გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210017002198022
№2/4760-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.09.2018წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი
სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე
მოსარჩელე - შპს ”ო--–--ნ ფ------ი”
წარმომადგენელი - მ-----მ ხ----ე
მოპასუხე - ე-–--ე დ---ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ე-–--ე დ---ისათვის მოსარჩელე შპს ”ო--–--ნ ფ------ის” სასარგებლოდ 2000 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც 1000 ლარი სესხის ძირი თანხაა, 64.45 ლარი - სარგებელი, 935.55 ლარი - შემცირებული პირგასამტეხლო.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეებს შორის დაიდო ელექტრონული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ე-–--ე დ---ზე გაიცა სესხი შემდეგი პირობებით: სესხის თანხა - 1000 ლარი, სესხის დღღიური საპროცენტო განაკვეთი - 0.45 %, სესხის დაბრუნების ვადა - 31 დღე.
მოპასუხემ არ შეასრულა სესხის დაფარვის ვალდებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რის გამოც დაერიცხა დავალიანება 5964.45 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1000 ლარი, სარგებელი - 0.45% და პირგასამტეხლო - 4900 ლარი, რასაც მოსარჩელე ამცირებს კეთილი ნების საფუძველზე - 935.55 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელის მოთხოვნა ძირითადი თანხის ნაწილში 780.95 ლარის ოდენობით. მოპასუხის განმარტებით მის მიერ სხვადასხვა დროს გადახდილი იქნა გარკვეული ოდენობით თანხა, რომელიც უნდა გამოაკლდეს დარიცხული დავალიანების ძირ თანხას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა შორის სადავო არ არის. მხარეთა შორის სადავოა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში, რის შესახებაც სასამართლო მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასების ეტაპზე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ო--–--ნ ფ------სა“ და ე-–--ე დ---ს შორის 2016 წლის 20 დეკემბერს ელექტრონული ფორმით გაფორმდა #83057399-2 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ე-–--ე დ---ზე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით: სესხის ვადა - 31 დღე, სესხის დღიური საპრცენტო განაკვეთი - 0.45%. სესხის ვადაგადაცილებისათვის ერთჯერადი ჯარიმა ორ დღემდე - 100 ლარი, ოცდაათ დღემდე - 200 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო - 2 ლარი. დასაფარი თანხის ოდენობა სესხის 31 დღის ვადაში დაბრუნების შემთხვევაში 1139.5 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- სესხის გაცემის ოფერტა;
- საგადახდო დავალება;
3.2.2. მსესხებელმა ე-–--ე დ---მა გამოიყენა სესხის ვადის გაგრძელების ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაძლელობა და დამატებითი ვადის პროცენტის თანხის გადახდის საფუზველზე სესხის დაბრუნების თარიღად საბოლოოდ მხარეებმა განსაზღვრეს 24.03.2017 წელი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
3.2.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2017 წლის 24 მარტს და სესხის თანხა მსესხებლისათვის დღემდე არ დაუბრუნებია. 2017 წლის 9 ნოემბრის მდგომარეობით ე-–--ე დ---ს ერიცხება დავალიანება 5964.45 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის თანხაა 1000 ლარი, დღიური სარგებელი 0.45% ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდამდე არსებულ 31 დღემდე, მსესხებლის მიერ გადახდილი 75.05 ლარის გამოკლებით შეადგენს 64.45 ლარს, პირგასამტეხლო - 4900.00 ლარს. საიდანაც ერთჯერადი ჯარიმაა ჯამში 300 ლარი, ყოველდღიური პირგასამტეხლო დაგვიანებული თანხის 2%-ის ოდენობით 2017 წლის 24 მარტიდან ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე 4600.00 ლარი, რაც მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას შემცირებული იქნა 935.55 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელისა და მოპასუხის ახსნა-განმარტებები;
- საგადახდო ისტორია;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
-
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შეადგენს 2000 ლარს. (პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობის გათვალისწინებით). მოპასუხე სარჩელის მოთხოვნას მართალია ცნობს ნაწილობრივ, სესხის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, არსებითი შედავება არ განუხორციელებია და არც საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხისა და სარგებლის გადახდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს შემცირებული ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 316-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ”ო--–--ნ ფ------სა” და მოპასუხე ე-–--ე დ---ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამსესხებელმა შპს "ო--–--ნ ფ------მა" იკისრა ვალდებულება გაეცა მსესხებლისათვის სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებული სესხის თანხა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო მსესხებელმა იკისრა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შეთანხმებულ ვადაში ნასესხები თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაბრუნების ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად, ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ მოპასუხე ე-–--ე დ---ს კრედიტორის - შპს ”ო--–--ნ ფ------ის” წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მისი დავალიანება სესხის ძირი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლის სახით შეადგენს 1064.45 ლარს, (ძირი - 1000 ლარი, სარგებელი - 64.45 ლარი), რომლის ანაზღაურების ვალდებულება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომპ ირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიჩნია, რომ როგორც მხარეთა შეთანხმებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ასევე სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებული ოდენობა, 935.55 ლარი, შეუსაბამოდ მაღალია გადაუხდელი კრედიტის ძირ თანხასთან - 1000 ლართან მიმართებაში და სამართლიანად მიაჩნია მისი შემცირება 25-ჯერ, 37.42 ლარამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა 2000 ლარის დაკისრების, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ 1101.87 ლარის ნაწილში. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 780.95 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 19.52 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟს ანაზღაურება 8.03 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 898.13 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 22.45 ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს ''ო--–--ნ ფ------ი'' სარჩელი მოპასუხე ე-–--ე დ---ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. ე-–--ე დ---ს შპს „ო--–--ნ ფ------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1101.87 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 1000 ლარი, სარგებელი - 64.45 ლარი და პირგასამტეხლო - 37.42 ლარი.
2. მოპასუხე ე-–--ე დ---ს მოსარჩელე შპს „ო--–--ნ ფ------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 8.03 ლარის ანაზღაურება, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.
3. მოსარჩელე შპს ''ო--–--ნ ფ------ს'' (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2017 წლის 9 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან - 19.52 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 300693150, სს „თიბისი ბანკის“ საგადახდო დავალება №24, რეფერანსი - 1---------.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი