განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002288352
საქმე #1-120/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნინო ფუტკარაძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ დ--------------–ის
ადვოკატის _ დ---------------ის
მონაწილეობით, ბრალდებულ გ---- კ----ის დასწრების გარეშე, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №172231217003 საქმე,ბრალდებულ - გ---- დ------ს ძე კ----ის მიმართ
დაბადებული: 02.02.---- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს
პირადი ნომერი: 6----------
ნასამართლობა: მქონე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ქ------–-----------------–-------------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
1. გ---- კ----ემ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა დიდი ოდენობით - 0,01423 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რაც 2017 წლის 23 დეკემბერს, ქ. ქობულეთში, რუსთაველის ქუჩა 268-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის მუშაკების მიერ იქნა ამოღებული გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა :
2. ბრალდებულმა გ---- კ----ემ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმის არსებითი განხილვისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
4. სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- კ----ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დადასტურებულია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მის ბრალეულობას, კერძოდ:
5. მოწმეების - რუ--–----------–---–-------------------–-–---–-------------------–--–---–ის ჩვენებები; 2017 წლის 23 დეკემბერს ჩატარებული გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომლის თანახმად, კ----ემ ნებაყოფლობით წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს ქაღალდის ორი ცალი პატარა ხვია, რომლებშიც აღმოჩნდა თეთრი ფერის აბის ნატეხები; საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 24 დეკემბრის სასამართლო ქიმიური ექსპერტიზის №599/სქ დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ გ---- კ----ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული თეთრი ფერის აბის ნატეხები და ფხვნილი, საერთო წონით - 0, 7119 გრამი, შეიცავს ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინს“- 0, 01423 გრამს.
6. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ”ა” პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის: ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
7. ამავე კანონის მე-3 მუხლის ჰ11 ნაწილის თანახმად, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შენახვა არის ნებისმიერი გამიზნული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების ფაქტობრივ ფლობასთან შენობაში, სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მის გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა; ხოლო ჰ13 ნაწილის მიხედვით, მისი შეძენა არის სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების დაუფლება;
8. ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, №181 რეგისტრაციით, რაც მიუთითებს მასზე, რომ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებაა და მისი შეძენა, შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, რაც ბრალდებულს არ გააჩნდა.
9. ასეთი ნებართვა ბრალდებულ გ---- კ----ეს არ ჰქონია.
10. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---- კ----ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი”.
11. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი” შეტანილია №29 რეგისტრაციით, დასტურდება, რომ ”ბუპრენორფინი” 0,01423 გრამის ოდენობით ქმნის ამ ნარკოტიკული საშუალების დიდ ოდენობას.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ---- კ----ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი”.
13. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამასთან, ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულებების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
14. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
15. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).
16. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გ---- კ----ის ბრალდების დადასტურება.
17. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სამართლიანი განხილვის უფლებიდან.
19. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეების მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია.
20. ბრალდების მხარის მტკიცებულებების შეფასების შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა.
21. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს.
22. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას.
23. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
სამართლებრივი შეფასება:
25. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ---- კ----ემ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,01423 გრამი - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინი”, რაც 2017 წლის 23 დეკემბერს, გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული, ანუ ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:
26. გ---- კ----ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
27. გ---- კ----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა დანაშაულის აღიარება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება :
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.
29. სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
30. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალდებულის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
31. სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
32. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.
33. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
34. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაებია ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება, დადებითი დახასიათება.
35. საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილი სასჯელად ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის, ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის გ---- კ----ე პირობით მსჯავრდებული იყო სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, შესაბამისად, სახეზეა დანაშაულის რეციდივი, რა დროსაც სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ---- კ----ეს, სასჯელად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
36. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით, გ---- კ----ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქოს ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- კ----ეს, სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
37. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ---- კ----ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
38. მასვე, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა :
39. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი - გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ საერთო წონით 0,01423 გრამი, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში - უნდა განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 280-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული: გ---- დ------ს ძე კ----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 18 მარტის განაჩენით, გ---- კ----ის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული პირობითი მსჯავრი და განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სრულად შთანთქოს ახალი განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ---- კ----ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ---- კ----ეს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, `ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის `გ~ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხუთი წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლებები, ხოლო საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 10 წლით.
აღნიშნული უფლებების შეზღუდვის მოქმედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან.
მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 23 დეკემბრიდან.
გ---- კ----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთმტკიცება - გ---- კ----ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ საერთო წონით 0,01423 გრამი, რაც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი