განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-311-18
(N012080917002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ქეთინო ლუაშვილი
სხდომის მდივანი ანა ბერიკელაშვილი
ბრალდების მხარე: პროკურორი ნუგზარ მახათაძე
დაცვის მხარე: ადვოკატი ლევან დვალიშვილი
ბრალდებული: ბ----------–------–---–ი
მამის სახელი: გ-------–ი
დაბადებული: 20.10.1--- წ.
პირადი ნომერი: 0----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–---------–-------–-----------------ში;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და "გ" ქვეპუნქტი - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით, არაერთგზის;
სხდომის სახე: ღია;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.08.2017 წ. განაჩენით ბ----------–------–---–ი მსჯავრდებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, აღნიშნულის მიუხედავად მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული.
შპს „---------------- ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აწარმოებდა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქ. ბათუმში, ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილის მე-4-6 ჩიხებს შორის არსებულ მონაკვეთზე (გონიო). აღნიშნული სამუშაოების საწარმოებლად სჭირდებოდათ სხვადასხვა ზომის არმატურა, რისთვისაც ხსენებული შპს-ს თანამშრომელმა და შპს-ს დირექტორის მინდობილმა პირმა ზ-------–-–--–--ემ დაიწყო წყაროების მოძიება არმატურის შესაძენად. აღნიშნული საკითხის გარკვევაში ზ-------–-–--–--ეს ეხმარებოდა ბიძა - ბ-------------ე. აღნიშნული ინფორმაცია გახდა რა ცნობილი ბ----------–------–---–ისათვის, განიზრახა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა შპს „-----------------ის კუთვნილ 47160 ლარის ოდენობის ფულად თანხას მოტყუებით.
განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ბ----------–------–---–ი დაუკავშირდა ბ-------------ეს, განუმარტა, რომ ჰქონდა ფირმა „---------, რომელიც ეწეოდა არმატურის ყიდვა-გაყიდვას და შესთავაზა არმატურის შეღავათიან ფასში შეძენა შპს „რუსთავის ფოლადში“, რომლის დისტრიბუციასაც განახორციელებდა თავად. ბ-------------ემ ზ-------–-–--–--ეს გადასცა ბ----------–------–---–ის ტელეფონის ნომერი შემდგომი მოლაპარაკებების საწარმოებლად. ზ-------–-–--–--ე დაუკავშირდა ბ----------–------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განუმარტა იგივე, რაც მანამდე ბ-------------ეს უთხრა და შესთავაზა შპს „-------ის“ სახელით შპს „რუსთავის ფოლადიდან“ არმატურის შეძენა და ტრანსპორტირება ქ. ქობულეთში. ბ----------–------–---–მა დაიყოლია ზ-------–-–--–--ე, შესთავაზა, რომ შპს „რუსთავის ფოლადში“ შეძენილ 33 ტონასა და 228 კგ არმატურას ჩაუტანდა 47160 ლარად ქ. ქობულეთში 2017 წლის 07 სექტემბერს, რისთვისაც ბეს სახით მოსთხოვა თანხა 3000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა მიეღო ქ. რუსთავში, გაგარინის ქ. N12-ში მდებარე შპს „რუსთავის ფოლადთან“. ზ-------–-–--–--ემ დაიჯერა რა, რომ ბ----------–------–---–ი იყო კეთილსინდისიერი მოქალაქე, ენდო ამ უკანასკნელს და მისი მოთხოვნის შესაბამისად ბეს სახით თანხა 2017 წლის 05 სექტემბერს გადაურიცხა გზავნილის სახით სს „ლიბერთი ბანკის მეშვეობით“, ხოლო დანარჩენი თანხის ნაწილი 12780 აშშ დოლარი და 7840 ლარი 2017 წლის 06 სექტემბერს გადასცა ხელზე ქ. რუსთავში, გაგარინის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „რუსთავის ფოლადის შესასვლელთან“, სადაც შეხვედრის ადგილი მეტი სანდოობისათვის დაუთქვა ბ----------–------–---–მა. თანხის გადაცემის მომენტისათვის ზ-------–-–--–--ეს ბ----------–------–---–მა მოატყუა, რომ არმატურა იტვირთებოდა მანქანაზე შპს „რუსთავის ფოლადში“ და ჰპირდებოდა ტვირთის იმავე დღეს ტრანსპორტირებას ქ. ქობულეთში. ზ-------–-–--–--ემ ქობულეთში დაბრუნებისას გზაში ყოფნისას გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ გვერდზე შპს „-----------------ის გვერდზე არმატურის შესყიდვის და გადაზიდვის შესახებ სასაქონლო ზედნადები არ იყო ასახული. დაუკავშირდა ბ----------–------–---–ს, რომელმაც კვლავ მოატყუა, რომ ზედნადებს აფორმებდა შესაბამისი წესით და მოგვიანებით გადაგზავნიდა შემოსავლების სამსახურის გვერდზე არსებულ შპს „-----------------ის ინდივიდუალურ გვერდზე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ზ-------–-–--–--ე კვლავ შეეცადა დაკავშირებას ბ----------–------–---–თან, რომელსაც გამორთული ჰქონდა მობილური ტელეფონი. ზ-------–-–--–--ე დააეჭვა ბ-----------–------–---–ის ქცევამ, დაბრუნდა ქ. თბილისში. ბ----------–------–---–ი დაუკავშირდა მას და არმატურის გაუგზავნელობის მიზეზად მოიმიზეზა უფროსის საავადმყოფოში ყოფნა, მოატყუა თითქოს არმატურა ქ. თბილისში თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა და დაჰპირდა მეორე დღეს გაგზავნას. მეორე დღეს კვლავ მოატყუა ბ----------–------–---–მა ზ-------–-–--–--ე თითქოს არმატურას გაუგზავნიდა ან ფულს უკან დაუბრუნებდა.
შპს „რუსთავის ფოლადს“ შპს „-------ის“ დირექტორთან ბ----------–------–---–თან არ ჰქონია არანაირი სახის სახელშეკრულებო ან სხვა სახის სამეურნეო ურთიერთობები. ანალოგიურად არ დასტურდება მის მიერ ხსენებულ პერიოდში მოლაპარაკებების წარმოებაც კი შპს „ნიუმეტალთან“ იგივე „პირამიდა 2“-თან.
ხსენებული ქმედებით ბ----------–------–---–მა შპს „-----------------ს მიაყენა 47160 ლარის დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2017 წლის ზაფხულში მისმა დისშვილებმა, ილია და ზ-------–-–--–--ეებმა, შპს „-----------------ის თანამშრომლებმა მოიგეს ტენდერი, რის საფუძველზეც უნდა ეწარმოებინათ სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. ბათუმში, რისთვისაც სჭირდებოდათ არმატურის შეძენა. ამავე პერიოდში მან ქ. თბილისში გაიცნო პ------–---–--ე, რომლისგანაც გაიგო, რომ ბათუმთან შედარებით, თბილისში არმატურის შეძენა იაფად იყო შესაძლებელი. ამ მიზნით, 2017 წლის 01 სექტემბერს დაურეკა პ------–---–--ეს, რომელმაც თავის მხრივ დაარეკინა ბ----------–------–---–ს. ეს უკანასკნელი გაეცნო როგორც მთავარი დისტრიბუტორი. 2017 წლის 05 სექტემბერს ბ----------–------–---–მა არმატურის შესაძენად შესთავაზა მათთვის მისაღები ფასი, წინასწარ ბეს სახით ითხოვა 3000$ ნაღდი ანგარიშსწორებით. მისმა დისშვილებმა გადაურიცხეს 3000$. დანარჩენი უნდა მიეტანათ რუსთავის ქარხანაში საქონლის გამოგზავნისას. ზ-------–-–--–--ე ჩავიდა რუსთავში და დანარჩენი თანხაც გადასცა. იმის გამო, რომ საქონელი არ გადაიგზავნა ბ----------–------–---–ის მიერ, იგი ურეკავდა ამ უკანასკნელს და კატეგორიულად სთხოვდა საქონლის გაგზავნას, ან თანხის დაბრუნებას, თუმცა იგი ხან რას ატყუებდა, ხან რას. შეხვედრისას კიდევ შეპირდა რომ გააგზავნიდა საქონელს. ბ----------–------–---–ს საქონელი არ გამოუგზავნია და არც თანხა დაუბრუნებია, რის გამოც 2017 წლის 08 სექტემბერს დაწერეს პოლიციაში განცხადება(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ-------–-–--–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის შპს „ვექტორის“ მინდობილი პირი. 2017 წლის ზაფხულში ტენდერში გამარჯვების შემდეგ უნდა ეწარმოებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. ბათუმში, რისთვისაც სჭირდებოდა არმატურის შეძენა. ამ მიზნით მისი ბიძის მეშვეობით დაუკავშირდა ბ----------–------–---–ს, რომელიც მისთვის მისაღებ ფასად შეპირდა არმატურის გაგზავნას ბათუმში. ამ უკანასკნელმა 2017 წლის 05 სექტემბერს გადაარიცხინა 3000$. დანარჩენი თანხა უნდა მიეცა საქონლის გაგზავნისას. 2017 წლის 06 სექტემბერს ბ----------–------–---–მა, რომელმა თავი გააცნო როგორც მეტალურგიის დისტრიბუტორმა, აცნობა, რომ ტრაილერი არმატურით დატვირთული იყო გასაგზავნად და საჭირო იყო ანგარიშსწორება. ამ მიზნით იგი ჩავიდა რუსთავში, სადაც გაგარინის ქ. N12-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „რუსთავის ფოლადის შესასვლელთან“, დანარჩენი თანხის ნაწილი 12780 აშშ დოლარი და 7840 ლარი 2017 წლის 06 სექტემბერს გადასცა ხელზე. ბ----------–------–---–ს ჩეკი არ ამოურტყია, მისცა ბეჭდიანი ცნობა. ბ---------ის მითითებით დაბრუნდა სახლში, თუმცა მას მისთვის არანაირი არმატურა არ გაუგზავნია, სატელეფონო საუბრებისას და პირადად შეხვედრისას ეუბნებოდა, რომ გააგზავნიდა. მიხვდა, რომ ატყუებდა, რის გამოც მიმართა სამართალდამცველებს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნ------------------–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის ტაქსის კომპანია „-------- მძღოლი. 2017 წლის სექტემბერში(ზუსტი რიცხვი არ ახსოვს), დილის 9-10 საათამდე გააჩერა, როგორც მოგვიანებით გაიგო მისი გვარი, ზ-------–-–--–--ემ და სთხოვა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში წაყვანა. ქარხანაში მისვლისას ზ-------–-–--–--ემ დაურეკა და შეხვდა წვერებიან მამაკაცს. მათი საუბარი ეხებოდა მანქანის არმატურით დატვირთვასდა გაგზავნას ბათუმში. ზ-------–-–--–--ემ წვერებიან კაცს, როგორც გაიგო მისი გვარი, ბ----------–------–---–ს გადასცა თანხა, რამდენი არ იცის. ამის შემდეგ ზ-------–-–--–--ე წაიყვანა თბილისში. გზაში ზ-------–-–--–--ემ დაურეკა ბ----------–------–---–ს, რომ სერთიფიკატიც გამოეყოლებინა ტვირთვისთვის. ბ----------–------–---–მა უთხრა, რომ ბათუმში დალოდებოდა ტვირთს (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ი-–------–--–ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის შპს „ვექტორის“ სამუშაოთა მწარმოებელი. 2017 წლის ზაფხულში ტენდერში გამარჯვების შემდეგ უნდა ეწარმოებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები ქ. ბათუმში, რისთვისაც სჭირდებოდა არმატურის შეძენა. ამ მიზნით არმატურის მოტანა სთხოვა ზ-------–-–--–--ეს. 2017 წლის 05 სექტემბერს ზ-------–-–--–--ემ 3000$ გადაარიცხინა არმატურის შესაძენად რუსთავში. დანარჩენი თანხა ხელზე გაატანა, რომ დისტრიბუტორისთვის გადაეცა ტვირთის გამოგზავნისას. 07 სექტემბერს ბ-------------ისგან გაიგო, რომ ზ-------–-–--–--ე მოატყუეს. მათი ფირმიდან გადახდილია 47 ათასი ლარი არმატურისთვის ბ----------–------–---–ზე(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ----–-----------–---–ის, ზ-------------–--ის და გ------------–--–--ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არიან ზ-------–-–--–--ის ნათესავები. 2017 წლის 07 სექტემბერს დაუკავშირდათ ზ-------–-–--–--ე და აუხსნათ, რომ არმატურის შესაძენი თანხა გადაურიცხა ბ----------–------–---–ს, ამ უკანასკნელმა ფული აიღო და მოატყუა, რის გამოც უნდა შეხვედროდა ქ. თბილისში, წერეთელის გამზირზე და სურდა, რომ ამ შეხვედრას ისინიც დასწრებოდნენ. მითითებულ დროს ბ----------–------–---–ს შეხვდნენ ზ-------–-–--–--ე და მ-------თან (გვარი არ იცის) ერთად. ბ---------ს კატეგორიულად მოსთხოვეს, ან ფული მიეცა, ან არმატურა გაეგზავნა. ბ----------–------–---–მა უთხრა, რომ რუსთავში 2 საათზე ჩასულიყვნენ, სადაც დაიტვირთებოდა არმატურით მანქანა და გაიგზავნებოდა. ჩავიდნენ რუსთავში, ელოდნენ ბ---------ს, მაგრამ არ გამოჩნდა. დაურეკეს და ბ---------ისგან მიიღეს პასუხი, რომ ისევ თბილისში შეხვედროდნენ. შეხვდნენ კაფეში. მათ ბ---------ს მოსთხოვეს, სანოტარო ფორმით ფულის აღება ეღიარებინა, რაზეც უარი განაცხადა. მათი დაჟინებული მოთხოვნით მისი ხელით დაწერა, რომ აიღო ფული. ამის შემდეგ საჩივარი შეიტანეს რუსთავში(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ-–-----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ არის შპს "ნიუ-მეტალის" დირექტორი. აწარმოებს სამშენებლო მასალების რეალიზაციას ქ. თბილისში, წერეთლის გამზირზე. ბ----------–------–---–ს ერთხელ აქვს გატანილი არმატურა 2015-2016 წლებში, როგორც ფიზიკურ პირს, დავალიანება დღემდე ერიცხება 5000 ლარის ფარგლებში(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
გამოძიების მიერ ჩატარებულ ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებასთან დაკავშირებით დაკითხული იქნენ მოწმეები ზ-------–---–---ე, თ------------–-–---–ი, ზ-------–---–----ე, ბ------–---–----ე, დ----------–------ე და პ------–---–--ე. სასამართლო პროცესებზე ჩვენებები მისცეს გამომძიებლებმა - გვანცა გოგავამ და ნატალია ღარიბაშვილმა, ექსპერტმა მიშიკო მალასიძემ, რომლებმაც აღწერეს თითოეული მოქმედების ჩატარების გარემოებები(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი); სხვა დანარჩენი მტკიცებულებები დაცვამ უდავოდ გახადა, დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს. შესაბამისად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული დანარჩენი წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
3. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დაცვის მხარის მტკიცებულებები:
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ბრალდებულმა ბ----------–------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ეწევა სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვას. 2017 წლის სექტემბერში ელიავას ბაზრობაზე მისი ახლობლის თ------------–-–---–ის მაღაზიაში ამ უკანასკნელმა სთხოვა, რომ არმატურა სურდათ მყიდველებს და მიეხედა ამ საქმისთვის. დაურეკა თ------------–-–---–ის მიერ მიცემულ ნომერზე ბ-------------ეს, შეთანხმდნენ ფასზე, საიდანაც მასაც მოგების სახით დარჩებოდა 50$ თითოეულ ტონაზე. დამკვეთს წინასწარ სთხოვა 3000$-ის გადმოგზავნა მის სახელზე. იმის გამო, რომ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში 16 მმ-იანი არმატურა არ ჰქონდათ, რასაც დამკვეთი ითხოვდა, ზ-------–-–--–--ესთან არასერიოზულის შთაბეჭდილება რომ არ მოეხდინა, უთხრა, იტვირთება და იგზავნებაო. მეტალურგიულ ქარხანასთან ზ-------–-–--–--ემ გადასცა 7000$ და დანარჩენი თანხა ლარებში, სულ 47 000 ლარი. იმის გამო, რომ არმატურის გადაგზავნა დაგვიანდა, ზ-------–-–--–--ემ მის ახლობლებთან ერთად შეხვედრა ითხოვა. შეხვედრისას შეპირდა ზ-------–-–--–--ეს, რომ ან საქონელს გააგზავნიდა, ან ფულს დააბრუნებდა. ზ-------–-–--–--ისგან აღებული თანხის ნაწილი 13 700 ლარი ვალში მისცა თ------------–-–---–ს. ასევე სხვადასხვა ვალების გასტუმრების შემდეგ დარჩა 20 000 ლარი. ბოლო დრომდე ცდილობდა არმატურის მიწვდას, მაგრამ ის ზომები, რაც სჭირდებოდა, ვერ მოიძია, დარწმუნებული იყო, რომ იმ ზომის არმატურას იშოვიდა, რაც ზ-------–-–--–--ეს სურდა, რის გამოც არწმუნებდა, რომ მანქანა იტვირთებოდა. დარჩენილი თანხა 20 000 ლარი აღარ დაუბრუნა ზ-------–-–--–--ეს, რადგან უჩივლა(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების გ-------–-–------–---–ის(შვილი) და კ-----------------–--ის(ნათესავი) ჩვენებით დადასტურებულია, რომ ბ----------–------–---–ს ჰქონდა ფირმა "--------", ეწეოდა სამშენებლო მასალების ყიდვა-გაყიდვას. მათთვის ცნობილია, რომ არმატურას ეძებდა, ასევე ცდილობდა ფული ესესხა ვინმესგან, ვალის გასასტუმრებლად(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი).
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასა და დაზარალებულს შორის არსებულ ურთიერთობას (ნდობას) და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრეს ადგება ზიანი. ამასთან, ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
განხილულ გარემოებებთან მიმართებაში ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავის ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის დადგომის განხორციელების გარდაუვალობას. მოცემულ შემთხვევაშიც თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენლობის ერთერთი ელემენტი - სისხლისსამართლებრივი ბრალეულობა, ანუ განზრახვა არსებობს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი, არამედ მაშინაც, როდესაც პირი ითვალისწინებდა ანდა შეეძლო გაეთვალისწინებინა ასეთი შედეგის დადგომის გარდაუვალობა.
სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” და "გ" ქ/პუნქტი ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ თაღლითობას, დიდი ოდენობით, არაერთგზის. ამ დანაშაულებრივი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ სპეციფიკას, რაც ახასიათებს სხვისთვის თაღლითობით მიყენებულ დიდი ოდენობით ზიანს. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. ამავე შენიშვნის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით არაერთგზისობად ითვლება თუ წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
მიყენებული ქონებრივი ზიანის ოდენობა განისაზღვრება ნივთის ღირებულებით, რაც ფასშია გამოხატული. ქონების ღირებულების განსაზღვრისას საჭიროა დანაშაულის ჩადენის დროს არსებულ სახელმწიფო, საცალო, საბაზრო ან საკომისიო ფასებზე დაყრდნობა. თუ ფასი ვერ დადგინდა, ქონების ღირებულება განისაზღვრება საექსპერტო დასკვნის საფუძველზე.
5. მოტივი, რომლის მიხედვითაც სასამართლომ მიიღო ერთი მტკიცებულება და უარყო მეორე:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტს თანახმად, მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ასეთი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ.
გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები კრიტიკულად იქნა შეფასებული მათი დასაშვებობის, რელევანტურობის და უტყუარობის თვალსაზრისით, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტების სამართლიანად გადაჭრის და შეფასებისას, დაცვის მხარის შუამდგომლობას, რომ ბრალდებულს ბრალად შერაცხული ქმედება არ ჩაუდენია, სასამართლო ვერ გაიზიარებს და თვლის, რომ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით დადასტურებულია ბ----------–------–---–ის ქმედებაში დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა, კერძოდ:
5.1. დაზარალებული ზ-------–-–--–--ის ჩვენებით დადასტურებულია და დაცვის მხარეც სადავოდ არ ხდის, რომ ბ----------–------–---–მა ნდობის მოპოვების და დამაჯერებლობის მიზნით ჩაიყვანა დაზარალებული რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, სადაც გამოართვა თანხა და გაუშვა სახლში იმ შეპირებით, რომ არმატურა დატვირთული იყო და დალოდებოდა, რაც მისივე განმარტებით, სინამდვილეს არ შეეფერებოდა.
5.2. ბრალდებულის ჩვენებითვე დადასტურებულია, რომ დაზარალებულისგან აღებული თანხა მოახმარა არა შეკვეთილი საქონლის შეძენას, არამედ პირადი ვალები გასტუმრებას, დარჩენილი თანხაც კი არ დაუბრუნა დაზარალებულს იმ მოტივით, რომ განაწყენდა პოლიციაში საჩივრის შეტანის გამო.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ბ----------–------–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, სხვისი ქონების მიღების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის შედეგის მისაღწევად, ზ-------–-–--–--ის მოტყუებით, რაც სურდა, ითვალისწინებდა და შეგნებულად უშვებდა, დაეუფლა შპს „-----------------ის კუთვნილ 47160 ლარის ოდენობის ფულად თანხას.
6. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
საქმეში არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ბ----------–------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და "გ" ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
7. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ბ----------–------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ აქვს.
8. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნისას საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, ზუსტად უნდა ემსახურებოდეს სასჯელის მიზნების მიღწევას, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----------–------–---–ს, საქართველოს სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რაც ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედების გზით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ასევე სამართლიანობის პრინციპის დაცვით, უნდა დაენიშნოს სასჯელი.
სასამართლო ჰუმანურობის, სამართლიანობის პრინციპების და პრევენციის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ბ----------–------–---–ს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ისეთი სასჯელი, რაც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაციას.
9. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
9.1. ბ----------–------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს;
9.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სს „ლიბერთი ბანკიდან“, შპს „მაგთიკომიდან“, „თიბისი“ ბანკიდან და „საქართველოს ბანკიდან“ საქმეზე გამოთხოვილი დისკები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბ----------–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 30.08.2017 წლის №1/278-17 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილია პირობითად და საბოლოოდ ბ----------–------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
3. ბ----------–------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, სს „ლიბერთი ბანკიდან“, შპს „მაგთიკომიდან“, „თიბისი“ ბანკიდან და „საქართველოს ბანკიდან“ საქმეზე გამოთხოვილი დისკები - შენახული იქნეს სს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე
ქეთინო ლუაშვილი