გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.09.2018
საქმის ნომერი
080310017001946023
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
04.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/685-17 4 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი ნ---- გიორგაძე

მოსარჩელე - ნ--------–-----ი

მოსარჩელე - ო-------–--–---–-–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახური

დავის საგანი - სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნ--------–-----სა და ო----- შ--–---–-–---–ის სახელზე 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ განხორციელებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი N128.

 

მოსარჩელეთა განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში იძებნება ნ--------–-----ისა და ო----- შ--–---–-–---–ის ორი აქტიური ქორწინების ჩანაწერი: პირველი - N489 აქტი რეგისტრირებული ქუთაისის N2 მმაჩის განყოფილების მიერ 02.07.1988 წელს და მეორე - N128 აქტი რეგისტრირებული ოჩამჩირის N2 სარ განყოფილების მიერ 17.08.200წ. შესაბამისად, ვინაიდან რეგისტრირებულია ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი სამოქალაქო რეესტრის ქუთაისის სამსახური მოსარჩელეებს უარი ეთქვა ქორწინების მოწმობის გაცემაზე. ამდენად, მოსარჩელეები მოითხოვენ 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ განხორციელებული N128 ქორწინების სააქტო ჩანაწერის ბათილად ცნობას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო. ხოლო სასამართლო სხდომაზე წარმომადგენელი არ გამოცხადდა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.1.1. დადგენილია, რომ 1998 წლის 02 ივლისს ქუთაისის №2 მმაჩის განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №489, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1955 წელს 16 მაისს დაბადებული ო-----ი მ-----–ის ძე შ--–---–-–---–ი და 1964 წლის 16 მარტს დაბადებული ნ---- მამის ასული ღლონტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების ჩანაწერის აქტი №489 (იხ. ს.ფ. 35).

- №15 ქორწინების მოწმობა;

- მხარეთა ახსნა განმარტება;

 

3.1.2. დადგენილია, რომ 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №128, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1955 წელს 16 მაისს დაბადებული ო-----ი მ-----–ის ძე შ--–---–-–---–ი და 1964 წლის 16 მარტს დაბადებული ნ---- მამის ასული ღ-–----ი. ქორწინების შემდეგ ცოლმა მიიღო გვარი - შ--–---–-–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №128 ქორწინების აქტის ჩანაწერი (იხ. ს.ფ. 33);

- მხარეთა ახსნა განმარტება;

 

4.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.

მხარეები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივ გარემოებებს სადაოდ არ ხდიან.

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

‘‘სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონი;

სამოქალაქო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს.

 

განსახილველ საქმეზე დავის საგანია 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების N128 ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომლითაც მოხდა მოქალაქეების ო-------–--–---–-–---–ის და ნ--------–-----ის შორის ქორწინების რეგისტრაცია. აღნიშნული სააქტო ჩანაწერი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

7.2. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 86-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო აქტის ჩანაწერს (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) ბათილად ცნობს სასამართლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 1140-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ქორწინება შეიძლება ცნობილ იქნეს ბათილად, თუ დარღვეულია 1107-ე, 1108-ე და 1120-ე მუხლებით დაწესებული პირობები და, თუ ქორწინების რეგისტრაცია მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას (ფიქციური ქორწინება); ქორწინება შეიძლება ბათილად ცნოს მხოლოდ სასამართლომ. ამავე კოდექსის 1120-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან. ხოლო, 1148-ე მუხლის შესაბამისად, არავის არ შეუძლია მიუთითოს ქორწინების ბათილობაზე, თუ ქორწინება სასამართლოს მიერ ბათილად არ იქნა ცნობილი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 1998 წლის 02 ივლისს ქუთაისის №2 მმაჩის განყოფილების მიერ შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №489, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1955 წელს 16 მაისს დაბადებული ო-----ი მ-----–ის ძე შ--–---–-–---–ი და 1964 წლის 16 მარტს დაბადებული ნ---- მამის ასული ღლონტი.

 

ასევე დადგენილია, რომ 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების შედგა ქორწინების სააქტო ჩანაწერი №128, რომლის თანახმად რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1955 წელს 16 მაისს დაბადებული ო-----ი მ-----–ის ზე შ--–---–-–---–ი და 1964 წლის 16 მარტს დაბადებული ნ---- მამის ასული ღლონტი (ქორწინების შემდგომი გვარი შ--–---–-–---–ი).

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინების ფაქტი უკავშირდება და წარმოშობს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს დაქორწინებულ პირთა შორის, შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციის მომენტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა მეუღლეთა შორის წარმოშობილი ამ ვალდებულებებისა თუ უფლებების რეალიზაციისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით ბუნებრივია არ შეიძლება ერთიდაიგივე პირთა მიმართ არსებობდეს ორი ქორწინების სააქტო ჩანაწერი.

 

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ შედგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - ქორწინების სააქტო ჩანაწერი №128 ნ--------–-----სა და ო----- შ--–---–-–---–ის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამ დროისათვის უკვე არსებობდა ამ პირთა შორის დარეგისტრირებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი, რომელიც განხორციელებული იყო 1988 წლის 2 ივლისს ქუთაისის N2 მმაჩის განყოფილებაში. მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებული იყო გამოეკვლია არსებობდა თუ არა რეგისტრაციის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებები და ისე მიეღო გადაწყვეტილება, რაც მის მიერ არ განხორციელდა, აღნიშნული კი №128 სააქტო ჩაანაწერის ბათილად ცნობის საფუძველია.

 

8.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 22-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნ--------–-----ის და ო----- შ--–---–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. ბათილად იქნას ცნობილი 2000 წლის 17 აგვისტოს ოჩამჩირის N2 სარეგისტრაციო განყოფილების მიერ განხორციელებული ქორწინების სააქტო ჩანაწერი N128, მოქალაქეების ნ--------–-----სა და ო----- შ--–---–-–---–ის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ.

3. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს ნ--------–-----ის და ო----- შ--–---–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11).

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი