გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.04.2018
საქმის ნომერი
140210016001573191
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
02.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1417-16 (140210016001573191)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

2 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი

(შესავალი ნაწილი)

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი

სხდომის მდივნები: ქეთევან ცერცვაძე

ნანა ხინჩიკაშვილი

მოსარჩელე - ი----------–---–ი

მოპასუხე - ნ---–--------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ნ---–--------–---–ს მოსარჩელე ი----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების, 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

მოსარჩელის განმარტებით, ნ---–--------–---–მა 2015 წლის 4 აგვისტოს მისგან ისესხა 2 000 (ორი ათასი) ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 54 დღეში, თუმცა არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად თანხა არ დააბრუნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე ნ---–--------–---–მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ ი----------–---–ის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და 54 დღეში, პროცენტიანად 2 160 (ორი ათას ას სამოცი) ლარი გადაუხადა, რასაც მოწმეებიც დაადასტურებენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 4 აგვისტოს, ნ---–--------–---–ის მიერ შედგენილი ხელწერილის მიხედვით, მან ი----------–---–ისაგან 2 000 (ორი ათასი) ლარი ისესხა, რომელიც 54 დღეში უნდა დაებრუნებინა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ---–--------–---–ის ხელწერილი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. ნ---–--------–---–მა სესხის სახით აღებული თანხა ი----------–---–ს სრულად დაუბრუნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოპასუხე ნ---–--------–---–ის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

- შესაგებელი.

 

3.2.2. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა თ---------------–---–მა განმარტა, რომ ნ---–--------–---–ს ი----------–---–ისაგან სესხი ჰქონდა აღებული 2 000 ლარი, რომელიც 54 დღეში უნდა დაეფარა, ყოველდღიურად 40 ლარის ოდენობით. მოწმემ მიუთითა, რომ იგი მოპასუხესთან ერთად მაღაზიაში მუშაობს, სადაც გარკვეული პერიოდი ი----------–---–ი ყოველდღიურად მიდიოდა, რომელსაც ნ---–--------–---–ისაგან 40 ლარი მიჰქონდა. თ---------------–---–მა აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის მისაცემი ყოველდღიური თანხა არ ჰქონდა და დაეხმა, რომელიც ნაილიმ მოგვიანებით დაუბრუნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე თ---------------–---–ის ჩვენება.

 

3.2.3. სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულმა ც--------------------ემ განმარტა, რომ ნ---–--------–---–ს ი----------–---–ისაგან სესხი ჰქონდა აღებული, 2 000 ლარი, რომელიც 54 დღეში უნდა დაეფარა, ყოველდღიურად 40 ლარის ოდენობით. მოწმემ მიუთითა, რომ ი----------–---–ს აღნიშნული თანხა მოპასუხის სამუშაო ადგილიდან ყოველდღიურად მიჰქონდა, რაშიც ნ---–--------–---–ს არაერთხელ დაეხმარა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოწმე ც--------------------ის ჩვენება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო აღნიშნული მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ი----------–---–მა ნ---–--------–---–ს 2 000 ლარი ასესხა. სადავოა მხოლოდ ის გარემოება, შეასრულა თუ არა მოვალემ, ნ---–--------–---–მა ვალდებულება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. ნ---–--------–---–მა ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს მხოლოდ საკუთარი ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები წარმოუდგინა.

 

ამდენად, შესაფასებელია, თუ რამდენად საკმარისია აღნიშნული მტკიცებულებები ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. ზემოაღნიშნული მუხლის პირველი ნაწილით კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით - ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულებისა და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება, ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ზემოთ მითითებული გარემოების დადასტურებას.

 

ამდენად, თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. შესაბამისი მტკიცებულება კი, სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, შეიძლება იყოს ვალდებულების შესრულების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ნ---–--------–---–ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მან ი----------–---–ის მიმართ არსებული ვალდებულება შეასრულა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეში განმარტა, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოვალეს ეკისრება. ვალდებულების შესრულების მიღების ფაქტი კი, შეიძლება დადასტურდეს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით გათვალისწინებული შესრულების მიღების წერილობითი დოკუმენტით, რომელიც კრედიტორის მიერაა გაცემული. აქედან გამომდინარე, სწორია მსჯელობა იმის შესახებ, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგინდეს (იხ. სუსგ. №ას-1119-1066-2013, 17 აპრილი, 2015 წელი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ი----------–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი;

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე, 327-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

გარდა უფლების სასამართლო წესით დაცვისა, მხარე უფლებამისილია მიიღოს სასამართლოსაგან დასაბუთებული გადაწყვეტილება. დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება კონვენციით გათვალისწინებული ზოგადი პრინციპია, რომელიც ინდივიდს თვითნებობისგან იცავს; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Ruiz Torija v. Spain, §§29-30 განმარტა, რომ ეროვნული სასამართლო გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ მატერიალურ-სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება განიხილება სამართალწარმოების „სამართლიანობის“ ჭრილში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §§30-33), სტრუქტურულად, ის ასევე შეესაბამება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებას, ვინაიდან ორივე მოითხოვს კონკრეტულ საქმეში აპლიკანტის მიერ წამოჭრილი შესაბამისი ფაქტობრივი და სამართლებრივი საკითხების დადგენას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Chevrol v. France).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Fomin v. Moldova §§22-34 აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიზანია მხარეებისთვის იმის დემონსტრირება, რომ მათ რეალურად მოუსმინეს. უფრო მეტიც, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეს მისი გასაჩივრებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გადასინჯვის შესაძლებლობას აძლევს. ამავე სასამართლომ საქმეში Suominen v. Finland §§25-38 განმარტა, რომ მართლმსაჯულების განხორციელების მიმართ საზოგადოებრივი კრიტიკა შესაძლებელია მხოლოდ დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობის პირობებში.

 

შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არამხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარეს ან უარყვეს შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარი არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არალევანტური, დაუსაბუთებული, შეურაცხმყოფელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებებულებების ან კარგად დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Fomin v Moldova §§ 22-34).

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Seryavin and others v. Ukraine §§55-62 მიუთითა, რომ ზოგადად, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და მონაწილე მხარეებს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას გაიგონ თუ რატომ დაუჭირა მხარი სასამართლომ კონკრეტულ პოზიციას. ამასთან, სასამართლომ სხვა საქმეში აღნიშნა, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, საქმე Hirvisaari v. Finland, §32).

 

მოცემულ საქმეში მოსარჩელემ მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არსებობდა, რომლის საფუძველზეც ნ---–--------–---–მა ი----------–---–ისაგან თანხა ისესხა, რომელიც არ დააბრუნა, რის გამოც მოსარჩელემ მისი უფლებების დასაცავად სასამართლოს მომართა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ქმნის ახალ მოთხოვნას. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა შეიძლება სადავოც კი იყოს, ვალის არსებობის აღიარება მაინც წარმოშობს შესრულების ვალდებულებას, ხოლო კრედიტორს ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად გათვალისწინებული ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთგზის განმარტა, რომ ვალის აღიარება ახალი ხელშეკრულებაა, ამდენად ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილ ყველა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს, პირველ რიგში კი სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, ანუ მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე. ნებისმიერი დოკუმენტი, ან მხარეებს შორის განხორციელებული მიმოწერა, სადაც დავალიანების არსებობაა დაფიქსირებული, ვალის აღიარების ხელშეკრულებად ვერ ჩაითვლება, თუ არ ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე (ვალის დაფარვის წესი, ვადა და ა. შ.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2015 წლის 4 აგვისტოს ხელწერილის შინაარსისა და ამ ხელწერილის საფუძველზე, სამართლებრივი ურთიერთობების არსებობის შესახებ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე საკითხები უნდა დადგინდეს მისი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასების გზით.

 

სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხემ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2015 წლის 4 აგვისტოს ი----------–---–ისაგან ისესხა 2 000 ლარი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 54 დღეში. ამდენად, ნ---–--------–---–მა სადავოდ არ გახადა მოსარჩელისაგან თანხის სესხის სახით მიღების ფაქტი და აღნიშნა, რომ მან ვალდებულება სრულად შეასრულა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ---–--------–---–მა ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მან ი----------–---–ის მიმართ არსებული ვალდებულება შეასრულა, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მხოლოდ საკუთარი ასხნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებები წარმოუდგინა, რაც საკმარის მტკიცებულებას არ წარმოადგენს ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტის დასადასტურებლად.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 4 აგვისტოს ხელწერილით მოპასუხის მიერ მოსარჩელისაგან სესხის სახით მიღებული თანხის, 2000 ლარის დაბრუნების ვალდებულება არ შესრულებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ნ---–--------–---–ს ი----------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2 000 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე ი----------–---–ი, საქართველოს კანონის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ მე–5 მუხლის პირველის პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

იქედან გამომდინარე, რომ ი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავის საგნის ღირებულების მიხედვით მოცემული დავა განეკუთვნება მაგისტრატი მოსამართლის განსჯად სამოქალაქო საქმეს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განახევრდეს და მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ი----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ნ---–--------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს ი----------–---–ის (პირადი №------------ სასარგებლოდ 2 000 (ორი ათასი) ლარის გადახდა;

 

3. ნ---–--------–---–ს (პირადი №-----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი 7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. გორი, ს. ჯორბენაძის ქუჩა N30);

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: ვალერიანე ფილიშვილი