გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.09.2018
საქმის ნომერი
080310018002380565
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/205-18 4 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე

მოსარჩელე - გ--------–-------

წარმომადგენელი - გ--------------–--ე

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის

სამოქალაქო რეესტრის სამსახური

მესამე პირი - მ--------------ე

წარმომადგენელი - ლელა თ---–-------

დავის საგანი - სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი გ--------–-------ს და მ--------------ეს სახელზე 1999 წლის 10 სექტემბრის (ტყვარჩელი) თბილისის მიერ რეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი N20.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება ორი აქტიური ქორწინების ჩანაწერი: პირველი - 1999 წლის 10 მარტს (ტყვარჩელი) ქუთაისის მიერ რეგისტრირებული ქორწინების N158 აქტი და მეორე - 1999 წლის 10 სექტემბრის (ტყვარჩელი) თბილისის მიერ რეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი N20. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება რეგისტრაციაში გაეტარებინა ორი სააქტო ჩანაწერი, შესაბამისად ვინაიდან რეგისტრირებულია ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი მოსარჩელე ითხოვს 1999 წლის 10 სექტემბრის (ტყვარჩელი) თბილისის მიერ რეგისტრირებული N20 ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო. ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

 

3. მესამე პირის პოზიცია.

 

3.1.1. მესამე პირს - მ--------------ეს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენია. მესამე პირი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, რომელიც ამისათვის მოწვეული იყო საქართველოს სსკ 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. მოპასუხეს სასამართლოსათვის გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის, საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.1.1. დადგენილია, რომ 1999 წლის 10 მარტს (ტყვარჩელი) ქუთაისის მიერ რეგისტრირებულია N158 ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1964 წლის 30 სექტემბერს დაბადებული გ-- ავთანდილის ძე თ---–------- და 1964 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ნინო შ-----ს ასული ჯ----–--ე (ქორწინების შემდეგი გვარი თ---–-------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების ჩანაწერის აქტი №158 (იხ. ს.ფ. 32-33).

- მხარის ახსნა განმარტება;

 

4.1.2. დადგენილია, რომ 1999 წლის 10 სექტემბერს (ტყვარჩელი) თბილისის მიერ რეგისტრირებულია ქორწინების სააქტო ჩანაწერი №20, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1964 წლის 30 სექტემბერს დაბადებული გ-- ავთანდილის ძე თ---–------- და 1964 წლის 1 იანვარს დაბადებული მ----ა შ-----ს ასული ჯ------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №20 ქორწინების აქტის ჩანაწერი (იხ. ს.ფ. 28);

- მხარის ახსნა განმარტება;

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

მხარე საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

‘‘სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

სამოქალაქო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

განსახილველ საქმეზე, დავის საგანია 1999 წლის 10 სექტემბრის (ტყვარჩელი) თბილისის მიერ რეგისტრირებულია ქორწინების სააქტო ჩანაწერი №20, რომლითაც მოხდა მოქალაქეების გ--------–-------ს და მ--------------ის შორის ქორწინების რეგისტრაცია. აღნიშნული სააქტო ჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება); ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. ამავე კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ხოლო, 1148-ე მუხლის შესაბამისად, არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1999 წლის 10 მარტს (ტყვარჩელი) ქუთაისის მიერ რეგისტრირებულია N158 ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1964 წლის 30 სექტემბერს დაბადებული გ-- ავთანდილის ძე თ---–------- და 1964 წლის 07 ოქტომბერს დაბადებული ნინო შ-----ს ასული ჯ----–--ე (ქორწინების შემდეგი გვარი თ---–-------).

 

ასევე დადგენილია, რომ 1999 წლის 10 სექტემბერს (ტყვარჩელი) თბილისის მიერ რეგისტრირებულია ქორწინების სააქტო ჩანაწერი №20, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1964 წლის 30 სექტემბერს დაბადებული გ-- ავთანდილის ძე თ---–------- და 1964 წლის 1 იანვარს დაბადებული მ----ა შ-----ს ასული ჯ------ე.

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების ფაქტი უკავშირდება და წარმოშობს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს დაქორწინებულ პირთა შორის, შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციის მომენტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეუღლეთა შორის წარმოშობილი ამ ვალდებულებებისა თუ უფლებების რეალიზაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით ბუნებრივია არ შეიძლება ერთიდაიგივე პირთა მიმართ არსებობდეს ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი.

 

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 1999 წლის 10 სექტემბერის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქორწინების სააქტო ჩანაწერი №20 გ--------–-------ს და მ--------------ის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ დროისათვის უკვე არსებობდა ამ პირთა შორის დარეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომელიც განხორციელებული იყო 1999 წლის 10 მარტს (ტყვარჩელი) ქუთაისის მიერ. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია არსებობდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ განხორციელდა, აღნიშნული კი №20 სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

7.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს გ--------–-------ს სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ--------–-------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნეს ცნობილი 1999 წლის 10 სექტემბერის ქორწინების სააქტო ჩაწერი N20, მოქალაქეების გ--------–-------ს და მ--------------ეს ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს გ--------–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი