ. 58 - 59) ამდენად, იმ პირობებში როდესაც, ხანძრის ჩაქრობა მიმდინარეობდა თითქმის ერთი საათის განმავლობაში და ჩასაქრობად გამოყენებულ იქნა 40 000 ლიტრი წყალი, ვიზუალური დათვალიერების გარეშეც ნაკლებად სავარაუდოა ამ რაოდენობის წყლის ზემოქმედების შედეგად, მომხდარიყო სატვირთო ავტომობილში არსებული მასალების შენარჩუნება, მით უფრო როდესაც ეს იყო ტექსტილი და სამშენებლო მასალა.

 

ხანძრის შედეგად შპს „კა-----------------–-----------“-სთვის მიყენებული ზიანის ოდენობას (3.2.3.) სასამართლო განსაზღვრავს საქმეში წარმოდგენილი ინვოისების საფუძველზე რაც შეადგენს 254 053.27 ლარს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება ტვირთის განადგურების გამო მიყენებული ზიანის ოდენობა. მტკიცების ტვირთის განაწილების მოქმედი სტანდარტის გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა გადასაზიდი ტვირთის ღირებულება და მისი სრულად განადგურების ფაქტი, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ამ მტკიცებულების საწინააღმდეგო მტკიცებულება, გარდა თავისი ახსნა-განმარტებისა.

 

რაც შეეხება მოთხოვნას მისაღები მოგების ჩათვლით, სასამართლო განმარტავს, შემდეგს: მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი კომპონენტების ერთობლიობაში არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სსიპ ლ----------------–--------------–----------------------------–--------ოს დასკვნა (ს.ფ. 79 - 90);

- სა---------–----–-----------------------------ს შსს ხ--–--------ის რაიონული სამმართველოს მ------------- პოლიციის განყოფილების მიერ წარმოებული მასალები საქმე N17---------- (ტომი 2);

- ხ--–--------ის რაიონული პროკურატურის პროკურორის დადგენილება (ტომი 2, ს.ფ. 177 -178);

- მოწმის ჩვენება;

- კომერციული ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 22 – 24);

- პროფორმა ინვოისი (ს.ფ. 32 - 38);

- ანგარიშფაქტურა (ს.ფ 27 - 31);

- ანგარიშფაქტურა ზედნადებით სერია: (ს.ფ 39-40);

- ანგარიშფაქტურა სერია A--------ი (ს.ფ 41);

- კომერციული ანგარიშფაქტურები (ს.ფ 45 - 46);

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს „კა-----------------–-----------“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 317-ე, 408-ე, 668-ე, 669-ე, 686-687-ე, 692-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს გადაზიდვისას გადასაზიდი ტვირთის განადგურებით მესაკუთრისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას.

 

სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის შესაბამისად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. 669-ე მუხლით კი გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების ან დაკარგვისათვის. პასუხისმგებლობა არ დადგება,თუკი ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ან თვით მგზავრის მიერ, ანდა მისი ბარგით. გადამზიდველის პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოირიცხოს ან შეიზღუდოს ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, გადამზიდველი პასუხს აგებს ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისა და დაზიანებისათვის, თუ ტვირთი დაზიანდა ან დაიკარგა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში, ასევე - მიტანის ვადის გადაცილებისათვის. ამავე მუხლის III ნაწილის თანახმად, პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების მიზნით გადამზიდველს არ შეუძლია მიუთითოს არც გადაზიდვისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ნაკლზე და არც ამ საშუალების გამქირავებლის ან დამქირავებლის მომსახურე პერსონალის ბრალზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთთან სწორედ გადაზიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, დადგინდა, რომ მოსარჩელის კუთვნილი ტვირთი დაზიანდა მისი მიღებიდან ჩაბარებამდე დროის შუალედში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 686-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე კი: „გადამზიდველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ ტვირთის დაკარგვა, დაზიანება ან მიტანის ვადის გადაცილება უფლებამოსილი პირის ბრალით ანდა ამავე პირის ისეთი მითითებით მოხდა, რომელზედაც გადამზიდველი პასუხს არ აგებს; აგრეთვე, თუ ტვირთის ნაკლი ისეთი გარემოებებითაა გამოწვეული, რომელთა თავიდან აცილებაც გადამზიდველს არ შეეძლო და არც მათი შედეგები შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა“. ამავე კოდექსის 687-ე მუხლის მე-3-5 ნაწილები ითვალისწინებს პირობებს, რომელთა არსებობისას გადამზიდავი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან. კერძოდ, თუ ტვირთის დაკარგვა ან დაზიანება ქვემოთ დასახელებულ გარემოებებთან დაკავშირებული განსაკუთრებული საფრთხისგან წარმოიშვა: ა) გამოიყენება ღია, გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალება, თუ მისი გამოყენება პირდაპირ იყო შეთანხმებული და ზედნადებში აღნიშნული; ბ) ტვირთი არ არის შეფუთული ან უხარისხოდაა შეფუთული, რაც, ტვირთის ხასიათიდან გამომდინარე, დაკარგვის ან დაზიანების საფრთხეს ქმნის; გ) ტვირთის დათვალიერება, დატვირთვა, დაწყობა ან გადმოტვირთვა ხდება გამგზავნის, მიმღების ან მათთვის მოქმედი მესამე პირის მიერ; დ) ცალკეული ტვირთების თავისებურებათა გამო მოსალოდნელია მათი მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვის, ან დაზიანების, კერძოდ, დამტვრევის, დაჟანგვის, კოროზიის, გახმობის, დაღვრის, ნორმალური დანაკარგის ან მწერებისა და მღრღნელების ზემოქმედების საფრთხე; ე) გადასაზიდი ტვირთი არასაკმარისადაა აღნიშნული ან დანომრილი; ვ) გადასაყვანია ცხოველები.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი რაიმე გარემოება დადასტურებული არ არის. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია მოკლე ჩართვით გამოწვეული ხანძრის წინასწარ განუჭვრეტად და პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად მიჩნევის თაობაზე.

 

ამასთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი ინვოისით (ს.ფ.166-167) და სა---------–----–-----------------------------ს შსს ხ--–--------ის რაიონული სამმართველოს მ------------- პოლიციის განყოფილების მიერ წარმოებულ მასალებში მძღოლი ჯ------–-------ის ჩვენებიდან ჩანს, რომ 2017 წლის 20 იანვარს სატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარდა რემონტი ძრავის ნაწილში, რაც მიანიშნებს ავტომანქანის ტექნიკური მდგომარეობის შესაძლო გაუმართაობაზე. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვა-შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მოსაზრებით, მოკლე ჩართვაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მდგომარეობის ხარვეზთან და მოპასუხის პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებას არ წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 692-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ ამ თავის წესების თანახმად გადამზიდველი ვალდებულია ტვირთის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკარგვისათვის აანაზღაუროს ზიანი, მაშინ ზიანის ანაზღაურება გამოითვლება ტვირთის გადაცემის ადგილსა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის მიხედვით. ტვირთის ღირებულება განისაზღვრება საბირჟო ფასით, ხოლო ასეთი ფასის არარსებობისას - საბაზრო ფასით; თუკი არც ასეთი ფასი არსებობს, მაშინ - მსგავსი სახეობისა და ღირებულების ტვირთების ანალოგიურად.

 

სასამართლომ დაადგინა შპს „ლ---------------ი“-ს კუთვნილი სატვირთო მანქანით გადასაზიდი ტვირთი განადგურდა. ზიანის გამოთვლა განხორციელდა სწორედ ტვირთის გადაცემის ადგილისა და დროს მოქმედი ტვირთის ფასის შესაბამისად, რაც მითითებულია თითოეულ ინვოისში და გამოთვლილია იმ დროისათვის არსებული ეროვნული ბანკის შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. როგორც საქმეში არსებული ინვოისებით დადგინდა, მოსარჩელის კუთვნილი გადასაზიდი ტვირთის ღირებულება შეადგენს 254 053.37 ლარს, რაც უნდა დაეკისროს სპს "ლ---------------ს" მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

 

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

 

მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მიუღებელი შემოსავლის არსებობის დასადასტურებლად მხოლოდ ახსნა - განმარტება მოიშველია. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, სასამართლოსათვის წარმოედგინა ისეთი სახის უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მიუღებელი შემოსავლის თაობაზე მისი პოზიციის მართებულობას. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ არის დადასტურებული მიუღებელი შემოსავლის სახით მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ შპს „კა-----------------–-----------“-ს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 5 000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 254 053.37 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 4 532 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო შპს "ლ---------------ი"-ს (ს/კოდი 4--------------------------–----------------------------------------------------–---–----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სასარჩელო მოთხოვნის - 285,700,56 ლარის ფარგლებში;

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 259-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს“კა-----------------–-----------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. შპს „ლ---------------ს“, შპს „კა-----------------–-----------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 254 053.37 ლარის გადახდა;

3. შპს „ლ---------------ს“ შპს „კა-----------------–-----------“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, რაც შეადგენს 4 532 ლარს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ცისანა სირბილაძე