გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/23663-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აგვისტო, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლელა ცანავა
სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი
მოსარჩელე კ-------------------ი
წარმომადგენელი ა-–--------------------–---–ი
მოპასუხე კ---------------ი
წარმომადგენელი თ---------------ი
დავის საგანი განქორწინება, ალიმენტის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ქორწინების შეწყვეტა კ-------------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2-.0-.1--- წ.) და კ---------------ს (პ/ნ 0----------, დაბადებული 2-.0-.1--- წ.) შორის რეგისტრირებული 2007 წლის 2----------ერს, სააქტო ჩანაწერი მ-----------;
1.2 კ---------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2011 წლის 3-----------ს დაბადებული ა-–--------------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 14 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
1.3 კ---------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის - 2008 წლის 0-----------ს დაბადებული ლ--------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად 550 (ხუთას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 14 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
კ-------------------ი და კ---------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 2----------რიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, 2011 წლის 3-----------ს დაბადებული ა-–--------------------ი და 2008 წლის 6----------ს დაბადებული ლ--------------ი. მხარეთა შორის არსებული კონფლიქტური ურთიერთობის გამო მეუღლეებს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2016 წლიდან. ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
არასრულწლოვანი ბავშვები იზრდებიან დედასთან, მათ მატერიალურ უზრუნველყოფას ახდენს მხოლოდ კ-------------------ი, ხოლო კ---------------ი არ იღებს მონაწილეობას შვილების რჩენა-აღზრდაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ დასაქმებულია და აქვს როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი შემოსავალი. ასაკის მატებასთან ერთად გაზრდილია არასრულწლოვნების მოთხოვნილებები, ბავშვები დადიან ცურვაზე, რომლის ყოველთვიური გადასახადის ოდენობაც შეადგენს 85-85 ლარს, ლ--------------ი არის ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლ - ,,პ-------------------“-ს მოცეკვავე, რომლის საშუალო ყოველთვიური ხარჯი შეადგენს 75 ლარსა და 50 ევროს. შესაბამისად, კ---------------ი ვალდებულია თანაბარი მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვნების რჩენა -აღზრდაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე კ---------------მა ცნო სარჩელი განქორწინების შესახებ, ასევე, დაეთანხმა სარჩელს არასრულწლოვანი შვილების, ლ---- და ა-–--------------------ების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
მოპასუხის განმარტებით, იგი თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილების აღზრდა-განვითარებაში ფინანსური მონაწილეობის მიღებას, კვირაში ორჯერ მამასთან ყოფნისას ზრუნავს შვილებზე, მაგრამ მიაჩნია, რომ იგი ვერ შეძლებს გადაიხადოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ალიმენტი სრულად, ვინაიდან მისი ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1800 ლარს, მუშაობს ყაზბეგის რაიონში, იხდის ქირას ყოველთვიურად 200 ლარს, კვების თანხა განსაზღვრულია ასევე 200 ლარით, ასევე, აქვს სასესხო ვალდებულება 540 აშშ დოლარის ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კ-------------------ი და კ---------------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2007 წლის 2----------რიდან. თანაცხოვრების პერიოდში მხარეებს შეეძინათ ორი შვილი, 2011 წლის 3-----------ს დაბადებული ა-–--------------------ი და 2008 წლის 0-----------ს დაბადებული ლ--------------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქორწინების მოწმობა მ---------- (ს.ფ.17);
-დაბადების მოწმობა #----------- (ს.ფ.18);
-დაბადების მოწმობა ნ-------- (ს.ფ.19).
3.1.2. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია უკანასკნელი 2 წელია. მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე კ-------------------ი არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე - თბილისი, ბ-----–--–-----------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. ლ--------------ი დასაქმებულია და აქვს შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.4. ა-–--------------------ი და ლ--------------ი დადიან შპს ,,მ-------“ სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს ,,ო-–-----–-“ ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, სადაც ერთი თვის აბონემენტის ღირებულება თითოეული შვილის მიმართ - 85-85 ლარია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობები (ს.ფ.28-29).
3.1.5. ლ--------------ი არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,, პ-------------------“ მოცეკვავე. ერთი თვის სწავლის საფასური შეადგენს - 60 ლარს. წელიწადში მინიმუმ ორჯერ ანსამბლი მიემგზავრება როგორც საერთაშორისო, ასევე, საქართველოს მასშტაბით ფესტივალებზე. დაახლოებითი თანხა შეადგენს 600-800 ევრომდე საზღვარგარეთ, 500-600 ლარამდე საქართველოს მასშტაბით. ასევე, წელიწადში ერთხელ იკერება საკონცერტო ფორმა, დაახლოებითი თანხა შეადგენს 200-400 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ცნობა (ს.ფ.30).
3.1.6. კ---------------ის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. კ---------------ს აქვს სასესხო დავალიანება, რომლის დაფარვასაც ახდენს ყოველთვიურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ.88-89);
-კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ.90-91).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეთა შორის ფაქტობრივად შეწყვეტილია ოჯახური თანაცხოვრება ორ წელზე მეტი დროის განმავლობაში. კ-------------------სა და კ---------------ს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.2. შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 29 მარტს წარმოდგენილი ინფორმაციით, კ---------------ის მიერ შპს ა------------ან უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ შეადგენს - 2539.46 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურიდან ინფრომაცია (ს.ფ. 39-42).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს;
4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 270-270 (ორას სამოცდაათ-ორას სამოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1127-ე, 1106-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 1122-ე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით, ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც დაქორწინებისათვის ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ-------------------ი და კ---------------ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში 2007 წლის 2----------რიდან. მეუღლეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია ორ წელიწადზე მეტია, ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე; მოსარჩელე კ-------------------ი ცხოვრობს ქ.თბილისში, ბ-----–--–-----------------, ხოლო მოპასუხე კ---------------ი ცხოვრობს თბილისში, ვა-----------------------------–-----------–--------------------------. მეუღლეთა შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია, შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს. მხარეები ეთანხმებიან მათ შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტას.
მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის თაობაზე ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ნაწილში სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ კ-------------------ის სარჩელი ამ ნაწილსში დაკმაყოფილდეს, შეწყდეს კ-------------------სა და კ---------------ს შორის 2007 წლის 2----------ერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერი მ----------.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 2011 წლის 3-----------ს დაბადებული ა-–--------------------ი და 2008 წლის 0-----------ს დაბადებული ლ--------------ი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, კ-------------------თან ერთად. მოსარჩელე დასაქმებულია და აქვს შემოსავალი. კ---------------ი მუშაობს შპს ა---------ში, სადაც უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი ყოველთვიური შემოსავალი, საშუალოდ შეადგენს - 2539.46 ლარს. შესაბამისად, მოპასუხე როგორც მშობელი, ვალდებულია თანაბარი მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონცენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ლ--------------ისა და ა-–--------------------ის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვების ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, ფაქტს იმის თაობაზე, რომ ა-–---------- და ლ--------------ები არიან სკოლის მოსწავლეები. ისინი დადიან შპს ,,მ-------“ სასწავლო-საწყლოსნო კომპლექს ,,ო-–-----–-“ ცურვის შემსწავლელ ჯგუფში, სადაც ერთი თვის აბონემენტის ღირებულება თითოეული შვილის მიმართ - 85-85 ლარია. ასევე, ლ--------------ი არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდთან არსებულ ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,, პ-------------------“ მოცეკვავე. ერთი თვის სწავლის საფასური შეადგენს - 60 ლარს. წელიწადში მინიმუმ ორჯერ ანსამბლი მიემგზავრება როგორც საერთაშორისო, ასევე, საქართველოს მასშტაბით ფესტივალებზე. დაახლოებითი თანხა შეადგენს 600-800 ევრომდე საზღვარგარეთ, 500-600 ლარამდე საქართველოს მასშტაბით. ასევე, წელიწადში ერთხელ იკერება საკონცერტო ფორმა, დაახლოებითი თანხა შეადგენს 200-400 ლარს. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
მოპასუხე კ---------------ი თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით თანახმაა, გადაიხადოს არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ალიმენტის სახით ყოველთვიურად 200-200 (ორას-ორასი) ლარი, რაც არ წარმოადგენს გონივრულ თანხას ბავშვების უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. გასათვალისწინებელია გარემოება, რომ მოპასუხის კმაყოფაზე, არასრულწლოვანი შვილების გარდა, სხვა პირი არ იმყოფება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულება, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, სხვა პირთან ერთად, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. ამასთან, საკრედიტო ხელშეკრულების დადება მეტყველებს მოპასუხის გადახდისუნარიანობაზე და არა სახსრების უქონლობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მესამე პირების მიმართ სახელშეკრულებო ვალდებულებების არსებობა არ იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ პირს განუსაზღვროს არაგონივრულად მცირე ალიმენტი და არასრულწლოვანი ბავშვი დატოვოს საარსებო მინიმუმის გარეშე. მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილების წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით, უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 270-270 (ორას სამოცდაათ-ორას სამოცდაათი) ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 14 მარტიდან, ა-–---------- და ლ--------------ების სრულწლოვანებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება კ-------------------ის მიერ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა (ს.ფ. 31). ვინაიდან, მოპასუხემ განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნა ცნო სასამართლოს, არსებობს მოსარჩელისათვის გადახდილი 50 (ორმოცდაათი) ლარის დაბრუნების საფუძველი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე კ-------------------ი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან კ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხემ სარჩელი ცნო შვილების სასარგებლოდ 200-200 (ორას-ორასი) ლარის ოდენობით ალიმენტის დაკისრების ნაწილში, შესაბამისად არსებობს მოპასუხე კ---------------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კ-------------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს კ-------------------სა (პირადი №0----------, დაბადებული 1--- წლის 2-------ს) და კ---------------ს (პირადი №0----------, დაბადებული 1--- წლის 2-----------ს) შორის, სრს თბილისის #1 სპეციალიზირებული სამსახურის მიერ 2007 წლის 2----------ერს რეგისტრირებული ქორწინება, სააქტო ჩანაწერის მ-----------.
3. დაეკისროს მოპასუხე კ---------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2011 წლის 3-----------ს დაბადებული ა-–--------------------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 270 (ორას სამოცდაათი) ლარის გადახდა 2018 წლის 14 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
4. დაეკისროს მოპასუხე კ---------------ს (პირადი №0----------) არასრულწლოვანი შვილის 2008 წლის 0-----------ს დაბადებული ლ--------------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 270 (ორას სამოცდაათი) ლარის გადახდა 2018 წლის 14 მარტიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე;
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე კ-------------------ს (პირადი №0----------) 2018 წლის 14 მარტს ა-–--------------------–---–ის მიერ სს ,,თი ბი სი ბანკში“ საგადახდო დავალება #0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმღების ანგარიში:300773150;
6. დაეკისროს მოპასუხე კ---------------ს (პირადი №0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარისა და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა;
7. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით;
8. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ლელა ცანავა