გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.09.2018
საქმის ნომერი
330210018002440222
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
11.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1-----18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 აგვისტო 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ივერი აბაშიძე

სხდომის მდივანი ირინე ობოლაშვილი

მოსარჩელე - რ---------–--–-–---–ი

მოპასუხე - ა---------–--–-–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 ა---------–--–-–---–ს დაეკისროს რ---------–--–-–---–ის სასარგებლოდ სესხის თანხის 960 ლარის და ზიანის - 600 ლარის გადახდა.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს, რომელიც არის მისი ძმა, ზეპირსიტყვიერად, 2002 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში, ეტაპობრივად, უპროცენტოდ ასესხა ჯამში 700 ლარი. ასევე 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში მოპასუხემ მისგან კიდევ ისესხა 130 ლარი. ამის გარდა, მოსარჩელის ბიძამ, თ-------------–--ემ, მოსარჩელისთვის დასაბრუნებელი სესხის თანხა 130 ლარი გადასცა ა---------–--–-–---–ს, რომელსაც თანხა რ---------–--–-–---–ისთვის არ გადაუცია. ჯამში ა---------–--–-–---–ს სესხის სახით დასაბრუნებელი აქვს 960 ლარი, რომლის დაბრუნების თაობაზე არაერთხელ მიმართა მოსარჩელემ. მართალია მოპასუხე უარს არ ამბობდა ვალის გასტუმრებაზე, თუმცა ყოველთვის ითხოვდა დაბრუნების გადავადებას.

 

2017 წელს მოსარჩელემ მოსთხოვა ა---------–--–-–---–ს ვალის აღიარების მიზნით სესხის ზეპირი ხელშეკრულების ზეპირად გაფორმება, რაზეც უარი მიიღო. აღნიშნული ადასტურებს, რომ მოპასუხეს არ სურს ვალის გასტუმრება.

 

სესხის თანხასთან ერთად ა---------–--–-–---–ს უნდა დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რაც ლარის მსყიდველობითი უნარის დაკარგვით მიადგა მოსარჩელეს. მისი ოდენობა, 600 ლარი, ეფუძნება „გ----------ს“ საიტზე განავსებულ მონაცემებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეს წერილობით შესაგებელი არ წარუდგენია. მან სასამართლოს მოსამზადებელ სხდომებზე დაადასტურა სესხის სახით სხვადასხვა დროს ჯამში 410 (130+70+10+200) ლარის აღება, ხოლო დანარჩენ ნაწილში უარყო მოსარჩელისგან თანხის სესხების ფაქტი. მოპასუხემ განმარტა, რომ აღნიშნული თანხებიდან 130 ლარი იყო ბიძამისის, თ-------------–--ისგან მიღებული თანხა, რომელიც მას უნდა გადაეცა მოსარჩელისთვის, 70 ლარი იყო შვილის მკურნალობისთვის საჭირო თანხა, 10 ლარს ადასტურებდა იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მითითებით, იგი გადასცა მოპასუხის მეუღლეს, ხოლო 200 ლარს აღიარებდა მოწმის ჩვენების გათვალისწინებით.

 

მტკიცებულება: (13.08.2018 წლის და 27.08.2018 წლის სხდომის ოქმები).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე არიან ძმები, ხოლო მოწმის სახით დაკითხული ი------–---ე - მოსარჩელის მეუღლე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, სხდომის ოქმები)

 

3.1.2. მოპასუხემ სადავოდ არ გახადა 2014 წელს თ-------------–--ისგან 130 ლარის მიღების ფაქტი და დაადასტურა, რომ ეს თანხა მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა. ასევე დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას 70 ლარის და 10 ლარის ნაწილში. გარდა ამისა, მოწმის ჩვენების შემდგომ აღიარა მოსარჩელისგან დამატებით 200 ლარის სესხების ფაქტი. ჯამში მოპასუხემ აღიარა მოსარჩელისგან სხვადასხვა დროს 410 ლარის სესხების ფაქტი, ისე რომ თანხების სესხების კონკრეტული რიცხვები ვერ მიუთითა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (13.08.2018 წლის და 27.08.2018 წლის სხდომის ოქმები).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ 2002 წლიდან 2005 წლამდე პერიოდში მოპასუხეს ასესხა ჯამში 700 ლარი, ხოლო 2011 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში - ჯამში 130 ლარი. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ წარმოადგინა მის მიერ ნაწარმოები ჩანაწერები თანხების გაცემის და თარიღების მითითებით, თუმცა აღნიშნულ გარემოებას არ დაეთანხმა მოპასუხე და ჩანაწერებზე მოპასუხის ხელმოწერის არარსებობის გამო არც თავად ამ ჩანაწერებით დადგინდა თანხების მოპასუხის მიერ სესხება.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობისას თანხის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრება, შესაბამისად, ის არის ვალდებული ამტკიცოს სესხის სახით კონკრეტული ოდენობის თანხის, განსაზღვრული პირობებითა და ვადით გადაცემა, ხოლო მსესხებლის მტკიცების ტვირთი კი შემოიფარგლება სესხის თანხის დაფარვით.

 

კონკრეტულ შემთხვევაში სესხების ფაქტზე მოსარჩელე ცალმხრივად მიუთითებს ისე, რომ მოპასუხე გამორიცხავს ამ ოდენობით თანხის მიღების ფაქტს. სასესხო ურთიერთობის დადასტურებისას კი როცა სახეზე ზეპირი ხელშეკრულებაა, მხოლოდ გამსესხებლის მითითება არ არის საკმარისი ამ ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად. მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებელია სესხის ხელშეკრულება დაიდოს როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით, თუმცა მსესხებლის მხრიდან სასესხო ურთიერთობის არსებობის შედავების შემთხვევაში არ არის საკმარისი გამსესხებლის მითითება სესხის ხელშეკრულების ზეპირად დადების შესახებ და მისი არსებობა მსესხებელმა უნდა დაადასტუროს შესაბამისს მტკიცებულებებზე მითითებით.

 

რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული ი------–---ის ჩვენებას, მან მხოლოდ 200 ლარის მოპასუხისთვის გადაცემა დაადასტურა, რასაც დაეთანხმა კიდეც მოპასუხე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ---------–--–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 623-ე, 624-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ

მოსარჩელისთვის დასაბრუნებელი აქვს ჯამში 410 ლარი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა საკმარისი საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

სამოქალაქო საქმეში, რომელშიც სადავო იყო მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საკითხი, საკასაციო პალატამ შემდეგი განმარტება გააკეთა: სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არამხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

 

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულების ნამდვილობისთვის არ არის სავალდებულო მისი წერილობით გაფორმება და მხარეები თავად ირჩევენ ხელშეკრულების ფორმას, დადონ იგი ზეპირად თუ წერილობით. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ. სუსგ №ას-398-371-2017, 06.06. 2017 წელი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სესხის სახით მოთხოვნილი თანხიდან, 960 ლარიდან მოპასუხემ დაადასტურა მხოლოდ 410 ლარის მიღების ფაქტი. დარჩენილი თანხის მოპასუხისთვის გადაცემა კი სარწმუნო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელემ ვერ შეძლო. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის სახით 550 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორის შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისთვის.

 

ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

ხოლო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელის შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-459-438-2015, 07.10.2015 წ.).

 

მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხისთვის სესხის სახით 550 ლარის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად არც ამ თანხის დაუბრუნებლობით მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიღების ფაქტი სახეზე არაა. რაც შეეხება მოპასუხის მიერ აღიარებული თანხის, 410 ლარის დაუბრუნებლობით შესაძლო ზიანის ანაზღაურებას, მოსარჩელის მიერ მოთხოვნა არ არის დასაბუთებული.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებულიშემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან რ---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ ცნო მოთხოვნის ნაწილი, რ---------–--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 13,14 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49.2-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. რ---------–--–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. ა---------–--–-–---–ს რ---------–--–-–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 410 ლარი.

 

3. რ---------–--–-–---–ს (პ/ნ 0----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 13.04.2018 წელს სს ,,ს----------–-----ანკში” (საგადასახადო დავალება N--) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 50 ლარიდან - 13.14 ლარი, (გადამხდელი - რ---------–--–-–---–ი (პ/ნ 0----------), გადამხდელის ბანკი - სს ,, ს----------–-----ანკი’’, ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150; მიმღების ბანკი - ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორი ათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე ივერი აბაშიძე